x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტები, საქართველოს მომავალი პატრიარქი, ილია მეორე
image

"ზაგორსკელი პატრიარქები".
ქ. მოსკოვთან ახლოს, ქ. ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტები, საქართველოს მომავალი პატრიარქი, ილია მეორე (ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი) და რუსეთის მომავალი პატრიარქი, ალექსი მეორე (რიდიგერი), ქ. ზაგორსკი, 1957წ.
ქ. ზაგორსკის სასულიერო სემინარია და აკადემია, საბჭოთა "წითელი სამღვდელოების", მოსამზადებელი სულიერი ცენტრი, მართლაც საბჭოთა "წითელი ელიტარული სამღვდელოების", ნამდვილი სამჭედლო იყო. თავის დროზე, სტალინის სიცოცხლეში, სემინარიის რექტორიც კი, სტალინის პირობვნების მეხოტბე ჰყავდათ. ასევე პატრიარქ ილია მეორის განცხადებით, სტალინის გარდაცვალებისას, ყველანი ერთხმად მთელი სემინარია, მათ შორის საქართველოს მომავალი პატრიარქიც, სემინარიაშივე ცხარე ცრემლებით ტიროდნენ. ილია მეორე სერგიევ პოსადში (მაშინდელი ზაგორსკი), სასულიერო სემინარიაში სწავლობდა 1952-56წწ. შემდეგ სწავლა განაგრძო, ასევე ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში 1956-60წწ.

ეხლა ერთ ამონარიდს გავეცნოთ:
" ალექსანდრე სოკოლოვი
19:55 23.11.2011
პირველი წლები სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში (სუკ-ი)
1955 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (ჩავაბარე და ვსწავლობდი მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში, რომელიც 1954 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააერთიანეს), ჩვენ, 25 კურსდამთავრებულს შემოგვთავაზეს სამსახურის დაწყება სუკ-ში. ყოველ ჩვენგანს ჰგონდა თადარიგის უმცროსი ლეიტენანტის წოდება. საბუთები სწრაფად გააფორმეს და უკვე სექტემბერში ჩვენ გავხდით ქ. ხარკოვის სსრკ სუკის N 306 კონტრდაზვერვის ერთწლიანი სკოლის კურსანტები. შემდეგ წელს, მოსკოვში დაბრუნებისას დამნიშნეს სსრკ სუკის მე-4 სამმართველოს ოპერატიული რწმუნებულის თანამდებობაზე. ეს სამმართველო ახორციელებდა კონტრდაზვერვით საქმიანობას რელიგიურ ორგანიზაციებში და სხვადასხვა იატაქქვეშა სექტებში.

მუშაობა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ხაზით


განყოფილება, რომელსაც პოლკოვნიკი ვასილი ლუტოვოი ხელმძღვანელობდა, შედგებოდა შემდეგ საკითხებზე მომუშავე ქვეგანყოფილებებისაგან: მართლმადიდებელი ეკლესია და სექტები, კათოლიკური ეკლესია, იუდეური და მუსლიმური ორგანიზაციები. პოლკოვნიკი ლუტოვოი ახორციელებდა დამოუკიდებელ აგენტორულ-ოპერატიულ მუშაობას მოსკოვში მთავარ რელიგიურ ორგანიზაციებში და აგრეთვე კურირებდა ამ მიმართულების საქმიანობას სსრკ სუკის ადგილობრივ რეგიონალურ ორგანოებში.

მე გამაგზავნეს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე მომუშავე ქვეგანყოფილებაში და დამავალეს მოსკოვთან ახლოს ქ. ზაგორსკში (ამჟამად სერგიევ პოსადი) ტროიცე სერგიევის ლავრაში მდებარე მოსკოვის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურირება. (კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე [ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი] მოსკოვის სასულიერო აკადემიის სემინარიაში შევიდა 1952 წელს, შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1960 წელს. 1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი ბერად აღკვეცა თეთრწყაროელმა მიტროპოლიტმა ზინობი მაჟუგამ [ეს იყო ეროვნებით რუსი მღვდელმთავარი და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რუსული ეკლესიის მთავარი დასაყრდენი საქართველოს ეკლესიაში] წმ. ალექსანდრე ნეველის რუსულ ტაძარში, ხოლო 1959 წელს ბერდიაკონი ილია მღვდელ-მონოზონად აკურთხა მოსკოვის პატრიარქმა ალექსი I სიმანსკიმ - მთარგმნელის შენიშვნა.) მოსკოვის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი იყო საკმაოდ ცნობილი საეკლესიო მოღვაწე დეკანოზი კონსტანტინე რუჟიცკი. პირველივე გაცნობითი საუბრისას სამმართველოს უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა ხარიტონოვმა ჩემდა გასაკვირად მომცა მითითება გადმომებირებინა აბსოლუტურად ყველა აკადემიისა და სემინარიის სტუდენტი გამონაკლისის გარეშე. კავშირზე გადმომცეს მრავალრიცხოვანი აგენტურა, რომელიც შედგებოდა სტუდენტების, პედაგოგების, აღმზრდელების, მრევლის წევრებისა და სხვა პირებისაგან. ყველა ისინი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან ინტელექტით, კულტურით, რელიგიასთან დამოკიდებულებით, საზოგადოებაში სოციალური მდგომარეობით...

