x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138398
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
შეცდომა, რომელიც ხელის მოკვეთით ისჯებოდა... შუმერების მედიცინა

უძველესი ცივილიზაცია შუამდინარეთში (ბერძ. მესოპოტამია) ძვ. წ. აღრ. VI-V ათასწლეულებში აღმოცენდა. ისტორიკოსების ერთი ნაწილი სწორედ მათ მიიჩნევს პირველ ცივილიზაციად ჩვენს პლანეტაზე. შუმერებმა, რომელთა რაოდენობა, მათი აყვავების ხანაში, თითქმის მილიონი იყო (იმ დროისთვის ძალზე შთამბეჭდავი რაოდენობაა), ბევრი რამე იცოდნენ: აგებდნენ ტაძრებს, გაჰყავდათ სარწყავი სისტემები, აკეთებდნენ ეტლებს, აგებდნენ გემებს, სპილენძის და ბრინჯაოს ნაკეთობებს ქმნიდნენ, იცოდნენ საიუველირო სამკაულების დამზადება. ქმნიდნენ მუსიკას და თხზავდნენ ლექსებს. მათ შექმნეს პირველი დამწერლობა კაცობრიობის ისტორიაში.
სწორედ ამ თიხის ფირფიტების ჩანაწერების წყალობით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, მათი ცივილიზაციების მიღწევების და მათ შორის, შუმერული მედიცინეი შესახებ.


image
უძველესი შუმერული ტექსტი, რომელიც მედიცინას ეხება, შუამდინარეთში 1889 წელს, ქ. ნიფურში აღმოაჩინეს (თანამედროვე ბაღდადიდან 160 კმ-ით აროს დაშორებული). თიხის ფირფიტა, რომელზეც 15 წამლის რეცეპტია მოცემული და ძვ. წ. აღრ. III აღასწლეულის ბოლო პერიოდით არის დათარიღებული, შეგვიძლია ყველაზე უძველეს ფარმაკოლოგიურ წყაროდ მივიჩნიოთ.
დღემდე უკვე გაშიფრული თიხის ფირფიტების მონაცემებით, შუმერული ექიმები, ისევე როგორც მათი თანამედროვე კოლეგები, ემპირიკოსები იყვნენ. არც ერთ ტექსტში არ არის ნახსენები ღმერთები, დემონები და შელოცვები, – მოცემულია მხოლოდ კონკრეტული პათოლოგიები და მკურნალობის მეთოდები. ყველაზე ნიშანდობლივი კი ის არის, რომ სამედიცინო ცოდნა თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა, ხოლო ფირფიტებზე მხოლოდ იმას წერდნენ, რისი დამახსოვრებაც შეუძლებელი იყო, – უფრო ხშირად, დაავადების მკურნალობის ხერხებს და წამლის რეცეპტებს.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პრაქტიკოსი ექიმები მკურნალობის პროცესში იყენებდნენ მასაჟს, ცხელ და ცივ კომპრესებს, ოყნას და სპეციალურ დიეტებს. სამედიცინო იარაღების შესახებ კი, თითქმის არაფერია ნათქვამი, ფითხის, ლითონის მილების და ბრინჯაოს დანის (ლანცეტი) გარდა.
როგორც მეცნიერები ამბობენ, დღეს უკვე ცნობილია, რომ შუმერული და მესოპოტამიის შემდგომი ცივილიზაციების (ბაბილონი და ასურეთი) მედიცინა ხალხური იყო და ყველა წამალი ადგილობრივი მცენარეების გამოყენებით მზადდებოდა. იყენებდნენ როგორც ნედლ, ისე გამხმარ მცენარეებს, მათ მერქანს და ფესვებს. ამზადებდნენ ნაყენებს, ნახარშებს, რომლებსაც შემდეგ წყალით, ლუდით, ძმრით, თაფლით ან კარაქით აზავებდნენ.
ზოგიერთი წამალი დასალევი იყო, ზოგს კი სანთლის სახით ამზადებდნენ ან ორგანიზმში ოყნით შეჰყავდათ. იყო სამკურნალო მალამოები და ლოსიონებიც. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძველი მსოფლიოს ხალხებისთვის 21 ათასი მცენარის სახეობა იყო ცნობილი და რომ შუმერებისთვის სიტყვა «მედიცინა» და «სიმწვანე», ერთმანეთის სინონიმი იყო.
imageაღმოჩენილია უამრავი წამლის რეცეპტი, რომელიც ლუდის საფუძველზე მზადდებოდა. უამრავი თიხის ფირფიტა იმის მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ ლუდის ხარშვის ტექნოლოგია შუმერებისთვის ძველთაგანვე ცნობილი იყო და ეს ხელობა მაშინ მეტად პრესტიჟულად ითვლებოდა. უფრო ხშირად, ამ საქმიანობით ქალები იყვნენ დაკავებულნი. ხოლო, თუ მათში მამაკაცი გამოერეოდა, მას სამხედრო ვალდებულებისგან ათავისუფლებდნენ. არსებობდა ლუდის 10-ზე მეტი სახეობა, რომელიც ერთმანეთისგან როგორც ფერით, ისე საგემოვნო თვისებებით განსხვავდებოდა.
გარდა იმისა, რომ ლუდი უამრავი წამლის ერთ-ერთი კომპონენტი იყო, მას ზომიერების ფარგლებში, სასმელადაც მოიხმარდნენ.

