საზოგადოება სააკაშვილის ვირტუალური "ხელშეკრულება საქართველოსთან" და ივანიშვილის რეალური მილიონები სტიქიით დაზარალებულებს 2012, 4 აგვისტო, 2:36 "ხელშეკრულება საქართველოსთან" _ ასე ჰქვია „ნაცმოძრაობის“ წინასაარჩევნო საპროგრამო დოკუმენტს, რომელსაც ჯერჯერობით ერთი ფორმალური სუბიექტი ჰყავს. საინტერესოა, აპირებს თუ არა საზოგადოება მმართველ გუნდთან ხელშეკრულების გაფორმებას მით უმეტეს, რომ სახელშეკრულებო გამოცდილება უკვე აქვს _ "ვარდების რევოლუციამდე", ანუ მაშინ, როცა დღევანდელი პრეზიდენტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, "ნაცმოძრაობამ" ანალოგიური დოკუმენტი დედაქალაქელებს გაუფორმა, თუმცა როგორც დაკვირვება ცხადყოფს, რევოლუციამდელი 7-პუნქტიანი ხელშეკრულებიდან თითქმის არაფერი შესრულებულა. სხვათა შორის, რევოლუციამდელ დოკუმენტს ხელს მხოლოდ სააკაშვილი კი არა, კობა დავითაშვილიც აწერდა. ახალ ხელშკერულებას კი, სააკაშვილთან ერთად, პრემიერ მერაბიშვილის `ფაქსიმილეც~ ამშვენებს.. მოკლედ, საინტერესოა აპირებს თუ მოსახლეობა ხელისუფლებასთან ხელშეკრულების გაფორმებას? "თუ ხელშეკრულებას ხელს არ მოვაწერ, შეიძლება, პენსია დამიყადაღონ!" ლია, 55 წლის, უმუშევარი: _ ამათი ნდობა არ მაქვს და ხელშეკრულების გაფორმებას რა აზრი აქვს? თუ უმრავლესობაში ისევ "ნაციონალები" დარჩებიან, მაინც არაფერი შეიცვლება და ისევ ასეთ "აყვავებულ" ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ისიც მაინტერსებს, ამ ხელშეკრულებას რა ძალა ექნება, ანუ თუ მასში ჩამოთვლილი პუნქტები არ შეასრულეს, შეგვიძლია, ვუჩივლოთ თუ არა? ამ ფურცლების დარიგებას ხომ რესურსი სჭირდება და ამ უაზრობის გამო ფული რატომ უნდა დაიხარჯოს? ქეთი, 30 წლის, მაღაზიის გამყიდველი: _ სანამ საარჩევნო აჟიოტაჟი ატყდებოდა, მანმადე, რა, სხვა ხალხის ხელისუფლება იყო? ლამის 9 წელია, ხელისუფლებაში არიან და ხელშეკრულება აქამდე რატომ არ გაგვიფორმეს? ხელშეკრულების მეორე მხარეს, ანუ ხალხს რა ვალდებულება აქვს? _ ალბათ, დოკუმენტში არ ჩაწერენ, მაგრამ თავისთავად იგულისხმება, რომ ჩვენგან ხმის მიცემას ითხოვენ. სისულელეა, ამ ხელშეკრულებაზე ხელს არ მოვაწერ! რამაზი, 68 წლის, პენსიონერი: _ თუ ამ ხელშეკრულებაზე ხელი ძალით არ მომაწერინეს, "ნაციონალებთან" თანამშრომლობის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. ისე, ამათსას რას გაიგებ და, თუ ხელშეკრულებას ხელს არ მოვაწერ, შეიძლება, პენსიაც დამიყადაღონ. ნინო, 28 წლის, უმუშევარი: _ ასეთი უაზრობა, მგონი, ისტორიას არ ახსოვს. "ნაცებმა" თავიანთი ვადა უკვე ამოწურეს და ეს "აწრიალება" გვიანია. იცით, რა მაინტერესებს? _ ხალხი ბარათებზე ოცნებას წერდა და ამის გამო ის ახალგაზრდები დაიჭირეს, ვინც ბარათებს არიგებდნენ. ივანიშვილმა რომ დაუდოს ხელშეკრულება ხალხს, საინტერესოა, რას იზამენ? გიორგი, 35 წლის, ინდმეწარმე: _ თუ არსს კარგად