სხვა უდაბნოს მაცხოვრებელნი - ზურაბ გურიელიძის ბლოგი უდაბნოს ეკოსისტემაზე 2019, 12 ივნისი, 18:06 ადამიანის წარმოდგენაში, უდაბნო ყოველთვის ქვიშის უზარმაზარი სივრცესთან ასოცირდება, სადაც სიცოცხლე არ არსებობს; ან, შესაძლოა, იქ მხოლოდ ქვეწარმავლები ბინადრობდნენ. ბუნებრივია, უდაბნოში ქვეწარმავლებიც ცხოვრობენ, თუმცა, მოგეხსენებათ, ნებისმიერ სახეობას საკვები სჭირდება, რომლის გარეშეც ფიზიკურად ვერ იარსებებს; მათ საკვებს სხვა სახეობები წარმოადგენს, მათ შორის ძუძუმწოვრებიც, რომლებიც უდაბნოებში საკმაოდ დიდი რაოდენობით ბინადრობენ. ერთი შეხედვით, ასეთი უზარმაზარი, უსიცოცხლო გარემო, საოცრად მრავალფეროვან ეკოსისტემას წარმოადგენს, რომელიც გამორჩეულად საინტერესო ცხოველებითაა დასახლებული. დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს არა მხოლოდ ქვიშიანი და ცხელი უდაბნოები, როგორებიცაა საჰარა, ან არაბეთის ნახევარკუნძული, არამედ ყინულიანიც, რომელიც ანტარქტიდაში გვხვდება; ასევე ცივი - გობის უდაბნო მონღოლეთში, სადაც ტემპერატურის ცვალებადობა იმდენად დიდია, რომ მაღალი სიცხის შემდეგ, ღამით შესაძლოა მინუსებამდე დაეცეს. უდაბნოს მობინადრეებს საერთო სახელი - ქსეროკოლები აერთიანებთ, რაც სიმშრალეში მობინადრეს ნიშნავს. მოგეხსენებათ, უდაბნოში მართლაც ექსტრემალური პირობებია და თითოეული ცხოველისათვის იქ ცხოვრება საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, მათთან გამკლავება ამ ცხოველების ფიზიოლოგიით არის შესაძლებელი - უდაბნოს ბინადრები მაღალი ადაპტაციის უნარით გამოირჩევიან. პირველადი და მთავარი პრობლემა, რასაც უდაბნოში მობინადრე ცხოველები აწყდებიან, ორგანიზმიდან წყლის დაკარგვაა, რაც შეიძლება ტრაგიკულადაც დასრულდეს. ამიტომაც, მათი ფიზიოლოგია ადაპტირებულია ასეთ გარემოში ცხოვრებას, რაც არაერთი ფაქტორით არის გამოხატული: უდაბნოს ცხოველებში მკვეთრადაა შემცირებული ოფლიანობა; ზოგიერთი სახეობის შემთხვევაში, გამოიყოფა გარკვეული ცხიმი, რომელიც სხეულს ფარავს და ხელს უშლის წყლის აორთქლებას; მნიშვნელოვანი ადაპტაციაა კონცენტრირებული შარდვა, როდესაც ცხოველის ორგანიზმიდან შარდის გამოყოფა მხოლოდ და მხოლოდ შარდოვანას მაქსიმალური კონცენტრირების შემდეგ ხდება. ამ კუთხით, საინტერესო მაგალითია კენგურუსებური ვირთხა, რომელსაც მცირე რაოდენობით საოფლე ჯირკვლები აქვს და წყალს ნაკლებად კარგავს. რაც შეეხება სითხის მიღებას - ბუნებრივია, წყლის გარეშე დიდი ხნის განმავლობაში გაძლება პრაქტიკულად შეუძლებელია. უდაბნოს ცხოველები წყალს ძირითადად საკვებისგან იღებენ. მაგალითად, აარდვარკისთვის (მილკბილა), რომელიც აფრიკაშია გავრცელებული, წყლის ძირითადი წყარო ველური კიტრია (ზოგადად, კიტრი აფრიკული მცენარეა, რომელიც დიდი რაოდენობით სითხეს შეიცავს). როდესაც უდაბნოზე ვსაუბრობთ, პირველი, რა თქმა უნდა, ყველას აქლემი ახსენდება. ის უდაბნოს ერთ-ერთი გამორჩეული ბინადარია და მცირე რაოდენობით, ჯერ კიდევ ველურ ფორმად არის შემორჩენილი. ზოგადად, აქლემი ორი სახეობისაა: ორკუზიანი აქლემი (ბაქტრიანი) და ერთკუზიანი (დრომადერი). კუზების რაოდენობის გარდა, ვიზუალურად, ისინი სხვა ნიშნებითაც განსხვავდებიან. აზიური წარმოშობის ორკუზიანი აქლემი ცივი უდაბნოს ბინადარია, გვხვდება გობის უდაბნოსა და ტაკლა-მაკანში; ხოლო ერთკუზიანი აქლემი არაბეთის ნახევარკუნძულიდანაა და საჰარაშიცაა გავრცელებული. ორკუზიანი აქლემი, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, საკმაოდ ხშირი, მატყლისებური ბეწვითაა დაფარული, რაც სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ეს იმით არის გამოწვეულია, რომ გობის უდაბნოში, სადაც ორკუზიანი აქლემი ბინადრობს, ტემპერატურა ზაფხულში +45 გრადუსია ცელსიუსით, ზამთარში -40, დღე-ღამური ტემპერატურის მერყეობაც ძალიან მაღალია, ასე რომ ძალიან ექსტრემალური პირობებია. აქლემის გარდა, უდაბნოში საკმაოდ ფართოდ არიან გავრცელებული ანტილოპები; არაბული ორიქსი არაბეთის ნახევარკუნძულის ტიპური ბინადარია, რომელიც არა უდაბნოს, არამედ ადამიანის გამო, გადაშენების პირასაც კი იყო და მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი ბუნებაში მისი დაბრუნება. გადაშენების საფრთხის წინაშე იმყოფება ხმალრქიანი