x
image
მაია 24
როგორ აღვზარდოთ ბავშვები ისე, რომ მათ ადამიანობა შეძლონ? - ბერი ერმოლაოსი ქრისტიანულ სიყვარულზე
image


ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია) ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს. გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტს, სადაც ბერი მრევლს პირადი გამოცდილებით მიღებულ ცოდნას უზიარებს.

- მამაო, გთხოვთ გვესაუბროთ მორჩილების არსზე. იმაზე, თუ როგორ მოვიპოვოთ ეს სათნოება.

- ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ მორჩილების მისაღწევი თუ მოსაპოვებელი უპირველესი და ერთადერთი საშუალება - სიყვარულია. ვერც სულიერ და ვერც ხორციელ ცხოვრებაში ვერასდროს მიაღწევ ამ სათნოებას, ვერასდროს ემსახურები ღირსეულად უფალსა და ადამიანებს, თუკი ქრისტესმიერი სიყვარული არ გიღვივის გულში. რაღაც დროის მანძილზე შეიძლება თავს აიძულო ესა თუ ის მორჩილება, თუნდაც შიშის გამო და ეს შესანიშნავად გამოგივიდეს, მაგრამ თუკი ამ ყველაფერს ღვთისა და ადამიანების სიყვარული არ უდევს საფუძვლად, დიდხანს არ გაგრძელდება. სიყვარულის გარეშე მორჩილება - ეს ძალადობაა საკუთარ თავზე და არა მხოლოდ. ეს ძალადობაა გარშემო მყოფთა მიმართაც, ამიტომ, მორჩილების აღსასრულებლად აუცილებელია სიყვარული ვისწავლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ყოველი ქმედება მხოლოდ თამაშს დაემსგავსება. მაგრამ თუკი ჩვენი მორჩილება სიყვარულზე იქნება დაფუძნებული, მაშინ ასეთი მსახურება ღვთისადმი, დებისა და ძმებისადმი, სულიერებით იქნება ნასაზრდოები და დიდ სიხარულსაც მოგვიტანს. ამიტომაც, პირველი, რაც ჩვენ ამ სათნოების მოსახვეჭად უნდა გავაკეთოთ, ეს - სიყვარულის შესწავლაა. უფალმა ადამიანები სიყვარულის ნიჭით დაგვაჯილდოვა, მაგრამ ცოდვებში ჩაფლულებმა დავკარგეთ ეს საუნჯე, რის შედეგადაც მიწიერი ცხოვრება მოგვეცა, რათა უფალთან დაბრუნებამდე კვლავ შევძლოთ დაკარგული მადლის დაბრუნება. შევძლოთ ის, რომ სულიწმიდის დახმარებით ხელახლა ვიშვათ.


image


- როგორ მოვიპოვოთ უფლისმიერი მადლი, რომელიც სიმდაბლის სახელითაა ჩვენთვის ცნობილი?

- კვლავაც ზემოთქმულის გამეორება მომიწევს, რადგან უფლისმიერი მადლი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით მოიპოვება. ამ გრძნობის გარეშე შეუძლებელია მორჩილება ვიტვირთოთ, სიმდაბლე მოვიპოვოთ. სიყვარულის გარეშე ვერასდროს ვიქნებით თავმდაბლები, ვერასდროს ვილოცებთ სუფთა და წმიდა გულით. ქრისტესმიერი სიყვარულის გარეშე ვერასდროს ვერაფერს მივაღწევთ. თუკი უფლისმიერ მადლს დავყოფთ, დავახარისებთ ცალკეულ სათნოებებად და მათზე მხოლოდ საუბრით შემოვიფარგლებით, მხოლოდ თეოლოგიური მსჯელობა გამოგვივა. მე კი თეოლოგი კი არა, ბერი ვარ და ჩემი მოვალეობა სიყვარულია. ძალიან გთხოვთ ყველას - ისწავლეთ სიყვარული! ამ მცდელობისთვის დაგაჯილდოებთ უფალი და იმ მადლს, რომელიც თქვენზე გადმოვა, ახსნა არ დასჭირდება. თვითონვე გაგაოცებთ თავისთავად, მოულოდნელად წვეული სიმშვიდე, სიმდაბლე, მორჩილება და ძალა ლოცვისა.

იმისათვის, რომ თვალი მიადევნოთ და გაერკვეთ თქვენს სულიერ პრობლემებში, ამისთვის სულაც არაა აუცილებელი სასულიერო სასწავლებლის სრული კურსის დამთავრება, მთავარია, ქრისტესმიერი სიყვარული შეგეძლოთ და უფალი ყველაფერს ნათელს მოჰფენს, მაგრამ დიდი ძალისხმევა, ძალების სრული კონცენტრაცია დაგჭირდებათ იმისათვის, რომ ქრისტესმიერი სიყვარულს შეუდგეთ. როცა ამ მადლზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმ მდგომარეობას, როცა ყველაფერი პირადული უკანა პლანზე გადადის, შენი "ეგო" ქრება და გიჩნდება სურვილი - დაეხმარო ადამიანებს, შენი გულის ნაწილი დაუფიქრებლად დაუთმო მათ. მხოლოდ ამ მდგომარეობაში გაეცემა პასუხი უამრავ ძნელადასახსნელ კითხვას.

image
სასულიერო ცხოვრების ქვაკუთხედი - სიყვარულია. ახლა ჩემს თავს დავუსვამ კითხვას: "როგორ შევიძლო ისეთი სიყვარული, რომ საღვთო მადლი დავიმსახურო?" იმდენად ცოდვილია ჩვენი, ადამიანური ბუნება, რომ ამის მიღწევა ერთბაშად ვერ მოხერხდება. სტერეოტიპული აზროვნება ხშირად გვაბრკოლებს.


