ასტროლოგია როგორ ეწყობა თევზები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვის ესმის მისი უსიტყვოდ და ვინ არის საუკეთესო პარტნიორი 2020, 27 იანვარი, 18:28 ვერძი და თევზები სულიერი განვითარების თვალსაზრისით თევზები გაცილებით უფრო მაღლა დგას ვერძთან შედარებით. მას გაცილებით უფრო მეტი ესმის, იგი გაცილებით უფრო მეტს გრძნობს და ამის გამო შეიძლება დაიტანჯოს. ვერძის ზედაპირულობა მას ცოტათი ღლის, შეიძლება ეჩვენებოდეს რომ საკმარისს ვერ იღებს, ვერძს კი პირიქით თევზის სიღრმეებამდე ჩასვლა უჭირს და აზრიდან გადადის, რომ ვერ ხვდება რას აკლებს მას. ამ ურთიერთობაში თევზი უფრო მეტს გასცემს ვიდრე მიიღებს, იმიტომ კი არა რომ ვერძი ბოროტად ისარგებლებს მისი სიკეთით, იმიტომ რომ ვერძის ბუნებაა ასეთი. გარდა ამისა თევზი ძალიან ადვილად მოწყვლადია, მგრძნობიარე, ხშირად სწყინს ვერძის უტაქტო გამოხდომები და უყურადღებობა. თუკი მოახერხებენ ერთმანეთის ბუნების შესწავლას, ისწავლიან კომპრომისს და მიიღებენ ერთმანეთს ისეთს, როგორებიც არიან, ძალიან შეავსებენ ერთმანეთს. თევზებს ძლიერი და ცხოვრებაში გარკვეული ადამიანი ესაჭიროება გვერდით, ვერძს კი ცოტა რბილი და დამთმობი ტიპაჟი. მოკლედ, მთავარი მონდომებაა და ქადა ორივე ხელით იჭმევა! კურო და თევზები ორივე ძალიან თბილი და პარტნიორისთვის სიამოვნების და სიხარულის მინიჭებაზე ორიენტირებული ადამიანია. მათ კარგად შეუძლიათ თანაგრძნობა, ერთმანეთის გვერდში დგომა, თან თევზს ცოტა მატერიალურ სამყაროში გარკვევა უჭირს, რაშიც კურო ძალიან დაეხმარება, კუროს კი ემოციური თვალსაზრისით მუდმივად ექნება გარანტირებული მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, გაუგებრობები აქაც იქნება, ერთი პრაგმატული არსებაა, მეორეს ღრუბლებში აქვს თავი, ერთი სტაბილურია, მეორე ცვალებადი, თუმცა სწორედ ამითი ისინი ერთმანეთს ავსებენ და თუ ამის გაცნობიარებას ახერხებენ, ძალიან დამამაშვიდებლად მოქმედებენ ერთმანეთზე. თევზისთვის კურო ძლიერი დასაყრდენი იქნება და კუროც დააფასებს თევზის მზრუნველ ბუნებას და ყურადღებიანობას. ტყუპები და თევზები პოეტის და რეპორტიორის შეხვედრა. პოეტის, რომელსაც საშინლად აღიზიანებს, როცა ვინმეს სულში უფათურებს ხელებს, რეპორტიორი კი ტყვიამფრქვევივით ისვრის შეკითხვებს. გარედან ალბათ რესპონდენტი მოეჩვენებათ ჩაგრული მავანთ, მაგრამ არც რეპორტიორს ადგება კარგი დღე. ეს რთული კავშირია. ხომ ორივე ცვალებადი, რომ ორივე მოქნილია, ხომ ორივე ხელიდან სხლტება, იმდენად “რაკ და შუკა” სიტუაციაში ხვდებიან, ხშირად ტყუილი წყლის ნაყვაა ყველაფერი, მაგრამ მათ ხომ წყლის ნაყვა მოსწონთ? ურთიერთობის საწყის ეტაპზე ეგებ კიდეც გაუგონ ერთმანეთს, ეგებ კიდეც დამეგობრდნენ, მაგრამ თანაცხოვრება ცოტა უჭირთ, რადგან ტყუპებს დაყვინთვა უჭირთ, თევზებს კი ფრენა. ისინი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ და სწორედ ამიტომ იშვიათად კვეთს ხოლმე მათი ცხოვრების გზები ერთმანეთს, მაგრამ თუ გადაკვეთა, უჩვეულო მიზიდულობაც შეიძლება წარმოიქმნას და იწყება ჭადრაკის თამაში – ორი ბლეფზე მოთამაშის, ფანტაზიორი და გაქნილი მატყუარას შერკინება, რაც არც ისე ადვილია მაგრამ უდავოდ ძალიან საინტერესო. კირჩხიბი და თევზები ორი მგრძნობიარე, ადვილად მოწყვლადი, ბუტია და ცვალებადი არსება ერთად ძალიან კარგად გრძნობს თავს და უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის პიროვნულ დონეზე, დანარჩენს კიდევ უკვე სხვა პლანეტების განლაგება წყვეტს მათ ასტროლოგიურ რუკებზე. რა თქმა უნდა, მათ ურთიერთობაშიც იქნება პრობლემები – მაგალითად, სტაბილურობის გარანტიას ვერცერთი იძლევა, განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ ფულთან მიმართებაშიც, განსხვავებული აქვთ ცხოვრების ფილოსოფიაც. ჩვენი რომანტიული და ბავშვშვური კიბორჩხალა თევზებთან შედარებით ძალიან პრაგმატული და მიწაზე მყარად მდგომი ჩანს. იგი ყაირათიანია და ვერაფრით იგებს როგორ შეიძლება ოჯახის წევრზე მეტი დაახარჯო ქუჩის კუთხეში მდგომ მაწანწალას. გარდა ამისა, თევზებს თავადაც უყვართ წანწალი და თავგადასავლები, მაშინ როცა კიბოს სახლში მშვიდად და მყუდროდ მოკალათება ურჩევნიათ. ორივე ბუტიაა და ორივეს ადვილად სწყინს, მაგრამ როცა უყვართ ორივე მზად არის ნებისმიერი რამ აპატიოს მეორეს და ამ შესანიშნავი ნიჭის წყალობით ისინი ახერხებენ დიდხანს და ბედნიერად იცხოვრონ იმ უზარმაზარ აკვარიუმში ეს სამყარო რომ ქვია. ლომი და თევზები ლომს დიდი მისია ეკისრება – თევზები უნდა იხსნას საკუთარი თავისგან. თევზებს არ უყვართ პასუხისმგებლობის აღება, არ იბრზვიან, ვერც პრაქტიკულ ცხოვრებაში ერკვევიან დიდად, იმიტომ კი არ რომ არ შეუძლიათ, უბრალოდ არ აინტერესებთ ასეთი რამეები. ამიტომ სიამოვნებით მიანდობენ ხოლმე საჭეს ლომს. თევზები ხშირად არ ეთანხმებიან ხოლმე ასტროლოგების მიერ მათ მიმართ გამოთმულ მოსაზრებებს ამის თაობაზე, მაგრამ ასეთ თევზებს სავარაუდოდ ცეცხლის დიდი გავლენა აქვთ ხოლმე პირად რუკაში. მაგრამ თუნდაც სხვა ნიშნების გავლენა ჰქონდეს თევზებს, ლომთან მოგების შანსი მაინც არ აქვს, რადგან დიდად მოგება თავადაც არ სურს. თევზთა შორის ყველაზე ძლიერ თევზებსაც კი მოსწონს როცა თავად არის მზრუნველობის ობიექტი და სანაცვლოდ უსაზღვრო სიყვარულის შემოთავაზება შეუძლიათ, რასაც ლომი ასე ძალიან აფასებს. ლომს მოსწონს თევზების გვერდით საკუთარი თავი და თევზებიც ძალიან ბედნიერია. ამიტომ მიუხედავად იმისა რომ ერთი ცხელი ჯუნგლების