პოეზია საპფო– მეათე მუზად წოდებული ლესბოსელი პოეტესა 2019, 11 ივლისი, 20:49 "ჩვენ არ გვეგულება სხვა პოეტესა, რომელიც მცირეოდენ მაინც თუ გაუტოლდება საპფოს პოეტური მშვენიერებით" (სტრაბონი, 617). ანტიკური ლირიკის პოეტესა მოღვაწეობა ძვ. წ-ის მე-7- მე-6 საუკუნეებში. იგი დაიბადა კუნძულ ლესბოსის ქალაქ ერესოსში, თუმცა კი მთელი თავისი ცხოვრება ქალაქ მიტილენეში გაატარა. გადმოცემის თანახმად იგი ლესბოსის ერთ-ერთ არისტოკრატზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ერთი ქალიშვილი, კლეისი შეეძინა. საპფო რამდენიმე წლით გადასახლებაში იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც ბრუნდება კუნძულზე, იწყებს ახალ ცხოვრებას.ლესბოსზე დაბრუნებული საპფო სათავეში უდგება წარჩინებულ ქალიშვილთა წრეს (სალონს). სწორედ მისი ცხოვრების ამ ნაწილის უკავშირდება უამრავი ლეგენდა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, საპფო იყო ჰეტერა, ართობდა მამაკაცებს, მაგრამ ჭეშმარიტი ვნებით მხოლოდ ახალგაზრდა ქალიშვილებისკენ ისწრაფოდა. მისი შემოქმედების ძირითადი ნაწილიც სწორედ მათ ეძღვნებოდათ. ანტიკური ტრადიცია ლესბოსს ხმელთაშუა ზღვის შვიდ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს კუნძულთა შორის მოიხსენიებს. ეოლიელებით დასახლებულ ამ ულამაზეს კუნძულზე ერთი თავისებურება დასტურდება: ლესბოსზე ქალები დამოუკიდებელნი და თავისუფალნი იყვნენ, მაშინ როდესაც იმავე პერიოდის ატიკაში, ქალები საკმაოდ მკაცრ წესებს ემორჩილებოდნენ. ლესბოსელ ქალებს, მამაკაცების მსგავსად, ჰქონდათ თავშეყრის ადგილები, ჰყავდათ რჩეული ღვთაებები, ასრულებდნენ სხვადასხვა სახის რიტუალებს. გასაკვირი არაა, რომ საპფოსა და ლესბოსელ ქალიშვილთა მთავარი სათაყვანებელი ღვთაება აფროდიტე იყო. საპფოს ჰიმნების ერთი ნაწილი სწორედ აფროდიტეს ეძღვნება, ხოლო მეორე ნაწილი-ახალგაზრდა ქალებსა და სიყვარულის იმ მშვენიერ განცდას, რომელსაც აფროდიტე უგზავნიდა. საპფო ამბობდა, რომ მუზები ანიჭებდნენ ჭეშმარიტ ბედნიერებას, ამიტომაც ეთაყვანებოდა მუზებს და თავშეყრის ადგილსაც "მუზის მსახურთა სახლი: უწოდა. სალონში აფროდიტეს კულტი განაპირობებდა საიდუმლოს ზიარებულთა ცხოვრების წესსა თუ შემოქმედების თემატიკას. ეს იყო სიყვარული მშვენიერება, გაზაფხულის დღესასწაული, ქორწინება და ყოველივე ის, რაც ხალისით აღავსედა ადამიანურ ყოფას. ამავდროულად, საპფო ეწეოდა აღმზრდელობით და აკადემიურ მოღვაწეობას. ხოლო ქალწულნი, მას შემდეგ რაც მიიღებდნენ დახვეწილ რელიგიურ თუ მუსიკალურ-პოეტურ განათლებას, შინ ბრუნდებოდნენ, ან თხოვდებოდნენ. ის დრო, რომელსაც ქალიშვილები ერთად ატარებდნენ უბედნიერესი იყო მათ ცხოვრებაში. ისინი თხზავდნენ ლექსებს, სიმღერებს, სწავლობდნენ ცეკვას, ეუფლებოდნენ დახვეწილ მანერებს, სილამაზის ხელოვნებას. მუზის სახლი მათი უბედნიერესი ადგილი იყო, შესაბამისად, განშორებას მძიმედ განიცდიდნენ. თავად საპფო კი სიკვდილს ნატრობდა ამ დროს, მას ხომ წრფელი გულით უყვარდა თავისი მოწაფეები, რომელთაც უძღვნიდა არა მხოლოდ სიყვარულით გამთბარ სტრიქონებს, არამედ საკუთარი სულის ნაწილსაც. " შენ დამიბრუნდი, რა კარგია, ო, როგორ მსურდი ნათელმოსილი სიყვარულით ამივსე სული, იბედნიერე, ვიდრე დროა ბედნიერების..." საპფოს პოეზიაში მთელი სრულყოფილებით გამოვლინდაის, რასაც შეგვიძია ვუწოდოთ ქალურობა- ამ სიტყვის ყველაზე უფრო სპეციფიკური, მაგრამ მაღალი გაგებით. შეიძლება ითქვას, რომ არ არის პოეტესას არცერთი ლექსი, ფრაგმენტიც კი, რომლის მიღმაც არ ჩანდეს ქალი, მისი სამყარო. " ციდან ისწრაფე, კრეტის წმინდა ტაძართან მოდი აქ ვაშლის ხეთა დიდებული ხეივანია და სურნელოვან საკმეველთა ბოლით მოსილი საკურთხევლები. წვიმის წვეთები ხმაურობენ ხეთა რტოებში, ველად ბალახებს ეფინება ვარდების ჩრდილი, ათრთოლებული ფოთლებიდან მოითენთება მდუმარე თვლემა. მიმობნეულან საძოვრებით მდიდარ მინდორზე ახლად მოსული ყვავილები და საამური ნიავი არხევს იაკინთებს წმინდა ბაღების წყაროთა ჩრდილში. კვიპროსშობილო, გვირგვინებით დამშვენებულო მოდი ამ ველზე და აღავსე ოქროს თასები დამათრობელი სიხალისით განაზავები ტკბილი ნექტარით." 335 7-ს მოსწონს
|