imageსხვათა შორის, შუმერები შეგვიძლია ექიმის ბეჭდის გამომგონებლებადაც ჩავთვალოთ. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ იმ დროს, ქვისგან გამოთლილ ბეჭედს თასმით, ყველა თავისუფალი შუმერი ატარებდა და როდესაც მნიშვნელოვანი დოკუმენტების შედგენა ხდებოდა, ხელმოწერის ნაცვლად, ჯერ კიდევ ნესტიან თიხის ფირფიტაზე, ბეჭდით აკეთებდნენ ანაბეჭდს. ეს არ იყო ჩვენთვის ცნობილი მრგვალი ბეჭედი. ძველ შუმერულ ბეჭედს ცილინდრის ფორმა ჰქონდა და როდესაც მას სველ თიხაზე ატარებდნენ, მართკუთხედის ფორმის საკმაოდ დიდი ზომის კვალს ტოვებდა. თიხის ერთ–ერთ ფილაზე, რომელიც ძვ. წ. აღრ. XXIV ს. არის დათარიღებული, შემონახულია ექიმი ურ-ლუგალ–ედინესის ბეჭდის ანაბეჭდი, რომელზეც სამედიცინო ხელსაწყოები და წამლის ჭურჭელია გამოსახული.

imageბევრი რამ ცნობილი უძველესი ცივილიზაციის შესახებ, ქ. ნინევიაში მეფე ასურბანიფალის (ძვ. წ. აღრ. 669–626 წწ.) სასახლის გათხრების დროს გახდა. გაირკვა, რომ ასურულ-ბაბილონურ მედიცინაში (როგორც აღვნიშნეთ, ისინი შუმერების მემკვიდრეები იყვნენ), უამრავი პროფესიული ცოდნა იყო დაგროვილი. თიხის ფირფიტებზე 300-ზე მეტი სხვადასხვა სამკურნალო საშუალება იყო დაფიქსირებული: მცენარის ყლორტები, ხის მერქანი, სამკურნალო მცენარეები, ფესვები, თესლი, წვენები, მინერალები და ა. შ. ზოგიერთ შემთხვევაში, მათზე მიწერილი იყო, თუ კონკრეტულად რომელი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. და უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევაში, მკურნალობის ეფექტი ეჭვს ნამდვილად არ იწვევს.

imageასირიულ-ბაბილონურ ცივილიზაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ასტროლოგიაც. რომელის მესვეურები, სხვა პროგნოზებთან ერთად, დაავადებების პროგნოზირებითაც იყვნენ დაკავებულები. ხოლო დიაგნოზი, ბევრად უფრო ემპირიული იყო.

აღმოჩენილი იყო ფირფიები, რომლებზეც რომელიმე დაავადების სამკურნალოდ წამლის მითითებამდე, მოკლედ არის აღწერილი მისი სიმპტომები. მაგ., ტუბერკულიოზის, გულის დაავადებები და ა. შ. ხოლო ღვიძლი, მათი გაგებით, სიცოცხლის საწყის ადგილად ითვლებოდა.

არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ ასურულ-ბაბილონურ საზოგადოებაში ექიმები განსაკუთრებულ სოციალურ ფენას წარმოადგენდნენ და ბევრად უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ, ვიდრე ვეტერინარები ან თუნდაც, ქირურგები.

ხამურაბის (ბაბილონის მეფე, ძვ. წ. აღრ. 1810 – 1750 წწ.) კანონების კრებულში, რომელიც ძველი წ. აღრ. 1790 წლით არის დათარიღებული, ზუსტად იყო გაწერილი, თუ რამდენი უნდა გადაეხადა მადლიერ პაციენტს ექიმისთვის:

I. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი რთულ ოპერაციას გაუკეთებს თავისუფალ ადამიანს და გადაარჩენს მას, ან თუ ბრინჯაოს დანით თვალს გაუჭრის და მის მხედველობას გადაარჩენ, ექიმმა მისგან 10 შეკელი (ვერცხლის საზომი ერთეული, 1 შეკელი – 8, 4 გრ.) ვერცხლი უნდა აიღოს.

II. თუ ავადმყოფი სანახევროდ არის თავისუფალი – გამოჯანმრთელებისთვის 5 შეკელი ვერცხლის გადახდა მოუწევს.

III. თუ პაციენტი მონა არის, მისმა პატრონმა ექიმს 2 შეკელი ვერცხლი უნდა გადაუხადოს.

IV. თუ ექიმმა თავისუფალ ადამიანს ოპერაცია გაუკეთა და პაციენტი ოპერაციის დროს დაიღუპა, ან თუ თვალი გაუჭრა და მხედველობა დააკარგვინა... მას ხელი უნდა მოეკვეთოს.

და კიდევ, ექიმის მიერ დაშვებული შეცდომისთვის დადგენილი სასჯელის შემსუბუქება ხდებოდა, თუ პაციენტი მონა იყო და ექიმი მის პატრონს სხვა მონას მიუყვანდა.


imageimageimageimageimageimageimage






0
661
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
661
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0