x
მეტი
  • 04.10.2024
  • სტატია:137431
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511361
რეპორტაჟი ელიავადან_მუშები დასაქმების მინისტრს "გაძუყნით" ემუქრებიან
imageუმუშევრობის დასამარცხებლად ხელისუფლებამ არჩევნების მიჯნაზე ახალი სამინისტრო შექმნა, დასაქმების სამინისტროს ბევვრი თანამოქალაქე შესაძლოა სკეპტიკურად უყურებს და უპრეცედენტოდ მიაჩნია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ანალოგიური სამინისტრო მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში ფუნქციონირებს. ასეთ ქვეყნებს შორის არის დანია, შვედეთი, ნიდერლანდები.
რაც შეეხება უმუშევართა ოფიციალურ სტატისტიკას საქართველოში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს აქტიური მოსახლეობის 16.3 % უმუშევარია. თუმცა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის ზაზა ჭელიძის თქმით, ამ ეტაპისათვის თვითდასაქმებულების პროცენტული წილი საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს აღწევს და თუკი დასაქმებულად მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულები ჩაითვლებიან, მაშინ უმუშევრობის დონე 16 პროცენტზე გაცილებით მაღალი - 60-65 პროცენტი - იქნება.
როგორც გაცხადდა, ახლადშექმნილი დასაქმების სამინიტრო მხოლოდ უმუშევართა ბაზის შექმნისთვის 6 მილიონს დახარჯავს . სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა უკვე დაიწყო და 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციას 15 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები შესძლებენ. 18 წლამდე მოზარდებს, ამისათვის მშობლის, ან მეურვის თანხმობა დასჭირდებათ.
საყურადღებოა, რომ აღნიშნული პროგრამით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომლებიც არ იმყოფებიან ოჯახში 12 თვის, ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში . სპეციალური კითხვარები კი მოსახლეობას ელექტროენერგიის სააბონენტო ნომრის მიხედვით მიეწოდება.
საქვეყნოდ ცნობილია, რომ დაუსაქმებელი და სამუშაოს მაძიებელი ქართველი მამაკაცების მთელი არმიაა თავმოყრილი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვახუშტის ხიდის გაყოლებაზე. “ელიავას მუშების” სახელით ცნობილი ჩვენი თანამოქალაქეები წელიწადის ნებისმიერ დროს თავაზობენ მომხმარებელს საკუთარ თავს. თითქმის არ არსებობს სპეციალობა და საქმე, რომელზეც ეს ადამიანები უარს და “არ ვიცის” ამბობდნენ. კლიენტის შოვნისთვის აუცილებელია, რომ მათ ყველაფერი იცოდნენ _ ციკლოვკიდან დაწყებული უბრალო, შავი სამუშაოთი დამთავრებული. თუმცა შესაძლოა ეს ადამიანები უმუშევართა მრავალათასიანი რიგების მიღმა აღმოჩნდნენ, რადგან მათი უმრავლესობა პროვინციებიდან წლებია ჩამოვიდა, ანუ წელიწადზე მეტია რაც რეგისტრაციის ადგილს მოშორებულია და ქირით ცხოვრობს დედაქალაქში. შესაბამისად შეძრუდვა სავარაუდოდ მათაც შეეხებათ. ელიავას მუშების მუდმივ დასაქმებაზე წლების განმავლობაში არავის უზრუნია, ახლა კი გამინისტრებული პაატა ტრაპაიძე პირველად სწორედ მათ ესტუმრა და სამომავლოდ სამსახურს დაჰპირდა. მაგრამ ამას როგორც ელიავაზე ამბობენ “არ ჭამენ”. ამ ხალხმა იცის, რომ მთავრობის პოპულისტური ნაბიჯები არჩევნების მოსაგებადაა გათვლილი და რეალურად არაფერი შეიცვლება.


