x
image
ზოგადი განათლება
დასაშვებია თუ არა ზაფხულში ბავშვების მეცადინეობა და ''ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი'' ბავშვების ფენომენი

ნებისმიერ მშობელს აღელვებს შვილის გონებრივი შესაძლებლობები. განსაკუთრებით, "ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი" ბავშვების მშობლები ნერვიულობენ. ზოგჯერ საკუთარ თავსაც ადარებენ შვილების შესაძლებლობებს. როგორ უნდა განსაზღვროთ ბავშვის ნიჭიერება და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ზაფხულში, ამ თემაზე ბავშვთა ნევროლოგმა, ბაკურ კოტეტიშვილმა, ისაუბრა მარი მალაზონიას საავტორო გადაცემაში "პირადი ექიმი".


image




*

- არსებობს ფრაზა, "ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი", რაც იმას ნიშნავს, რომ ერთია მოცემულობა - მას აქვს ნიჭი, ამით დაიბადა, მაგრამ მეორეა მისი ცხოვრების წესი, არჩევანი, თუ როგორ ეფექტურად გამოიყენებს ამ მოცემულობას. რა არის ამაში რეალობა და რამდენად საშიშია ეს ფრაზა ჩვენი საზოგადოებისათვის?

*

- რა თქმა უნდა, ეს ფრაზა არსებობს და ჩვენი თაობის მოგონილი არ არის. მასში არის რაღაც სიმართლე, მაგრამ საკმაოდ დიდი სირუეცაა. კერძოდ, ბავშის ქცევა, მისი ყოველდღიური ქმედება არის ე.წ. სტიმულდამოკიდებული მდგომარეობა. მას თუ სტიმული არ აქვს, ქცევას ძალიან ამცირებს. მის განვითარებაში რამდენიმე ასპექტი მუშაობს. ეს არის მოპოვების, შემეცნების და გაცნობის. შემდეგ, მოპოვებული და გაცნობილი სამყაროს სწორად გამოყენება უნდა შეძლოს. აქ უნდა ჩაერთოს პედაგოგიკის ელემენტები, მაგრამ მშობლებს თავიდანვე აკრძალვა შემოაქვთ. ბავშვი თუ არ აძვრა, თუ არ დაშალა, ააწყო - ვერ გაიგებს, რა რისგან შედგება. წყალი რომ ასხია ჭიქაში, თუ არ გადმოასხა, როგორ უნდა მიხვდეს, რომ თხევადია. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ვუკრძალავთ. ეს კი მის ტვინში ფიქსირდება, როგორც ნეგატიური აქტივობა. სამომავლოდ, ეს აბსოლუტურად გააფუჭებს მის თვითშეფასებას იმიტომ, რომ ყველაფერი ეკრძალებოდა. მშობლებს კი ყველაფერი დაშვებული გვაქვს, რადგან ვფიქრობთ, რომ რადგანაც მშობლები გავხდით, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი ფიქრები, ჩვენი აზრები და ქმედებები, აბსოლუტურად ჭეშმარიტია. სინამდვილეში, დავფიქრდეთ რამდენი შეცდომა გვაქვს დაშვებული. მაგრამ, ბავშვი ვალდებულია, აკეთოს ის, რასაც მე ვეტყვი იმიტომ, რომ მე უკვე "მცოდნე" ვარ. ოტია იოსელიანმა ასე თქვა: "რავა, შტერი მოხუცი არ გინახავს? გევიდეთ კარში და გაჩვენებთ, რამდენიც გინდათ". მოზრდილობა და ხანშიშესულობა არ ნიშნავს სიჭკვიანესა და სიბრძნეს. თუ ბავში ნიჭიერია, აუცილებლად მოხდება მისი ნიჭის რეალიზაცია. მაგრამ, თუ მასზე ზეწოლაა და იფიქრებთ, რომ რაკი ნიჭიერია, ყველაფერი უნდა იცოდეს - არასწორი მიდგომა იქნება. სჯობს, რომ თავისი ინტერესების გათვალისწინებით იცოდეს კონკრეტული რამ, ვიდრე ყველაფერი ზედაპირულად. ჩვენ ესე გავიზარდეთ, ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ სინამდვილეში ბევრი არაფერი. საბაზისო შეიძლება იყოს ზოგადი განათლება, მაგრამ შემდეგში კონკრეტული რამ უნდა ისწავლოთ საფუძვლიანად. გახსოვთ, ალბათ, ელიავას ფენომენი, როცა ეკითხებოდნენ "რისი მუშა ხარ?" და პასუხი იყო "ყველაფრის". ესეთი რამ არ შეიძლება. ჯობს, რომ ერთ რაღაცას აკეთებდეს ხარისხიანად, ვიდრე ყველაფერს უხარისხოდ.

