რელიგია ცნობილი ადამიანების ციტატები ქრისტეზე 2019, 3 აგვისტო, 14:55 წარმატება და პროფესიული წინსვლა პიროვნებისათვის შესაძლოა სასარგებლოც აღმოჩნდეს და დამღუპველიც. ძალიან, ძალიან რთულია სიმდაბლითა და სიმშვიდით მიიღო ის თავბრუდამხვევი ემოციები, რომელშიც შენს მიმართ გამოხატული ქება-დიდებისაგან ეხვევი. ბევრისათვის(არა ყველასთვის)პოპულარობა იმდენად მაცდუნებელი და მომაჯადოებელია, რომ უჭირთ მისი სხვისთვის – თუნდაც ღვთისათვის – გაზიარება და საკუთარი ეგოს თაყვანისცემაში იკარგებიან. ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ უპირველესი ანგელოზის ლუციფერის დაცემის მიზეზი მისი მაღალი სტატუსი გახდა ღვთის სასუფეველში.ზეციურმა მაცნემ თვით მისი შემოქმედის აღმატებულობაც კი იუკადრისა და საკუთარი თავით ტკბობა ამჯობინა ღმერთთან სიახლოვესა და მეგობრობას. სწორედ პატივმოყვარება და ქედმაღლობაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც კარიერის დასაწყისში ღვთისმოსავი და მორწმუნე ადამიანები წარმატების პიკზე განსაკუთრებული ღვთისმგმობელობით გამოირჩევიან; მაგრამ.. როგორც პატივცემული ჰერმან ჰესე ბრძანებს: "ნათქვამს ვერ გააქრობ და უთქმელად ვერ აქცევ", შეუძლებელია საზოგადოების სამსჯავროზე თუნდაც ერთხელ გამოტანილი სიტყვა გააქრო და გაანადგურო, შესაბამისად ისტორია ერთად ინახავს, როგორც მათ ანტისაღვთო, ასევე რწმენით სავსე გამონათქვამებს. მიუხედავად წინამდებარე პროლოგისა, ეს სტატია არავის განსჯას არ ემსახურება, რადგანაც მხოლოდ მაღალმა ღმერთმა უწყის საბოლოოდ ვინ რა გულით შეაბიჯა(ან შეაბიჯებს)უსასრულობის შეუცნობელ წიაღში. საბედნიეროდ არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთაც ვერანაირმა წარმატებამ თავი ვერ დააკარგვინა და მადლიერებით აღვსილებმა ბოლომდე უერთგულეს მათი სიკეთის წყაროს. ერთად გადავავლოთ თვალი წარმატებული და სახელგანთქმული ადამიანების გამონათქვამებს ქრისტესა და ქრისტიანობაზე. "იმისათვის, რომ ადამიანი განეღმრთო, თავად ღმერთი განხორციელდა ადამიანად." "ბევრი ჭკვიანური რამ შეიძლება წაიკითხო ციცერონთან, პლატონთან, სხვასთან, მაგრამ ვერსად ამოიკითხავ:– მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ!" "ზურგის ქარი გამუდმებით გვეძლევა ღვთისაგან, მთავარია ჩვენ წარვმართოთ სწორად აფრები." - ნეტარი ავგუსტინე (რომაულ-აფრიკული წარმოშობის ქრისტიანი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი. ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პირი, როგორც მართლმადიდებლურ ისე კათოლიკურ ეკლესიებში) "2000 წელია რაც არასრულყოფილი კაცობრიობა საზრდოობს ერთადერთი სრულყოფილი პიროვნებით კაცობრიობის არსებობის მანძილზე. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვესაჭიროება ქრისტეს ქადაგებანი უსაზღვრო სიყვარულსა და მშვიდობაზე. ის ჩემი მაცხოვარია და სამყაროს უდიდესი იმედი" - ჯერალდ ფორდი (ამერიკის შეერთებული შტატების 38-ე პრეზიდენტი) უილიამ შექსპირის ანდერძიდან "სახელითა ღვთისათა, ამინ! მე უილიამ შექსპირი, საღი გონებითა და მეხსიერებით -დიდება უფალს- წესისამებრ ვადგენ და ვტოვებ ამ ანდერძს.