x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
დავით აღმაშენებლის უდიდესი საეკლესიო რეფორმა და ღვაწლი ერის წინაშე - "რუის-ურბნისის კრება"
image

"ქართული ეკლესია დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საქართველოს ყოველ კუთხეში, იმ დროსაც კი, როდესაც საქართველო გაერთიანებული არ იყო და მისი სახელმწიფოებრივი ერთეულები ერთმანეთს ებრძოდნენ.

ცნობილია, რომ ვახტანგ გორგასალმა ჩაატარა საეკლესიო რეფორმა, რომლის ძალითაც სახელმწიფოს შინაგანი სტაბილურობა განმტკიცდა, მაგრამ შემდეგ ქართველთა ერთიანი სახელმწიფო დაიშალა და X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის დასაწყისში ფაქტობრივად ახალი სახელმწიფო შეიქმნა ქართული ქვეყნების გაერთიანების შედეგად. ამიტომაც, კვლავ დაისვა კითხვა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობისა. კერძოდ, უნდა გარკვეულიყო, რა მიმართება უნდა დაეჭირა ეკლესიას სახელმწიფოს, ანდა სახელმწიფოს ეკლესიის მიმართ.

თუ ერთმანეთს შევადარებთ ქართული ეკლესიის მდგომარეობას გრიგოლ ხანძთელისა და დავით აღმაშენებლის დროს, არსებით სხვაობას დავინახავთ.


გრიგოლ ხანძთელის დროს ეკლესია არ აძლევდა სახელმწიფოს ნებას, ჩარეულიყო ეკლესიის საქმეებში, რადგანაც ეკლესია თვითმწყემსად-თვითმმართველად მიიჩნეოდა.

დავითის დროს რუის-ურბნისის კრებამ, ჩანს, მრავალი საეკლესიო ფუნქცია გადასცა სახელმწიფოს, „დარბაზის კარს“. ეპოქის მემატიანე წერს: „მონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა ლოცვისასა და ყოვლისა საეკლესიოსა განგებისასა დარბაზის კარით მიიღებდიან, ვითარცა კანონსა უცთომელსა და ყოვლად შვენიერსა და დაწყობილსა, კეთილწესიერებასა ლოცვისა და მარხვისასა“.

აქ მხოლოდ ეკლესია-მონასტრებზე კი არ არის საუბარი, არამედ საეპისკოპოსოებზეც.

საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორი დამოუკიდებლობით სარგებლობდა ძველ დროს ეკლესია და სამღვდელოება. ამიტომაც უნდა დავასკვნათ, რომ 1103 წელს მოხდა არა სახელმწიფოს მიერ ეკლესიის უპრეცედენტო დამორჩილება (ეს საეკლესიო კანონებით აკრძალულია და არც შეეძლო იმდროინდელ საქართველოს მეფეს), არამედ შეიკრა მმართველობითი კავშირი სახელმწიფოსა და უმაღლეს საეკლესიო მთავრობას შორის. ჩამოყალიბდა თეოკრატიულის მსგავსი ქართული სახელმწიფო. მისი თეოკრატიულობა იმაში გამოიხატებოდა, რომ ეკლესიამ იკისრა სახელმწიფოს მმართველობის ზოგიერთი ფუნქციის შესრულება, თავის მხრივ ეკლესიამაც დათმო გარკვეული უფლებები. საერთოდ თეოკრატია განისაზღვრება ასე - „მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მონარქიული სახელმწიფოს მეთაური წარმოადგენს იმავდროულად მის რელიგიურ მეთაურს“28.

ქვემოთ განვიხილავთ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქართული თეოკრატიულის მსგავსი სახელმწიფო შემდეგი სახით იყო მოწყობილი: უმაღლესი საეკლესიო მთავრობის ოთხი წევრი იმავდროულად იქცა საერო მთავრობის უმაღლეს წევრებადაც. კერძოდ, ოთხი ბერი - საქართველოს პატრიარქი (ანუ კათალიკოსი ქართლისა), აფხაზეთის კათალიკოსი, ჭყონდიდელი და მოძღვართმოძღვარი იმავდროულად ხდებიან ქვეყნის მმართველებიც.

ქართლის კათალიკოსი ამავე დროს იყო სრულიად საქართველოს პატრიარქი ანუ მამამთავარი, ხოლო აფხაზეთის საკათალიკოსო უწყვეტად არსებობდა VIII ს-დან, ამ კრებასაც ორი კათალიკოზი, ანუ „კათალიკოზნი“ ესწრებოდნენ, კერძოდ, აფხაზეთისა და ქართლის კათალიკოსები - „ამ კრებაში მონაწილეობას იღებდა თურმე „ერი მრავალი“ და ზემოჩამოთვლილ პირთა გარდა მონაწილედ ყოფილან „კათალიკოზნი“, „მოძღვარნი და მეცნიერნი“29. დავითის ანდერძშიც სიტყვა „კათალიკოზნი“ იხმარება და არა „კათალიკოზი“30.

ქვემოთ აღვნიშნავთ, რომ დავით აღმაშენებლის დროს „სახელმწიფოს მმართველობის სისტემას“ სათავეში ჩაუდგა 4 მონაზონი, ანუ „ოთხი ბერი“, შემდეგშიც დარბაზის უმაღლესი წევრები არიან: მოძღვართმოძღვარი, ქართლის კათალიკოსი, აფხაზეთის კათალიკოსი და ჭყონდიდელი. ამათთან თითქმის გათანაბრებულია, მაგრამ მათზე ოდნავ დაბლა დგას სამი საერო პირი - ხელისუფალნი (ვეზირები): მოგვიანებით - ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი. კიდევ უფრო დაბლა დგანან სხვა ვეზირები და უხუცესები. ეს ასე იყო მოგვიანებით, მაგრამ სისტემას საფუძველი ჩანს ამ დროს ჩაჰყრია.

ჭყონდიდელის უფლებამოსილებას მიუთითებს ის, რომ „ვეზირობასაც“ კი იგი მართავდა და დარბაზის კარის უმაღლესი პირი იყო: „თუ ვეზირობა იყოს, მათ მოახსენონ ჭყონდიდელსა და ათაბაგსა, ამირსპასალარსა, მეჭურჭლეთუხუცესსა, მსახურთუხუცესსა და ამილახორსა“31.

0x01 graphic
დარბაზობის დროს კი ერთად იკრიბებიან: „...დარბაზთ ათქს ოთხთავე: მოძღვართ-მოძღვარსა, კათალიკოზთა, ჭყონდიდელსა და სამთა ვაზირთა - ათაბაგსა, ამირ-სპასალარსა და მანდატურთუხუცესსა“32.

მართალია, „ხელმწიფის კარის გარიგება“ შემდგომდროინდელი ძეგლია, მაგრამ სამმართველო სისტემის სახე, რომელიც აქ არის აღწერილი, შემუშავებული უნდა ყოფილიყო დავით აღმაშენებლის დროს (ათაბაგი და სხვა მოხელეები შემდეგ დაემატა).

„საქართველოს გაერთიანებისა და ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნასთან ერთად იწყებს ჩამოყალიბებას სახელმწიფო მმართველობის ერთიანი სისტემა... გაერთიანებული სახელმწიფოს მმართველობის აპარატის ჩამოყალიბებას უშუალოდ უკავშირდება ჩვენში ვაზირობის ინსტიტუტის შექმნა... მმართველობის ცენტრალიზაციის მიზნით დავით აღმაშენებელმა ძირითადი უწყებანი (საშინაო, ფინანსთა, სამხედრო) გამოყო სხვა დარგებისაგან და ისინი უშუალოდ მეფის ვაზირს, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს დაუქვემდებარა. მათი მეთაურები კი (მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი, ამირსპასალარი) წინ წამოსწია სხვა „უხუცესებთან“ შედარებით... პირველი ვაზირი უხუცესთაგან მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი იყო... უმაღლესი სააპელაციო სასამართლო ჩვენში ე.წ. „სააჯო კარი“ იყო... დავითმა კი „სააჯო კარში“ სამი მოსამართლე დასვა: მწიგნობართუხუცესი (უფროსი), საწოლისა და ზარდახნის მწიგნობარი... ამ დაწესებულების დანიშნულება იყო ფეოდალური ანარქიის წინააღმდეგ ბრძოლა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა“33.

