საქართველო ჩემს დროს აღდგა ძალიან ბევრი ქართული ტრადიცია, ასევე კონკორდატი — მიხეილ სააკაშვილი 2019, 3 ოქტომბერი, 12:24 "ჩემ დროს აღდგა ძალიან ბევრი ქართული ტრადიცია", — ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი თავის მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. აღნიშნულ მიმართვაში მან ისევ ისაუბრა თავის ტრადციულ ფასეულობებსა და მათ პატივისცემაზე: "[ჩემ დროს] ძალიან ბევრ ქართულ ძეგლს დაუბრუნდა პირვანდელი სახე. ჩემთვის პრინციპის საკითხი იყო ბაგრატის აღდგენა. გახსოვთ, როგორ დამცინოდნენ ბაგრატის აღდგენაზე? რა ყაყანი ჰქონდათ ზუსტად იმათ ატეხილი, ვინც ახლა დასცინი ჩვენს ხალხს". მისივე თქმით, პრორუსული ძალა სპეკულირებს ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებით და ყველა დასავლური ორიენტაციის საღი ძალა უნებლიე კონფლიქტშია ქართულ ტრადიციულ ფასეულობებთან. სააკაშვილს ჰგონია, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი საქართველოში დასცინის ყველაფერ ქართულს და "სვეცკურად" ზემოდან უყურებს ხალხს", რითაც პუტინის საქმეს აკეთებენ: "იმიტომ, რომ პრაქტიკულად ხელში უგდებს ჩვენი საზოგადოების ძაან მნიშვნელოვან ნაწილს ვასაძეს, ინაშვილს და სხვა პირდაპირ აგენტებს, საქართველოს მტრებს". მისივე თქმით, საუბარი არაა პიროვნულ დაპირისპირებაზე და ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად ის მზადაა ყველასთან ითანამშროლოს: "მე მგონია, რომ აქ არ არის პიროვნულ დაპირისპირებაზე ვინმესთან საუბარი. სიმართლე უნდა ითქვას და რაღაც მომენტში ყოველთვის თავს ვიკავებდი. მაგრამ ამდენი ტყუილისა და უბედურების შემდეგ ხალხს უნდა გაერკვია სიმართლე, რაც არის ფუნდამენტური განსხვავება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვითანამშრომლებთ ყველასთან. ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ ერთი უბედურების წინააღმდეგ", — აღნიშნავს სააკაშვილი. . ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, საქართველოში კონკორდატი მისი ინიციატივით გაფორმდა. ამის შესახებ მან მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონკორდატს ხელი 2002 წელს მოეწერა ხელი.
"ტრადიციულობა და ქართული ღირებულებების პატივისცემა ყოველთვის იყო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ვიღაცები ამბობენ, სააკაშვილმა ახლა აღმოაჩინაო. უკაცრავად!.. საქართველოში კონკორდატი გაფორმდა ჩემი ინიციატივით, როდესაც მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი. ჩემი ინიციატივით შემოვიდა ხუთჯვრიანი ქართული დროშა", — ამბობს სააკაშვილი.
ამავე ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა ისევ ისაუბრა ტრადიციების პატივისცემაზე. როგორც ის ამბობს, მისი მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრი ტრადიცია აღდგა.
მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ყოფილ თანაგუნდელთან და ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავება აქვს, რადგან ჯვარს ატარებს. მან, ასევე, რელიგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა გიგა ბოკერიას ბრალს დასდო "ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისაგან დისტანცირებაში". სააკაშვილის ამ განცხადებას კრიტიკულად შეხვდნენ როგორც ევროპულ საქართველოში, ისე ნაციონალურ მოძრაობაში. განცხადების გამო პარტია ნინო ლაპიაშვილმა დატოვა. ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ "ჩვენს გენში ზის ტრადიციები და მას ვერანაირი ლიბერალური მიდგომით ვერ ამოშანთავ". გრიგოლ ვაშაძემ კი აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიაა. 71 1-ს მოსწონს
|