პირველ რიგში ჩემს სულს გადავცემ შემოქმედ ღმერთს, იმედითა და რწმენით, რომ იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის ფასად დავიმკვიდრებ მარადიულ სიცოცხლეს." - უილიამ შექსპირი (ინგლისელი პოეტი, დრამატურგი და მსახიობი. სტატისტიკურად მისი პიესები ყველაზე ხშირად იდგმება მსოფლიო თეატრალურ სცენებზე) "ქრისტე არამხოლოდ ქადაგებდა და ასწავლიდა, მან თავად იცხოვრა ისე, როგორც სხვებს მოუწოდებდა." "ჩემთვის ქრისტე არის მაგალითი შენდობისა და შერიგების. მან ჩვენ სიყვარულის, მიმღებლობისა და კურნების ხელი გამოგვიწოდა. მის მაგალითზე მე ვისწავლე, რომ დავაფასო და პატივი ვცე ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი რელიგიური მრწამსისა." - ელისაბედ მეორე (დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი) "მე ჯერ ქრისტიანი ვარ და შემდეგ უკვე სპორტსმენი." - ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბი ჩოგბურთელი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი.ლინგვისტი) "თუ იესო არ აღმდგარა და დღეს ცოცხალი არ არის, მაშინ ეს სამყარო უიმედობისთვის ყოფილა განწირული. მხოლოდ ქრისტეს აღდგომა გვაძლევს მომავლის იმედსა და რწმენას." - კონრად ადენაუერი (დასავლეთ გერმანიის პირველი ბუნდესკანცლერი.ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის დამფუძნებელი.ომისშემდგომი გერმანიის ამაღორძინებელი) "სამყარო ჭკუიდან შეიშალა.ეს ფილმი("ქრისტეს ვნებანი"-კალ.) შეგვახსენებს, რომ ქრისტე საუბრობდა სიყვარულზე, იმედსა და მიტევებაზე, რაც დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება.ის მიუტევებდა მაშინ, როცა კლავდნენ და ჯვარზე აკრავდნენ.კარგი იქნება თუ ჩვენ გავიაზრებთ ამას." - მელ გიბსონი (ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი) "სოკრატე კვდება საკუთარი მოსწავლეების გარემოცვაში, მშვიდად, თანაგრძნობით სავსე ემოციებში, ყველაზე მსუბუქი სიკვდილით, როგორიც კი შეიძლება ინატროს ადამიანმა;იესო კვდება მტრებით გარშემორტყმული, აუტანელი ტკივილებით, ლანძღვასა და დაცინვაში, ყველაზე საშინელი სიკვდილით, რომელიც კი შეიძლება წარმოიდგინო. სოკრატე აცრემლებული შეგირდისაგან იღებს შხამიან სასმისს(თავისივე სურვილით-კალ.)და ლოცავს მის მიმწოდებელს; იესო გმინავს სიმწრისაგან და თან თავის მკვლელებსა და მტანჯველებზე ლოცულობს. სოკრატემ იცხოვრა და მოკვდა, როგორც ფილოსოფოსი. იესომ იცხოვრა და აღესრულა, როგორც ღმერთი." - ჟან-ჟაკ რუსო (ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი და კომპოზიტორი.განმანათლებელი) "ფეხბურთი, ფული, კარიერა.. ეს ყველაფერი ჩაივლის, მარადიული მხოლოდ ქრისტე და მისი სასუფეველია." - კაკა (ბრაზილიელი ფეხბურთელი, იცავდა მილანისა და რეალის ღირსებას) "ქრისტიანობა ნიშნავს იცხოვრო ისე, როგორც თავად იესო ცხოვრობდა. შეხედო და აღიქვა სამყარო იმდაგვარად, როგორც ის უყურებდა. იყო ისეთივე ლაღი და მხიარული, როგორც ის კანას ქორწილში. მასავით აფრქვევდე სიმშვიდესა და ბედნიერებას, რაც ღმერთთან ჰარმონიულ ურთიერთობას ნიშნავს. ამასთან, შენ იმის განცდაც მოგიწევს, თუ როგორია გეთსიმანიის ბაღში ეულად ყოფნა, როცა