ბინადარია, მეორე კი ცივი ოკეანის, ასეთი კავშირი საკმაოდ ხშირად გვხვდება. ეს ორი ღირსეული ადამიანია, რომელიც არ სარგებლობს ბოროტად კეთილგანწყობით და სიკეთეზე სიკეთით გადახდას ცდილობს. ერთი ესაა, რომ ლომი იმპულსურია, თევზები კი ბუტია და ხშირად გული შეიძლება ეტკინოს ამ უკანასკნელს, მაგრამ რადგან მუტაბელური ბუნებისაა პატიებასაც მარტივად ახერხებს და როგორც კი ლომი საკუთარი საქციელის გამოსწორებას შეეცდება, მისთვის თავმოყვარეობისშემლახავი ბოდიშების გარეშეც გულში ჩაიკრავს და საკუთარ სიღმეში ჩაიტყუებს. ქალწული და თევზები კიდევ ერთი ოპოზიციური წყვილი – პარტნიორები, რომლებიც ან ძალიან გიჟებიან ერთმანეთზე, ან საერთოდ დანახვაც არ სურთ ერთმანეთის. ეს არის ერთი მედლის ორი მხარე – ორივე სრულყოფილებისკენ ისწრაფვის და ორივეს ტანჯავს ამ სამყაროს ნაკლოვანებები, მაგრამ ერთს ფიზიკური მეორეს კი სულიერი თვალსაზრისით. ქალწული შესანიშნავად ერკვევა ყოფიერებაში, უძღვება საოჯახო საქმეებს და ზრუნავს იმაზე რომ შიმშილით არ დაიხოცონ, მაშინ როცა პურის მოსატანად ჩაგზავნილ თევზებს ქუჩაში ნაპოვნი კნუტები ამოჰყავს რძით და რძეზე დაკლებული ფულის ნისიით. ქალწულსაც უყვარს შინაური ცხოველები, მაგრამ ზუსტად იცის ეს კნუტები მისი მოსავლელი იქნება და ამ როლს უნდა შეეგუოს, სხვანაირად არაფერი გამოვა, სამაგიეროდ ემოციური საკვების დანაკლისი არასოდეს ექნება. ქალწულისთვის იდეალური სამყარო ისეთია, სადაც ყველაფერს თავად მიუჩენს ადგილს, სადაც ყველაფერი წესრიგშია, თევზისთვის კი წესრიგი ქაოსია, ისედაც ყველაფერი თავის ადგილზე დევს, სადაც უნდა იდოს. ახლა წარმოიდგინეთ რომ ეს სამყარო სახლია, ან ცხოვრება და მერე წარმოიდგინეთ მათი თანაცხოვრება. თუმცა თევზებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბუტიები არიან, ნებისმიერი წყენის პატიება შეუძლიათ, აი, ქალწულებს კი ერთგულება და სიყვარულისთვის თავდადება სჩვევიათ. მათ ინტუიციურად იციან, რომ ძალიან საჭირონი არიან ერთმანეთისთვის, რომ ერთმანეთის გარეშე არაფერი ეშველებათ, რომ მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა, ყველაფერი არასოდეს იქნება ზუსტად ისე, როგორც მათ უნდათ და ამიტომ ერთმანეთი ზუსტად ისეთები უნდა აიტანონ, როგორებიც არიან, როგორც უყვართ. სასწორი და თევზები ვერ ვიტყოდით რომ ისინი გვანან ერთმანეთს პიროვნულ დონეზე, მეტიც იმდენად განსხვავებულები არიან, რომ შეიძლება სწორედ ამ განსხვავებამ დააინტრიგოს კიდეც. თუკი ქიმია გაჩნდა, ნამდვილი რომანტიკული სიყვარული იბადება, რადგან სასწორიც და თევზებიც ძალიან იდეალისტურად უყურებს სიყვარულს. თქვენ იცით რომ ამ ნიშნების მმართველი პლანეტები ვენერა და ნეპტუნი სიყვარულის პლანეტებია… ნეპტუნი