x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138416
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჯონათან სვიფტი "გულივერის მოგზაურობა"
ჯონათან სვიფტის ეს წიგნი საერთოდ არ მიეკუთნება საბავშვო ბიბლიოთეკას. მასში უამრავი პოლიტიკური შეხედულებაა გადმოცემული. წიგნი პირობითად 4 ნაწილადაა დაყოფილი და თითოული მათგანი შეიცავს თავგადასავლების უცნაურ და აურაცხელ რაოდენობას. I წიგნი, სახელწოდებით “მოგზაურობა ლილიპუტების ქვეყანაში“, იწყება ავტორის გარკვეულწილი ბიოგრაფიით, რის შედეგადაც ვხვდებით ლილიპუტების ქვეყანაში. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად ქირურგად მოეწყო გეგმაზე, რათა კარგი შემოსავალი მიეღო, თუმცა იგი თავადვე ამბობს, რომ ყოველთვის სჯეროდა, “ადრე თუ გვიან, ჩემი ბედი ამ გზით წამიყვანდაო“. მასში ისეთოვე სურვილი იკვეთება მოგზაურობისა, როგორიც რობინზონ კრუზოში. ამასთან ერთად, ორივე მოხერხებული და ჭკვიანი აღმოჩნდა.image

მოხვდება რა გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში, იგი დაიმსახურებს მათ პატივისცემას და დაიწყებს მათი ენის შესწავლას. ლილიპუტები მისი მორჩილებით კიდევ უფრო დიდგულდებიან, ცდილობენ ბოლომდე აკონტროლონ გულივერი და საკუთარი ბრძანებები ასრულებინონ. მათი პატარა ტანი თითქოს არა მხოლოდ ფიზიკურობას, არამედ გონებრივ შესაძლებლობასაც გამოხატავს. ისინი ისე იქცევიან, რამდენსაც მათი შესაძლებლობები სწვდება, თუმცა თავი ამ ყველაფერზე მეტიც კი ჰგონიათ. ამ ნაწილში ნახსენებია II ქვეყანა ბლეფუსკუ, რომელთანაც ისინი დაპირისპილებულნი არიან ისეთი აფსურდული მიზეზის გამო, როგორიცაა: კვერცხის გასატეხი მხარის არჩევა. საბოლოოდ, გულივერს სწორედ ამ ქვეყნის ელჩები დაეხმარებიან გამგზავრებაში ან უფრო გაქცევაში, რადგან მისი რჩენის შეუძლებლობით ლილიპუტები სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ. თუმცა აღსანიშნავია, ავტორის შეფასება მათი მმართველობისადმი: “უფრო მეტ მნიშვნელობას მორალურ ღირსებას ანიჭებენ და არა ნიჭსა და ცოდნას“. “ჭეშმარიტება, სამართლიანობა, ზომიერება“ -ეს არის ის თვისებები, რომლებიც ადამიანს ქვეყნის სამსახურში აყენებს.

image


წიგნის II ნაწილი “მოგზაურობა ბრობდინგნავში“I-ის საპირისპიროა. თუ ავტორი ლილიპუტებთან იყო, ახლა თავად აღმოჩნდა ლილიპუტი. მას მასპინძელი ძალიან კარგად ექცევა, თუმცა საბოლოოდ მისი არსებობის უცნაურობა თავისას შვრება და მისით ფულის შოვნას გადაწყვეტენ. ეს ერთგვარი ნაკლია თითქოს. მისი მასპინძელი ვერ ძღება შემოსავლით და გულივერსაც ერთადერთი მფარველი ჰყავს - ძიძა. ასეთ გასაჭირში მყოფს რობინბონისაგან განსხვავებით, ხშირად აგონდება ოჯახი და თითქოს ენატრება კიდეც. სიკვდილის პირას მყოფი განიცდის კიდეც, რომ მათ ვეღარ ნახავს და იქნებ ჯობდა კიდეც ცოლისთვის დაეჯერებინა და შინ დარჩენილიყო. უნდა აღინიშნოს, რომ ავტორი ნამდვილად ემოციური და მეგობრული პიროვნებაა. იგი, სადაც არ უნდა მოხვდეს, ყველგან ინარჩუნებს ჰუმანიზმს. ამას ადასტურებს მისი თხოვნა დედოფლისადმი: მისი ძიძა დაეტოვებინა მასთან და ისიც, რომ მისი უბედური შემთხვევებისასაც იგი არათუ თავად აბუქებდა მდგომარეობას, არამედ ცდილობდა ზედმეტი დარდი აერიდებინა სხვისთვის. როგორც ვიცით, მან კუნძული მოულოდნელი შემთხვევის წყალობით დატოვა და მაშინაც კი, როდესაც ჰაერში ატაცებული დიდი არწივის მიერ სიკვდილს ელოდა, ფიქრობდა თუ როგორ იდარდებდ ძიძა მის ამბავს და რა შეემთხვეოდა შემდეგში მას. გოლიათები ლილიპუტებისგან სრულიად განსხვავდებოდნენ და ამას ავტორიც აღნიშნავს: „ჭკუა-გონება სულაც არაა დამოკიდებული ტანის სიდიდეზე“, მაგრამ ამ შემთხვევაში ლილიპუტებსა და გოლიათებს სწორედ შესაფერისი აზროვნების უნარი გააჩნდათ.