ჩვენ ბავშვობიდანვე გვმოძღვრავენ, გვწვრთნიან, გვასწავლიან ყველაფერს, გარდა ქრისტესმიერი სიყვარულისა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ჩვენს გულში არსებული უფლისმიერი ნათელი ბოროტებით, სიძულვილით და სხვა ცოდვებით გადაიფარება. სიყვარულის ის მარცვალი, რომლისგანაც ხე უნდა გაიზარდოს, დასაწყისშივე მოიშთობა. მთელი ჩვენი მცდელობა, გული და გონება იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ სიყვარული ვისწავლოთ. გამუდმებით უნდა გვაფიქრებდეს სიკეთის გაღება, ადამიანების გულის გათბობა ქრისტესმიერი გრძნობით.

როგორ აღვზარდოთ ბავშვები ისე, რომ მათ ადამიანობა შეძლონ?


როგორ დავუდგეთ გვერდში ახლობლებს, რომელთაც ასე აკლიათ ჩვენი ყურადღება? სიკეთისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ყინულის არტახებისგან გაათავისუფლებს ჩვენს გათოშილ გულს. სულაც არაა აუცილებელი, სიკეთის კეთება და სიყვარულის სწავლება, ისე, როგორც ეს ჩვენ გვჩვევია, ორშაბათიდან დავიწყებ: "აი, მე ორშაბათიდან აღარ წავეჩხუბები ცოლს", ან "ორშაბათიდან წავუკითხავ შვილებს ზღაპარს". ყველაფერს რატომღაც ორშაბათიდან ვგეგმავთ, თან დიდი გულმოდგინებით და ხშირად მომდევნო ორშაბათამდე ისეთ რაღაცებს ვიდენთ, რაც არა მხოლოდ ჩვენს სულს, გარშემომყოფთაც დიდ ზიანს აყენებს.

უფალმა ბრძანა: "ხოლო ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც სწამს ჩემი, უმჯობესია მისთვის, რომ დაეკიდოს წისქვილის დოლაბი მას ქედზე და დაინთქას ზღვის უფსკრულში" (მათე 18, 6). აი, რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავართ, ამიტომაც არცერთი წამით არ უნდა გადავდოთ სიყვარულის შესწავლა. არა აქვს მნიშვნელობა, დიდ მადლს გავიღებთ თუ მცირეს. უფალი ყველანაირს შეიწირავს ჩვენგან. აი, მაგალითად, ბერ ერმოლაოსს მცირედი სიყვარულიც კი არ ძალუძს, მაგრამ არიან სხვები, სულიერად უფრო ძლიერები, რომელთაც დიდი თავგანწირვა შეუძლიათ. მთავარი მაინც ისაა, სიკეთის კეთება, რამდენიც არ უნდა შეგვეძლოს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ. და კიდევ, აუცილებელია, სიყვარული უანგარო იყოს.

image


არ შეიძლება ადამიანი რაიმეს გამო გიყვარდეს, თუნდაც საკუთარი შვილი, რომ ასეთი რამ წამოგცდეს: "აი, ჩემი შვილი საოცარი ბავშვია და მას აუცილებლად წავიყვან ზოოპარკში". როგორც საკუთარი შვილები გიყვარს, სწორედ ისე უნდა მიიღო სხვებიც, რადგან უფალში ყველა ერთნი ვართ და ეს აქსიომაა. არა აქვს მნიშვნელობა, დედამიწის რომელ კუთხეში ვსახლობთ, რამდენი მთისა და ზღვის გადაღმა. არც სისხლისმიერმა ნათესაობამ უნდა გაგვაუცხოოს სხვათაგან. არ შეიძლება ადამიანების გამორჩევა და დახარისხება იმისათვის, რომ მათ სითბო და სიყვარული ვუწილადოთ. პირველსავე შემხვედრს უშურველად დავეხმაროთ და უმალ ვიგრძნობთ, როგორ ჩამოშორდება გულს აუტანელი სიმძიმე. ვიგრძნობთ, თუ როგორ გადავიქცევით ჩვენვე დიდ სიყვარულად. აი, მხოლოდ მაშინ შეგვეძლება თავი ქრისტიანებად მივიჩნიოთ. ვთქვათ, რომ ქრისტიანულად ვცხოვრობთ, ქრისტიანულ ღვაწლში ვართ. ამ მდგომარეობის მიღწევამდე ნებისმიერი ჩვენი მცდელობა მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული, სხვათა დასანახი ფორმალობა იქნება. სწორედ ესაა სიმდაბლის ზუსტი და უტყუარი "რეცეპტი".

ასევე დაგაინტერესებთ:


ბუდას 27 სიბრძნე, რომლის გაცნობიერება ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის


კაცი, რომელმაც სამყარო შეცვალა - მაჰათმა განდის ცხოვრების 7 წესი


"ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლითაც ცხოვრებას შეცვლით



მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი



არ ეწყობა თქვენი ცხოვრება? - თქვენ არღვევთ სამყაროს ამ 7 კანონს

0
171
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0