უძილობა და მისი დაძლევა.
ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო ბოლო დროს გავრცელებულ დაავადებაზე, ეს არის უძილობა, რომელიც უკვე თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს. ბევრჯერ გაგიგონიათ ალბათ ფრაზა :" თავი მისკდება, მთელი ღამე არ მიძინია" ან რამე მსგავსი შინაარსის რეპლიკა.
უძილობა ახასიათებს ყველა ასაკის ადამიანს, და მისი გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს. უძილობა ვნებს არა მარტო მის "მფლობელს", არამედ მას შეიძლება ჰქონდეს ძალიან ცუდი სოციალური შედეგები . მაგალითად: ყოველი მეექვსე ავარიის მიზეზი გამოუძინებელი მძღოლია. ასევე ნიშანდობლივია რომ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კატასტროფა, ჩერნობილის ტრაგედია, მოხდა გვიან საღამოს და მის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად მიიჩნევენ გამოუძინებელი პერსონალის მიერ საკუთარი მოვალეობის არაშესაბამისად შესრულებას.
არსებობს ძილის დარღვევის სხვადასხვა სახეები : 1) ჩაძინების გაძნელება (ინსომნია); 2) ჭარბძილიანობა (ჰიპერსომნია); 3) ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევა და 4) დარღვევები რომლებიც ძილის დროს წამოიშობა (პარასომნია). 5) ნარკოლეფსია; 6) ძილის აპნოე.
ნარკოლეფსია ძილის დარღვევაა, რომელიც დღის განმავლობაში პერიოდული ძილით ხასიათდება. ის ხშირად კატალეპსიასთან კომბინაციაში იჩენს თავს, რის შედეგადაც ადამიანი მოულოდნელად ძირს ეცემა. ნარკოლეპტიკები თითქმის დაძინებისთანავე გადადიან REM ძილში. REM ძილში ასეთი სწრაფი გადასვლა მათ სიზმრის ნათელ, მკაფიო ხატებს, ზოგჯერ კი ჰალუცინაციებსაც კი განაცდევინებს.
ძილის აპნოე არის ზედა სასუნთ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა, რაც გულისხმობს ძილის დროს ადამიანის მიერ სუნთქვის შეწყვეტას. როდესაც ეს ხდება, სისხლში მცირდება ჟანგბადის რაოდენობა და გამომუშავდება დამხმარე(სასიგნალო) ჰორმონები, რაც თავის მხრივ, აიძულებს ადამიანს, რომ გაიღვიძოს და განაახლოს სუნთქვა.
ღამის უძილობა იწვევს იმას რომ ადამიანს აქვს დღის ძილისადმი ჭარბი მიდრეკილება. რაც იწვევს სიფრთხილის დაკარგვას, რეაქციის დროის გაზრდას და მოტორული და კოგნიტური ამოცანების შესრულების ხარისხის გაუარესებას.
როგორც ზემოთ ავღნიშნე, უძილობას გააჩნია მრავალი გამომწვევი მიზეზი: სტრესი, ახალი, ან არაკომფორტული გარემო, სხეულის დაავადება, ნერვული აშლილობა, ინფორმაციით ცნობიერების გადატვირთვა. ასევე შეიძლება ამის გამომწვევ მიზეზად მივიჩნიოთ რაიმე ახირება .
უძილობა ხშირად ესმით, როგორც ძილის სრული უქონლობა. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. დაავადება სხავადასხვანაირად ვლინდება:
1) სირთულე ჩაძინებისას
2)ზედაპირული ძილი, როცა ადამიანი კი იძინებს, მაგრამ ხშირად ეღვიძება და არ შეუძლია სრულყოფილად დასვენება.
3) ადრე გაღვიძება
4) ძილის შემდეგ დასვენებულობის შეგრძნების არ ქონა. თითქოს გეძინა და თითქოს არც გეძინა.
5)ძილის შეგრძნების არ ქონა. ამ შემთხვევაში ადამიანი ფიქრობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში არ ეძინა, მაშინ როცა სინამდვილეში მას ეძინა.
6)კოშმარული სიზმრები. ადამიანი შფოთვას იწყებს. ამაზე ხშირად ამბობენ „გაიღვიძა ცივ ოფლში“. ასეთი გაღვიძების შემდეგ რთულია დამშვიდება.
არსებობს უძილობის განკურნების სხვადასხვა საშუალება, ეს დამოკიდებულია მის სახეზე, თუ ძილის დარღვევა ქრონიკულ ხასიათს იღებს, მაშინ საჭიროა ექიმის დახმარება, მაგრამ თუ უძილობა შედარებით იშვიათად გაწუხებთ, არსებობს სხვა გამოსავლიც:
1) უარი თქვით კოფეინის შემცველ სასმელებზე
2)განსაზღვრეთ ძილის რეჟიმი. ადექით ყოველთვის ერთი და იმავე დროს, მიუხედავად იმისა, თუ როდის დაწვებით დასაძინებლად. ორგანიზმი თავად გადაეწყობა თქვენს რეჟიმზე და მოითხოვს ძილს
მაშინ, როცა ის მისთვის აუცილებელი იქნება.
4) ნუ მიირთმევთ ბევრს ღამე. სავსე მუცელი ორგანიზმს აიძულებს ენერგია საკვების გადამუშავებაზე დახარჯოს ნაცვლად დასვენებისა და ძალების აღდგენისა. მიირთვით მინიმუმ სამი საათით ადრე
დაწოლამდე. თუმცა ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება დაწვეთ მშიერიც. ვილიარდ მაიერი თავის სახალისო ესეში წერს, რომ „ხშირად სასარგებლოა მუცელმა გამონახოს მცირეოდენი საქმე, რითითათაც სისხლს დაასაქმებს და ამგვარად თავის ტვინიდან მისი გამოძახების საბაბს გააჩენს." ტვინში სისხლის რაოდენობის სიმცირე კი ჩაძინებას იწვევს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სავსე მუცელი ინსომნიის მკურნალად გვევლინება, არამედ მხოლოდ იმას, რომ მსუბუქი წახემსება ხშირად კომფორტული და მშვიდი ძილის საწინდარია. აღსანიშნავია ასევე, რომ სიცხეში და ექსტრემალურ სიცივეში სისხლი ზედაპირისკენ ინაცვლებს და შესაბამისად მისი რაოდენობა მცირდება ტვინში, რაც ძილს გვგვრის. მხიარულების, სიბრაზის ან დაღლილობის დროს კი პირიქით, სისხლის ნაკადი ტვინში მიემართება და ძილი გვეკარგება.
5) უარი თქვით დღის ძილზე.
6) ძილის წინ დამშვიდებაში დაგეხმარებათ ცხელი რძე, თბილი შხაპი, მწვანე ჩაი. სასარგებლოა მცირე ვარჯიშიც.
7) მნიშვნელოვანია კომფორტული საწოლი და სასურველი გარემო.
8) ნიშანდობლივია, რომ ახალი შთაბეჭდილებების ნაკადი ან ყურადღების ერთიმიმართულებით მიმართვა, მაგალითად სურათების დათვალიერება, სწავლის პროცესი და ა.შ იწვევს ძილს.
იმედია ეს სტატია ოდნავ მაინც დაგეხმარებათ ძილის გამოსწორებაში და იპოვით თქვენთვის შესაფერის "სამკურნალო" ხერხს. გისურვებთ მშვიდ და მოწესრიგებულ ძილს .