x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
7 შეცდომა, რომელსაც ქართველი დედა ბავშვის აღზრდისას უშვებს
image


ამქვეყნად ყველაზე მეტად მორალისტები არ მომწონს, ამიტომ მორალის კითხვად რომ არ გამომივიდეს, თავიდანვე გეტყვით - თავადაც ქართველი დედა ვარ და თავადაც დამიშვია ის შეცდომები, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებ და ეს ჩემი გამოსვლაც ძალიან მინდა გამოცდილების გაზიარებად ჩათვალოთ მხოლოდ.


რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, "რაც მამას უნდა", ქართვლის დედის როლი მაინც უმთავრესად რჩება საზოგადოებაში. არის რაღაცები, რასაც სკოლაში იშვიათად ასწავლიან, თანაც ძალიან მთავარი და არსებითად მნიშვნელოვანი რაღაცები. ემოციური ინტელექტი, რომელიც მერე ადამიანის მთელ მსოფლხედვას განსაზღვრავს, იმ ასაკში ყალიბდება, როცა ბავშვი ყველაზე მეტ დროს დედასთან (ან ძიძასთან, ბებიასთან, დეიდასთან, ყოველ შემთხვევაში ქალთან) ატარებს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ უფრო მეტად დედებს მივმართავ, თუმცა გათვალისწინება არცერთ მშობელს და არცერთ აღმზრდელს აწყენდა.


ქვეყანას უჭირს, ძალიან უჭირს და მგონი დროა ხან ბედისკენ, ხან ხელისუფლებისკენ, ხან ქვეყანაში არსებული სიტუაციისკენ, გენეტიკისკენ, საგანმანათლებლო სისტემისკენ, თუ მძიმე წარსულისკენ თითის გაშვერას მოვეშვათ - ჩვენი უიღბლობის სხვებზე გადაბრალების მოტივით და გავიაზროთ, ჩვენ სად ვუშვებთ შეცდომას და რით ვეღარ ვშვით ეს "ჩვენი მყოობადი". ოდესმე უნდა დამთავრდეს ბაზალეთისა ტბის ძირას რომ ოქროს აკვანში ყრმა წევს, იმის ლოდინი და საკუთარ "აკვანში" მწოლიარე ბავშვების გაზრდას კი არა, აღზრდას მოვკიდოთ ხელი. ახალი თაობაა სწორედ ქვეყნის აწმყო და ქვეყნის მომავალი.



image


რა შეცდომებს უშვებს ქვეყნის მომავლის შექმნაში ქართვლის დედა დღეს?


1. უნერგავს განათლების მიღების არასწორ კრიტერიუმებს


ქვეყანა მთა და ველი არ არის, საზოგადოებაა და საზოგადოების შეცვლა თუ გვინდა, განათლებით უნდა დავიწყოთ.


ჩვენ გამუდმებით ჩავჩიჩინებთ ბავშვებს, რომ აუცილებლად უნდა ისწავლონ, მაგრამ არგუმენტები ფრიად საინტერესო გვაქვს: “რატომ უნდა გაჯობოს ვიღაცამ“, “შენ ყველაზე მაგარი უნდა იყო“, “რატომ უნდა ვიღებდე შენ გამო საყვედურებს?“ არც თქვენ ხართ იდეალური დედა, ვიღაც აუცილებლად გაჯობებთ, მაგრამ მსგავს შეკითხვებს არ გისვამთ ჯერჯერობით, თუმცა აუცილებლად დაგისვამთ მალე, თუ ასეთ ლაპარკს თავს არ დაანებებთ.