ორიქსიც და მისი ახლო ნათესავი, კიდევ ერთი საინტერესო სახეობა - ადაქსი; ეს ანტილოპები უდაბნოს ტიპიური ბინადარები არიან, მათ ფართო ჩლიქები აქვთ, ქვიშაში რომ არ ჩაეფლონ; აგრეთვე, დიდი სიცხეების დროს, შეუძლიათ ქვიშა ამოთხარონ იქ შეაფარონ თავი; შუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში წყალი საკვებიდან მიიღონ, მათ შორის გამხმარი ბალახიდანაც. სამივე სახეობა საკმაოდ დიდი ზომის ცხოველია, მაგალითად, ადაქსის წონა 100 კგ-ს აღწევს. ორიქსის ყველა ეს სახეობა უდაბნოში მშვენივრად გრძნობს თავს. ასევე, უდაბნოს ბინადარია საიგა, რომელიც კარგადაა შეგუებული უდაბნოში ცხოვრებას და მტვრის საწინააღმდეგო ადაპტაციაც აქვს - მის დრუნჩზე არსებული კეხისმაგვარი წარმონაქმნი, რომელიც რესპირატორს წარმოადგენს, საზაფხულო მიგრაციების დროს, ჰაერს მტვრისაგან ფილტრავს. საიგა კარგი მორბენალია და საათში 80 კმ-ის სიჩქარის განვითრება შეუძლია. გარდა ამისა, უდაბნოს ბინადარია ჯეირანი, ანუ ქურციკი, რომელიც მშრალ გარემოშიც კი გხვდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, კლასიკური უდაბნო არ არის, ჯეირანი აქაც ბინადრობდა. დღეისათვის, კავკასიაში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ქურციკის დაბრუნების პროცესი. უდაბნოში ცხოვრობს ზოლებიანი აფთარიც, რომელიც გავრცელებულია აზიაშიც და აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილშიც; რაც შეეხება ხალებიან აფთარს - ის მხოლოდ აფრიკაში გვხვდება. აქვე ვახსენოთ - აარდვოლფიც, ანუ მიწის მგელი; ისიც აფთრებს განეკუთვნება და შეიძლება ითქვას - აარდვოლფი ყველაზე პატარა ზომის აფთარია, რომელიც ძირითადად, ფეხსახსრიანებით იკვებება. თუკი აფთრების აგებულებას დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ მათ დიდი ყურები აქვს - ესეც უდაბნოში ცხოვრების ერთ-ერთი ადაპტაციაა, რაც აქ მობინადრე ცხოველებს თერმორეგულაციაში ეხმარება. ამ მხრივ გამორჩეულია მელა - ფენეკი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პატარა ძაღლისნაირს წარმოადგენს და ძალიან დიდი ყურები აქვს. ეს არის ეკოლოგიის კანონი, რომლის მიხედვითაც, ცხელ ადგილებში მცხოვრებ ცხოველს უნდა ჰქონდეს დიდი ყურები, ხოლო სიცივეში, ჩრდილოეთში მცხოვრებს - პატარა; ამიტომაცაა, რომ თეთრ დათვს გაცილებით უფრო პატარა ზომის ყურები აქვს, ვიდრე ფენეკს. ამაში თავადაც დავრწმუნდით, როდესაც თბილისის ზოოპარკის აარდვარკების წყვილმა მოახერხა და ჯერ ვოლიერის ბეტონის ძირი გამოანგრია, შემდეგ კი, საკმაოდ დიდი მანძილი გათხარეს. მათ საპოვნელად გეოლოგების ჯგუფის გამოძახება მოგვიხდა, რათა სკანერით მიგვეგნო აარდვარკების ადგილსამყოფელისათვის და ვოლიერში დაგვებრუნებინა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, უდაბნო, მისთვის დამახასიათებელი ბინადრებითურთ, აფრიკის გარდა, სხვა კონტინენტებზეც გვხვდება. ჩრდილოეთ ამერიკის უდაბნოებსა და პრერიებში, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობა რქაფიწალა ანტილოპაა, ერთადერთი ანტილოპა, რომელსაც დატოტვილი რქები აქვს. ეს ცხოველი საკმაოდ დიდ ჯგუფებს ქმნის და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია დედამიწაზე; მისი სისწრაფე დაახლოებით - 100 კმ/სთ-ს აღწევს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ მასზე სწრაფი ცხოველი - გეპარდი ამერიკაში არ ბინადრობს, შეიძლება ითქვას, რომ რქაფიწალა ანტილოპას ნებისმიერი მტაცებლისგან შეუძლია გადაირჩინოს თავი. გამორჩეულია ავსტრალიის უდაბნოც, სადაც საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული გიგანტური წითელი კენგურუ, ავსტრალიის უდაბნოს ტიპური ბინადარი. დასასრულ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ უდაბნო, იქ მობინადრე ცხოველებთან ერთად, წარმოუდგენლად მრავალფეროვან ეკოსისტემას წარმოადგენს, რომელსაც გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ისეთივე მძიმე შედეგი მივიღოთ, როგორიც მაშინ დადგა, როდესაც ადამიანმა უდაბნოს განადგურება გადაწყვიტა და შუა აზიის უდაბნოების მორწყვა დაიწყო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასურველი შედეგი ვერ მიიღეს, განადგურდა უდაბნოც და განადგურდა არალის ზღვაც... 248 1-ს მოსწონს
|