ელიავას მუშებთან შუადღით, 40 გრადუსიან სიცხეში მივედი, მორიგი კლიენტის მოლოდინში რამდენიმე მათგანი ერთდროულად სირბილით შემომეგება. მოვუბოდიშე ამჯერად არ მჭირდება ფიზიკური დახმარება და თქვენი აზრები მაინტერესებსთქო. რომ გაიგეს ჟურნალისტიაო, სახე გაუნათდათ. ბევრი ჩვენი თანამოქალაქისგან განსხვავებით მათ არ შეშინებიათ საჯაროდ გამოეხატათ თავიანთი პოზიცია, დასაკარგი არაფერი გვაქვსო. მუშების ნაწილი კი კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა და კვლავ უღიმღამოდ განაგრძეს დომინოს თამაში. დანარჩენები შემომეხვივნენ, ერთმანეთს დაუწყეს გაჯიბრება ხელისუფლების ლანძღვაში.


– გავიგე თქვენთან დასაქმების მინისტრი ყოფილა, რას დაგპირდათ?_ვეკითხები ჩემს ირგვლივ შემოკრეფილებს.


– ჩვენთან არავინ ყოფილა მგონი ხიდის ქვემოთ მოვიდა რამდენიმე წუთით, აქ მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავ ადგილას დგას ხალხი, სადმე თუ წინასწარ შეარჩიეს შედარებით მშვიდი ჯგუფი და იქ მიიყვანეს, თორემ აქ რომ მოსულიყო ვერც გაგვასწრებდა აქედან _ იქადის ძალამორეული 30 წლამდე მამაკაცი.



“საქმე მაინც არაფერი გვაქვს, მაგას მაინც გავძუყნიდით და გულს ვიჯერებდით”_ ერთვება პოლემიკაში ენამოსწრებული იმერელი.
ამ სიტყვებით გამოწვეულ გულმხურვალე სიცილს კოლეგებს ჭიათურელი გამხდარი მამაკაცი აწყვეტინებს და გულისტკივილით ყვება:


” ვარდების რევოლუცია ჩვენნაირი ხალხის მოწყობილია, ღამეებს ვათენებდით გვერდში ვედექით ელიავას მუშები სააკაშვილს, ათი წელი გავიდა და ჩვენ ისევ აქ ვდგევართ, ფული მაგათ აქვთ და ძალაუფლება, მაგრამ უბრალო ხალხისთვის ყველაფერი მიუწვდომელია. ჩვენ მინისტრობა არავისთვის გვითხოვია, მაგრამ არსადაა ნორმალური პირობები, სამსახური რომც იშოვო 200 ლარი ფულია?! ისევ აქ დგომა გვირჩევნია, შეიძლება რამდენიმე დღე აქ ვიდგეთ და არაფერი გამოგვიჩნდეს, მაგრამ იმდენს მაინც ვშოულობთ, რომ მშივრები არ ვიყოთ. ერთი ხე იდგა და იმის ჩრდილში ვიყავით ზაფხულობით შეფარებულები და მერიამ ისიც გადაგვიჭრა, სარეკლამო დაფას უშლის ხელსო. სამსახურს არ გვაძლევენ, არ გვაძლევენ და ხე მაინც “დეეყენებიათ” აქ, მარა ჩვენ რეკლამასთან რა მოსატანები ვართ”..


– ჭიათურაში მაღაროში ვერ იშოვეთ სამუშაო?