უკეთესზე უკეთესი არ დაილევა, ნუ შეაჯიბრებთ სხვა ბავშვებთან, ეს ჯიბრის მომენტი ისედაც ყველა ადამიანში დევს და ეცადეთ ასწავლოთ, შეეჯიბროს მხოლოდ საკუთარ თავს. “ერთადერთი, ვისაც უნდა აჯობოთ, თქვენი გუშინდელი თავია“. თუ ამის სწავლებას მოახერხებთ მერე უკვე ლიმიტებიც აღარ ექნება სწავლაში დაწესებული, მიხვდება, რომ ფრიადისთვის კი არ სწავლობს, სწავლობს სწავლისთვის და როცა ქართველი კაცი სწავლისთვის სწავლას მიეჩვევა და არა დაფასებისთვის, სამდიპლომიანი და მაინც გაუნათლებელი საზოგადოება წარსულს ჩაბარდება.



ძალიან მარტივი მეთოდი, რომლითაც მასწავლებელმა თავისი მოწაფეების ცხოვრება შეცვალა


image


2. უკლავს პატრიოტულ სულისკვეთებას


"საკუთარის სიყვარულით იწყება სხვების სიყვარული"


რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ის, რის დაცვასაც ადამიანები თავს აკლავდნენ, ამ ბოლო დროს მოდიდან გადავიდა და ერთგვარ დაცინვის საგნადაც კი იქცა. არადა, თუკი ღირსეული ქვეყნის ღირსეული მოქალაქე გინდა გაზარდო, პირველ ყოვლისა, სამშობლოს სიყვარული უნდა ასწავლო. “და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი“-ს ზუთხვით და მერე იმის ჩიჩინით, რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება და უნდა ეცადოს, როგორმე აქედან გააღწიოს, ადამიანს ვერ შეაყვარებ სამშობლოს. ქვეყანის სიყვარული მისი ბუნების წიაღში ტკბობა და პატრიოტული ლირიკა არ არის, მასზე ზრუნვაა და მისი მოვლაა. როცა 3 წლის ბავშვი შოკოლადის ქაღალდზე გეკითხება სად წავიღოო, შენ მიიხედავ, მოიხედავ, ურნას ვერ დაინახავ და დააგდე მანდო ეტყვი (თავად ვყოფილვარ ამის მომსწრე), აი, მანდ კვდება შენი ქვეყნის ნათელი მომავალი და მუდმივი სიბნელისთვის წირავ საკუთარ შვილს.


“ჩვენ არ გვევალება ბავშვებს ვასწავლოთ როგორ გაუსწორონ თვალი სასტიკ და უგულო სამყაროს, ჩვენ გვევალება ვასწავლოთ - როგორ გახადონ იგი ნაკლებად სასტიკი და უგულო.“ “თუ გინდა რამე შეცვალო, უნდა შეიყვარო - სიყვარული ყველაფერს ცვლის.“ უკეთესი ქვეყანა თუ გვინდა, დამოკიდებულებები უნდა შევცვალოთ, უკეთესი საზოგადოება თუ გვინდა, ჩვენი თავი უნდა შევცვალოთ. “ერთნი მოთქვამენ საით მიექანება მსოფლიო, მეორენი მსოფლიოს მიმართულებას აძლევენ.“ თქვენ ვინ გინდათ იყოთ? თქვენ ვის ზრდით?



სისტემას არ სჭირდება მოაზროვნეები, ის ქმნის მორჩილებს, რომლებიც ეგუებიან რეჟიმებს - რატომ გვაჩვევენ ბავშვობიდან ავტორიტეტებს



image


3. აიძულებს პატივი სცეს ავტორიტეტებს


“არასოდეს განსაზღვრო ადამიანები მისი აზრების, აზრები კი იმ ადამიანების მიხედვით, ვინც ამ აზრებს გამოთქვამს“.