არ არის შემთხვევითი ის, რომ რუის-ურბნისის ძეგლისწერა ასახელებს ოთხ ბერს, ისევე როგორც „ხელმწიფის კარის გარიგება“. „ძეგლისწერაში“ მოხსენიებულია: 1) გიორგი მწიგნობართუხუცესი, 2) იოანე კათალიკოზი, - საქართველოს პატრიარქი, 3) ევსტათი, 4) არსენი; „ხელმწიფის კარის გარიგების“ 4 ბერის თანამდებობებია: ჭყონდიდელი, 2 კათალიკოზი, მოძღვართ მოძღვარი. ამიტომაც უნდა ვიფიქროთ, რომ არსენი მოძღვართ-მოძღვარია (ან შემდეგ მიიღო ეს სახელო), ხოლო ევსტათი - აფხაზეთის კათალიკოსი.

ისიცაა აღსანიშნავი, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობილი გამონათქვამი იმის შესახებ, რომ „დარბაზის კარი“ საეკლესიო კანონმდებელს წარმოადგენდა დავითის დროს, მეორდება „ხელმწიფის კარის გარიგებაშიც“. კერძოდ, აქ ნათქვამია, რომ „გელათისაგან კიდე საყდარნი და სხვანი მონასტერნი და ეკლესიანი, ხუცესნი და მონაზონნი, და რაც საეკლესიონი დასნი არიან - ყველა ჭყონდიდელის და საწოლის მწიგნობრის სახელოისია“34.

გელათი მოძღვართმოძღვარს ეკუთვნოდა. ამის გარდა სხვა სრულიად საქართველოს საეკლესიო დასი ხელმწიფის კარიდან იმართება ჭყონდიდელის და საწოლის მწიგნობრის მიერ. ამით, ვფიქრობთ, დასტურდება დავითის ისტორიკოსის ნათქვამი: „... ყოველნი ეკლესიანი - საეკლესიოსა განგებისასა დარბაზის კარით მიიღებდიან“.

რუის-ურბნისის კრების შემდეგ „მართალია, დავით აღმაშენებელმა მიაღწია იმას, რომ მეფემ მოიპოვა უფლებები ეკლესიაზე, ეკლესიაც შეურიგდა დავითის ჩარევას მის საქმეებში...“35 მაგრამ თავის მხრივ ეკლესიამ მოიპოვა სახელმწიფო საქმეების მართვა-გამგეობის უფლება.

„...რუის-ურბნისის კრების შემდეგ დავით აღმაშენებელმა ეს ორი „ხელი“ გააერთიანა. ამიერიდან კიდევ უფრო გაიზარდა ჭყონდიდელის როლი ეკლესიაში და თუ მწიგნობართუხუცესი, როგორც მეფის სამდივანმწიგნობროს მეთაური, მეფის შემდეგ პირველი პირი იყო სახელმწიფოში, ეკლესიაში კათალიკოსის შემდეგ ყველაზე დიდი გავლენით ჭყონდიდელი სარგებლობდა. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის მეშვეობით მეფე უშუალოდ ერეოდა ეკლესიის საშინაო საქმეებში და კარნახობდა ეკლესიას თავის ნებას“36. თავის მხრივ, იმავე გზით, და საერთოდ „დარბაზის კარის“ მეშვეობით ქართული ეკლესია თავის ნებისამებრ წარმართავდა ქართული სახელმწიფოს საქმეს.

მართალია, მეფე უმაღლესი მხედართმთავარი იყო და ამიტომ ჭყონდიდელის (ე.ი. დარბაზის კარის) უზომოდ გაზრდილი ძალაუფლება მისთვის სრულიად მოსათმენი (სასურველიც) იყო, მაგრამ თამარ მეფემ საგანგებო ღონისძიებები ჩაატარა კათალიკოსის გაზრდილი ხელისუფლების შესაზღუდად მაშინ, როცა კათალიკოსმა თავის ხელში აიღო ჭყონდიდელობაც.

„დარბაზის კარი“ წარმოადგენდა არა მარტო სახელმწიფოს მაცენტრალიზებელ ორგანოს, არამედ ეკლესიისასაც. ცნობილია, რომ საქართველოს მეფეთ მეფე იმავდროულად „შვიდი სამეფოს“ მეფესაც წარმოადგენდა. ამ ერთიან სახელმწიფოში შვიდი სამეფო თუმცა ნომინალურად, მაგრამ მაინც არსებობდა. მეფეს უთუოდ ესაჭიროებოდა „თანადგომა და ერთნებობა“ შვიდივე სამეფოს დიდებულებისა („რომელიც განაჩინა თანადგომითა და ერთნებითა შვიდსავე სამეფოსა დიდებულთა“)37. ასევე საქართველოს ეკლესია, ანუ საპატრიარქო, ორი საკათალიკოსოსგან შედგებოდა (ესეც, ფაქტობრივად, ნომინალურად). ბედიელ-ალავერდელობა ჭყონდიდელ სვიმონისა ეკლესიის ერთიანობასაც დიდად უწყობდა ხელს.

ჭყონდიდელს შემდეგ „ვაზირთ-ვაზირი“ უწოდეს და მის ხელში უზარმაზარი ხელისუფლება იყრიდა თავს. ამიტომაც, როგორც აღინიშნა, ზოგჯერ მეფესაც კი აღარ ეკითხებოდა თავის „საურავს“. მაგრამ მეფის გარეშე მას ამის ნება არ ჰქონდა: „მწიგნობართუხუცესის გარეშე არ წყდებოდა არც ერთი სახელმწიფოებრივი საქმე, „ყველა საურავი უმისოდ არ იქნების“38. მართალია, მწიგნობართუხუცესი მონაწილეობდა ყოველგვარი სახელმწიფოებრივი საქმის გადაწყვეტაში, მაგრამ მეფის გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად არ შეეძლო. სწორედ ამიტომ, დავით ულუს დროინდელ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცეს ბასილს ჟამთააღმწერელი დანაშაულად უთვლის თავისი უფლებების გადამეტებას, რაც იმაში გამოიხატა, რომ მან „იწყო საურავთაცა ქმნად თვინიერ მეფისა კითხვისა“39. მწიგნობართუხუცესს ექვემდებარებოდა სამეფო სპაც. იგი მეფესთან ერთად წყვეტდა ომის დაწყება-არდაწყების საკითხს და ზოგჯერ ომშიც მიდიოდა“40.

აღსანიშნავია, რომ ეკლესიას (კათალიკოსს და ეპისკოპოსებს) თავისი ჯარი ჰყავდა, მაგრამ ჭყონდიდელს სამეფო სპა ექვემდებარებოდა.

„მწიგნობართუხუცესის უფლებას შეადგენს სხვა ვეზირთა სამმართველო უწყების შემოწმება...“41

როგორც ზემოთ მოყვანილიდან ჩანს, რუის-ურბნისის კრების შემდეგ ეკლესიამ დიდად გაიფართოვა თავისი უფლებები და ის სახელმწიფო საკითხებსაც წყვეტდა (ჭყონდიდელისა თუ სხვა სამი ბერის (მონაზონის) საშუალებით), ამით საქართველოში შეიქმნა თეოკრატიულის მაგვარი სახელმწიფო.

„საქართველოს ეკლესიას, ისევე როგორც რომის ეკლესიას, სახელმწიფო ცხოვრებასა და წესწყობილებაში განსაკუთრებული უპირატესობანი ჰქონდა მოპოვებული და მინიჭებული, რომელთა წყალობითაც მას მარტო წმინდა საეკლესიო დაწესებულების ხასიათი კი არ ჰქონდა, არამედ სახელმწიფოებრივი სხეულისა და ერთეულის თვისებებიც. ქართული ეკლესიის ამ უფლება-უპირატესობათა შესახებ მკვლევარი ვერც სჯულის კანონში, ვერც ადგილობრივი კრებების ძეგლისწერაში ვერავითარ ცნობებსა და კვალს ვერ აღმოაჩენს. ამ ფრიად საყურადღებო საკითხის შესწავლისათვის მკვლევარმა უნდა სიგელ-გუჯრებს მიჰმართოს“42.

დიდი ივანე ჯავახიშვილი ქართულ ეკლესიას, სახელმწიფო ცხოვრებასა და წესწყობილებაში განსაკუთრებული უპირატესობის გამო, ადარებს რომის ეკლესიას, რომელსაც VIII საუკუნიდან საერო ხელისუფლებაც ხელთ ეპყრა „პაპის ოლქში“. ეს ორი ეკლესია, რომელთაც საერო და სასულიერო ხელისუფლება ხელთ ეპყრათ, ერთმანეთს ემსგავსებოდნენ, თუმცა ქართულ ეკლესიას საერო ხელისუფლება მთლიანად არ მიუთვისებია. საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს უთავსებდნენ ხელისუფლებას (ცხადია, გარკვეულ დრომდე, ძირითადად, დავითის დროს).

