პროზა გულიდან სისხლის წვეთები 2012, 7 აპრილი, 22:09 მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისკენ, რომ მეხილა მზე. ალბათ მიხილავდა შორეული და უხილავი. მოვედი ადრე. და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული. ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე. და მეშინია... ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება. მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული. ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან. პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას. მე არ მინდოდა სიცოცხლე. არც სიკვდილი. მე რაღაც სხვა მსურდა. ახლაც ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების. მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელიგან. და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე. მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით: მე მინდა გაფრენა. მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი. ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა. არა სიცოცხლე. არა სიკვდილი. არამედ რაღაც სხვა. ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობებისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი......... 316 2-ს მოსწონს
|