x
image
ზოგადი განათლება
ქართული ენის გაკვეთილი - როგორ გამოვიყენოთ მძიმე(,) სწორად? - მოემზადე გამოცდისთვის უკეთ!


ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ რამდენიმე ტიპის შეცდომის შესახებ, რომელიც შესაძლოა ქართული ენის ეროვნულ გამოცდაზე შეგხვდეთ(თუ გამოგრჩათ, წაიკითხეთ მოცემულ ბმულზე >>> როგორ დავარედაქტიროთ ტექსტი მარტივად ქართული ენის გამოცდაზე - რჩევები, მითითებები, მაგალითები ).

image

-

დღეს ვისაუბრებთ უმნიშვნელოვანესი სასვენი ნიშნის, მძიმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ იგი სწორად და არ დავწეროთ მძიმე ყოველი ''რომ-ის'' წინ. სტატისტიკის მიხედვით, ქართული ენის გამოცდაზე ''ტექსტის რედაქტირებაში'' 4-5 შეცდომა სწორედ მძიმის სწორად დასმაზე მოდის.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. მძიმე დაისმის ერთგვარი წევრების შემდეგ შერწყმულ წინადადებაში, თუ მათ არ აერთებთ ''და'' ან ''თუ'' კავშირი. მძიმის დასმით ხდება ერთგვარი წევრების გამიჯვნა.

➡️მაგალითად - კონკურსანტის მღერა, სიცილი, ცეკვა ჟიურის არ მოეწონა.

✔️დაიმახსოვრეთ! ერთგვარი წევრები ეწოდება მხოლოდ იმ სიტყვებს, რომლებიც ერთსა და იმავე მეტყველების ნაწილს წარმოადგენს. ერთგვარი წევრებია, მაგალითად, რამდენიმე რიცხვითი(მასწავლებელი ითვლის: ერთი, ორი, სამი...), ზედსართავი(ქეთიმ წითელი, ყვითელი და ლურჯი ყვავილები დაკრიფა), არსებითი სახელი, ასევე, რამდენიმე ზმნა(ტეხა, კრეფა, დაწურვა - შემოდგომის განუყრელი საქმიანობებია), ნაცვალსახელი და ა.შ.

✔️დაიმახსოვრეთ! თუ წინადადებაში ერთგვარი წევრები არ არის, ჩამოთვლის მიუხედავად, მძიმე არ იწერება.

➡️მაგალითად - გიორგიმ დავალება გუშინ სახლში სწრაფად შეასრულა.

ეს წინადადება მძიმეს არ საჭიროებს(არასწორია: გიორგიმ დავალება გუშინ, სახლში, სწრაფად შეასრულა), რადგან ერთგვარი წევრები არ არის(თითოეული მათგანი გარემოებაა, თუმცა არ არის ერთნაირი ტიპის გარემოება. გუშინ - დროის გარემოებაა, სახლში - ადგილის გარემოება, სწრაფად - ვითარების გარემოება. იმ შემთხვევაში თუ აქ მხოლოდ ერთი ტიპის გარემოებები იქნებოდა, მათ გასამიჯნად მძიმე დაიწერებოდა. მაგალითად, გიორგიმ დავალება გუშინ, სამშაბათს, ხუთ წუთში შეასრულა. მძიმეები დაიწერა იმის გამო, რომ ყველა ერთი ტიპის, დროის გარემოება, იყო).

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. მძიმე დაისმის განკერძოებული განსაზღვრების გამოსაყოფად.

ეს იმას ნიშნავს, რომ მძიმე დაისმის იმ შემთხვევაში, თუკი მოცემულია არსებითი სახელი და ამ არსებით სახელს მოსდევს განსაზღვრება(ზედსართავი სახელი), რომელიც აკონკრეტებს მოცემულ სახელს თვისობრივად(თუ როგორი იყო იგი).

➡️მაგალითად - სალომე, ძაღლისგან შეშინებული, სახლისკენ გარბოდა.

✔️დაიმახსოვრეთ! თუ წინადადება იწყება განსაზღვრებით, მძიმე არ იწერება.

➡️მაგალითად - მკვეთრად მოკაშკაშე მზე ზემოდან იყურება.

✔️დაიმახსოვრეთ! თუ განსაზღვრებას ადგილს შევუნაცვლებთ(მეორე ადგილზე დავწერთ), იგი განკერძოებული განსაზღვრება გახდება და მძიმე უნდა დაიწეროს.