„...უძველეს ძეგლად, რომელშიც საქართველოს ეკლესიის უზენაესი საჭეთმპყრობლის განსაკუთრებული უპირატესობა საკუთარი ჯარის ყოლისა და საკუთარი სარდლის მეთაურობით ლაშქარ-ნადირობაში განცალკევებული სამხედრო ერთეულის სახით მონაწილეობის უფლებაა აღბეჭდილი, 1362 წლით დათარიღებული წიგნია“43. ეკლესიას თავისი ჯარი შეიძლება უფრო ადრეც ჰყოლოდა. ყოველ შემთხვევაში, კახეთში საქორეპისკოპოსოს ინსტიტუტის არსებობა უნდა მიუთითებდეს, რომ აქ ეკლესია ამავდროულად წარმოადგენდა აქაურ საერო მმართველობასაც. ასევე არ უნდა იყოს შემთხვევითი რუის-ურბნისის კრების შემდეგ ჭყონდიდელის „სამეფო სპის“ მეთაურად დანიშვნაც და მისი მონაწილეობა ქვემო ქართლის საბრძოლო ოპერაციებში.

შეიძლება გამოითქვას ვარაუდი იმის შესახებ, რომ რუის-ურბნისის კრებაზევე ეკლესიამ კახეთ-ჰერეთი გადასცა დავით აღმაშენებელს. ამიტომაც უწოდებს ამ კრების ძეგლისწერა მას „რანთა და კახთა მეფეს“, თუმცა მას იმ დროს იარაღის ძალით ეს ქვეყნები შემოერთებული არ ჰქონია. იარაღის გამოყენება არ დასჭირდა, რადგანაც „დავითის მომხრე ჰერმა დიდებულებმა აღსართან კახთა მეფე შეიპყრეს და მეფეს გადასცეს, რის შემდეგ მეფემ დაიკავა ჰერეთი და კახეთი“44. ცხადია, ეს დავითის პირადი დამსახურება იყო, მაგრამ შეიძლება ეკლესიასაც ედო თავისი წილი, ყოველ შემთხვევაში, მეფემ კახეთ-ჰერეთი სწორედ რუის-ურბნისის კრების დამთავრების შემდეგ შემოიერთა. ამან მაჰმადიანი მფლობელების: სულთნის, განძის ათაბაგის და სხვათა უკმაყოფილება გამოიწვია, მეფემ მათი ჯარი დაამარცხა ერწუხში 1104-1105 წლებში, რის შემდეგ მან „თვითმპყრობელობით დაიპყრო ჰერეთი და კახეთი და ნებიერად აღიხვნა ციხენი და სიმაგრენი მათნი“45.

მაგრამ ჰარმონიის მიღწევა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ადვილი არ ყოფილა*. (*სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ასეთ ურთიერთობას, ზოგჯერ ეწოდება „სიმფონია“.) ეკლესიაში დავით აღმაშენებლის დროისათვის ყოფილან ქვეყნის ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე ძალები, რომელნიც მეფის მოწინააღმდეგეებს, ან პოტენციურ მოღალატე დიდგვაროვნებს უჭერდნენ მხარს. ესენი ძირითადად იყვნენ ეკლესიის მაღალი ფენის წარმომადგენელი ეპისკოპოსები. ისინი ეკლესიაში მოხვედრილან სწორედ თავიანთი არისტოკრატული წარმოშობისა და სიმდიდრის წყალობით. მათ ძეგლისწერა „უღირსებს“ უწოდებს. ისინი „...სამეფო დასის შეხედულებითა და სახელმწიფოს ცენტრალისტური პოლიტიკის აზრით, არიან „უღირსნი“, მოწინააღმდეგე დაჯგუფების თვალსაზრისით კი ისინი ალბათ სრულიად ღირსეულნი არიან. ასეთ „უღირსთა“ ოპოზიცია, ჩანს, ძალიან ძლიერი იყო. მეფის წინააღმდეგ მთელი მონასტრები გამოდიან, რომელნიც დავითმა ამის გამო „გაამწარა“ (ანდერძი დავით აღმაშენებლისა)47. ამ „უღირსთა“ გადასაყენებლად საჭირო გახდა საგანგებო საეკლესიო კრების მოწვევა. ნიშანდობლივია, რომ ამ საეკლესიო კრების ოქმის პირველი მუხლი სწორედ ამ „უღირსთაგან“ ეკლესიის განწმენდის ფიქსირებას ახდენს. „1103 წელს დავით აღმაშენებელმა საგანგებოდ ჩატარებული დიდი სამზადისის შემდეგ განახორციელა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევა, რომლის მიზანი იყო ეკლესიაში მოკალათებული მეფის მოწინააღმდეგე დასის განდევნა და უმაღლეს საეკლესიო თანამდებობებზე მეფის ცენტრალისტური პოლიტიკის მომხრეთა აღზევება“48.

„...სამღვდელმთავროთა მომეტებული ნაწილი უღირს მამათმთავრებს ჩაუვარდათ ხელში, „მამულობითა უფროს ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს“. წოდებრიობა გაბატონებული იყო და უმთავრესი მნიშვნელობა პირადს ღირსებას კი არ ჰქონდა, არამედ ჩამომავლობას. რა გასაკვირველია, რომ ამ ეპისკოპოსებს „მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორებისკოპოსნი დაედგინნეს“... სამღვდელმთავრო საყდარზე, „იყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთა უწესოდ დაეპყრნა საყდრები“. რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ გადააყენა უღირსნი მღვდელმთავარნი მთავარ-წარჩინებულთა შთამომავლობისანი და ამით გვარიშვილობის მნიშვნელობა ეკლესიის მსახურთათვის უარყო, ხოლო პირად ღირსებას შესაფერისი პატივი და უფლება მიანიჭა. ამგვარად, რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ განახორციელა და დააკანონა ის, რასაც ორმოცის წლის წინათ ჰქადაგებდა ჩვენი შესანიშნავი მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი“49.

როგორც ივანე ჯავახიშვილი, ისე ზოგიერთი სხვა მეცნიერი, მიიჩნევს, რომ დავით აღმაშენებლის ინიციატივით მოწვეულმა რუის-ურბნისის კრებამ მიზნად დაისახა ქართული ეკლესიის განახლება (რეფორმა) იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც გიორგი მთაწმინდელმა წამოაყენა50.

შიმშილობის დროს საქართველოში ჩამოსული გიორგი მთაწმინდელი „თავის თვალით ხედავდა, რამდენად გულცივი იყო მაშინდელი უმაღლესი წოდებისაგან გამოსული სამღვდელოება და როგორ გულხელდაკრეფილი შესცქეროდა ქვეყნის ტანჯვას. ზოგნი ეპისკოპოსთაგანნი, რომელნიც იყვნენ „მდიდარნი ფრიად და წარჩინებულნი“, მარტო იმაზე ფიქრობდნენ, რომ „სიმდიდრითა სავსეთა თვისთათა ეკლესიანი შეიმკვნეს და „განაშუენნეს“, „რათა მონასტერთა შინა აღაპი დაიდვას“ მათს სახელობაზე, რომ ამავე დროს ხალხი მშიერი და ღატაკი იყო და საშინელს გაჭირვებაში ჩავარდნილს, არსაით მშველელი არ ჰყავდა. ამგვარს მღვდელ-მოძღვრებს ეს არ აწუხებდათ. ამ ჯურის ეპისკოპოსი „გლახაკთა ყოვლადვე არა მიხედვიდა“... ამ წრეში წოდებრიობა და სიმდიდრე გაბატონებული იყო. საეპისკოპოსო ხარისხი მაშინ დიდებულ აზნაურთა გვარის შვილებს ეპყრათ. ამ თანამდებობას მეფე ბაგრატ IV თურმე ჰყიდდა. რაკი ეკლესიას ასეთი უკანონობა შემოეპარა, რასაკვირველია, ეპისკოპოსობას ღირსეული კი არ მიიღებდა, არამედ ვინც უფრო მდიდარი იქნებოდა. ეს საშინელი გამანადგურებელი უწესობა ძირ-ფესვიანად უნდა აღმოფხვრილიყო“51.