*

- აუცილებლად უნდა მოვეფეროთ ბავშვებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თავზე ხელი უნდა გადავუსვათ. თუ ის არასწორად დაეუფლება პროფესიას, კითხვა უნდა დავსვათ, ეს პასუხისმგებლობის საკითხია თუ დავიმშვიდოთ თავი, რომ ნიჭიერია, მაგრამ იზარმაცა. ამ შემთხვევაში რა საფრთხეა?

*

- თუ ბავშვის განვითარება სწორად მიდის, არ შეიძლება, რომ ზარმაცი იყოს. აქ ორი ფენომენია: მას პრობლემა აქვს ინტელექტუალური თვალსაზრისით ან არის პედაგოგის პრობლემა. ჩვენს დროს იყო უამრავი პედაგოგი, რომელმაც თავის საგანი ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ სწორად გადმოცემა არ შეეძლო. ვერ უზიარებდა ბავშვებს. ამიტომ ბავშვთან, რომელსაც არ ესმოდა საგნის არსი, გადადიოდა ყოველთვის ჩხუბზე. თუ ესეთი ფრაზა აქვს მასწავლებელს: "აქ რა არის გაუგებარი, რა უნდა ამის გაგებას?", ბავშვს პედაგოგის მიმართ და ზოგადად საგნის მიმართ უყალიბდება ნეგატივი. შესაბამისად, თუ ფიქრობს მშობელი, რომ ბავშვი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი, უნდა დავინტერესდეთ, რომ ხომ არ არის ბავშვის გონებრივ განვითარებაში რაიმე შეფერხება და ამას სიზარმაცით ვხსნით, ან ხომ არ არის პედაგოგში პრობლემა. მუდმივი ძახილი, რომ ბავშვი ზარმაცია, მას თვითშეფასებას უქვეითებს, ფიქრობს, "მე ხომ ზარმაცი ვარ, რაღაზე ვისწავლო". ეს ერთი შეხედვით უბრალო სიტყვები მის გონებაში ყალიბდება, როგორც ნეგატიური კლიშე და ამას მოზრდილობაშიც გამოიყენებს. "მე მაინც არ შემიძლია გათოხნა"... მითხარით, გათოხნას რა ნიჭი სჭირდება? - არაფერი, მაგრამ ძალიან ბევრი ამბობს, რომ არ შეუძლია ამის გაკეთება, ამიტომ, აღარც აკეთებს. ანუ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს კარგავს და იქცევა ისე, როგორც მას აწყობს.

*

- როგორ უნდა განვსაზღვროთ წინასწარ არის თუ არა ბავშვი ნიჭიერი?

*




- არსებობს უამრავი ფსიქოლოგიური ტესტი, რომელსაც აქვს თავისი ასაკობრივი ზღვარი. თუმცა IQ ფარდობითი ცნებაა და ღრმა სტრუქტურული შეფასება ამით ვერ მოხდება. 100 ნორმად მივიღეთ და ტესტით ვსაზღვრავთ, ამასთან მიმართებით, რამდენი აქვს. ნიჭიერებაც ფარდობითია.

*

- შეიძლება თუ არა ნიჭიერების წვრთნა და რა ვურჩიოთ მშობლებს ზაფხულისთვის?

*




- ზაფხული, ეს არის თავისუფლება. ეს არის ადგილისა და გარემოების გამოცვლის პერიოდი. ჩვენ ამას "ჰაერზე წაყვანას" ვეძახით. სინამდვილეში, ჰაერი კი არა, სივრცეა მთავარი ბავშვის განვითარებისთვის, რომელიც ქალაქის ტიპის დასახლებაში შეზღუდულია. სულ რომ 10 ოთახიანი ბინა გქონდეთ, ის მაინც ჩაკეტილი სისტემაა. შესაბამისად, ზაფხული, თავისუფლება, მინდორი, სივრცე - ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. ასევე, კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში ბავშვებისთვის დავალებების მიცემა. ეს ანტიპედაგოგიკაა. მშობლებსაც უხარიათ, რომ ერთ-ორი საათი დასვამენ და ამეცადინებენ ბავშვებს. არაფერი უნდა გააკეთონ, უნდა ირბინონ - ეს განვითარებაა და მიეცით საშუალება, რომ განვითარდნენ.

0
60
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0