დოჩანაშვილის "სამოსელ პირველშია" ერთი ასეთი ფრაგმენტი, ერთ-ერთი პერსონაჟი ლამაზქალაქელების წინ, მოქალაქეებისთვის ავტორიტეტული პიროვნების ნაცვლად, ზეწარგადაფარებული გამოვა სიტყვით. ძალიან ამაღელვებელი სიტყვა გამოუვა. ხალხს გული აუჩუყდება, თვალზე ცრემლი მოადგება და აპლოდისმენტების კორიანტელში გაჰხვევენ, მაგრამ როგორც კი ზეწარს გადაიძრობს და აღმოაჩენენ ვინც არის, მაშინვე აღშფოთდებიან, ვიღაც არარაობის მოსმენისთვის რომ დახარჯეს თავიანთი დრო და ემოციები.


თუკი ადამიანს ბავშვობიდანვე შეაჩვევ ეჭვგარეშე მიიღოს ჭეშმარიტებად ის, რასაც მასწავლებლები, მოძღვრები თუ ზოგადად უფროსები ეუბნებიან, პიროვნებად ვერასოდეს ჩამოყალიბდება. “უფროსები როცა ლაპარაკობენ, შენ გაჩუმდი.“ “რა შუაშია ასაკი? ჭკუა ხანში კი არა თავშია, 80 წლის შტერი არ გინახავთ თქვენ?“ (ოტია იოსელიანი)


პატივი უნდა სცე ყველა ადამიანს, უფროსსაც და უმცროსსაც. პატივი უნდა სცე აზრებს და არა ავტორიტეტებს. ყველაზე ჭკვიანმა ადამიანმაც შეიძლება სისულელე თქვას და ყველაზე სულელი ადამიანისგანაც შეიძლება რამე ჭკვიანური ისწავლო. ავტორიტეტები ადამიანის გონებაგახსნილობის ყველაზე პირველი მტერია. ასწავლეთ მას პატივისცემა არა უფროსების, არა მასწავლებლის, არა მშობლის, არა ბიძია დეიდების, არა პოლიტიკოსების და მღვდლების, არამედ ზოგადად ადამიანის და ჭკვიანური აზრების, ასწავლეთ მას კრიტიკული აზროვნება, თუ გინდათ პიროვნება აღზარდოთ და არა ერთი ცხვარი ფარაში.


ტყუილები, რომლებისაც დღემდე გვჯერა და მათ გამო ვიტანჯებით


image


4. თავს უტენის სტერეოტიპებით


ჩვენ გვინდა რომ გვყავდეს საზოგადოება, სადაც ყველა თანასწორი იქნება მიუხედავად სქესისა, ეროვნებისა, რელიგიური მრწამსისა? - “რა გატირებს, გოგო ხარ?“ “რას ატლიკინებ ენას ქალივით“, “ეგ რა კაცის საქმეა?“ “მოიქეცი ქალივით“, “შენ გოგო ხარ ახლა?“, “ზანგი ხომ არ ვარ?“, - ისმის ყოველი მხრიდან, მერე ერთი რომელიმე ბიჭი თანაკლასელ ბიჭუნასკენ თითს გაიშვერს და დასცინებს: “გოგოოო გოგოოო“, ან კიდევ “ფუჰ, შენ სომეხო“, “იაღოველო“.


ბიჭუნა იფიქრებს, რომ ასეთი სახით ნათქვამი აუცილებლად ცუდია და ავტომატურად მიიჩნევს, რომ სხვა სქესის, სხვა ეროვნების, ან სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანზე რაღაცით მეტი ან ნაკლებია. იქვე შეიძლება იდგეს რომელიმე სხვა ეროვნების, სხვა რელიგიური აღმსარებლობის გოგონაც. რასისტებით, სექსისტებითა და ჰომოფობებით სავსე საზოგადოება მზადების პროცესშია.