გიორგი მთაწმინდელმა მოსთხოვა მეფეს, რათა „...არ ჰყიდდეს საეპისკოპოზოთა კაცთა მიმართ უწესოთა და უსწავლელთა და ყოვლითურთ სოფლისა შემსჭვალულთა და უწესობით და მიმოსვლათა შინა აღზრდილთა, არამედ გამოირჩევდეს კაცთა ღირსთა და წმიდათა და მონაზონობათა შინა აღზრდილთა და ღვთივ-სულიერთა მოძღვართა მიერ წამებულთა“; ეპისკოპოსებს კი მოსთხოვა, რათა „...თვალღებით ხელთდასხმასა არ ჰყოფდნენ და უღირსთა მღვდელთა არ აკურთხებდნენ“, ხოლო თვითონ „არა შეჰკრებდენ ოქროსა და ვეცხლსა, არამედ უმეტეს ყოვლისა სწყალობდენ გლახაკთა და უღონოთა“. აი, მაგალითად, რა უთხრა ჩვენმა დიდებულმა მოღვაწემ ერთ ეპისკოპოსს, რომელიც „მდიდარი ფრიად და წარჩინებული“ იყო და იმაზე ზრუნავდა მარტო, რომ „სიმდიდრითა საფასეთა თვისთათა ეკლესიანი შეამკვნეს და განაშვენნეს და რათა მონასტერთა შინა აღაპი დაიდვეს და ამით მიზეზითა სცვიდა სიმდიდრესა თვისსა, ხოლო გლახაკთა ყოვლადვე არა მიხედვიდა“. მეუფეო, ეს შენი საქციელი ეშმაკის მანქანებიდან შთაგონებით არის ნაკარნახევი. „ეგე ბრძოლა ბოროტისა მტერისა არს“, ეშმაკი გაცდუნებს და მას უნდა, „რათამცა ეკლესიათა და აღაპთა მიზეზითა გლახაკთა უწყალობასა შინა მოგკლა“, რომ ეს ღვთისნიერი საქმე კი არ არის, არამედ ეშმაკის მიერი, ცხადია, „რამეთუ არა თუ მას გეტყვის ღმერთი, ვითარმედ ეკლესიანი შეამკვენითო, არამედ რამეთუ „მშიოდა და არა მეცით ჭამადი“, ვითარცა იტყვის იოანე ოქროპირი“52.

მაგრამ ღირსმა მამამ „...სიტყვები არ იკმარა, მან საქმითაც განახორციელა თავისი დემოკრატიული და ზნეობრივი მოძღვრება და იმდროინდელი ქართული ეკლესიის წოდებრიობა დაარღვია. წინათ თუ ჩვეულებრივ მღვდლობა და სხვა უფრო მაღალი საეკლესიო პატივი აზნაურთა გვარიშვილების ხელში იყო, გიორგი მთაწმინდელმა შიმშილობის დროს სხვადასხვა ადგილას „შეკრიბა, რომელნიმე ქალაქთაგან, რომელნიმე დაბათაგან, სხვანი უდაბურთა ადგილთა პოვნა, სხვანი მონებისაგან გამოიყვანნა, ხოლო სხვანი უმწირესისა ცხოვრებისაგან იხსნა“, გაანათლა, აღზარდა და „ესე ვითართა შეურაცხთა საქმეთგან მღვდლად უბიწოდ, მნედ სარწმუნოდ ქრისტესა შეწირნა“. მონებისა და ყმების მღვდლად კურთხევა იმ დროისათვის დიდი გამბედაობა იყო. ამიტომაც იყო, რომ „ყოველსა აღმოსავლეთს (ანუ საქართველოს) განეფინა საქმე ესე საკვირველი... გიორგი მთაწმინდელმა, მაშასადამე, ქართული ეკლესიის წოდებრიობა დაარღვია, წოდებრივი უპირატესობა საეკლესიო საქმეებში უარჰყო და ადამიანის პირადი ღირსება წინ წამოაყენა, თანაც ეცადა ქართული ეკლესიისათვის დემოკრატიული მიმართულება მიეცა. საშუალო საუკუნეებში ყველგან, მეტადრე კი საქართველოში, ასეთი მოღვაწეობისათვის დიდი გაბედულება იყო საჭირო. თვით დასავლეთ ევროპაშიც კი ეკლესიასა და მონასტრებში დემოკრატიული მიმართულება XIII საუკუნიდან დაიწყო მხოლოდ“53.

რუის-ურბნისის კრების I მუხლის გადაწყვეტილებით განკვეთილი ეპისკოპოსების მაგიერ დაადგინეს ახლები. განუკვეთიათ მეფის მოწინააღმდეგენი, „ნაცვლად მათდა სხვანი დავადგინეთ, რომელთა ჰასაკისაგანცა და საქმეთაგან აქვნდა წამებაი და კეთილად განეწვართნეს ხორცნი დამორჩილებად სულისა“54. ე.ი. მათ ნაცვლად ასაკით და საქმით სარწმუნონი დავადგინეთ, რომელთაც ხორცი სულს დაუმორჩილესო. იურიდიული საფუძველი ეპისკოპოსების გადაყენებისა, ჩანს, ის ყოფილა, რომ „უღირსთა და უწესოთა მამულობით უფრო, ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსონი, ვითარცა ავაზაკთა და მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორებისკოპოსნი დაედგინნეს“. სწორედ აქედან გამომდინარეობდა ის, რომ „სახლით უფლისათ და მღვდელთაგან გამოვიდოდა ყოველი ურჯულოება და ცოდვა“55.

ასეთი ტიპის სამღვდელოება იყო ძირითადი მოწინააღმდეგე მეფის გაძლიერებისა. აქ ასე იდგა საკითხი: ან ძლიერი ეკლესია და სუსტი საერო ხელისუფალი, ან ძლიერი ხელისუფალი და მისი მორჩილი ეკლესია. „იმუნიტეტმოპოვებულ და გაძლიერებულ ეკლესიას უკვე აღარ აწყობდა ძლიერი საერო ხელისუფალი. სახელმწიფო ცდილობდა ეკლესია თავის მოკავშირედ შეენარჩუნებინა. ისევე, როგორც საერო ფეოდალებში, ეკლესიაშიც სახელმწიფო ხელისუფლებას ჰყავდა თავისი მომხრენიც და მოწინააღმდეგენიც. დავითმა თავისი მომხრეების მხარდაჭერით შეძლო იმ დიდი ღონისძიებების გატარება, რომელიც რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ განახორციელა“56.

შეიძლება დაისვას კითხვა: მხოლოდ ქართულ ეკლესიაში იყო გავრცელებული იმ დროისათვის გვარიშვილობის, წოდებრივი შთამომავლობისა და სიმდიდრის მქონე პირის სამღვდელო ხარისხში კურთხევა თუ სხვაგანაც ასე იყო? ან როგორ მოხდა სიმდიდრის შეჭრა ეკლესიაში? სხვაგანაც, დასავლეთის ეკლესიაშიც, ასევე ყოფილა და იმ დროისათვის იქაც საჭირო იყო ეკლესიისა და მონაზვნობის დემოკრატიზაცია. ივანე ჯავახიშვილი კარგად აღწერს ამის სოციალურ მიზეზებს.

„ქართველი ხალხის ძირითადი ზნეობრივი შეხედულება სახარების მოძღვრებაზე იყო დამყარებული. ხოლო სახარების ზნეობრივი იდეალი იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანი ისეთივე სპეტაკი და უნაკლო ყოფილიყო, ვითარცა მამაზეციერი, და დაუშრეტელი სიყვარულით და სათნოებით მოჰპყრობოდა თავის მოყვასს, მეტადრე უძლურსა და გლახაკს: მშიერს, მწყურვალს, შიშველს, სნეულსა და სხვას (მათე 25, 35-40). სახარებიდან ჩანს, რომ ქრისტეს უმთავრეს ზნეობრივ მცნებას ქველმოქმედება შეადგენდა“57.

მაგრამ მოციქულ პავლეს სიტყვების თანახმად („ვისაც შრომა არ სურს, ნურც ჭამს“), დახმარების ღირსი უსაქმურობის გამო გამათხოვრებული ადამიანი კი არ იყო, არამედ უძლური, სნეული და ბუნებითი ნაკლის პატრონი, ასევე, მშრომელი, მაგრამ მაინც ხელმოკლე ადამიანი. ამათ გარდა, ქრისტიანულ კრებულში მოქადაგენი და მოძღვარნი, რომელთაც ამ თავისი საქმიანობის (ქადაგება და მოძღვრება) გამო დრო აღარ რჩებოდა შრომისათვის. თვით იესომ ამცნო თავის მოწაფეებს, რომ მქადაგებელსა და მახარებელს დახმარების მიღების ზნეობრივი უფლება აქვთ. „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისაო“. „არა უწყითა, - ჰკითხავს იგი (პავლე მოციქული) კორინთელთ, - რამეთუ რომელნი იგი ბაგინსა მსახურებენ, ბაგინისაგან სჭამიან? და რომელნი საკურთხეველსა წინაშე ჰდგანედ, საკურთხევლისაგან ნაწილი განიღიან? ეგრეცა უფალმან ბრძანა, რომელი იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხოვრებაა, ხოლო მე არაა რა ვიხმიე ამათგანი“-ო (1 კორინთელთა, 9, 14-16). მართლაც, როცა კი პავლე ქადაგებისაგან მოიცლიდა, მაშინვე თავის ხელობას შეუდგებოდა და კარვებს აკეთებდა ხოლმე ...კვიპრიანე ეპისკოპოზის (მე-III საუკ.) წერილებიდან ჩანს, რომ უძველეს ხანაში, ქრისტიანობის პირველი საუკუნეების განმავლობაში სწორედ ამ მცნებას მისდევდნენ და ეკლესიის მწყემსნი ცდილობდნენ თავიანთი შრომით გამოეკვებათ თავი. მაგრამ თანდათან საქმის მდგომარეობა იცვლებოდა: მღვდლებსა და დიაკვნებს იმდენი საქმე დააწვათ თავზე, როცა ქრისტიანობა საყოველთაოდ გავრცელდა და ნებადართულ სარწმუნოებად იქნა აღიარებული, რომ ლუკმა პურის საშოვნელად აღარ სცალოდათ და ხელობისათვის თავი უნდა დაენებებინათ; სამღვდელოება იძულებული გახდა სამწყსოსათვის მიემართა და იქიდან მიეღო სასყიდელი და გამოსაკვები58... მონაზვნები თვითონ მუშაობდნენ ხოლმე სამონასტრო მამულებში, ვენახსა და ბაღჩებში, ხე-ტყეს თვითონ ჭრიდნენ და მოჰქონდათ. მინდვრად, ცელვისა და მკის დროს, სახელოსნოებსა და ბოსლებში, ყველგან, თვითონ ბერები მუშაობდნენ.