მიგატოვეს და ზურგი გაქციეს უახლოესმა მეგობრებმა, მათ, ვინც გიყვარდა და ენდობოდი, როცა გეჩვენება, რომ თვით უფალმაც კი მიგატოვა... აი მაშინ უნდა აღივსო რწმენით და გაითავისო, რომ ეს არ არის დასასრული. სიყვარულს თან სდევს მწუხარებაც, შენ არ იცი ქრისტიანობის არსი, თუკი სიყვარული არ შეგიძლია." - აგათა კრისტი (ინგლისელი მწერალი, დეტექტივების დედოფლად წოდებული) "არჩევანი ჩემზეა, გავბოროტდე იმის გამო რაც არ გამაჩნია(კიდურები-კალ:), თუ ვიყო მადლიერი იმისათვის რაც მაქვს." "იესო - ეს სიტყვა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებას ძალმოსილებით უნდა აღავსებდეს. ის ერთადერთია, ვინც ამბობს, რომ არის ღმერთი და წყარო სიცოცხლისა. ვერავინ, ვერც მუჰამედმა, ვერც ბუდამ და ვერც სხვა ვინმემ გაბედა ეთქვა, რომ ის არის ღმერთი, რომ პირისპირ შეხვდა და სძლია ეშმაკს." "მე დარწმუნებით ვიცი, რომ რმერთი სასწაულებს ახდენს, ეს მე და შენ ვართ." - ნიკოლას ვუიჩიჩი (სერბი საზოგადოებრივი აქტივისტი, ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში) "თუკი ღმერთი არ არსებობს მისი რწმენით არაფერს ვკარგავ, მაგრამ თუ ის რეალურია ურწმუნოებით მე ყველაფერს დავკარგავ." "ყველა ადამიანის სულშია ვაკუუმი, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეავსებს გარდა ღვთისა და ეს მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით მიიღწევა." - ბლეზ პასკალი (ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ლიტერატორი და ფილოსოფოსი) ბიბისის ჟურნალისტის ჯონათან როსის ინტერვიუ დენზელ ვაშინგტონთან ჯ.რ.– წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოთ ვის ნახვას ისურვებდით? დ.ვ.– იესოსი ჯ.რ. (უყურებს გაოგნებული) დ.ვ.– და ვკითხავდი: როდის დაბრუნდები უფალო? შეხვედრა სტუდენტებთან "ყველგან და ყველაფერში დააყენეთ ღმერთი პირველ ადგილზე. რასაც თქვენ ჩემში ხედავთ: წარმატებული კარიერა, პოპულარობა, მატერიალური ფასეულობანი, ეს ყოველივე მისგან მომეცა. შენში აღმოცენებული დაუოკებელი სწრაფვა გააკეთო რაღაც საქმე, კარგი და სასარგებლო, არის უფლის საჩუქარი და გზავნილი, რომ ეს უკვე შენია, მთავარია იშრომოთ გულმოდგინედ, ითხოვოთ ღვთისაგან და ყველაფერი საუკეთესო მოგეცემათ თქვენ." - დენზელ ვაშინგტონი (ამერიკელი მსახიობი; ოსკარის ორგზის ლაურეატი) ნაწყვეტი ჩარლზ დიკენსის წერილიდან საკუთარი შვილებისადმი "გახსოვდეთ! ქრისტიანობა ნიშნავს გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი თვისი და მოექცე სხვას ისე, როგორც შენ გსურს რომ მოგექცნენ. ქრისტიანობა ნიშნავს იყო მოსიყვარულე, გულმოწყალე, მიმტევებელი, მაგრამ ამ თვისებებით თავი არ უნდა მოიწონო, ისევე, როგორც მორწმუნეობითა და მლოცველობით, თუმცა არც უნდა დამალო, რომ გიყვარს უფალი. მოთმინებით უნდა შეეცადო, რომ ეს ყოველივე სწორად აღასრულო." - ჩარლზ დიკენსი (ინგლისელი მწერალი და კრიტიკოსი) იესო ისეთი ბუმბერაზია და მე იმდენად პატარა, რომ სიტყვებიც არ მყოფნის მის ასაღწერად. ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ მან შეცვალა კაცობრიობა და საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ ცივილიზაციას.