➡️მაგალითად - მზე, მკვეთრად მოკაშკაშე, ზემოდან იყურება

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. მძიმე დაისმის განკერძოებულ გარემოებასთან და ამხსნელ-დამაზუსტებელ დანართთან.

განკერძოებულია გარემოება, რომელიც წინადადებაში პირველად მოცემულ გარემოებას იმავე ტიპის გარემოებით აკონკრეტებს.

➡️მაგალითად - ხვალ, ორშაბათს, სკოლაში მშობელთა კრებაა.

''ხვალ'' და ''ორშაბათს'' ორივე დროის გარემოებაა(იგივე ზმნიზედა) და დაისმის მძიმე. მეორემ დააკონკრეტა პირველი გარემოება.

✔️დაიმახსოვრეთ! გარემოება შეიძლება იყოს ადგილის, დროის, ვითარების, მიზეზისა და მიზნის. ამის მიხედვით, არსებობს განკერძოებული ადგილის, დროის, ვითარების, მიზნისა და მიზეზის გარემოება(ყველა სახის განკერძოებითთან მძიმე იწერება).

➡️მაგალითად - ხის მარჯვნივ, სახლის გვერდით, კატა წევს.

➡️მაგალითად - მასწავლებლები პატარა ბავშვებს თბილად, დედაშვილურად ექცეოდნენ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. ✔️დაიმახსოვრეთ! მძიმე იწერება დანართთან(თუ შუაშია ორივე მხრიდან, თუ წინადადების თავში ან ბოლოში - ცალმხრივად). დანართი ისეთი განკერძოებული სიტყვაა, რომელიც წინადადების რომელიმე წევრის შესახებ დამატებით ცნობას, ახსნა-განმარტებას შეიცავს.

➡️მაგალითად - ჩვენ, ადამიანები, გონიერი არსებები ვართ.

ამ შემთხვევაში ''ადამიანები'' დაკონკრეტებაა ''ჩვენის''.

➡️მაგალითად - გიორგიმ, თემურის შვილმა, გაკვეთილზე დააგვიანა.

ამ შემთხვევაში დაკონკრეტებულია ის, რომ გიორგი გახლავთ თემურის შვილი, მოგვცა დამატებითი ინფორმაცია გიორგის შესახებ. წესისამებრ, დაიწერა მძიმეც.

✔️დაიმახსოვრეთ! სახელობით ან მოთხრობით ბრუნვაში ჩასმულ სახელთან, დანართი მძიმით იშვიათად გამოიყოფა. მძიმე მაშინ დაისმება, თუ მასზე ყურადღების გამახვილება გვსურს.

➡️მაგალითად - საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი მთელი მონდომებით ცდილობდა საქართველოს გაერთიანებას.

მაგრამ - დავით აღმაშენებელი, საქართველოს მეფე, მთელი მონდომებით ცდილობდა საქართველოს გაერთიანებას.

✔️პირველ შემთხვევაში მძიმე არ დაიწერა იმიტომ, რომ ა) ''დავით აღმაშენებელი'' სახელობით ბრუნვაში იყო ჩასმული(ნუ დაწერთ ასეთ შემთხვევაში მძიმეს), ბ) არ გვსურდა მკითხველის ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ საუბარი საქართველოს მეფე დავითზეა იყო და არა რომელიმე სხვაზე, რადგან წინადადება საერთო ჯამში, გამოკვეთის გარეშეც, აღიქმებოდა სრულყოფილად.

✔️მეორე შემთხვევაში მძიმე დაიწერა იმიტომ, რომ დავაკონკრეტეთ ''დავით აღმაშენებლის'' პროფესია, სოციალური სტატუსი.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. მძიმე იწერება ''ანუ-სთან'' მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზით გვინდა უკვე ნათქვამზე ყურადღების გამახვილება.

➡️მაგალითად - მეფე საუბრობდა მშობლიურ ენაზე, ანუ ფრანგულად.

სხვა შემთხვევაში ''ანუ-სთან'' მძიმე არ იწერება. რადგან გამოცდაზე მოცემულ წინადადებაში, რთულია, განსაზღვრო წინადადების ავტორის დამოკიდებულება, ამიტომ ნუ დაწერთ მძიმეს ''ანუ-სთან''.

➡️მაგალითად - ბაბუამისის პატივსაცემად დაარქვეს შვილიშვილს ეს სახელი ანუ გიორგი.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5. მძიმე იწერება ჩართულ სიტყვა-გამოთქმებთან.