ამიხსნიან, ხელშეკრულებას ხელს მოვაწერ. საერთოდ, ვთვლი, რომ მოსახლეობამ მმართველ პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, მაგრამ ეს წერილობითი დაპირებები აბსურდულად მეჩვენება. მარიამი, 47 წლის, დიასახლისი: _ ჩემი ქალიშვილის ნაცნობისთვის "ნაციონალებს" მაისური და კეპი მიუციათ, რომელბეზეც მათი პარტიული ლოგოა გამოსახული და უთქვამთ, თუკი არჩევნებამდე ამ მაისურით და კეპით ივლი, 300 ლარს გადაგიხდითო. ესაა დასაქმება და ასე უნდა უმუშევრობის დაძლევა?! მითხარით, ასეთ ფასადურ ხელისუფლებასთან რატომ უნდა ვითანამშრომლო? ვიწრო ჭუჭრუტანა "ნაცმოძრაობის"კაჭკაჭებისთვის აი, ასეთია მოსახლეობის განწყობა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თბილისელთა უმეტესობამ ზემოხსენებულ თემაზე საუბარი არ ისურვა. ამასთან, 25 გამოკითხულიდან მხოლოდ ორმა განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას გააფორმებს… მაინც, რას ნიშნავს სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული დაპირებების "ხელშეკრულების ფორმატში" მოქცევა? ამ და სხვა შეკითხვებით ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს მივმართე: – ბატონო სოსო, 2002 წელს "ნაცმოძრაობამ" წინსაარჩევნოდ ხელშეკრულება თბილისელებს დაუდო, თუმცა პრობლემები, რომლებზეც ამ ხელშეკრულებაში იყო ლაპარაკი, დღემდე მოუგვარებელია. ამ ფონზე ახალ ხელშეკრულებას რა ფასი აქვს? – ხელისუფლებაში მოსვლამდე "ნაცმოძრაობას" სხვადასხვა დაპირების დოკუმენტად წარმოდგენის მიდრეკილება ჰქონდა. მაგალითად, ათი წლის წინ შემოგთავაზა ათი ნაბიჯი, რომლითაც ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გაეყვანა, თუმცა ამ დაპირებათა მივიწყებას სისტემური ხასიათი აქვს. ამიტომ, მორიგი ხელშეკრულება, რომელიც ლოზუნგების გაამყარებაა, ძალიან პრიმიტიულ შეკითხვებს ბადებს: ყველაფერი ის, რასაც ხელისუფლება ხელშეკრულებაში დებს, რატომ არ იყო შესრულებული 8-9 წლის განმავლობაში? აქამდე სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგი უნდა ყოფილიყო და მათ გონებაში ამ კუთხით გადატრიალოება როდის მოხდა? თუკი "ნაციონალების" პოლიტიკური ოპონენტის მიერ გაჟღერებული ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა უსაფუძვლო ტრაბახია, მაშინ ხელისუფლების მხრიდან ანალოგიური დაპირება ამომრჩევლისთვის რატომ უნდა იყოს? ამ ხელშეკრულებაში უმუშევრობის განახევრებაზეცაა ლაპარაკი და, საინტერესოა, აქამდე "ნაცმოძრაობას"ხელს ვინ უშლიდა, რომ უმუშევრობა შეემცირებინა? ხელისუფლებამ სამუშაო ადგილების შექმნაზე უარი მაშინ თქვა, როცა ცეკვა-თამაშსა და ტაშ-ფანდურზე უზარმაზარი თანხები მიმართა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ციფრებთან თამაში პრიმიტიული აფერაა! სხვათა შორის, ისიც ნიშანდობლივია, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ყველაფერი 4 წელში უნდა