ვენერას უფრო მაღალი ოქტავაა – უმაღლესი სიყვარული, სიყვარულისთვის თავგანწირვა – ამ ორ ნიშანს შეუძლია მთლიანად მიუძღვნას ერთმანეთს საკუთარი თავი და თანაც ბევრი რამ ასწავლონ ერთმანეთს – მაგალითად, სასწორი ხშირად გაუკვლევს გზას ფანტაზიებში დაკარგულ თევზებს, თევზები კი თავის მხრივ ესთეტ სასწორს სიყვარულში და თანაგრძნობაში სილამაზის დანახვას ასწავლის. გარდა ამისა სასწორი უფრო მეტად ლოგიკასაა მინდობილი, გონებას ენდობა, თევზების ძლიერი მხარე კი ინტუიციაა, იგი გულით აზროვნებს… ახლა წარმოიდგინეთ რა შესანიშნავად შეავსებენ ერთმანეთს, თუკი ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეების გაცნობიერებასა და დაბალანსებას მოახერხებენ. მორიელი და თევზები “მათ არ დაუმსახურებიათ ნათელი, მათ დაიმსახურეს სულიერი სიმშვიდე” – გახსოვთ ეს ვერდიქტი “ოსტატი და მარგარიტადან”? მათი გაცნობა გახსოვთ? ქუჩაში, ყვავილებით, ორივე დაღლილი და … “მე მივხვდი რომ ის “ის” იყო და ის მიხვდა რომ მე “მე” ვიყავი”… ეს ძალიან მისტიკური ურთიერთობაა…მათი სახლი – აკვარიუმი. უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის… მათ შორის ტელეპატიური კავშირია… რა ცუდი ასპექტებიც არ უნდა იყოს მათ სინასტრიაში, როგორი პრობლემებიც არ უნდა ჰქონდეთ თუნდაც ვერბალურ დონეზე ურთიერთობაში, ქვეცნობიერ დონეზე იმდენად გასაგები და მისაღები არიან ერთმანეთისთვის, უბრალოდ “გრძნობენ” და უბრალოდ “იციან” ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშეც. მათ შორის დუმილი ყველაფერზე ლაპარაკობს. თანაც მორიელი გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ყველას ეჯიბრება, საყვარელ ადამიანებთანაც კი ომი აქვს… აი, თევზებს კი ვერაფერს უხერხებს. სასაცილოა არა? “ძლევამოსილი” არწივი და “საწყალი” თევზი. თევზები მასთან ომს არ აწარმოებს. იგი გასულია ადამიანური ეგოს საზღვრებიდან. იგი თავს ხრის და მორჩილებას უცხადებს, თანაც უცხადებს არ იმიტომ რომ მორიელია ძლიერი, არამედ იმიტომ რომ თვითონ არის ძლიერი და შეყვარებულს უთმობს. აქ მორიელის ძლევამოსილება ვერაფერს აწყობს. მას შეუძლია იყოს უხეშიც, იყოს ხისტიც, შეუძლია მოკლას ის, ვინც უყვარს და …ასეთი თავგანწირვა ცოტა აბნევს… სრულ პარალიზებას უკეთებს… მეომარი სული კი რჩება და გამოსავალი ერთია – იომოს, ოღონდ ამჯერად საკუთარ თავთან. საბოლოო ჯამში კი თავად გაცილებით მეტს იღებს საკუთარ თავზე. გაცილებით მეტს აკეთებს… ყველაფერს სწირავს… რადგან შეჯიბრია ესეც და ამაში მაინც სურს გაიმარჯვოს….