„მონაზვნები ცდილობდნენ, როგორმე შეენარჩუნებინათ უმთავრესი და ძირითადი აღთქმა: სრული სიგლახაკე და თავისი ოფლით ლუკმა პურის ჭამა. მაგრამ სამონასტრო წესწყობილების დროს სრულ სიგლახაკეზე ლაპარაკი აღარ შეიძლებოდა: მონასტერს თავისი საკუთრება ჰქონდა - მოძრავიც და უძრავიც. მართალია, ეს ქონება თითოეული ბერის კერძო კუთვნილება არ იყო, კერძო საკუთრებას კი არ შეადგენდა, არამედ საზოგადოს, მაგრამ მაინც ხომ საკუთრება იყო და თითოეულ მონაზონს წილი ედო ამ ქონებაში. ერთი სიტყვით, ჩვენ ვხედავთ, რომ მამულის საკუთრება, სწორედ ის, რასაც ასე გაშმაგებით გაურბოდნენ და თავიდან იშორებდნენ ხოლმე მონაზვნები, როცა სიგლახაკისა და ქალწულობის აღთქმას სდებდნენ, მათთვის მაინც საჭირო გახდა, უიმისოდ არსებობა აღარ შეეძლოთ“59.

„მონასტერში სოციალური უთანასწორობის კვალი წარხოცილი იყო. სავანის კარები ყოველი წრის წარმომადგენლისათვის სამოღვაწეოდ ღია იყო და იქ დაწინაურებისათვის მხოლოდ პირად ღირსებასა და ღვაწლს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა“60. ასე ყოფილა საქართველოში, ივ. ჯავახიშვილის აზრით, X-XI საუკუნეებამდე. „თუ წინათაც მონასტრებში მიმავალნი მოწინავე წოდების წარმომადგენელნი ბლომად იყვნენ, ამ ხანაში მათი რიცხვი თანდათან მატულობდა... ეფთვიმე მთაწმიდელის დროსაც „მრავალნი მოვიდიან საფასითა დიდითა მოქალაქენი და სხვათა ადგილთაგან, რაითამცა მოიპარსნეს მონაზონად“. ასევე იქნებოდა სხვა განთქმულ ქართულ სავანეებში საქართველოშიც და გარეთაც. ასეთ პირებს თან მონასტრისათვის დიდი ქონება მოჰქონდათ, „მოვიდიან საფასითა დიდითა“. მათ შორის ბევრი იყვნენ ისეთნი, რომელთაც სათითაოდ „არა მცირედი საფასე მიეცა მონასტრისადა“. ამ გზით თვით მონასტრების მოღვაწეთა შემადგენლობის სოციალური სადაურობა შეიცვალა, მონასტრები მოწინავე წოდების შვილებით აივსო და დაბალ წრეებს სამონასტრო მოღვაწეობისადმი მიმყვანებელი კარი დაეხშოთ. ერთი სიტყვით, მონასტრებიც არისტოკრატულ დაწესებულებებად იქცნენ, ხოლო რადგან ეპისკოპოსად მხოლოდ ბერი შეიძლება არჩეული და კურთხეული ყოფილიყო, ამიტომ უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლებაც მთლად მაღალი წოდების წარმომადგენელთ ჩაუვარდათ ხელში და სხვებს ყველას გზა შეეკრათ. მაღალი სამღვდელოება ხუცესად კურთხევის დროსაც შთამომავლობით თავისსავე მსგავსს უკაფავდა გზას. ეს პროცესი, უეჭველია, უკვე მეათე საუკუნეში უნდა იყოს დაწყებული“61.

მონაზვნებს დაევალათ მხოლოდ და მხოლოდ ელოცათ და არ ეზრუნათ სამეურნეო საქმიანობაზე. მონასტერში დაქირავებული ერისკაცები იშრომებდნენ.

„მონასტრების დამაარსებელნი და მამასახლისნი ცდილობდნენ, რომ ბერები სამეურნეო საზრუნავსა და მამულის მოვლა-დამუშავებას დაეშორებინათ. სამონასტრო მამულების გამგეობა და მოურავობა ერისკაცებს ჩააბარეს. ბაღებში, ვენახებსა და მინდვრად კი მუშებს ამუშავებდნენ ხოლმე. ყველაფერი წმინდა მამებს მზამზარეული უნდა მოჰრთმეოდათ, „რათა ღვთისათვის ოდენ განკვეთილნი, მას მხოლოსა, თვინიერ საწუთროისა ზრუნვასა, ჰზრახვიდენ (და წინაშე ღვთისა) მეოხებად კადნიერ იყვნენო“62. დიდებულ აზნაურებს თავიანთი საკუთარი მონასტრები ჰქონდათ. ისინი და მეფეებიც სწირავდნენ მამულებს მონასტრებს, რათა ბერებს მზა „ტრაპეზისა შემოსავალნი“ ჰქონოდათ. „სარჩოს უჩენდნენ ბერებს და მუშაობას უკრძალავდნენ. მათ ეგონათ, რომ თუ მონაზვნები ამქვეყნიურ ჭირ-ვარამს მოშორდებიან, მაშინ მათ შორის შური დაUუთანხმოებაც აღარ იქნებოდა და ზნეობრივად წმინდა და სრულნი გახდებოდნენ“63.

„ამგვარად, მონაზვნები, რომელნიც კერძო საკუთრებასა და ქონებას გაურბოდნენ, ისევ საკუთრებასვე დაუბრუნდნენ... მონაზონთა ძმობა თავისი ოფლით კი აღარ ცხოვრობდა, არამედ ყმების ოფლითა და ნამუშევრით ირჩენდა თავს... რასაკვირველია, ამნაირ გზას ყველა მონასტერი არ დასდგომია“64.

როგორც აღინიშნა, გიორგი მთაწმინდელი იბრძოდა ეკლესიის დემოკრატიზაციისათვის „გიორგი მთაწმინდელს, ვითარცა მხოლოდ ერთი მონასტრის წინამძღვარს, მთელი ქართული ეკლესიის დემოკრატიზაციის განხორციელება არ შეეძლო: ამის უფლება მარტო საეკლესიო კრებას ჰქონდა. საქართველოს სამეფო ტახტზე რომ მაშინ ბაგრატ IV-ის მაგიერ დავით აღმაშენებლის მსგავსი ძლიერი პიროვნება და ბრძენი მმართველი მჯდარიყო, ეგების გიორგი მთაწმინდელი სრულებით გამარჯვებული ყოფილიყო“65. დავით აღმაშენებელმა ეს საქმე რუის-ურბნისის კრებას განახორციელებინა 1103 წელს66.

II მუხლი რუის-ურბნისის კრებისა შეეხო ასაკს. აქ ნათქვამია, რომ აჩქარება ხელდასხმის დროს უკანონო საქციელია. დაადგინეს კანონი: ეპისკოპოსი 35 წლისა, მღვდელი 30 წლისა, დიაკვანი 25 წლისა, წიგნისმკითხველი 8 წლისა და არანაკლები ასაკისა უნდა ყოფილიყვნენ*. (*ე. გაბიძაშვილის მიხედვით, არა 8, არამედ 18 წლისა.)