იმ პერიოდში ჩემი ცოდნა რელიგიის შესახებ იწყებოდა და მთავრდებოდა მხოლოდ ერთი ფრაზით: ღმერთს ღვთისა, ხოლო კეისარს კეისრისა. არ ვიცოდი როგორ მესაუბრა მორწმუნეებთან, როგორ მეპოვნა მათთან საერთო ენა და ურთიერთგაგება. ამიტომ მომიწია სასწრაფოდ შემეძინა ცოდნა ღვთისმეტყველების სფეროში, მომიწია მეშოვნა და შემესწავლა რელიგიური და ათეისტური ლიტერატურა, რათა ოდნავ მაინც გავთვითცნობიერებულიყავი ტერმინოლოგიაში და ეკლესიის თანამედროვე ისტორიაში. ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილას დადგა. მცირე გამონაკლისის გარდა აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები მთანმხმდებოდნენ სუკ-თან თანამშრომლობაზე, რადგან ესმოდათ, რომ უარის შემთხვევაში მათ შემდგომ წინსვლას საეკლესიო იერარქიაში მნიშვნელოვანი დაბრკოლებები შეხვდებოდა.

სემინარიაში სხვადასხვანაირი ახალგაზრდობა აბარებდა. ზოგი იქ მიილტვოდა მხოლოდ მატერიალური მოსაზრებების გამო. „ორგანოები“ სტუდენტების მიღებისა და შერჩევას არ აწარმოებდნენ, ეს ყველაფერი რექტორატის ხელში იყო. აგრეთვე იქ არ სწავლობდნენ სუკ-ის კადრის თანამშრომლები, თუმცა დღეს საწინააღმდეგო მრავალი უსინდისო მთხრობელისაგან შეიძლება მოვისმინოთ.

სასულიერო აკადემიის სტუდენტები იყვნენ ახალგაზრდა სასულიერო პირები და ღვთისმეტყველები, რომელთაც უკვე მიიღეს განათლება სემინარიაში. მათი უმრავლესობა სასწავლებლად ეპარქიების მიერ იყო გამოგზავნილი. მათ შორის აგრეთვე იყო სუკის ადგილობრივი ორგანოების აგენტურა, რომელიც მე გადმომეცემოდა კონტაქტზე მათი სწავლის პერიოდის დამთავრებამდე. რუსული და საზღვარგარეთული პრესა ხანდახან შეცდომით აცხადებს, რომ აკადემიასა და სემინარიაში თითქოს მარქსიზმ-ლენინიზმი ისწავლებოდა.

ცხადია, მე კეთილსინდისიერად ვასრულებდი ჩემს სამუშაოს. არანაირი ეჭვი მომავალი სასულიერო პირების გადმობირების მიზანშეწონილობის შესახებ არ მიჩნდებოდა. ერთი წლის შემდეგ დამაწინაურეს თანამდებობრივადაც და წოდებითაც, გავხდი ლეიტენანტი. მე-4 სამმართველოში ახალი უფროსი დანიშნეს - გენერალი ევგენი პეტრეს ძე პიტოვრანოვი, რომელიც ჭკვიანი ინტელეგენტი და მაღალი კლასის პროფესიონალი იყო. მისი მოსვლით ჩემი ამოცანებიც შეიცვალა. ხდებოდა მხოლოდ იმ სტუდენტების გადმობირება, რომლებიც განიხილებოდნენ, როგორც პერსპექტიულები საეკლესიო ხაზით კონტრდაზვერვითი სამუშაოსათვის.

მალევე მე დამავალეს მოსკოვის საპატრიარქოსა და ეპისკოპატის კურირება როგორც სსრკ-ს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ. კავშირზე მივიღე ახალი აგენტურა. პატრიარქი ალექსი სიმანსკი და კოლომნისა კრუტიცკის მიტროპოლიტი ნიკოლაი იარუშევიჩი, ასევე მათი ახლო წრე, იმყოფებოდნენ აგენტორული ზედამხედველობის ქვეშ. ვეტერანი ჩეკისტები მიყვებოდნენ, რომ სტალინმა აკრძალა ამ იერარქებთან აგენტორული ურთიერთობის დამყარება, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ომის დროს მოიხმო ისინი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სამეთაუროდ და ხალხის პატრიოტული სულის ასაღორძინებლად. ომის წლებში ეკლესიის აღდგენისათვის სუკის ორგანოები სასწრაფოდ ეძებდნენ სასულიერო პირებს საკონცენტრაციო ბანაკებში. თვითონაც არ იცოდნენ კარგად რომელი მათგანი იყო ცოცხალი და ვინ რომელ ბანაკში იმყოფებოდა.