ხშირად ისეც ხდება ჩვენი თევზი მორიელის “სათრევი” ხდება ხოლმე… მორიელი თევზების გვერდით იმაზე გაცილებით უკეთესი ხდება, ვიდრე საერთოდ შეიძლება იყოს. არის ბევრი ტანჯვა, ტკივილი, ვენებათაღელვა, თანაც უბრალოდ იმიტომ, რომ ვერცერთი ახერხებს ამის გარეშე ცხოვრება, თუმცა თუკი საკუთარი ბუნების წინააღმდეგ არ წავლენ, საბოლოოდ დაიმსახურებენ კიდეც ნათელს თუ არა სულიერ სიმშვიდეს მაინც. მშვილდოსანი და თევზები სანამ ნეპტუნს აღმოაჩენდნენ, ორივე ნიშანს ერთი მმართველი ჰყავდა, რაც ნიშნავს რომ მათ, მიუხედვად იმისა, რომ ძალიან, შეიძლება ითქვას, რომ რადიკალურადაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რაღაც საერთო მაინც აქვთ. ეს სულიერებაა. ორივე ცოტა წაუფილოსოფოსებს. ორივეს ძალიან უყვარს ადამიანები. ორივე ძალიან კეთილია და მიმტევებელი, თუმცა გამოხატვის ფორმები იმდენად განსხვავებული აქვთ, ხშირად იძაბება სიტუაცია. მშვილდოსანი შემაძრწუნებლად გულწრფელია, როცა არავინ ეხვეწება მაშინაც კი მზად არის უტაქტო სიმართლე თქვას, თევზები კი მოთამაშეა, არ სურს გული ატკინოს ვინმეს, ან ყველა კარტი ბოლომდე გახსნას და სიმართლეს გაურბის. მშვილდოსანი თევზებს ამას მატყუარობაში უთვლის, თევზები კი ხშირად რჩება ნაწყენი მშვილდოსნის პირდაპირობით, რადგან ძალიან ფაქიზია და სირბილე სჭირდება. ეს მშვილდოსანმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, თორემ დაჰკარგავს და ძალიან დიდ განძსაც დაჰკარგავს. ეს რეალობის და ირეალობის შეჯახებაა. სიცხადის და ნისლის. ეს განსხვავებულობა მათ ურთიერთობას გამოწვევად აქცევს, თუმცა ყველაფერი მონდომებასა და სინასტრიაზეა დამოკიდებული. თხის რქა და თევზები თევზები მთლად კარგად ვერ ერკვევიან ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ხშირად ებნევათ გზა დედამიწაზე და თხის რქასთან ძალიან მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს. მათ საყრდენი აკლიათ, თხის რქა კი ყველაზე საიმედო დასაყრდენია, ყველაზე სწორი ორიენტირი. თავის მხრივ, ამ ნიშანთა შორის ყველაზე მიწიერ ნიშანს – თხის რქას, თევზების ღრუბლებით შემოსილი თავი ძალიან მოსწონს. ეს ყველაზე რეალისტი და ყველაზე მეოცნებე ნიშნების ალიანსია და აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო ალიანსიც. თუკი ისინი მოახერხებენ ერთმანეთის დადებით თვისებებზე ორიენტირდნენ, თუკი თხის რქა მოერიდება ადვილად მოწყვლადი თევზების გულისტკენას უტაქტო და ხისტი საუბრით, სარკაზმით, თუკი ცოტა მაინც დათბება და თავის მხრივ თევზებიც გარკვეულ კომპრომისზე წავა – კერძოდ, შეეცდება ცოტა ჩამოყალიბდეს და გარკვევით ისაუბროს მიკიბ-მოკიბვისა და ტყუილების გარეშე, პრობლემაც აღარ იქნება. ისინი კარგი მეგობრები გახდებიან და ბევრ რამეში დაეხმარებიან ერთმანეთს. თევზები სულიერ საკვებს მოიტანს, თხის რქა მიწიერ საზრდოს. ჰოდა, ბა მეტი რა არის საჭირო იდეალური ოჯახური თანაცხოვრებისთვის? მერწყული