ამიტომაც იყოფა ჩვენი ისტორია ორ ნაწილად: ქრისტემდე და ქრისტეშობის შემდეგ. - ემერსონ ფიტიფალდი (ბრაზილიელი ავტომრბოლელი, ფორმულა ერთში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი) "მე ათეისტი ვიყავი, რადიკალური ათეისტი, ვამაყობდი ჩემი სამეცნიერო პოზიციით და რელიგიის გაგონებაც არ მსურდა. მახსოვს როგორი შემაძრწუნებელი იყო, როცა პირველად გავაცნობიერე, რომ ათეიზმიც რელიგიაა და დაფუძნებულია უღმერთობის ფილოსოფიაზე, რადგან მეცნიერულად და რაციონალურად შეუძლებელია ღმერთის არარსებობის დადასტურება." "დეენემის სტრუქტურა იმდენად რთული და კომპლექსურია, რომ ის ისე შემთხვევით და თავისით ვერაფრით წარმოიქმნებოდა.მხოლოდ დიდი აფეთქების თეორემა საკმარისი არაა მის გასაშიფრად.ყველაფერი მიუთითებს, რომ არის ბევრად უფრო დიდი გონი, დიდი მეცნიერი და უფრო ძლიერი ინჟინერი, რომლის ჩარევითაც შეიქმნა ყოველივე." ქრისტე ისეთი ძლევამოსილ მოძღვრებას ქადაგებდა და ისეთი გადმოცემის უნარი ჰქონდა, რომ მისი მოსმენის შემდეგ ხალხი კარდინალურად ცვლიდა საკუთარ ქცევასა და ყოფა-ცხოვრებას. მე გაოცებული ვარ არამხოლოდ ბიბლიური სწავლებით, არამედ ამ სწავლების ასეთ ხანგრძლივ პერიოდში მოქმედებით ადამიანთა ცხოვრებაზე.მას თვით ის ადამიანებიც კი პატივს მიაგებენ, ვინც ქრისტიანები არ არიან." - როსალინ პიკარდი (ამერიკელი მეცნიერი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი, ნაციონალური საინჟინრო აკადემიის(NAE)საპატიო წევრი. "ზოგიერთი ფიქრობს, რომ მე ბრმად და ფანატიკურად მჯერა ღმერთის არსებობის.მათ გონებას იმის წარმოდგენაც არ ძალუძს, რა აზრთა ჭიდილისა და ტანჯვის ფასად დამიჯდა, რომ რწმენაში მოვსულიყავი. ვიცი, რომ ეს ბრძოლა კუბოს ფიცრამდე გაგრძელდება, მაგრამ ამ ომში მე უფრო მეტად ვძლიერდები და დღეს მთელი არსებით ვარ დარწმუნებული, რომ არავინ და არაფერია უფრო მშვენიერი, ღრმა, გონიერი, მამაცი და ყველაფრით სრულყოფილი ვიდრე იესო ქრისტე." - ფიოდორ დოსტოევსკი (რუსი მწერალი, პუბლიცისტი და ფილოსოფოსი.მსოფლიოში აღიარებული მოაზროვნე) იაპონელი დირიჟორი და მუსიკოსი მასააკი სუზუკი ბახის შესახებ "ბახი დღეს ნამდვილ მისიონერობას ეწევა იაპონელ აუდიტორიაში. ყოველი კონცერტის შემდეგ ჩემთან ამოდიან ადამიანები და მესაუბრებიან იმ თემაზე, რაც ჩვენთან ტაბუდადებულია და რასაც ყველა თავს არიდებს - სიკვდილზე. ინტერესდებიან თუ რაშია ის ძალა, რაც ასეთი იმედით ავსებს ქრისტიანებს. ბახის დამსახურებით დღეს ათასობით იაპონელი ეცნობა ქრისტიანობას." "მუშაობისას ყოველთვის ცხადად ვგრძნობ უფლის მადლისმიერ სიახლოვეს. მე მხოლოდ ნოტებს ვაწყობ, მუსიკას თავად ღმერთი ქმნის." "იესო იყო და რჩება ჩემი სიხარულის, ნუგეშისა და სიცოცხლის წყაროდ. ის მეხმარება ყველა განსაცდელის გადალახვაში, ამიტომაც მე მას არასოდეს ვუშვებ გულიდან და მხედველობის არედან." - იოჰან სებასტიან ბახი (გერმანელი მუსიკოსი, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. შედევრალური საეკლესიო მუსიკალური ნაწარმოებების ავტორი) "ჯერ კიდევ ვცდილობ იმის გაცნობიერებას, რომ მე მაია ანჯელოუ ვუყვარვარ მას, რომელმაც შექმნა ეს ბუნება, ფოთლები, ბალახი, მდინარეები, ვარსკვლავებიც და შენც. ეს ხომ საოცრებაა. ეს მაძლევს ძალას და თვითდაჯერებას, რომ მე შემიძლია კარგი საქმეების კეთება. სწორედ ამიტომ ვარ ის, ვინც ვარ.