პროზა „ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.“- ილია ჭავჭავაძე 2019, 14 ნოემბერი, 22:04 „მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.“
„გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.“
„თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვცარე, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარ, იმიტომ რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ, რადგანაც უქმად ყოფნის ნებას გრძნობა სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფელში, საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს თვითოეული თავის კერძს ცხოვრებისას, და კეთილის-მოქმედიც იქნები, რადგანაც ავკაცობის ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა. შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე კეთილი, – სხვას ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილსა.“
„ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.“
„ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვად რადმე; იმიტომ, რომ მამობა და დედობა ადამიანური მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოვება არ არის.“ „კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა.“ „მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე.“ „მხოლოდ დიდ-ბუნებიანთა კაცთა თვისებაა ერთხელ რწმენილი და აღიარებული გაიხადონ თავის სიცოცხლის საგნად და მის ქვეშ დაუგონ თავისი ცხოვრება, და თუ საჭიროება მოითხოვს, შესწირონ თავი თვისიცა, ნიშნად იმისა, რომ ჭეშმარიტება მეტად უღირს, ვიდრე საკუთარი თავი და საკუთარი სიცოცხლე.“ „ქურდბაცაცაზედ უარესნი არიან ისინი, ვინც იმოდენად ხელს იღებენ თავზედ, რომ ცილისწამებით, ხმების დაყრით, ჩუმად და იდუმალად უბღალავენ თავის მოპირსპირეს პატიოსნებას და ნამუსსა. რაკი ჯავრი ვისზედმე ჩაიდეს გულში, მაშინ იმათთვის მოსარიდებელი აღარა არის-რა: კაცია, თუ ქალია, არ მოერიდებიან, რომ ყოველგვარი ლაფი თავს გადაასხან და ერთსაც და მეორესაც სახელი გაუტეხონ, სახელი დაუმხონ.“ „უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი, რომ თუ არ აქე, თუ არ მიეფერე, პირიდამ თაფლი თუ არ იდინე, სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია. მაგრამ ამისთანა ცთომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რისამე განხილვაში; იმისთვის სულ ერთია, რასაც იტყვის ეს და ეს ბრმა ამა და ამ საგანზედ, ის მხოლოდ ეძებს სიმართლეს და ემსახურება ჭეშმარიტებას; ის ცდილობს გამოაჩინოს შეუბრალებლად რაც ცუდია – ცუდად, რაც კარგია – კარგად. პირფერობა და ურცხვი უალაგო ქება გლახის და მათხოვრის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა.“ „კაცმა რომ პატიოსანს და კეთილს საქმეს თავი შესწიროს, ერთი ჩვენგანი არ დაიჯერებს. რატომ? იმიტომ რომ ყოველი ჩვენგანი იმ კაცის ალაგას თავის თავს დააყენებდა და იტყოდა: მე უანგაროდ ამას ვიქმოდი? ამის პირდაპირი პასუხი “არა” იქნებოდა რასაკვირველია… „მაშ, არც ის იქმოდა“, – დაასკვნის გონიერი ქართველი; და გამოვიდა, რომ პატიოსანი თავგანწირული კაცი გაუპატიურებული იქნებოდა ქართველის თვალში. თითონ რომ სიკეთეს გადაჩვეულა, სხვისაგანც სიკეთე აღარა სჯერა; აღარა სჯერა, რომ იმ დედამიწაზედ, საცა თითონა სცხოვრობს და ათასი კიდევ მის მსგავსი, აღარა სჯერა – რომ იმ დედამიწაზედ კაცი არის, რომელსაც სიკეთე სიკეთისათვის უყვარს, რომელსაც იმოდენა სულის ძალაცა აქვს, რომ თუ გაჭირდა, სიკეთისათვის თავსაც დასდებს. ქართველი, როგორც თითონ არის, ისე თავის მოძმეც ჰგონია; ამიტომაც ყოველი პატიოსანი საქმე პატიოსნობის სიყვარულისაგან კი არა ჰგონია წარმომდგარი, არამედ რომელიმე დაბალი და სამარცხვინო გრძნობისა და წადილისაგან. ამით ჩვენში ყოველ ბრწყინვალე საქმეს სამარცხვინო ფერს მოაცხობენ ხოლმე, ყოველს კეთილშობილურს განზრახვას, ლაფით მოსვრიან, ყოველს თავგამოდებითს ხალისს ადრე და მალე ჭუჭყიანის ხელით ფრთას მოჰკვეთენ ხოლმე. დიდი სულის ღონე უნდა, რომ კეთილმა კაცმა თავი შეიმაგროს და საზოგადო განკიცხვის კიჟინამ არ შეაყენოს თავის დანიშნულ საგნის შუა-გზაზედა.“ 210 1-ს მოსწონს
|