III მუხლით აიკრძალა ერთსა და იმავე დღეს ხელდასხმა ერთი ადამიანისა წიგნისმკითხველად, იპოდიაკვნად, დიაკვნად, მღვდლად და ეპისკოპოსად. ჩანს, ასეთი გასაოცარი წესიც კი ყოფილა: უხარისხო ადამიანი ერთ დღეში ეპისკოპოსადაც კი უკურთხებიათ. თუკი რაიმე მიზეზი არ არსებობს ასაჩქარებლად, მათ წლები უნდა დაჰყონ თითოეულ ხარისხში და უფრო მეტად დიაკვნობაში, რადგანაც დიაკვანთა სიმრავლე ამშვენებს საეკლესიო წესსო. ამიტომაც კრება ამცნობდა ეპისკოპოსებს, რათა ისინი ცდილიყვნენ თავიანთ ეკლესიებში დიაკვანთა გამრავლებას. ივ. ჯავახიშვილი წერს: „მაშინდელი შეხედულებით ხალხი ორ მთავარ ნაწილად იყოფოდა, რომელთაგან ერთს, უმცირეს ნაწილს, „მოწესენი“, სამღვდელოება და ბერმონაზვნები, მეორე უმთავრეს ნაწილს „ერისკაცნი“ შეადგენდნენ. მოწესეებად სამღვდელოება იმიტომ იწოდებოდა, რომ მისი ყოფაცხოვრება საეკლესიო წესებს ემორჩილებოდა. ...ეკლესია ორ უმთავრეს ნაწილად იყოფოდა: საეროდ და სამონასტროდ. საერო ეკლესიას მრავალრიცხოვანი მსახური ჰყავდა: 1) წიგნისმკითხველნი, 2) კერძო დიაკონნი, 3) დიაკონნი, 4) დედათდიაკონნი, 5) ხუცესნი ანუ მღვდელნი, 6) ქორეპისკოპოსნი, 7) ეპისკოპოსნი, 8) მთავარეპისკოპოსნი და კათალიკოზი. იყო აგრეთვე „ქადაგი“. საეკლესიო მსახურის თანამდებობას „პატივი“ ეწოდებოდა. ეკლესიის მსახურების თითოეულ საფეხურს კი „ხარისხი“ ერქვა. საეკლესიო მსახურთა უფროს-უმცროსობა ისე იყო მოწყობილი, რომ იკურთხებოდნენ ხოლმე „ერის-კაცებისაგან წიგნისმკითხველად, წიგნისმკითხველისაგან მთავარ დიაკონად, მთავარდიაკონობისაგან მღვდლად, მღვდლობისაგან ქორეპისკოპოსად, ქორეპისკოპოსობისაგან ეპისკოპოსად. საეკლესიო თანამდებობის მიღებას „დადგინება“ ეწოდებოდა. დადგინებისათვის საჭირო იყო განსაკუთრებული საეკლესიო დალოცვა და მღვდელმსახურება, რომელსაც ეწოდებოდა „ხელთდასხმა“. „პირველად წიგნის-მკითხველად და კერძო დიაკონად ოდენ ჯერ არს ხელთა დასხმაო“, ნათქვამია რუის-ურბნისის ძეგლისწერაში, რადგანაც „პირველი წესი წმიდისა ეკლესიისა წიგნის მკითხველობა არს“. მისი მოვალეობა იყო „საღმრთონი იგი ხელთა ქონებად წიგნი შეკრძალულებით“ და საღმრთო სჯულის წიგნების შეგნებული წაკითხვა, რომ მსმენელთა გულსა და გონებას მოჰხვედროდა. „წიგნის მკითხველი რვისა წლისა“ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ამაზე პატარა ამ თანამდებობისათვის არ გამოდგებოდა და არც შეიძლებოდა რომ ეკურთხათ. ეს ცნობა ცხადჰყოფს, რომ მაშინდელ საქართველოში 8 წლის ბავშვს უკვე იმდენი განათლება ჰქონია, რომ მღვდელმსახურებაში ასეთი თანამდებობისა და შეგნებული მონაწილეობის მიღება შესძლებია. ამისდა მიხედვით საფიქრებელია, რომ სწავლას იმ დროს ბავშვს 5-6 წლითგან აწყებინებდნენ ხოლმე.

თავის პირდაპირ საეკლესიო მსახურების გარდა მთავარდიაკონს ებარა საქმე სჯულიერებისა, ქვრივ-ობლებზე მზრუნველობა. ეკლესიის მსახურთა შორის განსაკუთრებული და საპატიო ადგილი ხუცესს, ანუ მღვდელს ეკუთვნოდა იმიტომ, რომ, გრიგოლ ხანძთელის სიტყვით, „მღვდლობა უფროის არს ყოველთა დიდებათა სულიერთა და ხორციელთა, რამეთუ ქრისტეს ნაცვლობაა არს“. ვითარცა საკურთხევლისა და „სიწმიდის“ მსახურს და ქრისტეს ნაცვალს, მას მაშინდელი შეხედულებით იმოდენი სიწმიდე უნდა ჰქონოდა, რომ „დასდვას ხელი სნეულთა ზედა და განიკურნენო“68.

IV მუხლით სავალდებულო გახდა, რომ ხელთდასხმისას, აგრეთვე ეკლესიის, საკურთხევლისა და მირონის კურთხევისას გამოყენებული ყოფილიყო გიორგი მთაწმინდელის „ახალი კურთხევანი“.

V მუხლით აიკრძალა ყოველგვარი ქრთამის გაცემა და მიღება ხელთდასხმის საფასურად.

VI მუხლის თანახმად, ყოველგვარი საეკლესიო ნივთი და შენაწირი ხელუხლებლად უნდა დებულიყო. არავის ჰქონდა მისი მოხმარების უფლება სხვა რაიმე საქმისათვის, საეკლესიოს გარდა.

VII მუხლის თანახმად, აიკრძალა ეკლესიის გარეთ ნათლისცემა, ჯვრისწერა, მონაზვნად კურთხევა, ასევე აეკრძალა მღვდელ-მონაზონს გვირგვინის კურთხევა, ანუ ჯვრისწერა და მღვდელს - მონაზვნის აღკვეცა.

VIII მუხლით ჯვარდაწერილთ იმავე დღეს უნდა მიეღოთ ზიარება, თუ უზიარებლობით არ იყვნენ დასჯილნი ან სხვა რაიმე მიზეზის გამო ეს აკრძალული არ ჰქონდათ.

IX მუხლით მეორეჯერ ჯვრისწერა ისჯებოდა მორალურად, თუმცა კი ნებადართული იყო.

X მუხლით აიკრძალა ჩვილი ქალ-ვაჟის ჯვრისწერა, ნება კი მიეცათ მშობლებს მათი დანიშვნისა, სრულწლოვანებისას კი დაქორწინებისა. ქალს 12 წლისაზე ნაკლებს აეკრძალა ქორწინება.

XI მუხლი შეეხება ქორეპისკოპოსების განსაკუთრებით გამორჩევას. ივ. ჯავახიშვილი წერს: „პატივი უმეტესი მღვდელობისაა“ ქორეპისკოპოსობა იყო. იგი „წმიდათა ეკლესიათა განმგებელად“ ითვლებოდა, განსაკუთრებით სოფლის ეკლესიათა. მას, მაშასადამე, სოფლის მღვდელ-დიაკონნი ექვემდებარებოდნენ. ამასთანავე მას ვალად ედვა, რასაკვირველია, „დაცვა ყოველთავე საქრისტიანოთა წესთა“ (რუის-ურბნისის ძეგლისწერა) და მეთვალყურეობა. ქორეპისკოპოსი უნდა „ექმნეს მამად ობოლთა და მოღვაწე ქვრივთა“69.

ქორეპისკოპოსად შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც მღვდელი, ასევე დიაკონი. მათი გამორჩევის ნება ჰქონდა არა მარტო კათალიკოსს, არამედ ეპისკოპოსსაც.

ივ. ჯავახიშვილი წერს: „რაკი „კათალიკოზი“ იგივე ეპისკოპოზი იყო, ანუ უფრო სწორად რომ ითქვას, როგორც იგი ჩვეულებრივ იწოდებოდა „ყოვლად ღირსი მთავარ-ეპისკოპოსი, კათალიკოსი და ყოვლისა საქართველოისა დიდი მამამთავარი“ იყო. ამიტომ ყველა ის თვისება, რომელიც ეპისკოპოზისათვის აუცილებელი იყო, კათალიკოზისთვისაც უაღრესად აუცილებელი იყო. კათალიკოზი ეპისკოპოსთა მთავარი იყო და საქართველოს ეკლესიის უზენაესი გამგე“70.

