კინო რეზო და ლევან გაბრიაძის “ჰარი-ჰარალე, დედაო!” ოსკარის ლონგლისტში 2019, 18 ოქტომბერი, 15:25 ცნობილი სცენარისტის, თეატრის რეჟისორის, მხატვრისა და სკულპტორის, რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით აგებული მულტიპლიკაციური ფილმი, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმების კატეგორიაში “ოსკარის” ე.წ. “ლონგლისტში” მოხვდა. მოხვდება თუ არა “ჰარი-ჰარალე, დედაო!” შორთლისთშიც, 2020 წლის 13 იანვარს გახდება ცნობილი. მულტფილმის რეჟისორი ლევან გაბრიაძეა და ის 2018 წელს შეიქმნა. ანიმაციის ინგლისურენოვანი სახელწოდება “REZO”-ა. “ოსკარის” ნომინანტთა სიაშიც, ამ სახელითა წარმოდგენილი. “საყოველთაოდ ცნობილი ფილმების – „არ იდარდო!“, „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა“ – სცენარების ავტორი, მხატვარი, სკულპტორი და რეჟისორი რეზო გაბრიაძე დიდი ეკრანიდან, ანიმაციურ, დოკუმენტურ ფილმში „ჰარი, ჰარალე, დედაო!“, პირველად გვიყვება, როგორ მეგობრობდა ბავშვობაში ლენინთან და სტალინთან, რაზე ლაპარაკობდა თავის ძველ მეგობარ ბაყაყთან, როგორ ეუფლებოდა მეცნიერების საფუძვლებს ვირთხასთან ერთად, როგორ შეუნარჩუნა ავტორიტეტი ყუბანს და როგორ დაამარცხა ჰიტლერი.” – ვკითხულობთ “გაბრიაძის თეატრის” აღწერას, მულტფილმის შესახებ. მულტფილმის პრემიერა საქართველოში 2018 წლის 3 მაისს ქუთაისში, თეთრ ხიდზე შედგა ხოლო 4 მაისს თბილისში, Cinedoc-ის ფესტივალის ფარგლებში. 782 7-ს მოსწონს
|