სხვა ქალთა წინადაცვეთა ვიქტორიანულ ინგლისში, როგორც ყველა დაავადების პანაცეა 2019, 18 ივლისი, 10:42 "აღგზნებადობა, რომელიც საკმაოდ ხშირად გამოვლინდებოდა, ოპერაციის შემდეგ სრულებით გაქრა, ჭრილობა ბოლომდე შეხორცდა, პაციენტის მდგომარეობა კარგია. სექსუალური აღგზნება მას უკვე აღარ აწუხებს'', - აი რას წერდა გინეკოლოგი ისააკ ბეიკერ ბრაუნი 1865 წელს მას შემდეგ, რაც თავის პაციენტს გაუკეთა კლიტორის და სასქესო ბაგეების ამპუტირება. თუ თქვენ გგონიათ, რომ ქალთა წინადაცვეთის ტრადიცია მხოლოდ მუსულმანურ ქვეყნებში არსებობდა და მარტო არაცივილიზებულ სამყაროში ხდებოდა, ძალიან ცდებით. საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ მამაკაცები ქალში ჩაეხშოთ სექსუალურობა, საკუთარი სხეული დაეყენებინათ ქალის სხეულზე წინ. მამაკაცები აიძულებდნენ ქალს ეფიქრა, რომ მათი ლიბიდო უცხო სხეულივითაა მათ ორგანიზმში, ის საფრთხის მომტანი, აღვირახსნილობის მომასწავებელი და სამარცხვინოა.
როგორც მედიცინის ისტორიის შემსწავლელი მეცნიერი ლესლი ჰოლი წერს: " XIX საუკუნეში იმ უმნიშვნელო ყურადღების გამო, რასაც ექიმები ქალის კლიტორის მიმართ იჩენდნენ, მედიკოსების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს შეეძლო მისი მოძებნა ქალის სხეულზე". და საერთოდ... ჯობდა, რომ არ მოეძებნათ, რადგან სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ფენა ემანსიპირებული ქალებისა, რომელთაც სწყუროდათ შეესწავლათ თავიანთი სხეული და სიამოვნება მიეღოთ მისგან, ყოველივე ამან კი მოითხოვა სასტიკი ზომების მიღება ქალური სექსუალურობის გასაკონტროლებლად. აი როგორ ჰქონდათ იმდროინდელ ექიმებს წარმოდგენილი, თუ რა გავლენას ახდენს მასტურბაცია ქალის სხეულზე: პირველ ფოტოზე გამოსახულია 16 წლის გოგონა, რომელიც სილამაზეს და სიჯანსაღეს ასხივებს, მეორეზე კი იგივე გოგონა ერთი წლის შემდეგ - "ვითომდა ავადმყოფობის" უკანასკნელ სტადიაზე. კლიტეროდექტომია - მაინც რას ნიშნავდა ეს სამედიცინო ტერმინი, რომელიც სწორედ XIX საუკუნის 60-იან წელში გაჩნდა პირველად? - 1860 წელს კლიტორი ოფიციალურად დაადანაშაულეს იმაში, რომ ის იყო მიზეზი ქალების ზნეობრივი (ან უზნეო) აღვირახსნილობისა. ქალები ხდებოდნენ მგრძნობიარენი, ისტერიისადმი და ფსიქიკური აშლილობის მიმართ მიდრეკილნი. დიახ, იმდროინდელ ექიმებს სჯეროდათ, რომ ქალი სწორედ კლიტორის არსებობის გამო შეიძლება ყოფილიყო ''არაქალური'': ისინი აღარ ასრულებდნენ ცოლ-ქმრულ მოვალეობას, ავლენდნენ აგრესიას და უხეშადაც კი ეპასუხებოდნენ ქმრებს. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა "კლიტორის მტერი" ისააკ ბეიკერ ბრაუნი. სწორედ ის იყო პირველი ადამიანი, ვის პუბლიკაციებშიც პირველად გაიჟღერა კლიტორის ამპუტაციით მკურნალობის მეთოდმა. ისააკ ბრაუნი ინგლისის სამედიცინო აკადემიის საპატიო წევრი იყო. ის დაიბადა 1812 წელს, დაამთავრა სამედიცინო კოლეჯი და აკეთებდა საკვერცხეების კისტის და სიმსივნეების ოპერაციებს. 