შესრულდეს. მაგალითად, სოფლის მეურნეობა 4 მილიარდით ერთბაშად კი არა, ეტაპობრივად, ანუ წელიწადში მილიარდით უნდა დაფინანსდეს. ასევე, მოსახლეობა ათას-ლარიანი ვაუჩერს 4 წელი უნდა ელოდოს. თუკი ამ ჩამოწერილ სურვილებს რეალობად აღიქვამს, ეს საზოგადოების უმწიფრობის მაჩვენებელი იქნება, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ არაერთხელ მოტყუებული მოსახლეობა ამ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, მით უმეტეს, რომ ამ ხელშეკრულებით მოქალაქეს არანაირი ვალდებულება არ ეკისრება. – ბატონო სოსო, ამ ხელშეკრულებით ხელისუფლება ხომ არ აღიარებს, რომ ხალხის ნდობა დაკარგა, ანუ ამით მოსახლეობას ხომ არ ეუბნება, თუ სიტყვაზე აღარ მენდობი, ხელშეკრულებას გაგიფორმებო? – თუკი ხელისუფლებას საკუთარი სიტყვა არაფრად მიაჩნია, ჰაერზე ლაპარაკობს და საკუთარი ნათქვამი ავიწყდება, მაშინ ამ ტექსტს, ცხრაჯერაც რომ დაბეჭდოს, ფასი არ ექნება. ნათქვამია, საქმემან შენმამ წარმოგაჩინოსო. სიტყვა კარგია სცენასა თუ სუფრაზე… წლების წინ დაგვპირდნენ, "საქართველო სიღარიბის გარეშეო", ახლა კი, ამ ლოზუნგით მოსულ ხელისუფლებას, მხოლოდ ვადის ამოწურვისას ახსენდება, რომ დამატებით, თურმე, 90 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი უნდა მოიწყას, გაიხსნას სოფლის მეურნეობის ხუთასზე მეტი საწარმო და ა.შ., უკაცრავად მაგრამ 100 საწარმოს რომ ხსნიდნენ, გაიხსნა? ეს დაპირება მტკვრის პირას გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს და, ალბათ, მტკვარს გაატანეს. თუ სამი წლის განმავლობაში ასი საწარმო ვერ გახსენი, ახლა 500 რატომ გვირდები? ან ეს დამრგვალებული ციფრები რა უბედურებაა! დღეს ჩვენს ქვეყანაში პრობლემა არაპროფესიონალიზმი კი არა, ანტიპროფეზიონალიზმია. პროფესიონალები "ნაცმოძრაობას" მტრებად ჰყავს გამოცხადებული! – თუკი მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ხელშეკრულების მეორე სუბიექტი არ გახდა, რა მოხდება? – მოგეხსენებათ, ხელშეკრულება იურიდიული ტერმინია და მას ორმხრივი ვალდებულება აქვს. აქედან გამომდინარე, ეს ხელშეკრულება კი არა, სადღეგრძელოა, ასეთი იქნება ქვეყანა და ჩვენ ამას გავაკეთებთო. მართალია, ამ ხელშეკრულებას ხელს პრეზიდენტი და პრემიერი აწერენ, მაგრამ ის საბავშვო ბაღის ბავშვების გასართობია და მხოლოდ იმიტომ უნდა შევინახოთ, რომ შვილიშვილებს ვაჩვენოთ, რა დიდი ხრიკები, ასე ვთქვათ, ტრიალებდა 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის ქართულ პოლიტიკაში. ისე, ხელშეკრულებას მოსახლეობის მხრიდან ხელმომწერები ეყოლება. მაგალითად, სოფლის გამგებლები. ალბათ, გახსოვთ: ორი წლის წინ სულ კუნტრუშ-კუნტრუშით შემოირბინეს მთელი საქართველო, ათ-თორმეტ ადამიანს სვამდნენ მაგიდასთან და ამას საქართველოს მოსახლეობის მიერ ახალი კონსტიტუციის მოწონებას ეძახდნენ. ამიტომ, ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდება, რადგან