„ეპისკოპოზნი იყვნენ „პატივსა მღვდელმთავრობისასა“ და ამის გამო მას მღვდლები და ეკლესიის ყველა მსახურნი ექვემდებარებოდნენ. იგი იყო სულიერი „მთავარი ერისა“, ჰქონდა „სული ხელმწიფისა“, და შეეძლო როგორც „გახსნა ყოვლისა კრულებისა“, ისევე დაკრულვა. ეპისკოპოსი თვით „სწავლულებითა და მეცნიერებითა“ განმტკიცებული მწყემსი იყო ერისა და მუდამ ითვლებოდა მზრუნველად და „მლოცველად ერისა“ და „მცველად სარწმუნოებისა“. დიაკვნისა და მღვდლის მსგავსად ეპისკოპოსიც კაცთმოყვარეობით უნდა ყოფილიყო განთქმული. ეპისკოპოსს ჰქონდა საეპისკოპოსო ტახტი - „საყდარი“, რომელსაც იგი „იპყრობდა“ ხოლმე, რა წამს ეპისკოპოსად ეკურთხებოდა. მას ჰყავდა თავისი „სამრევლო“. ამის გამო გარკვეულ ხანამდის „საყდარი“ საეპისკოპოსო ეკლესიასაც ჰნიშნავდა...“71.

XII მუხლი შეეხებოდა „მოძღვრებს“. მათი რიცხვი მონაზონთა შორის აურაცხელი ყოფილა, ზოგიერთ მონასტერში 5-დან 30-მდეც კი. ეს ყოფილა შფოთისა და განხეთქილების მიზეზი. კანონმა შეამცირა მათი რიცხვი. „მოძღვრად“ ყოფნის ნება მხოლოდ სამღვდელო პირს მიეცა. ამის გამო თითოეულ მონასტერში შეიძლებოდა ყოფილიყო ერთი, ხოლო დიდში - ორი მღვდელი.

„განსაკუთრებული ადგილი ეკავა სამონასტრო ცხოვრებაში მოძღვარს. „მოძღვარი“ მეცნიერი ბერი იყო, რომელსაც მოწაფეები ჰყავდა და რომელთანაც სხვადასხვა მხრიდან მოდიოდნენ ხოლმე სასწავლებლად. მოძღვარი თავის მოწაფეს სულიერ-სარწმუნოებრივ ხელმძღვანელობასაც უწევდა და მწერლობას, მეცნიერებასა და რომელსამე ხელოვნებას ასწავლიდა. მოწაფე თავის მოძღვართან ცხოვრობდა და სწავლობდა. ზოგჯერ მოწაფე უკვე ყმაწვილი და უსწავლელი აღარ იყო, მაგრამ განთქმულ მოძღვართან სწავლას მაშინ მომწიფებულნი და შუახნისანიც არ უკადრისობდნენ... ვითარცა მეცნიერსა და ყველასაგან პატივცემულ პიროვნებას, რომელთანაც მშობლებს თავიანთი შვილები მოჰყავდათ, „რათამცა ისწავლეს სწავლაი და ხელოვნებაა“. მათ მონასტერში დიდი გავლენა ჰქონდათ და მათ აზრს, ნებით თუ მათი ავტორიტეტის წყალობით - უნებლიეთაც, ყველანი ანგარიშს უწევდნენ. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ მონასტრის საერთო დადგენილების აღმნუსხველ საბუთებში სავანის მამასახლისის შემდეგ მოძღვარი იხსენიებოდა“72.

როგორც აღინიშნა, რუის-ურბნისის კრებამ მოახდინა მოძღვრების რაოდენობის ნორმირება. ამით ის მონასტერთა შინაურ ცხოვრებაში ჩაერია. მართლაც, მონასტრები უწევდნენ ორგანიზებას ქართულ ეკლესიას და მათ შეეძლოთ ეკლესია დიდად ორგანიზებულ, ანუ უძლეველ ძალად ექციათ ქაოსურ ფეოდალურ საზოგადოებაში, ხოლო მონასტერთა სულიერი წარმმართველები მოძღვრები იყვნენ. ამიტომაც ქართულმა სახელმწიფომ, რომელიც თავის გვერდით ვეღარ იტანდა ეკლესიის უძლეველ სიძლიერეს, შეკვეცა ავტორიტეტი და რაოდენობა მოძღვრებისა აღნიშნული მუხლით.

ისიცაა აღსანიშნავი, რომ მონასტრებში მოძღვრები შეიზღუდნენ, მაგრამ მოძღვართმოძღვარმა მოიპოვა უფლება, ყოფილიყო „დარბაზის კარის“ უწარჩინებულესი წევრი. მისი ღირსება საგანგებო ხაზგასმით აღიარებული უნდა ყოფილიყო ხელმწიფის მიერ დარბაზობისას.

მოძღვართმოძღვარი სწორედ მოძღვრების უფროსს ეწოდებოდა. მოძღვრებს საკუთარი წესწყობილება ჰქონდათ. მოძღვრების ინსტიტუტი წარმოადგენდა ანგარიშგასაწევ ძალას სახელმწიფოსათვის - „მარტო მოძღვრები არ ყოფილან. მათ ერთგვარი წესწყობილება ჰქონიათ და უფროსიც ჰყოლიათ, რომელსაც „მოძღვართ მოძღვარი“ ეწოდებოდა. ამ მოძღვართ მოძღვარს თავისი „მოწაფენი“ ჰყავდა, მას და მის მოწაფეებს საქართველოში უაღრესი პატივისცემა ჰქონდათ მოხვეჭილი. დიდი დარბაზობის დროს მას თვით კათალიკოსზედაც კი მეტი უპირატესობა ჰქონდა მინიჭებული. ... დარბაზშიც პირველად მოძღვართ-მოძღვარი უნდა შეეყვანათ, ხოლო შემდგომ კათალიკოზი. თვით მეფეც მას მეტი პატივისცემით უნდა მისალმებოდა, ვიდრე კათალიკოზსა და ვეზირებს“73.

„მოძღვრებად, როგორც რუის-ურბნისის ძეგლისწერიდან ჩანს, მონაზვნები ყოფილან, რომელნიც თუმცა „უმღვდელონი“ ყოფილან... მაგრამ მაინც კისრულობდნენ „განმკითხველობასა სულთასა“. მათი სიმრავლე, განსაკუთრებით კი მათი „უმღვდელოება“ და გაბედული ქცევა, ეპისკოპოსებს აწუხებდა: „მრავლისა შფოთისა და განხეთქილებისა მიზეზსა შემოიღებს სიმრავლე მათიო“. რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ მათი მოქმედება შეზღუდა და განსაზღვრა“74.

მონასტრის ძმობასთან დაკავშირებით უნდა ითქვას შემდეგი: თანახმად ივანე ჯავახიშვილისა, ძმობა სამ ჯგუფად იყოფოდა, პირველი ჯგუფი „თავადთა ძმათა“ სახელით იყო ცნობილი, მეორე ჯგუფს ერქვა „დასი მღვდელთა“, ბერების მესამე ჯგუფს კი „მწირნი“ ეწოდებოდა.

პირველ ჯგუფში შედიოდნენ თანამდებობის მქონე მღვდელ-მონაზვნები: მეჭურჭლე, მეტრაპეზე, კანდელაკი, იპიტირიტისი და სხვა თანამდებობის პირნი (მკითხველ-კანანარხი, მემხრე). მათ „უხუცესნი ძმანიც“ ეწოდებოდათ.

„მეორე დასს მღვდლობის პატივის მქონებელი ბერები შეადგენდნენ. წესდებაში პირდაპირ არის ნათქვამი: „მეორისა დასისათა, რომელთაცა წირვისა მეტი სხვაა სახმარობა არაა შეეძლოს“ ან „მეორისა დასისა, რომელთა წირვისა მეტი არაა შეეძლოს“75.

„ბერთა მესამე ჯგუფს „მწირნი“ შეადგენდნენ. „მწირად წოდებულნი იგი, რომელ არიან მონაზონნი“. ქართლის კათალიკოზად და მწიგნობართ-უხუცესად ნამყოფი არსენი თავის თავზე ამბობს, რომ ის შიო-მღვიმის მონასტერში „მწირობად შემოსული“ იყო. მაშასადამე, თვით ისეთი პირიც კი, როგორც კათალიკოზი იყო, როცა მონასტერში ისე დამკვიდრდებოდა, რომ მას არავითარი თანამდებობა იქ არ ჰქონდა და მარტო მონაზონურ მოღვაწეობას მისდევდა, თავის თავს „მწირად სთვლიდა და უეჭველია სხვებსაც მწირად მიაჩნდათ“76.

მონასტრებს მეურნეობის გასაძღოლად შეეძლოთ დაქირავებული მოსამსახურეებიც ჰყოლოდათ.