მიხდებოდა შეხვედრა აგენტურასთან მხცოვან მღვდელმთავრებს შორის, რომელთაც რამდენჯერმე ჰქონდათ გავლილი ციხეები და ბანაკები. მათი ჯანმრთელობა სამუდამოდ იყო შერყეული, მაგრამ საბოლოოდ ამ მღვდელმთავრებმა მიიღეს საბჭოთა ხელისუფლება, როგორც ისტორიული გარდუვალობა; ყოველთვის მაოცებდა ის სულიერი სიძლიერე, რომელსაც მათ აძლევდა რელიგიური რწმენა. მათი სიყვარული თავისი ხალხისადმი და პატრიოტიზმი ღრმა პატივისცემას იწვევდა, მაგრამ ყველა იერარქი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, არ იყვნენ პატიოსანი ეკლესიის წინაშე. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც დადებული ბერული აღთქმის მიუხედავად ჰყავდათ ცოლ-შვილი, ახალგაზრდა საყვარლები და სრულიად იღებდნენ ამ ცხოვრების სიამტკბილობას.

განყოფილების ერთ-ერთი ამოცანა იყო უმაღლეს საეკლესიო თანამდებობებზე დანიშვნების ფარული კონტროლი, რათა არ მომხდარიყო აღნიშნულ თანამდებობებზე საბჭოთა ხელისუფლებისადმი უარყოფითად განწყობილი პირების მოხვედრა.

... დიდი ყურადღება ეთმობოდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების საქმიანობას. მყარდებოდა კავშირები ეკუმენურ მოძრაობასთან. სასულიერო პირებმა დაიწყეს უფრო ხშირად გასვლა საზღვარგარეთ მდებარე სამრევლოებში სამუშაოდ. ხდებოდა საზღვარგარეთელი სამღვდელოების მიღება საბჭოთა კავშირში. მოსკოვის საპატრიარქოს ამ განყოფილებაში მოდიოდნენ უცხო ენის მცოდნე საერო ახალგაზრდები. საჭირო იყო სანდო აგენტურა, რომელსაც შეეძლო უცხოელებთან მუშაობაც და კონტრდაზვერვითი, ხანდახან კი დაზვერვითი ამოცანების შესრულება. ასეთ აგენტურას მომზადება სჭირდებოდა. მე დავამყარე საქმიანი კონტაქტები საბჭოთა კავშირის სუკის პირველი მთავარი სამმართველოს (ПГУ КГБ СССР) გამოცდილ მუშაკებთან - ვასილი ივანეს ძე ვირიუკინთან და ივანე ივანეს ძე მიხეევთან. ისინი ახორციელებდნენ ეკლესიის გამოყენებას დაზვერვითი ამოცანების შესასრულებლად.".

წიგნიდან : ა. სოკოლოვი, „ღალატის ანატომია: ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს „სუპერთხუნელა“ სუკში: გენერალ ოლეგ კალუგინის შპიონაჟის 35 წელი.

А.А.СОКОЛОВ

Анатомия предательства: «Суперкрот» ЦРУ в КГБ: 35 лет шпионажа генерала Олега Калугина
ამონარიდი რუსულიდან თარგმნა ბასილ კობახიძემ.image

3
664
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
664
  
2019, 9 დეკემბერი, 15:28
ეგ ყველაფერი კარგი გასაგებია და იმასაც ვიტყვი აქ არავინ არავის დაკნინებას და აზრის შეცვლას არ ცდილობს, მოსაზრებაა გამოთქმული და გადმოტანილია სოციალური ქსელიდან და რაც შეეხება ახლა ამ ექაუნთებს რომლიდანაც თქვენ წერთ ორივენი, ეჭვი მაქვს საფუძვლიანი რომ რომელიმე აქაური ცნობილი ავტორი უნდა იყოთ და არ შეიძლება ბარემ თქვენი ექაუნთიდან რო დააკომენტაროთ?
2019, 9 დეკემბერი, 13:30
სურათზე აგებული სიცრუე უკვე მოდას გასცდა. ადრე მანახა ეს სურათი ერთმა სექტანტმა და ამით უნდოდა ჩემს თვალში დაეკნინებინა და თავის აზრზე გადავეყვანე. ამ სტატიის მეოსტემ კი გაუსწრო იმ სექტანტს, უბრალოდ 15 წლით დააგვიანა.
2019, 8 დეკემბერი, 13:42
ასეთი ხასიათის სტატიების გამოქვეყნება,ამ სტატიის ავტორს ვერ შესძენს პოზიტივს,რადგან მემუარების და საგაზეთო მოგონებების უმრავლესობა წარმოადგენს გაზვიადებას და უმეტეს შემთხვევაში ტყუილს.არის არასანდო, მტკიცებულებების გარეშე და დაუსაბუთებელი.სსრკ-ს დროს ბევრი რამე ფიქტიურად ხდებოდა,მათ შორის სტატიაში აღწერილი პროცედურებიც.ქაღალდზე უნდა დარჩენილიყო ხელმძღვანელობის დასანახად,რადგან ეს ყველაფერი წინასწარ,გეგმის მიხედვით სრულდებოდა.ამიტომაც დაინგრა საბოლოოდ ამხელა მონსტრი.
0 1 3