მისი ლექსიკონიდან სიტყვა "უხერხულია"კარგა ხანია, გაქრა და ამის ნაცვლად დამკვიდრდა სიტყვა _ "მინდა". თუ "მინდა", ასეც უნდა მოხდეს და, ესე იგი, არაფერია უხერხული, _ აი, ესაა "ნაციონალების" ლოგიკა. – ბატონო სოსო, რა ამის პასუხია და, ბიძინა ივანიშვილმა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის იმ ანგარიშზე, რომელზეც ჯარიმა უნდა გადაეხადა, 80 მილიონი გადარიცხა და მზადაა, სტიქიით მიყენებული ზარალი მთლიანად აანაზღაუროს, თუმცა "ნაციონალები"ივანიშვილის ამ ნაბიჯს პიარ-სვლად ნათლავენ… – ივანიშვილისთვის დაზარალებულ თანამემამულეთა დახმარების სურვილი ბუნებრივი მახასითებელია და ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ხალხის გაჭირვებას საკუთარ სიმძიმედ აღიქვამს. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "ნაცმოძრაობის კაჭკაჭები" ამ ნაბიჯს ძალიან ვიწრო ჭუჭრუტანიდან უყურებენ, მხოლოდ საკუთარ სავარძლებს ხედავენ და ამის გამო მოსალოდნელია, თანხა, რომელსაც ივანიშვილი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ურიცხავს, "ნაციონალებმა" სხვა მიმართულებით გადატყორცნონ. მოკლედ, ივანიშვილს მხოლოდ ის უნდა, რომ მისი გადარიცხული თანხა სტიქიით დაზარალებულ ხალხამდე მივიდეს და ამით არავის გულის მოგებას არ აპირებს. ხელისუფლებაში ჩათვლიან, რომ ბიუჯეტი შეივსო ჯარიმით და არა _ ქველმოქმედებით, მაგრამ მთავარია, რომ ადამიანებს მძიმე ყოფა შეუმსუბუქდეთ და ივანიშვილის მიზანიც ესაა. სამწუხაროდ, საკმაოდ დიდ საფრთხეშია ეროვნული სიმდიდრე _ ალავერდის ისტირიული ტაძარი. იმედია, ივანიშვილს მისცემენ შესაძლებლობას, რომ ალავერდის გადარჩენაში მონაწილეობა მიიღოს. საქველმოქმედო საქმიანობა, მით უფრო, კულტურულ-ისტორიული ძეგლის გადარჩენა ნამდვილად არაა მოსახლეობის მოსყიდვა და თუ ამას "ნაცმოძრაობა" პოლიტიკურ სპეკულაციად ჩათვლის, საბოლოოდ ნათელი გახდება ხელისუფლების ანტიქრიასტიანობა. სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლების აქტიურობაც დამაკმაყოფილებელია _ არ ზარმაცობს, არ თვლის სტიქიურ უბედურებას სხვის ჭირად და ცდილობს, არსებული სახსრების ნაწილი გადაისროლოს კახეთში. ისე, "ნაციონალები" გულის სიღრმეში შეიძლება, კმაყოფილებიც არიან, რომ ხალხთან ახლო ურთიერთობის საშუალება მიეცათ, თუმცა ეს უფრო ახლოსაა პოლიტიკურ სპეკულაციასთან _ წინასაარჩევნო პერიოდი რომ არ იყოს, პრეზიდენტი მეეზოვესავით ნამდვილად არ ივლიდა ქუჩა-ქუჩა და განკარგულების გაცემით შემოიფარგლებოდა. მოსახლეობა კი, გულწრფელობას ყოველთვის გრძნობს და ხალხში ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახმარებლად გადარიცხულ მილიონებს გაღიზიანება არ გამოუწვევია! მოამზადა მაკა დეკანოსიძემ გაზეთი "ქართული სიტყვა" http://www.argumenti.ge ფოტოდ გამოყენებულია მხატვარ ბესიკ დუღაშვილის შარჟი 182 4-ს მოსწონს
|