– მიწის ქვეით რო მოვკვდები მერეც ქე მეყოფა, რა უნდა ცოცხალ ადამიანს ჯურღმულში _ ხუმრობს მუშა და აგრძელებს : ” არც იქაა სამუშაოს შოვნა ადვილი, ვინმე თუ არ გყავს მაღაროშიც არ შეგაყოფინებენ ცხვირს, მიწების დამუშავება იმდენი გვიჯდება, მოსავლად არ ღირს, ნახევარ “მეშოკ” სასუქს რომ გადმოაგდებენ ეგაა სახელმწიფოს დახმარება?”
მიუხედავად მძიმე ყოფისა ელიავას მუშებს იუმორი ამ პაპანაქება სიცხეშიც არ დაუკარგავიათ, ხალისიანად მიყვებიან როგორ დაბარეს ხიდის მიმდებარე გაზონი და გადაწყვიტეს თბილისის ცენტრში სიმინდის მოსავლის მოყვანა...
“ მაგრამ ვინ გვაცალა სოფლის ნოსტალგია, უკვე კარგად იყო გაზრდილი, გავმარგლეთ, სასუქიც მივაყარეთ, ერთ დღეს კი აღარ დაგვხვდა, თორემ გაგიმასპინძლდებოდით უკვე ჭყინტი სიმინდით . არადა თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდით, ღამე მოსულა მერიის კეთილმოწყობის სამსახური და გადაუთხრიათ. არაუშავს ჩვენი დროც მოვა და ჩვენც გადავთხრით ამ მთავრობას. შარშან 26 მაისს ვიყავი აქციაზე, მიშას საგინებლად წასული, ხოდა დამიჭირეს, ცხვირი ჩამიმტვრიეს და 1000 ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს, მაგრამ მაგათი ჩვენ არ გვეშინია, სამსახურიდან გამოგვიშვებენ თუ რას გვიზამენ. კიდევ წავალ თუ სჭირო იქნება, ივანიშვილმა თუ არ გაიმაჯვა დაღუპულები ვართ. ელიავას მუშები “ქართულ ოცნებას” ვუცხადებთ მხარდაჭერას, იმ კაცმა იცის შრომის ფასი და ასე უპატრონოდ არ დაგვაგდებს. წასულია სააკაშვილის საქმე, თუ არ წავადა არ მოგვშორდება წავიყვანთ, ჭკუა უნდა ვასწავლოთ. თუ ესენი მშვიდობიანად გაუშვით იგივეს გაიმეორებს სხვა მთავრობაც, სამაგალითოდ უნდა დავსჯოთ და თუ საჭირო გახდა კადაფის გზას უნდა გავუყენოთ, ჩვენ ამაში დიდ წვლილს შევიტანთ, უკან დასახევი გზა არ გვაქვს.”
პოლიტიკა ის თემაა, რომელზეც ელიავას მუშები ყველაზე ხშირად საუბრობენ, ბევრ ექსპერტსაც კი შეშურდება იმდენი ნიუანსი იციან, ერთ-ერთი მათგანი “ნაციონალების “ ეშმაკურ ხრიკებზე მიამბობს, რისი წყალობიტაც აპირებენ არჩევნებში შედეგების გაუმჯობესებას:
“ისეთ რამეებს გეგმავენ საარჩევნოდ გადაირევი, ვაჟაზე ვცხოვრობ, მეზობლად ნაციონალებმა ერთი გაჭირვებული ქალი გამოიჭირეს, 8 სული ჩაუწერეს სახლში, რომ არჩევნებზე მიიღონ მონაწილეობა . სამაგიეროდ კომუნალურ გადასახადებს არ ახდევინებენ, ასეთი რამდენი იქნება ვინ იცის, ხელოვნურად გაბერილი ხალხი დამატებითი ხმებია. ჩვენ ვიცით ადამიანების გამწყობა მთელ საქართველოში და ნაციონალებს ცოტა მხარრდამწერები ყავთ, თუ მოიგეს გაყალბებულია და მაშინ ვერავინ დაგვაკავებს აქ. სხვათაშორის იმ დროშის ტარი კიდევ შენახული მაქვს ვარდების რევოლუციაზე რომ ვიქნევდი _ იქადის ახოვანი საშუალო ხნის მამაკაცი.
ელიავას მუშების რადიკალიზმი მეტისმეტად თვალშისაცემია, თუმცა გარემოვაჭრეებისგან განსხვავებით მთავრობამ დღემდე ვერ შეძლო მათი ტერიტორიიდან აყრა ან დაბეგვრა, მგონი საქართველოში ეს ერთადერთი ადგილია სადაც დემოკრატია მართლაც ყვავის.
მაკა დეკანოსიძე

გაზეთი "ქართული სიტყვა"/ www.argumenti.ge-ზე

0
159
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0