სამონასტრო ყოფა-ცხოვრების ხელმძღვანელს „წინამძღვარი“ ან მამასახლისი ერქვა. ასურულად მას „ამბა“ ერქვა „ამბა“, „ცნობილია, რომ ათცამეტ ასურელ მამათა საქართველოში მოსვლა-მოღვაწეობასთან დაკავშირებულ ალავერდის მონასტრის წინამძღვარსაც „ამბა“ ერქვა“77. სამეურნეო ნაწილში თანაშემწედ მამასახლისს „იკონომოსი“ ჰყავდა, მღვდელმსახურების საქმეში თანაშემწედ კი - „დეკანოზი“. „წმინდა ადმინისტრაციული საქმეების, წესიერებისა და მოვალეობის ასრულების მეთვალყურეობისათვის მამასახლისს ხელქვეშეთ მოხელეებად - „დამხედვარნი“ და „მეკარენი“ ჰყავდა“78.

მონასტერში აკრძალული იყო „ხმა-მაღლობა“ და ყოველნაირი ხმაურობა. საღამოს ლოცვის შემდეგ ბერებს თავმოყრა და ლაპარაკი ეკრძალებოდათ. ჭაბუკ ბერებს სიცილის, უბნობისა და „ხელისმიყოფის“ ნება არ ჰქონდათ. ამას აკონტროლებდა „დამხედვარი“.

მონასტრის „მეკარე“ აკონტროლებდა ბერების მონასტერში შესვლასა და გასვლას. დიდ დანაშაულად ითვლებოდა „უწესო გულისწყრომა“, „შფოთი“, „გინება“, „შეურაცხყოფა“, „ღვედითა მიმთხვევა“ ანუ ცემა და მკაცრადაც ისჯებოდა79. „ცილისწამება და ცრუ შესმენა იმდენად მძიმე დანაშაულად იყო მიჩნეული, რომ ათონის ქართველთა მონასტრის წესდებით, ცილისმწამებელსა და ცრუ დამსმენელს სავანითგან გაძევებით სჯიდნენ“80. ბერებს ნება არ ჰქონდათ „ურჩობისა“, „უკითხავად და გამოუთხოველად წასვლისა“ და არ შეეძლოთ სადმე წასვლისას განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ „დაყოვნება“, არ შეეძლოთ „უწესობა“ (ამაში შედიოდა ღვინით თრობა და სხვა).

XIII მუხლიც მონასტერს შეეხება. აიკრძალა მონასტერში ერისკაცთა შეკრება, ვაჭრობა, სამოქალაქო და ქვეყნიური საქმეების გადაწყვეტა და წესების შესრულება „...რაითა არა სალოცველთა მათ ადგილთა ქვაბ ავაზაკთა შექმნითა...“81. თქვენი სულის თავშესაფარი „საფარდულები“ მეკერმეთა ფულის ტაბლებივით არ დაიქცესო, აფრთხილებდნენ სამონასტრო ძმობას. აღსანიშნავია, რომ სამღვდელოთა მიმართ ტერმინ „ავაზაკს“ დავითის მემატიანეც ხმარობს მსგავსად რუის-ურბნისის კრების ამ მუხლისა, ეს არაა შემთხვევითი. ჩანს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მონასტრების ადმინისტრაციულ ჩარჩოებში ჩაყენებას. არ შეიძლება ითქვას, რომ დავითი თავის ანდერძში „მონასტერთა გამწარების“ შესახებ სახელდობრ ამას გულისხმობდა, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ იმდროინდელი სახელმწიფო ცდილობს თავისებური წესრიგი დაამყაროს მონასტრებში.

XIV მუხლით აიკრძალა ერთ საკურთხეველზე ერთსა და იმავე დროს რამდენიმე წირვის შესრულება.

დიდ საეპისკოპოსო ან სამონასტრო ეკლესიის საკურთხეველზე აიკრძალა ერთი პირისათვის საგანგებო წირვის შესრულება (ცოცხლისა ან მიცვალებულისთვის). წირვა უნდა ყოფილიყო საერთო ეკლესიის მაშენებლებისა, შემომწირველების, როგორც ცოცხლების, ისე მიცვალებულებისათვის, ხოლო ერთი სულისათვის საგანგებო წირვა პატარა სამლოცველოში (ეგვტერში), ან ეკლესიის შტოში მყოფ „ტრაპეზზე“ (საკურთხეველზე) უნდა შესრულებულიყო.

XV მუხლი შეეხება იმ „სომხებს“, ყოფილ მონოფიზიტებს, რომელთაც დაგმეს მონოფიზიტური სწავლება იესო ქრისტეს შესახებ და შეუერთდნენ „წმინდა კათოლიკე ეკლესიას“, ე.ი. მართლმადიდებლობას. ისინი, ამ მუხლის თანახმად, თავიდან უნდა მოინათლონ სრული წესით, ვითარცა წარმართები, რადგანაც ასევე იქცევა ანტიოქიის საყდარი და სხვა აღმოსავლეთის ეკლესიებიო.

XVI მუხლით აიკრძალა მართლმადიდებლის დაქორწინება მწვალებელთან, ან წარმართთან.

XVII მუხლით აიკრძალა იმჟამად გავრცელებული ჯვრისწერის ასეთი სახე: შესაუღლებელ ქალ-ვაჟს ჯვარს წერდა ორი მღვდელი სხვადასხვა ადგილას, ე.ი. ვაჟს - სხვაგან, ხოლო ქალს სხვაგან, მაგრამ გვირგვინის ქვეშ ვაჟთან რომელიმე სხვა ვაჟი დგებოდა და ქალთან რომელიმე სხვა ვაჟი. ასეთი ჯვრისწერა კრებამ მიიჩნია სასაცილოდ და სასტიკად აკრძალა. ჯვრისწერის დროს დასაქორწინებელი ქალ-ვაჟი ერთად უნდა ყოფილიყო და მღვდელს მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა დაეწერა ჯვარი.

XVIII მუხლი შეეხებოდა სოდომურ ცოდვას. ამ უსაშინელესმა ცოდვამ, ნათქვამია აქ, დაამხო ასურთა, სპარსთა სამეფოები, რადგანაც იქ გავრცელებული იყოო ეს ცოდვა. ამ ცოდვამ სომეხთა დიდი და სახელგანთქმული მოდგმა და სამეფო დაამხო, მოსპო სომხური სახელმწიფოებრიობა; მსოფლიოში ვერსად ვეღარ იპოვი სომეხ მეფესა და მთავარს, რომელსაც დამოუკიდებელი ხელმწიფობა ჰქონდესო. ამ სიბილწემ სპარსელთა და რომაელთა სახელმწიფოები დაამხო. კრება წუხს, რომ ამ ცოდვას ჩვენშიც შემოუღწევია: „არ ვიცით, თუ საიდან შემოაღწია ამ უკეთურებამ ქრისტეს მოღვაწედ სახელდებულ ერში“82, ამიტომაც კრებამ გააფრთხილა ყოველი ფენის და ყოველი მდგომარეობის მქონე ქართველობა, მათში შეღწეული ცოდვა მოეშორებინათ: „ამისათვის ვამცნებთ ყველას - დიდსა და მცირეს, მდიდარსა და ღარიბს, მეფესა და მთავარს, აზნაურსა და მდაბიოს, მღვდელსა და არამღვდელს, მოწესესა და ერისკაცს, მოხუცს, ახალგაზრდასა და შუახნის კაცს, ყველა თანამდებობის დასს, ჯგუფს, ყველა ასაკს - განუდგეს ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელ სიბილწეს“83. „ხორცის სიყვარული ღვთის მტრობაა და ვინც გახრწნის ღვთის ტაძარს, მას ღმერთი გახრწნის“, - წერს კრება84.

კრებამ საგანგებო საქებელი ეპისტოლეთი მიმართა თვითმპყრობელ მეფე დავით აღმაშენებლს: „...მოსწონს თუ არა კრების ეს დადგენილება შენს მყუდროებას? მოისვენებს და დაცხრება ამით ბოროტების სულთა მდევნელი დავითიანი სული შენი?“85. „რომელნი იგი აწ ძღვნად მოგართვნა შენ მწყობრმან შენთა ამათ ნაზირეველთა სიმრავლისამან“86.

კრებამ ადღეგრძელა და მოიხსენია მეფეთა-მეფე გიორგი, დედოფალი მართა, „აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა“ თვითმპყრობელი დავით ღვთისმსახური და ღვთივდაცული მეფე, იოანე მთავარეპისკოპოს-კათალიკოსი, ყოვლისა საქართველოსა მამამთავარი, წმინდა ბერი ევსტათი მონაზონი, კრების თვალი მეუფე გიორგი მონაზონი და მწიგნობართუხუცესი, კრებაზე დამსწრე ყველა მღვდელმთავარი, მღვდლები და მონაზვნები, არსენი მონაზონი, მოიხსენია გარდაცვლილთა სულები."image

0
896
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
896
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0