9 ყველაზე გავრცელებული ფრაზა, რომლითაც შვილებს ფსიქიკას ვუმახინჯებთ



დედის დღეს ქალაქის ცენტრში ბილბორდზე წარწერა გაჩნდა: ქალი სუსტია, დედაა ძლიერი. მერე ტრანსპარანტებიც ვნახეთ – “მეტი ქალი პარლამენტში.” რატომ უნდა მივცე ვინმეს ხმა მხოლოდ იმიტომ, რომ ქალია? იმას კი ნუ ასწავლით, რომ ქალს ხელი არ უნდა დაარტყას, იმიტომ, რომ ქალი “ნაზი არსებაა“, აუხსენით, რომ ფიზიკურად შენზე სუსტის ჩაგვრაა ცუდი, მნიშნელობა არ აქვს ქალს დაჩაგრავს, თუ კაცს. მოკლედ, სქესთა შორის განსხვავებებზე საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების მის ტვინში ჩანერგვას ხელს ნუ შეუწყობთ.



სიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია



image



5. აძლევს არასწორ ფასეულობებს



“ხატვით ფულს ვერ იშოვი“, “მსახიობობა არასერიოზულია“, “თავისუფალ დროს შეგიძლია უბარტყუნო მაგ გიტარას, მაგრამ ჯერ რამე საქმე ნახე“. რა კრიტერიუმებით საზღვრავს დღევანდელი ქართველი დედა შვილის წარმატებას? თითქოს ყველაზე მთავარი ამქვეყნად ფული იყოს, ღმერთის წინაშე ვალდებულებას კი მისი ჯერ კიდევ თოთო ასაკში ეკლესიაში მიყვანით იხდის, თითქოს ეკლესიაში სიარული ნიშნავდეს ქრისტეს იდეალებით ცხოვრებას.


შეგხვდება წლების უნახავი ნაცნობი და პირველი იმას გეკითხება სად მუშაობ და რამდენი გაქვს ხელფასი. ბედნიერი ხარ თუ არა არავის აინტერესებს, საკუთარ მშობლებსაც კი. ეგებ მე მინდა სახლები ვალაგო, ყანა ვთოხნო, ტაქსის მძღოლი ვიყო.. იქნებ კმაყოფილი ვარ დაბადების დღის ცენტრში ანიმატორად მუშაობით? რატომ ასწავლით რომ მთავარი მატერიალური სამყაროსთვის ალღოს აღება და ფული შოვნაა და რომ სხვანაიად ბედნიერი ვერ იქნება?


“ამისთვის გაგზარდე?“ “ამისთვის ვიდგამდი წელებზე ფეხს?“ თქვენ ბიზნესმენი ხართ და საკუთარი დროის, ფინანსების ინვესტირებას ახდენთ შვილებში, რომ ფულის საჭრელ დაზგად აქციოთ, თუ მშობელი, რომელსაც სურს ბედნიერი შვილი ჰყავდეს.



image



6. ართმევს თავისუფალი არჩევანის უფლებას



დაჰკვირვებიხართ ყველაზე ხშირად რა არგუმენტი აქვს ქართველ დედას, როცა შვილს რამეს უკრძალავს? “სირცხვილია!“, “ხალხი რას იტყვის?!“, “თავი მოგვეჭრება!“, “შემარცხვინე“… რა გვინდა ჩვენ? გაწვრთნილი არსება, რომელსაც ეშინია საზოგადოების განკითხვის საგნად არ იქცეს და ამიტომ უარს ამბობს რაღაცის გაკეთებაზე თუ შეგნებული ადამიანი, რომელსაც ჩამოყალიბებული ფასეულობები აქვს და ამის მიხედვით საზღვრავს, როგორ მოიქცეს?