დიახ, მე ღმერთს ვუყვარვარ და ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ." "მიკვირს როცა ვინმე თავმომწონედ აცხადებს, რომ ის ქრისტიანია, მაშინვე თავში გამიელვებს ხოლმე, უკვე?.. ეს ხომ მუდმივი პროცესია და ძალიან სერიოზული საქმე." მაია ანჯეოლოუს ბოლო პოსტი ტვიტერზე სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე "განმარტოვდი საკუთარ თავთან და ამ სიჩუმეში შენ ღვთის ხმას გაიგონებ" - მაია ანჯელოუ (ყველაზე ცნობილი ამერიკელი პოეტესა. საზოგადოებრივი აქტივისტი. ავტორი რამოდენიმე ავტობიოგრაფიული წიგნისა, რომლებიც ბესტსელერებად იქცა ამერიკაში) "ძირითადი განსხვავება ქრისტიანობასა და სხვა რელიგიებს შორის ის არის, რომ იქ ადამიანები ღმერთს ეძებენ, ქრისტიანობაში კი ღმერთი ეძებს ადამიანს." "ათასობით და ათიათასობით ფაქტი და მოვლენა გადამოწმდა ქრისტეს ცხოვრების კვლევისას.შესწავლილი იქნა ისეთივე გულდასმითა და სკურპულოზურობით, როგორც მოსამართლე იკვლევს რომელიმე ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.მე თავად ბევრჯერ ვიყავი ამის თანამონაწილე, თუმცა არა იმიტომ, რომ სხვებისთვის დამემტკიცებინა რამე, პირველ რიგში საკუთარი ინტერესის დასაკმაყოფილებლად. წლების განმავლობაში უამრავი ისტორიული მოვლენა გადამიმოწმებია ყველა შესაძლო წესითა თუ მეთოდიკით და ჯერ არცერთი ფაქტის არსებობა არ ყოფილა იმდენად მყარად არგუმენტირებული, როგორც ქრისტეს ჯვარცმა და აღდგომა." - ტომას არნოლდი (ინგლისელი პედაგოგი და ისტორიკოსი. კერძო სკოლა "რაგბი"ს ლეგენდარული დირექტორი, რომლის რეფორმებიც, აქედან მთელი ინგლისის სასწავლო სისტემაში გავრცელდა. მოგვიანებით ამ სკოლაში დაიბადა სპორტული თამაში რაგბი) "ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია" ბერი გაბრიელი მეტაფორას თუ მივმართავთ, იესო ის კეთილი ხეა, რომელსაც დროგამოშვებით თავს აფარებს ადამიანი. იგი იცავს წვიმისა და ქარბუქისაგან, უჩრდილავს, როცა მზე აწუხებს, აძლევს ნაყოფს ხორციელს და ესთეტიური მშვენიერებით უვსებს სულიერ სამყაროს, მაგრამ როცა კაცს უდარდელი პერიოდი ეწვევა(დროებით რა თქმა უნდა), როცა აღარც მზე აცხუნებს და არც წვიმის ეშინია, საზრდო საკმარი აქვს და სანახაობა მრავალფეროვანი, მაშინ არამარტო ავიწყდება ის ყველაფერი, არამედ ცდილობს ეს ხე მოჭრას და თავის ჭკუაზე გამოთალოს, ანაც საერთოდ დაწვას და გაანადგუროს. პ.ს. 1966 წელს წარმატების ზენიტში მყოფი ბიტლზის სოლისტმა ჯონ ლენონმა სიამაყით განაცხადა:–"დღეს ჩვენ უფრო პოპულარულები ვართ ვიდრე იესო. მე აღარ ვიცი რა იქნება მომავალში პირველი როკენ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა." რამოდენიმე წელიწადში ბიტლზი დაიშალა, ლენონი მოკლეს და როკ-ენ-როლი მოდიდან გადავიდა.... პ.პ.ს. "რა სარგებელი ექნება კაცს, თუნდაც მთელ მსოფლიოს რომ დაეუფლოს, თუკი საკუთარ სულს დაკარგავს." (მთ.სახ.-16, 26) - უფალი ჩვენი იესო ქრისტე 595 შეფასება არ არის
|