კახეთი ახალი დეტალები დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოავარიის შესახებ 2019, 21 ნოემბერი, 22:09 16 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე შს სამინისტრომ დედოფლისწყაროში მცხოვრები 18 წლის ბიჭი დაკითხა. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ექსკლუზიური ინფორმაციით, მძღოლი, 2001 წელს დაბადებული გ.ფ. პოლიციას თავად ჩაბარდა და სამმართველოში მშობელთან ერთად მივიდა. წინასწარი ინფორმაციით, ის მართავდა ავტომობილს, რომელიც მოპედს შეეჯახა და მოზარდი იმსხვერპლა. სავარაუდოდ, მძღოლს არც მართვის მოწმობა არ აღმოაჩნდა. შს სამინისტროს პრესსამსახურში ამ დროისთვისაც განმარტავენ, რომ დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებაში 19 ნოემბრის ღამეს მომხდარ ფაქტზე არავინ დაუკავებიათ. თუმცა, ადასტურებენ, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილმა გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. სამინისტრომ მძღოლის ვინაობა გზებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გაშიფვრის შედეგად დაადგინა. ამ ეტაპზე გამოძიება ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია, რის შედეგადაც ხსენებული მძღოლის ბრალეულობის ხარისხი დადგინდება. როგორც სოფელ გამარჯვებაში ამბობენ, ერთერთი ვერსიით, გარდაცვლილი და ავტომანქანის მძღოლი უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ერთ სუფრაზე იმყოფებოდნენ. თუმცა, გარდაცვლილის მეგობრებისთვის გაუგებარია, როდის დაშორდნენ ისინი ერთმანეთს, რა ვითარებაში მოხდა შეჯახება, ან რატომ არ გამოიძახეს დროულად სასწრაფო დახმარების სამსახური. თვითმხილველების განმარტებით, შეჯახება ცენტრალურ მაგისტრალზე გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივებმა შეჯახების ხმა დაახლოებით 12 საათისთვის გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, გარდაცვლილია მოპედის მძღოლი, 16 წლის ზურა მარტყოფლიშვილი. სხეულის დაზიანებები მიიღო სკუტერის კიდევ ერთმა მგზავრმა, რომელიც მისი თანაკლასელია. ორივე მათგანი სოფელ გამარჯვების მკვიდრია. ისინი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟმა დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმხილველებმა ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მეორე მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „გზაზე მივდიოდით და თვალებში რაღაცამ მოგვანათა, შემდეგ არაფერი აღარ მახსოვს... გზის მეორე მხარეს მიპოვეს“ - ამბობს დაშავებული მოზარდი. დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილის ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. „მას ფეხის ტრამვა ჰქონდა, ჭრილობა დავამუშავეთ და უკვე გავწერეთ. მეორე ახალგაზრდა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“ - განაცხადა ზურიკაშვილმა. შსს-მ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანის მძღოლის ვინაობა ოპერატიულად დაადგინა. მოკვლევა საგზაო კამერების ჩანაწერების საფუძველზე განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, მძღოლი გამოკითხვაზე უკვე გამოცხადდა. მისი ბრალეულობის დასადგენად, გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას დაელოდება. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყაროში წუხელ მოხდა. შემთხვევის შედეგად, 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტზე, საქმე სსკ 276-ე მუხლითაა აღძრული, თუმცა დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის. საქმისათვის მნიშვნელოვანია, მეორე მოზარდმა შემთხვევის დეტალები გაიხსენოს“ - განმარტეს სამინისტროში. დედოფლისწყაროში ავტოავარიისას გარდაცვლილ 16 წლის ბიჭს მისი პედაგოგი გამარჯვების საჯარო სკოლის ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებელი ეკა თარაშვილი ემოციურ პოსტს უძღვნის და მოზარდის სიცოცხლის უკანასკნელი დღეებიდან რამდენიმე საინტერესო დეტალს იხსენებს. „ზურაბ, დღეს ჩვენს სოფელში ტკივილმა გული დაგვიმდუღრა და შავმა მოიცვა უდარდელი ბავშვთა სამყარო. რამდენი სიყვარული გაგიცია, რომ ასე ააცრემლე უმანკო თვალები, თუმცა განა შენ კი გინდოდა? რა მხიარულად და აზრიანად გაგიტარებია გუშინდელი მოაზროვნეთა შეჯიბრი... და ეს უკანასკნელი ყოფილა შენთვის. როგორი ხალისით გაიპარე ოთხი დღის წინ კლასელებთან ერთად სკოლიდან... და ესეც უკანასკნელად. როგორ შინაარსიანად შეასრულე ჩემი დავალება მომავალი სასკოლო ღონისძიებისთვის, სადაც პრეზენტაცია უნდა გქონოდა. ეს კი ვეღარ შეძელი ჩვენთან ერთად... როგორ გადმოვცე ის, რაც ჩვენი ლამაზი სკოლის კედლებსა და დერეფნებში დღეს, დილას ხდებოდა... თავალებაწითლებულ, ნამტირალევ და უიმედო გოგო-ბიჭებს გაკვეთილებს ვუტარებდით, ასეთივე თვალები გვქონდა ჩვენც... მერე კი შენს ოჯახს გვერდით დავუდექით, თუმცა რა უძლური აღმოჩნდა სიტყვა, რომელიც ხორხიდან აღმომსკდარმა ტირილმა გაწყვიტა... როგორ ვანუგეშოთ დედა, მამა, ძმა, ძმობილები... და როგორ ვინუგეშოთ მთელი სკოლა და სოფელი, რომ 16 წლის უმანკო სიცოცხლე ხელიდან გაგვიფრინდა... შენს დიდ, ცისფერ თვალებში ცა სამუდამოდ აირეკლა, ზურაბ, დედა ღვთისმშობელი იყოს მეოხი შენი სულისა!, “ - წერს პედაგოგი ეკა თარაშვილი. 1034 1-ს მოსწონს
|