x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
ჟან რასინის "ფედრა"

image
რასინი, როგორც კლასიციზმის პერიოდის მწერალი, თემებს ისტორიიდან და ანტიკური მითოლოგიიდან იღებდა. მან "ფედრა" 1677 წელს დაწერა, რომელსაც საფუძვლად ევრიპიდეს "იპოლიტი" და სენეკას "ფედრა" დაუდო. თუმცაღა, ძველი ტრაგედიებისაგან განსხვავებით, რასინის ფედრა უფრო მეტ სიბრალულს იწვევს მკითხველში.

ნაწარმოების მიხედვით, ფედრა არის თეზევსის მეუღლე, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდება თეზევსის შვილი, იპოლიტი. ამ სიყვარულმა მას სიმშვიდე დააკარგვინა. ყველგან იპოლიტი ელანდებოდა, ყველგან მის სახეს ხედავდა. არადა, როდესაც თეზევსს გაჰყვა ცოლად იფიქრა, რომ მის სიმშვიდეს ქვეყნად ვეღარაფერი დაარღვევდა, მაგრამ მის ცხოვრებაში იპოლიტის გამოჩენამ, ფედრა ვენერას წყევლას აზიარა.ამიტომაც ცდილობდა ეს ტანჯვა ლოცვა-ვედრებით შეემსუბუქებინა. ააგო ტაძარი და ღმერთს მსხვერპლის სწირავდა, თუმცა ეს ყველაფერი ამაოდ. ამიტომაც ფედრა დარდის შემსუბუქებისათვის სხვა გზას მიმართავს და გადაწყვეტს იპოლიტის გაძევებას, მაგრამ ამ მცდელობამაც უშედეგოდ ჩაიარა.

ერთი შეხედვით, ფედრას დანაშაული მართლაც საზარელია. ვინაიდან მას უყვარდება საკუთარი მეუღლის შვილი. მაგრამ, ამასთანავე კარგად ვხედავთ როგორ ცდილობს ამ სიყვარულს წინააღმდეგობა გაუწიოს. მაგრამ ის ღმერთების ნებას თავს ვერ დააღწებს.სიყვარული, ნაცვლად იმისა, რომ ბედნიერს ხდიდეს მას, პირიქით სულს უფორიაქებს, ვინაიდან ის ყოველგვარ ზნეობასა და მორალსაა მოკლებული. ამ ქაოსს კი ფედრა თვითმკვლელობის ზომამდე მიჰყავს. მისთვის ამგვარ სიცოცხეს აზრი აღარ აქვს, მითუმეტეს რომ აცნობიერებს ამ ცოდვას, მაგრამ გამოსწორება არ ძალუძს.

ჩვენ საკმაოდ ნათლად ვხედავთ ფედრას სულსა და გულში არსებულ დაპირისპირებას, მის გაორებას. მისი პერსონაში მკითხველის წინაშე განიცდის მეტამორფოზას. ნაწარმოების დასაწყისში ის საკმაოდ ძლიერია. ვინაიდან ის დედოფალია უპირველეს ყოვლისა, აქვს უამრავი პასუხისმგებლობა და ამასთანავე მისი ღირსება ყველაფრზე წინ დგას. მან არ უნდა მოსცხოს ჩირქი საკუთარ ოჯახს, მეფის სახელს. ამ რთულ პერიოდში კი მისთვის უმნიშვენლოვანესი პიროვნება და ნუგეშის მიმცემი ადამიანი ენონაა. მსახური, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას მას, ამხნევებს და სიცოცხლის სურვილის უბრუნებს. მაგრამ ეს ნუგეში დიდ ხანს არ გასტანს. და ეს ტანჯვად ქცეული სიყვარული ფედრას იმ ზომამდე მიიყვანს, რომ იპოლიტს გამოუტყდება გრძნობებში:

"აჰა, იხილე სიყვარულით შეშლილი ფედრა!
დიახ, მიყვარხარ! მაგრამ მაინც ნუ გეგონება,
თავს ვიმართლებდე შენს წინაშე ამ სიყვარულით,
ან შეწყალებას ვთხოულობდე, არა და არა!"

ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ ფედრა აცნობიერებს ამ სიყვარულის ხორცესხმის შეუძლებლობას. იცის, რომ ამ გრძნობს გაგრძელება არ უწერია და არც იპოლიტისგან ელის სანუგეშო პასუხს. მაგრამ, ვეღარ იტევს ამ გრძნობას და კვლავ სიკვდილი ესახება ერთადერთ ხსნის გზად. ამიტომაც მკერდს შეუშვერს იპოლიტის ხანჯალს, რომელიც შემდგომში მისი დაღუპვის მიზეზიც გახდება. ენონა მას ცილს დასწამებს მეფის წინაში დედოფლისათვის უკადრისი საქმის ჩადენისათვის. განრისხებული თეზევსი წყევლის შვილს და განდევნის მას. სწორედ ამ მომენტიდან იცვლება მკითხველის დამოკიდებულება ფედრასადმი. ის თუ აქამდე სიბრალულს აღძრავდა, ამის შემდეგ ვხედავთ, რომ სახელის შენარჩუნების სურვილი მის მორალურ სურვილებს გადაწონის. ამ მომენტში მას შესაძლოა "უდანაშაულო დამნაშავე" ვუწოდოთ. რადგან, მართალია იპოლიტს ბრალს ენონა სდებს, მაგრამ ფედრას შეეძლო თეზევსისათვის სიმართლე გაემჟღავნებინა, დაეცვა თავისი სიყვარული. ერთ მონაკვეთში ის თითქოს გონს მოდის კიდეც და მზადაა თეზევსს ყველაფერი გაუმხილოს, მაგრამ მას შემდეგ რაც გაიგებს, რომ იპოლიტს არიცია უყვარს, სიჩუმეს ამჯობინებს. ამ დროს, ვფიქრობ, მასში ქალური ბუნება იღვიძებს. გრძნობს უსიყვარულობას, გრძნობს, რომ სხვა ამჯობინეს, სხვამ დაიმსახურა მისი კუთვნილი სიყვარული, ამიტომაც ყველაფერს ისე ტოვებს, როგორც არის. საბოლოოდ კი ეს ცილისწამება იპოლიტის დაღუპით სრულდება. ტრაგედიას ტრაგედია მოჰყვება. ერთი შეხედვით, ფედრა თითქოს იპოლიტის სიახლოვეს ვერ უძლებდა, ყველანაირ ცდილობდა მისგან შორს ყოფნას, მაგრამ საბოლოოდ მისმა განშორებამ მიიყვანა ის თვითმკვლელობამდე. ფედრა გამოუტყდება თეზევსს ყველაფერში და თავს იკლავს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნაწარმოებში ვხედავთ ფედრას მეტამორფოზას. თავდაპირველად ის აკრძალული სიყვარულით სულდამძიმებული ქალია, რომელიც სიბრალულს იწვევს, ნელ-ნელა კი ეს ქალი უდანაშაულო სისხლის მიზეზი გახდება. ვფიქრობ, რასინის მიხედვით, ფედრა არც სრულიად დამნაშავე და არც სრულიად უდანაშაულოა, ვინაიდან ღმერთებს მიუძღვით ბრალი მისი ამორალური სიყვარულით შეპყრობაში.

0
410
შეფასება არ არის
ავტორი:ეთერ ნოზაძე
ეთერ ნოზაძე
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0