საზოგადოებრივი ეხნატონი – დაწყევლილი ფარაონი, რომლის შესახებ 3000 წლის მანძილზე არაფერი იყო ცნობილი 2019, 30 ივლისი, 10:35 ეხნატონი — ამენჰოტეპ IV, მეათე ფარაონი XVIII დინასტიიდან, ამენჰოტეპ III და დედოფალი ტიიას მეორე ვაჟი გამოჩენილი პოლიტიკოსი და ცნობილი რელიგიური რეფორმატორი იყო, რომლის მმართველების პერიოდში, უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოხდა ეგვიპტის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ძვ. წ. აღრ. 1353 წელს ეგვიპტის სამეფო ტახტზე 15 წლის ამენჰოტეპ IV ავიდა და თავი ფარაონად (ითარგმნება, როგორც «ის ვინც შენ გახდები») გამოაცხადა. მანამდე ეგვიპტეში ფარაონები არ იყვნენ და ქვეყანას, ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, მეფეები მართავდნენ. ამენჰოტეპ IV ცნობილია როგორც მასშტაბური რელიგიური რეფორმების გამტარებელი ფარაონი. მან უარყო მრავალღმერთიანობა და თავი სხივოსანი ატონის თაყვანისმცემლად გამოაცხადა, რომელიც მზის დისკოს გასულიერებას წარმოადგენდა. მან სახელმწიფო რელიგიად ატონიზმი (ატონის კულტი) გამოაცხადა, რომლის სიმბოლო ადამიანი იყო, შავარდნის თავით და თავზე მზის დისკოთი. ატონის კულტი ჯერ კიდევ ამენჰოტეპ III დროს იყო გავრცელებული, როგორც ერთ–ერთი ღმერთი, მრავალღმერთიანთა სახელმწიფოში და რა თქმა უნდა, თავისი მიმდევრებიც ჰყავდა. ახალგაზრდა ფარაონის რელიგიურმა რეფორმამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ეგვიპტის ქურუმებს შორის, ხოლო როდესაც ამენჰოტეპ IV ბრძანებით, თებეში, ქალაქის მფარველი ღმერთის, – ამონის ტაძრის გვერდით, ატონის ტაძარი ააშენეს, ქურუმები ფარაონს ღიად დაუპირისპირდნენ და ის ერესში დაადანაშაულეს. ეს მისი მმართველობის II წელს მოხდა. ქურუმებთან ასეთი დაპირისპირების მიუხედავად, ფარაონი უკან დახევას არ აპირებდა, რადგან თვლიდა, რომ ატონი ერთადერთი ღვთიური საწყისი იყო, ხოლო ყველა სხვა კულტი, ლიკვიდაციას საჭიროებდა. თქვა და ასეც მოიქცა. ატონის ტაძრის დასრულების შემდეგ, მან ქურუმები დაითხოვა და ყველა ტაძრის დახურვის განკარგულება გასცა. უფრო მეტიც, მან უარი თქვა საკუთარ სახელზე – ამენჰოტეპზე («ამონი კმაყოფილია») და ეხნატონი («ატონის მსახური») დაირქვა. რელიგიური რეფორმის პარალელურად, ის მდ. ნილოსის აღმ. სანაპიროზე ახალ ქალაქს აშენებდა, რომელსაც აჰეტატონი («ატონის საბატონო» – დღევანდელი ელ–ამარნა) უწოდა და თავისი მმართველობის VI წელს, ქვეყნის დედაქალაქი თებედან ახლად დაარსებულ ქალაქში გადაიტანა. ახალი დედაქალაქი იმით განსხვავდებოდა ძველისგან, რომ იქ შენობები და ტაძრები ბევრად უფრო დიდი და ნათელი იყო, ხოლო კედლები ლამაზი, ხასხასა ფერის ნახატებით იყო დამშვენებული. ქალაქში ჩასულ ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა, თითქოს ქალაქი გრანდიოზული დღესასწაულის მოლოდინში იყო.