1858 წელს მან დააარსა საკუთარი კლინიკა ნოტინგ-ჰილში. ბრაუნმა კლინიკას რომანტიკული სახელი დაარქვა: "ლონდონის ქირურგიული სახლი ლედების და რესპექტაბელური ქალბატონებისათვის, რომლებიც იტანჯებიან ქირურგიული გზით განკურნებადი ავადმყოფობებისგან". მართლაც დელიკატური სახელწოდებაა, არა? - თუმცა დოქტორი ბრაუნი ხშირად სულაც არ იყო დელიკატური პაციენტებთან და გრძელი დახვეწილი დასახელების მაგივრად მოკლედ ამბობდა "ოპერაცია". 1861 წელს გამოქვეყნებულ თავის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ნაშრომს დოქტორმა ბრაუნმა სახელად უწოდა "კლიტორის ჰიპერტროფია და გაღიზიანება"ანუ თანამედროვე ენით რომ ვთქვათ "მასტურბაცია". ბრაუნი თავის ნაშრომში ამტკიცებდა, რომ გარეთა სასქესო ორგანოების ხელოვნურად გაღიზიანება უარყოფითად მოქმედებს ქალის ნერვულ სისტემაზე და შეიძლება უნაყოფობის მიზეზიც გახდეს. ნოვატორი-ქირურგი იქვე აღნიშნავდა, რომ ეს გაღიზიანება და მისი საშინელი თანმდევი შედეგები განკურნებადია. მკურნალობის მიზნით იმდროინდელი ექიმები სვამდნენ წურბელებს ქალის გარეთა სასქესო ორგანოებზე, პაციენტს ურჩევდნენ ცივი აბაზანის მიღებას და მკაცრ დიეტას. თუმცა ბრაუნს ეს "მშვიდობიანი" მეთოდები არ აკმაყოფილებდა: ქირურგს სწამდა, რომ მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაცია იყო და მას არც თუ ისე ცოტა მიმდევარი ჰყავდა. წამალი "ცუდი ცოლისათვის" ბეიკერ ბრაუნი ძალზე პატივმოყვარე ადამიანი იყო. ის ამტკიცებდა, რომ მისი მკურნალობის მეთოდით იკურნებოდა ის დაავადებები, რომლებიც წინათ განუკურნებლად ითვლებოდა. ქირურგი, რომელიც თავის მეთოდს ჰუმანურს და ეფექტურს უწოდებდა, ამტკიცებდა, რომ კლიტეროდექტომია (კლიტორის ამოკვეთა) ნამდვილი ხსნა იყო კატალეფსიის, გულყრის, ეპილეფსიის, ჭკუასუსტობის, შაკიკის და სხვადასხვა მანიების დროს. თავის ნაშრომებში მას მაგალითად მოჰყავდა ქალი, რომელიც, მისი ქმრისვე განმარტებით, თავს ესხმოდა ქმარს და კაწრავდა მის კანს ფრჩხილებით ისე, როგორც კატა ან ვეფხვი კაწრავს ბრჭყალებით თავის მსხვერპლს. კლიტორის ამოკვეთის შემდეგ, ბრაუნის თქმით, ის იდეალური ცოლი გახდა აბსოლუტურად ყველა განხრით. 17 წლის გოგონა, რომელსაც კატალეფსიის დიაგნოზი დაუსვეს (კატალეფსია- ესაა მდგომარეობა, როცა სხეული მოდუნებულია და არა აქვს არანაირი რექცია გარეგან სტიმულებზე), ბეიკერ ბრაუნის მტკიცებით, ასევე "განიკურნა კლიტორის ამოკვეთის შემდეგ. შემდეგმა "ბედნიერმა", რომელიც ჭკუასუსტი გახლდათ, კლიტორის ამოკვეთის შემდეგ კითხვაც ისწავლა და ეკლესიაშიც კი დაიწყო წირვებზე სიარული. რა თქმა უნდა, თავად ბეიკერ ბრაუნი თავის მეთოდებს სულაც არ თვლიდა ბარბაროსულად, მას გულწრფელად სწამდა, რომ ადამიანებისათვის სიკეთეს აკეთებდა, მაგრამ სამედიცინო წრეებში გაჩნდა ეჭვი ბრაუნის მეთოდის ეფექტურობის და ეთიკურობის და ზოგიერთი იურიდიულ-სამართლებრივი მუხლის დარღვევის შესახებ. 