და თევზები წარმოიდგინეთ შეშლილი, თმააბურძგნული მეცნიერი რომელიც ცდებს ატარებს… რა აკლია ნახატს? ბურუსი, ორთქლი კვამლი, რომლის შემოქმედიც ნეპტუნია – თევზების მმართველი. მერწყულს შეშლილი იდეების განსახორციელებლად წაქეზება არ სჭირდება, თევზები არც არის წამქეზებელი, ის უბრალოდ გარემოა, რომელშიც მერწყულს შეუძლია საკუთარი თავის ყველაზე შეშლილი ვერსია გახდეს. თევზებს შეუძლია ბოლომდე გაიგოს მერწყულის ემოციური საჭიროებები და ისიც, რომ მერწყული ამას ვერასოდეს მოახერხებს. ორივე საოცრად შემწყნარებელი და ჰუმანური არსებაა, მათ შეუძლიათ ერთმანეთის მიღება ზუსტად ისეთების როგორებიც არიან. არ ცდილობენ ერთმანეთის შეცვლას, გადაკეთებას და პირიქით ხელს უწყობენს ერთმანეთს საკუთარი თავის, ინდივიდუალობის გამოვლინებასა და რეალიზაციაში. ერთი ეს არის, თუკი პირად რუკაში ცოტა მიწის ნიშნების გავლენა არ ექნათ, დედამიწაზე ცხოვრებას მთლად კარგად ვერ აღიქვამენ და ყოფით ცხოვრებაში შესაძლოა პრობლემები შეექმნათ იდეალისტობის გამო, თუმცა შესაძლოა ამაზე არც იდარდონ და ასე ცასა და მიწას უფრო სწორად ცასა და წყალს შორის ღრუბლებზე წაკოტრიალებულმა გაატარონ მთელი ცხოვრება. თევზები და თევზები მათ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის, ყოველგვარი თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებების გარეშე ახერხებენ ერთმანეთთან კავშირს. ტელეპატიური კავშირი აქვთ. რამხელაც არ უნდა იყოს ეს სამყარო მაინც აკვარიუმია და აკვარიუმში ისე შორს ვერასოდეს გაცურავ, საერთო სივრცე დაიკარგოს. მათ შორის ურთიერთგაგება და თანაგრძნობა სუფევს, თუმცა ამის აშკარა დემონსტრაცია შესაძლოა სულაც არ ხდებოდეს. იმის გამო რომ ბუტიები არიან, შეიძლება ბევრი წყენაც იყოს უთქმელი და ამაზე აუცილებლად ექნებათ სამუშაო. გარდა ამისა, თუკი სხვა ნიშნების გავლენა არ აქვთ რუკებში პრაქტიკული ცხოვრებისთვის ალღოს აღება შესაძლოა უჭირდეთ და კი არ იცხოვრონ, ცხოვრების ახლოს ჩაიარონ. ორი ერთნაირის შეხვედრისას ნიშნის უარყოფითი თვისებები შესაძლოა გაძლიერდეს და ამ შემთხვევაში ეს იქნება სირბილე, მგრზნობიარობა, მიმართულების არ ქონა, დინებისთვის მიყოლა და აუცილებლად უნდა ერიდონ ამას. მათ ბრძოლა უნდა ისწავლონ და ნაცარქექიებად არ დარჩნენ. ცოტა მეტი პრაქტიკულობა, რეალისტობა და პრაგმატულობა გამოიმუშაონ ხასიათში, რომ ოცნებების რეალობად ქცევა შეძლონ. დოჩი გოგო ასევე ნახეთ:როგორ ეთავსება თხის რქა ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - როგორი პარტნიორია ის სიყვარულში და ვინაა მისი საუკეთესო მეწყვილეროგორ ეწყობით ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვახასიათებთ ვერძს6638 შეფასება არ არის
|