პროზა მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი V 2019, 21 აგვისტო, 15:08 15 სექტემბერი აღარ ვაპირებდი ამ დღიურის წერას, მაგრამ სხვა აღარავინ მყავს დამლაპარაკებელი. აღარ ვიცი, რა დავწერო, თუმცა მინდა რომ ვწერო. თავი სიზმარში მგონია, არ მინდა დავიჯერო, მე.... მე.... კიბო მაქვს. თავს ვიიმედებდი, რომ არასწორად მომესმა, მაგრამ... რომ ვიხსენებ ყველაფერს, ვხვდები, მატყუებდნენ. გუშინ ვაჟა იყო მოსული, ჩემი საუკეთესო ძმაკაცი, რომელიც 9 წელი არ მენახა. მეძინა და რომ გამეღვიძა დათო იჯდა ჩემს ოთახში, ვერ შეამჩნია ჩემი გაღვიძება. მეორე ოთახიდან რუსიკოს ხმადაბალი საუბარი მომესმა, ვერ ვარჩევდი სიტყვებს, ის იყო დათოსთვის უნდა მეკითხა ვის ელაპარაკება დედაშენი-თქო, რომ ვაჟას ხმა გავიგე: “ ესე იგი, ქიმიას აზრი არ აქვსო?! რატო მოუვიდა... ასე გვიანია?... ერთი თვე... რა ვქნათ?!" ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა ვაჟას სიტყვები, მაგრამ აშკარაა, ჩემზე საუბრობდნენ. გამახსენდა ამას წინათ, რუსიკო და დათო რომ “ქიმიაზე" ლაპარაკობდნენ, და მერე მითხრეს დათოს მეგობრის დედაზე ვსაუბრობდითო. ახლა აღარ მიკვირს, რატომ მესტუმრა 3 წლის უნახავი მამა, ძმა და ყველას რატომ აქვს აცრემლებული თვალები; როგორ მატყუებს ყველა, მაგრამ... დედაც ასე იყო... განა მას არ ვატყუებდით ყველა?! არ მინდა დავიჯერო, იქნებ მეშლება რამე და სხვაზე ლაპარაკობდნენ? მაგრამ დათოს რეაქცია, რომ დამინახა მეღვიძა და შეიძლებოდა გვერდით ოთახიდან საუბარი გამეგო?! იმხელაზე წამოიყვირა, გაიღვიძა მამამ, ვაჟა ძიაო, ნამდვილად გააფრთხილა, რომ რამე არ გამეგო. და კიდევ ვაჟას თვალები... ოთახში რომ შემოვიდა, ჯერ აკანკალებული ხმით მომესალმა და მერე თავი მიატრიალა აცრემლებული თვალები რომ არ დამენახა, აი, იმ წამს მივხვდი, რომ რამდენიმე წუთის წინ ჩემზე ლაპარაკობდნენ. მეც ვერ მოვითმინე და მეორე მხარეს გადავბრუნდი, ზურგი შევაქციე საუკეთესო ძმაკაცს, არ შემეძლო მისი ცრემლიანი თვალებისთვის ისეთივე თვალები დამეხვედრებინა და თან შემეშინდა, რომ სიმართლეს მეტყოდა, არ მინდოდა გამეგო. რამდენიმე წამი და ვიგრძენი რომ ვაჟა ტირილით გავარდა აივანზე. მერე აღარც გამიგია როდის წავიდა. აღარავინ მინდა, ვერც კი ველაპარაკები ვერავის... თურმე რატომ მთხოვდნენ სამსახურს შეეშვიო, სიგარეტს დაანებე თავიო, ექიმებთან სულ ჩემს გარეშე შედიოდნენ, რამ გამომათაყვანა...როგორ ვერ მივხვდი, რომ რაღაც მჭირდა? როდის გაიგეს ნეტავ?! 2 თვე ხდება, რაც ექიმებთან დავყავარ, უკვე ამდენი ხანია მიმალავენ? .... არ ვიცი, რა ვქნა, არ მინდა დავიჯერო, არც მინდა ვიკითხო... რომ მითხრან კიო, მერე?... ან კიდევ... დედაჩემს რომ ეთქვა, ვიცი რაც მჭირსო, ხომ თავი მექნებოდა მოსაკლავი?! ახლა მე რომ ვთქვა, გავიგე ყველაფერი-თქო, მთელი ცხოვრება არ აპატიებენ ჩემები თავის თავს, რომ საიდუმლო ვერ შეინახეს. თუ ვკვდები, სხვა რაღატომ გავამწარო? დაე, იცოდნენ, რომ .... რომ ისე მოვკვდი... ვერ ვფიქრობ, ეს როგორ...საკუთარ სიკვდილზე საუბარი ძნელი ყოფილა... არაფერს ვაგრძნობინებ დათოს და რუსიკოს. ამ დღიურსაც მოვიშორებ... ამ დღეს მაინც ამოვხევ. ისე კი მოგონებად მაინც დავუტოვებ ჩემს ოჯახს ამ დღიურს, სხვას ვერაფერს ვუტოვებ ღირებულს და... იგივე დრო. რეალობა.
ვალერის ოჯახს მართლაც არ გაუგია, რომ მან კიბოს შესახებ იცოდა.ეს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიტყვეს, როდესაც ვალერის დღიურიდან ამოხეული ფურცლები შემთხვევით ნახეს ბინის დაცლის დროს ოჯახის თავის საწოლის დაშლისას. როგორც ჩანს ვალერიმ დღიურიდან გარკვეული ფურცლები ამოხია, რომ ოჯახის წევრებს არ ენახათ, თუმცა თავიდან ვეღარ მოიშორა. დღიურად დარჩა სხვადასხვა თემები, რომელზედაც საკუთარი მოსაზრებები დაუტოვა ოჯახს ვალერიმ.
126 1-ს მოსწონს
|