1866 წელს გამოჩნდა პირველი ნეგატიური გამოხმაურებები ბრაუნის მკურნალობის მეთოდის შესახებ. თავად ექიმსაც ხშირად უსვამდნენ საკმაოდ მკაცრ კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად ეთიკური და ეფექტიანი იყო კლიტეროდექტომიით ქალების მკურნალობა. The Times-ის ერთ-ერთ ნომერში წერდნენ, რომ ბრაუნი სპეციალურად არჩევდა ფსიქიატრიულად დაავადებულ პაციენტებს, რათა მათ მაგალითზე ეჩვენებინა თავისი მეთოდის ეფექტურობა. სულ მალე გამოირკვა, რომ ბეიკერ ბრაუნს საერთოდ არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია, ასე რომ, მას არანაირი უფლება არ ჰქონდა ემკურნალა ფსიქიატრიული პაციენტებისათვის. ექიმთა წრეში სულ უფრო ხშირად გამოითქმებოდა აზრი, რომ ბრაუნის მკურნალობის მეთოდი არაეთიკური და სადისტური იყო. მით უმეტეს, ხშირ შემთხვევააში ის პაციენტის და მისი ახლობლების თანხმობის გარეშე აკეთებდა კლიტორის ამოკვეთის ოპერაციას. ბეიკერ ბრაუნს მოუხდა წარდგომა და თავის მართლება ინგლისის სამედიცინო აკადემიის წევრების წინაშე. მან აღიარა, რომ ხშირად აკეთებდა ოპერაციას პაციენტის თანხმობის გარეშე მათი ქმრების დავალებით, რომლებიც მას თხოვნენ ქალის მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრებისთვის დაემალათ ეს ფაქტი. ამ არგუმენტმა აკადემიის წევრები არ დააკმაყოფილა. ''ნოვატორი" ქირურგი სამედიცინო აკადემიიდან გარიცხეს, მისი კლინიკა დახურეს და საერთოდ აუკრძალეს მკურნალობა. ბრაუნი გროშ-კაპიკის გარეშე დარჩა; ის მალე გარდაიცვალა უცნაური დიაგნოზით: "ტვინის განლევა". მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ გამოგონებული მკურნალობის მეთოდი ინგლისში უარყვეს, აშშ-ში ის კიდევ საკმაო ხანს გამოიყენებოდა. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ კანონი ქალთა წინადაცვეთის ოფიციალური აკრძალვის შესახებ ბრიტანეთში მხოლოდ 1985 წელს მიიღეს. ბეიკერ ბრაუნის მეთოდის უარყოფის და მისი სიკვდილის მიუხედავად, მედიკოსებს კიდევ დიდხანს არ შეუცვლიათ აზრი ქალების სექსუალურობის და მათი მასტურბაციის მიმართ (თუმცა ისინი საკმაოდ ლოიალურნი იყვნენ და დადებითად აფასებდნენ იგივე მოქმედებას მამაკაცებში). ცნობილი ინგლისელი გინეკოლოგი უილიამ ჰექტორი 1886 წელს წერდა, რომ "მასტურბაცია არის ქალის ბუნებრივი თავშეუკავებლობა, რომელიც უამრავ დაავადებას იწვევს". ის წერდა, რომ, როგორც წესი, "მორიდებულმა და წესიერმა ქალმა არ უნდა იფიქროს სექსუალურ დაკმაყოფილებაზე, ის მხოლოდ უნდა ზრუნავდეს თავის ქმარზე და იმაზე, თუ როგორ ასიამოვნოს მას და რომ გათხოვილი ქალი არ უნდა ჰგავდეს საყვარელს". გაივლის კიდევ მრავალი წელი, სანამ ქალური სექსუალურობა მოიპოვებს თავის საკუთარ "ხმას"და ქალებს აღარ შერცხვებათ თავიანთი სხეულისა და სურვილების. 204 8-ს მოსწონს
|