"ერთხელაც მე მეყოლება შვილი და ყველაფერს ვიზამ პირიქით" - თუ ფიქრობ, რომ საუკეთესო დედა არ ხარ, მაშინ წაიკითხე


ადამიანის განვითარების ოთხი საფეხური კარლ იუნგის მიხედვით - შენ რომელ ეტაპზე ხარ?




image


7. არ ასწავლის დამოუკიდებლად არსებობას


მთელი ცხოვრება ხელში ატატებულს ხომ არ ატარებთ? პირველი ნაბიჯების ადგმისას ხელის შეშველება საჭიროა, მაგრამ როცა სიარულს ისწავლის, უნდა გაუშვათ. დაე, წაიქცეს, ადგეს, დაუშვას შეცდომები. ყველა დაცემის მერე ადგომა ისწავლოს. თუ გინდა ვინმეს რამე ასწავლო, უნდა ასწავლო, როგორ ისწავლოს, სხვა დანარჩენი დათვური სამსახურია. ქვეყნის დამოუკიდებლობას ვითხოვთ და ოჯახისგან დამოუკიდებლად არსებობა არ შეგვიძლია. “მოგიკვდეს დედა“ - ბევრი ქართველი დედა, შვილის გაჩენის მერე, საერთოდ ივიწყებს, რომ ადამიანია და თავისი პირადი ცხოვრება, პირადი სივრცე აქვს. აჭმევს, ურეცხავს, ულაგებს, კუდში დასდევს, რომ რამე შარს არ გადაეყაროს, უხდის ჯარიმებს, რომ ჯარში არ გაუშვას, ურჩევს მეგობრებს, ცოლს, ქმარს, პროფესიას, “აწყობს ინსტიტუტში“, პოულობს ნაცნობებს, უზრდის შვილებს და ისევ ურეცხავს, ულაგებს და აჭმევს საჭმელს.


მოდით, ახლა იმ ადამიანის პორტრეტი შევქმნათ, ამ ყველაფრის წარმატებით შესწავლის შემდეგ რომ დადგება ბავშვისაგან: აქვს დიპლომი, მაგრამ არაფერი იცის, იცის რა არის ცუდი და რადგან სირცხვილია აკეთებს ისე, რომ სხვებმა არ დაინახონ, არ აკეთებს იმას, რისი კეთებაც უნდა და რისი კეთებაც გამოსდის, იმიტომ რომ ასე ურჩიეს, მოსწონს ერთი, მაგრამ ცოლად მოჰყავს მეორე, ოცნებობს, რომ ბევრი ფული იშოვოს, რათა პატივისცემა დაიმსახუროს, მაგრამ ტვინის ან სხვა რამის განძრევა არ სურს, რადგან დააჯერეს, რომ მაინც არაფერი გამოუვა ამ ქვეყანაში, ამიტომ ერთი რამ დარჩენია - “ლიჟბი“ აქედან წავიდეს, რომ სხვა ქვეყანაში ისეთი სამსახური ნახოს, როგორსაც აქაც ნახავდა, მაგრამ აქ არ აკეთებს, იმიტომ რომ სირცხვილია. აქვს უამრავი პრობლემა და გამუდმებით ელოდება ვიღაცას, ვინც ამ პრობლემებს მოუგვარებს.


მოგწონთ? გემეტებათ თქვენი შვილი, თქვენი ქვეყანა ამისთვის? “ყველაფერი, რაც ვარ, ან რაც ვიქნები, დედაჩემის დამსახურებაა“ - ბენჯამინ ფრანკლინი. “დედავ, ისმინე ქართვლის ვედრება..“


ავტორი: დოჩი გოგო


სტატიის მომზადებისას, სპეციალური ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები



ასევე ნახეთ:


რა უთხრა მამამ მოზარდ ვაჟს ისეთი, რამაც მისი ქცევა რადიკალურად შეცვალა


რატომ არ გამოგდის შენ ის, რაც სხვებს მარტივად გამოსდით - ცნობილი ფსიქოლოგის პასუხი



სხვა საინტერესო სტატიები ნახეთ არხზე: მაია 24

1
2148
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
2148
  
2021, 5 მარტი, 21:23
საჭირო ინფორმაციით დატვირთული სტატიაა და რაც მთავარია, ყველა ქართველი მშობელისთვის აუცილებლად წასაკითხი
0 1 1