ნებისმიერი სიტყვა, რომელიც ეკუთვნის ავტორს წინადადებაში გამოთქმულ აზრთან დაკავშირებით, მძიმით გამოიყოფა.

თუ ჩართული წინადადების თავშია ერთი მძიმე მოსდევს მას, თუ ბოლოშია - მის წინ იწერება, თუ შუაშია - ორივე მხრიდან.

➡️მაგალითად - მე, რასაკვირველია, ძალიან მომეწონა ეს ლექსი.

➡️მაგალითად - რასაკვირველია, ძალიან მომეწონა ეს ლექსი.

➡️მაგალითად - მე ძალიან მომეწონა ეს ლექსი, რასაკვირველია.

✔️დაიმახსოვრეთ! მძიმე იწერება შემდეგ სიტყვა-გამოთქმებთან

ამრიგად, ამგვარად, ასე ვთქვათ, ასე რომ, დავუშვათ, ერთი სიტყვით, რა თქმა უნდა, რასაკვირველია, მაგალითად, ვფიქრობ, სხვათა შორის, ჩემი აზრით, ერთი მხრივ და სხვ. ეს საკითხი, ჩემი აზრით, ისევ მოითხოვს განხილვას. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ იყო...

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

6. მძიმე იწერება მიგებით ნაწილაკებთან(მიგებითი ნაწილაკი: 1. დადებითი - კი, ჰო, დიახ და 2. უარყოფითი - არა, ვერა. - ჰო, იმას ვამბობდი. - არა, ვერ წამოვალ. - კი, ბატონო!...), შორისდებულებთან (შორისდებულები: ოჰ, ეჰ, უჰ, ვაჰ, ვაი, ფუ, ვიშ, ჰოი, უი, ვაშა და სხვ. მძიმით გამოიყოფა: ოჰ, შენა ხარ? ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!), მიმართვასთან(მიმართვა: ახლა კი, ამხანაგებო, დავლიოთ ჩვენი მასპინძლის სადღეგრძელო!).

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ამით სასვენი ნიშნების თემა არ ამოწურულა, მალე იქნება გაგრძელება!

გრამატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის გაჩენის შემთხვევაში დატოვეთ კომენტარი. ასევე კომენტარებში დაწერეთ, თუ რომელი გრამატიკული თემის/საკითხის განხილვას ისურვებდით შემდეგ გაკვეთილზე.

✔️

გისურვებთ წარმატებებს!