image

III ნაწილი თავისთავად 5 ნაწილისგან შედგება: „მოგზაურობ ლაპუტაში, ბალნიბარბიში, ლაგნაგში, გლუბდაბდრიბსა და იაპონიაში“. ეს ნაწილი მნიშვნელოვანია თავისი „ კლიმენოლებით“ ანუ მატყაპუნებლებით, რომლებიც ფიქრში წასულ, ასე ვთქვათ, გამოშტერებულ ხალხს აფხიზლებდნენ; თუ კი ეს არ გჭირდებოდა- მით უარესი შენთვის, ისინი საკმარისად განათლებულად არ ჩაგთვლიდნენ. ეს ნაწილი რაღაცნაირად აბსურდს წარმოადგენს, რომელიც გარკვეულწილად ემუქრება კიდეც ადამიანთა მოდგმას. ისინი არიან ცრუ მორწმუნეები, ჩაძირულნი „არაფრისმომცემ ცოდნაში“ და დაბრმავებულნი ილუზიური მომავლის ლოდინით. ავტორი ამ ნაწილის ბოლოს ჯადოქრებთან ხვდება და მათი დახმარებით იძახებს მიცვალებულებს. მათ შორის (იმპერატორები, მეფეები, მაღალი პირები) არსებული დიალოგი ისტორიულ ცნობებს უარყოფს და ჩნდება განცდა, თითქოს ავტორის მიზანია დაგვაფიქროს ერთიანად წარსულ, აწმყო და მომავალ დროებაზე.


წიგნის ბოლო ნაწილია „მოგზაურობა ჰუიჰნჰნმების ქვეყანაში“. ეს ადგილი ავტორისთვის ნამდვილი უტოპიაა. მას იმდენად უყვარდება აქ ყოფნა, რომ ძალიან დიდხანს განიცდის იქაურობის დატოვებას. იქ მას „იაჰუს“ ადარებენ, რომელიც განუვითარებელი, ჯიუტი ცხოველია. მას ეს აზრი იმდენად უჯდება გონებაში (თანაც თავიდანვე შესძულდა ისინი), რომ სამშობლოში დაბრუნებული ადამიანებს ვეღარ იტანს. საკუთარ ოჯახსაც კი ვერ ეგუება. აქ ის ცხენებთან თანაცხოვრობს, მათ ჰუიჰნჰნმები ჰქვიათ და ავტორი მათ მთელი არსებით იყვარებს, რადგან ისინი არ ჰგვანან ადამიანთა მოდგმას. მათ არ იციან რა არის ტყუილი და ბოროტება, ისინი არ იბრძვიან, არ კლავენ და არ სჩადიან დანაშაულს. მათი სამყარო სპეტაკია და სიკვდილლსაც კი მშვიდად ხვდებიან. ავტორს მათთან დარჩენა სურდა, მაგრამ მისი ადგილი იქ არ იყო. როგორც არ უნდა შეცვლლილი იგი მაინც „იაჰუს“ გავდა.

სახლში დაბრუნებული ავტორი ცდილობს მათთან განშორება ამოივსოს და ცხენებს ყიდულობს. თუმცა ჩვენს სამყაროში ასეთი იდეალური არსებები, ისევე როგორც მმართველობა, არ არსებობს და ეს თავად ჩვენიდან მომდინარეობს. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ წიგნი მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ მკითხველს დაანახოს მმართველობის სხვადასხვა ფორმის ნაკლოვანებებზე და მოგვცეს საშუალება ამოვიკითხოთ ავტორისეული იდეოლოგია ამ საკითხთან დაკავშირებით. სვიფტს სურს გვანახოს, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანთა მოდგმა და ამის საწინააღმდეგოდ, თუ საით და რისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ.

0
438
შეფასება არ არის
ავტორი:ლია ხვადაგიანი
ლია ხვადაგიანი
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0