ეხნატონმა ასწლეულების მანძილზე დამკვიდრებული ქვეყნის მართვის სისტემა შეცვალა და დღეს რთული წარმოსადგენი არ არის, თუ როგორი მწვავე რეაქცია ექნებოდათ მის რეფორმებზე ძველ ქურუმებს, დიდგვაროვნებს და უბრალო მოქალაქეებს, რომლებსაც ფარაონის რჩეულ ღმერთზე ლოცვის სურვილი არა ჰქონდათ... შესაძლებელია სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ეხნატონმა ქვეყნის დედაქალაქი, თებედან 300 კმ-ის დაშორებით, სრულიად დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილზე გადაიტანა და ყველასგან მოშორებით, ნამდვილი სამოთხე შექმნა დედამიწაზე. 17 წლიანი მეფობის შემდეგ, ეხნატონი გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი თარიღი (1336 – 1334) და მიზეზი ცნობილი არ არის, სავარაუდოდ, მოწამლეს. მისი სიკვდილის შემდეგ, ტახტზე სმენხკარა ავიდა, რომელიც ეხნატონის და ნეფერტიტის უფროსი ქალიშვილის (ეხნოტონს და ნეფერტიტის 6 ქალიშვილი ჰყავდათ) – მერიტატონის მეუღლე იყო. 2 წლის შემდეგ, ფარაონი გარდაიცვალა და ტახტზე ტუტანხამონი (1332 – 1323 წწ.) ავიდა. ერთი ვერსიით, ის ეხნოტონის დის შვილი იყო. თუმცა, არსებობს წყაროები, რომლის მიხედვით, ტუტანხამონი თუტამოს უმცროსის და ნეფერტიტის შვილი იყო (დაიბადა 1341 წელს და ის 9-დან ერთ-ერთი შვილია, ეხნატონის შვილებს, თუ სავარაუდო შვილებს შორის). ტუტანხამონმა, ტახტზე ასვლის შემდეგ, მაღალჩინოსანი დიდებულების და ქურუმების ზეწოლით, უარი თქვა თავისი წინამორბედის — ეხნატონი ერესზე და სამეფო კარი მენფისში — ეგვიპტის უძველეს დედაქალაქში გადაიტანა. რაც შეეხება აჰეტატონს, ის თანდათანობით დავიწყებას მიეცა და დანგრევა დაიწყო. ხოლო, XIX დინასტიის დასაწყისიდან, საერთოდ დაწყევლილ იქნა და ქალაქი ქვის სამტეხლოდ აქციეს. დაწყევლეს მისი დამაარსებლის სახელიც... ეხნატონის სახელი ამოშალეს ოფიციალური დოკუმენტებიდან და იქიდან მოყოლებული, თუ სადმე ახსენებდნენ, მხოლოდ როგორც «ურჯულოს ამარნადან». ელ–ამარნის მიდამოებში გათხრები ბრიტანელი არქეოლოგის ფ. პირერის (Flinders Petrie) ხელმძღვანელობით, 1891 წელს დაიწყო. 1907 წელს მას გერმანელი ლ. ბორხარდტი (Ludwig Borchardt) შეუერთდა და 1912 წელს, სწორედ ამ უკანასკნელმა აღმოაჩინა ნეფერტიტის ბიუსტი. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეხმატონის და ნეფერტიტის შესახებ, 30 საუკუნის მანძილზე არაფერი იყო ცნობილი. მათ სახელებს ლეგენდებშიც კი არ ახსენებდნენ. ყველაფერი, რაც ფარაონს და მის საქმეებს უკავშირდებოდა, დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს... და მხოლოდ ძველი ქალაქის ტერიტორიის გათხრებისას, აღმოჩენილი სასახლის ნანგრევების და ნაპოვნი მანუსკრიპტების გაშიფვრის შემდეგ, მეცნიერებმა შეიტყვეს ეხნატონის და მისი ენით აუწერელი სილამაზის მეუღლის — ნეფერტიტის არსებობის შესახებ. ჩვენამდე არა მარტო, იმ პერიოდში შედგენილმა, ისტორიულმა დოკუმენტებმა, არამედ, თავად ეხნატონის წერილმაც მოაღწია: «ჩემო სიყვარული, ჩრდილოეთის და სამხრეთის დედოფალო, ჩემო ნეფერტიტი, ვისურვებდი, რომ მარად იცოცხლო…» — წერდა ის თავის მეუღლეს.
4903 6-ს მოსწონს
|