განათლება ლეგენდა - როგორ აშენდა "საფარას" მონასტერი 2020, 1 მარტი, 21:46 საფარაში ორი ძმა (ათარბეგები) ცხოვრობდა. ლეგენდის თანახმად, საფარის მონასტრის მშენებლობა დაუწყიათ. უფროსი ოსტატი იყო და ტაძარს ის აშენებდა, უმცროსი კი ეხმარებოდა, შეგირდობდა, - ქვებს თლიდა და უფროს ძმას უგზავნიდა. ჰყავდათ ხარი - "ინდუშა", რომელიც ქვებს ზიდავდა. საძირკვლის ჩაყრის შემდეგ, უფროსმა ძმამ დაიანგარიშა, რამდენი ქვა იყო საჭირო ტაძრის ასაშენებლად, - ერთი ქვაღა აკლდა. უფროსმა უმცროსი ძმის გამოცდა გადაწყვიტა და შეუთვალა, მშენებლობა მორჩა, მეტი ქვა საჭირო აღარ არისო, რაზეც უმცროსმა მიუგო, - დამთავრებას ერთი აკლია და იმასაც გამოგიგზავნიო. უფროსი ძმა ამას შეუშინებია, – ეს ალბათ მალე მეც მაჯობებსო და ძმას შესთავაზა – ბოლო ქვა სახურავზე თვითონ ჩაასვიო. უმცროსი სახურავზე ავიდა, უფროსმა კიბე გამოაცალა და ძმა ზევით დატოვა. ზევით დარჩენილ შეგირდი საფარის მონასტრის სახურავიდან კლდეზე გადავარდნილა. ლეგენდა "ინდუშა" ხარზეც არსებობს: მას გაყოლა არ სჭირდებოდა, ქვებს რომ დაუდებდნენ, დანიშნულების ადგილზე თავისით მიდიოდა. ერთხელ გზაზე დათვს გადაეყარა, რომელმაც ცალი მხარი მოაჭამა. ხარს ქვა დავარდნია. იმ ქვას "ინდუშას ქვას" ეძახიან, რომელიც სოფლების - ანდრია წმინდისა და ანდასის საზღვარზე მდებარეობს. საფარის ეკლესიის კარის ზემო კუთხეში კედელში ქვა არის დატანებული, რომელზეც ხარის სახეა გამოსახული, უთავო და ცალი ფეხი არ აქვს, იქვე, კარის მეორე მხარეს, კი დათვის გამოსახულებაა. 487 1-ს მოსწონს
|