x
image
ზოგადი განათლება
საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მშობლებს ბავშვის დასჯა ოფიციალურად აეკრძალათ!

„ბავშვის უფლებათა კოდექსში“, რომელიც პარლამენტმა ახლახან დაამტკიცა, სხვა თემებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვთა მიმართ ძალადობის აკრძალვის საკითხებს.

image

კოდექსის 24-ე და 25-ე მუხლებში, რომელიც მშობლის მიერ შვილის ფიზიკურ დასჯას ეხება, ვკითხულობთ:

-

„დაუშვებელია ბავშვის აღზრდისას მშობლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც მოიცავს ბავშვის ფიზიკურ დასჯას ან სხვა სასტიკ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ან სასჯელს“.

„მშობლის და ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ ბავშვის მიმართ გამოყენებული აღმზრდელობითი ღონისძება უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესს. დაუშვებელია ბავშვის ფიზიკური დასჯა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ფიზიკური დასჯის ღონისძიების გამოყენება“.

ძალადობის აკრძალვაზეა ასევე საუბარი კოდექსის 38-ე მუხლში, რომელიც განათლების სისტემაში ბავშვის მიმართ ძალადობის დაუშვებლობას ეხება:

-

„1. ბავშვთა განათლების მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვზე და ბავშვებს შორის ძალადობის და ბავშვის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის, მათ შორის ბავშვთა შორის ჩაგვრის აღმოფხვრას.

2. დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისციპლინის ზომად ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოყენება, მათ შორის: ფიზიკური დასჯის ან სხვა სასტიკი ან დამამცირებელი დასჯა ან მოპყრობა.

3. საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა დაინერგოს ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის პრევენციის და სათანადო რეაგირების პროგრამები და მექანიზმი.

4. ადრეულ და სკოლამდელ, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებებში მოქმედებს ბავშვზე ძალადობის შეტყობინების ცხელი ხაზი.

5. საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს ბავშვთა ძალადობის საკითხზე პასუხისმგებელ პირს, კოორდინატორს.

6. ბავშვზე ან ბავშვთა შორის ძალადობის, მათ შორის ბავშვებს შორის ჩაგვრის პრევენციის და ასეთ ფაქტებზე რეაგირების პროგრამებს სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შეიმუშავებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მუნიციპალიტეტები ამ კოდექსის დებულებების გათვალისწინებით“ -ვკითხულობთ დოკუმენტში.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-8 თავი კი მთლიანად ბავშვის ძალადობისაგან დაცვის საკითხებს ეხება:

„1. ბავშვის უფლებაა, დაცული იყოს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის, იძულების, დაზიანების, უგულებელყოფის, დაუდევარი მოპყრობის, წამების, ექსპლუატაციის, ვაჭრობის, ტრეფიკინგის და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმისგან, ნებისმიერ ოჯახში, სკოლაში და სხვა ნებისმიერ ადგილას, მათ შორის, ინტერნეტ-სივრცეში.

2. აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება ან სხვა სასტიკი, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ან სასჯელი ოჯახში, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებაში, სამედიცინო ან/და ფსიქიატრიულ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილას. აღნიშნული ქმედება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. აკრძალულია ბავშვის მიმართ სამედიცინო დახმარების ან მკურნალობის ან ტრადიციული რიტუალების აღსრულების მიზნით ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც მოიცავს ბავშვის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ იძულებას, წამებას ან სხვა სასტიკ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, მათ შორის, გოგონების სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ოპერაციის ან მანიპულაციის ჩატარება რეპროდუქციის უნარის მოსაშლელად, აქტიური ბიოლოგიური მეთოდებით (შოკური, კრუნჩხვითი და სხვა) მკურნალობა, მიუხედავად ბავშვის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობისა.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ პრაქტიკაში არ ითვლება ისეთი ტრადიციული რელიგიური რიტუალები, როგორიცაა ნათლობა და წინადაცვეთა.

5. სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ზომა ყოველი ბავშვის დასაცავად ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან, მათ შორის, შექმნას ეფექტური მექანიზმები ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის, ბავშვის მიმართ ან ბავშვებს შორის ძალადობის ნებისმიერი ფორმის პრევენციის, გამოვლენის, შეტყობინების, გასაჩივრების, რეფერირების, გამოძიების, ძალადობის შედეგად დაზარალებული ბავშვის ფიზიკური ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და მისი უფლებების აღდგენის სხვა საჭირო ღონისძიებების გასატარებლად“ – ნათქვამია დოკუმენტში.

ბავშვის უფლებათა კოდექსი საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. კოდექსი სრულად 2020 წლის 1-ლ ივნისს ამოქმედდება. მანამდე კი სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებას ეკისრება ვალდებულება, შეიმუშავოს მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციები, პროექტები და ტექნიკური სტანდარტები.

1
312
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
312
  
2019, 27 სექტემბერი, 15:45
"დავითიანი"
1)ისმინე სწავლის მძებნელო, მიჰყევ დავითის მცნებასა,/ ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა...
2) ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლით ცემით კივილი,/ მალ გამთელდების უწამლოდ მისი წყლულების ტკივილი,/ რა მოიზარდოს, მოყვინჩლდეს, მამლურებ შექმნას ყივილი,/ უფრთხილდი, მისგან წყენითა არაზე შექმნა ჩივილი...
რაო, გურამიშვილი აღარააო გენიოსიო და ლიბერასტებმა "იმმენნა" მაგრად იციანო ბავშვის აღზრდაო???
არცერთი მშობელი(თუმცა "დაქნეულებს" და მანიაკებს რა დალევს) ბავშვს არ დასჯის უმიზეზოდ (დასჯასაც აქვს რა თქმა უნდა საზღვრები), ხოლო დაუსჯელობას სადამდეც მივყავართ, დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისა და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ელიტის საქციელი და ჩვენი დღევანდელობა მოწმობს!
0 1 1