------------------------------------------------------

ავტორი: ნუგზარ გოგბერაშვილი



11
13847
2-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
13847
  
2021, 17 იანვარი, 0:18
უკაცრავად, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ წინადადებაში "გამოცდაზე მოცემულ წინადადებაში, რთულია, განსაზღვრო წინადადების ავტორის დამოკიდებულება..." სულაც არაა ზმნა "რთულია" ჩართული და სხვა მიზეზით არის გამოყოფილი მძიმეებით. რა თქმა უნდა, დაგაინტერესებთ და ამასაც გეტყვით: ზმნა "რთულია" მთავარი წინადადებაა, რომელსაც მოჰყვება დამოკიდებული ("გამოცდაზე მოცემულ წინადადებაში განსაზღვრო წინადადების ავტორის დამოკიდებულება..."), ანუ ქვეწყობასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროა, რომ ასე ამცირებთ ადამიანს, თან წერთ, მესამე კლასის მოსწავლესაც კი ორიანს უწერენ მსგავსი ტიპის შეცდომაშიო, ამ დროს კი...
2019, 11 ივნისი, 22:37
ვაპატიოთ.... ჯერ სკოლის მოსწავლეა ამ სტატიის ავტორი :)
2019, 11 ივნისი, 2:13
თუ თქვენ თვლით, რომ თქვენს მიერ მოტანილ წინადადებაში (''რთულია, განსაზღვრო წინადადების ავტორის დამოკიდებულება მოცემულ წინადადებაზე გამოცდაზე, ამიტომ ნუ დაწერთ მძიმეს'') სიტყვა "რთულია" ჩართული სიტყვაა და მძიმეს მოითხოვს, მაშინ თქვენთან დავა წყლის ნაყვაა. ამ სისულელეზე მესამეკლასელსაც კი ორიანს უწერენ, რადგან მანაც კი უნდა იცოდეს, რომ ჩართული სიტყვა თუ სიტყვათა ჯგუფი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ერთეულია და მისი მოცილების შემთხვევაშიც წინადადება, ასე თუ ისე, "ფეხზე დგას". მაგალითად, წინადადებაში "უეჭველია, ის ქართველია" სიტყვა "უეჭველია" რომ მოაცილოთ, დარჩენილი ფრაზა ("ის ქართველია") თვითკმარობას ინარჩუნებს. ანდა, თქვენ მიერვე მოტანილ წინადადებაში - "გიორგიმ, თემურის შვილმა, გაკვეთილზე დააგვიანა" - მოაცილეთ ჩართული ("თემურის შვილმა") და წინადადება კვლავ სრულფასოვანი დარჩება ("გიორგიმ გაკვეთილზე დააგვიანა"). ჩვენს სადაო წინადადებაში კი სიტყვა "რთულია" რომ მოაცილოთ, ხელში სრული გაუგებრობა შეგრჩებათ ("განსაზღვრო წინადადების ავტორის დამოკიდებულება მოცემულ წინადადებაზე გამოცდაზე, ამიტომ ნუ დაწერთ მძიმეს''). ნუთუ ფილოლოგისთვის ამ ანა-ბანის ახსნა უნდა მჭირდებოდეს? ესეც არ იყოს, თავად ეს წინადადებაც კარგად მეტყველებს თქვენს წერის კულტურაზე. "ავტორის დამოკიდებულება მოცემულ წინადადებაზე გამოცდაზე" ქართულია? ამის დამწერი კალამს როგორ ჰკიდებთ ხელს? ასე როგორ უნდა გააუპატიურო მშობლიური ენა? და საერთოდ, ეს წინადადება იმ წინა წინადადებაზე უფრო ამაზრზენია და აშკარად ადასტურებს რომ ის წინა წინადადება შემთხვევით არ დაგიწერიათ. როგორც ჩანს ესაა თქვენი დონე; და თუ თქვენ ქართული ენის კანონმდებელი ხართ, ეს ქვეყანა მართლაც ჩალით ყოფილა დახურული. რას იზამ, ასეთია დღეს ქართული "პროფესიონალიზმი". ამის მერე გიკვირთ, რომ პაციენტი ნემსის გაკეთებისგან კვდება? ჩემი კეთილი რჩევაა - მოძებნეთ თქვენი საქმე და ის აკეთეთ. ფილოლოგობა კი თქვენი საქმე ნამდვილად არაა. პატივისცემით.
2019, 10 ივნისი, 13:17
თქვენ მოიყვანეთ მარტივი აგებლების წინადადება, მე კი რამდენიმე წინადადება მაქვს გადაბმული. იქნებ ისიც თქვათ, რომ ''რთულია'' ზმნა არ არის და წინადადებების საზღვარზე მძიმე არ იწერება. ის წინადადება შემდეგი წინადადების იდენტურია შებრუნებული წყობით: ''რთულია, განსაზღვრო წინადადების ავტორის დამოკიდებულება მოცემულ წინადადებაზე გამოცდაზე, ამიტომ ნუ დაწერთ მძიმეს''. ''რთულია'' ასევე გახლავთ ჩართული სიტყვა და გამოხატავს ჩემს, როგორც მთქმელის, შეფასებას აღნიშნულ წინადადებაზე. ცნობისთვის ჩართულია აგრეთვე სულერთია, უეჭველია, მართლაც, ცხადია და ა.შ.
2019, 10 ივნისი, 11:51
თქვენთან რთულია საუბარი (და არა "თქვენთან, რთულია, საუბარი"...). კაცი რომ იტყვის ამ წინადადებაში "რთულია" მძიმეებს შორის უნდა იყოსო, იმასთან მართლა რთულია საუბარი. მაპატიეთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საქმები მაქვს.
2019, 10 ივნისი, 1:10
ჰაჰ, რისთვის შემოუღიათ მაშინ ჩართული?
2019, 10 ივნისი, 0:17
რაო, რაო, რაო? "ანუ-სთან" სწორია?!!!! თურმე "ზუსტად ისე ყოფილა გამოყენებული, როგორც საჭიროა". და ამის მთქმელი გრამატიკის სპეციალისტობას იბრალებს? საიდან მოიტანეთ ეს სისულელე? ამის შემდეგ რაღა უნდა დაგიჯეროთ? რაც შეეხება სიტყვას "რთულია", რა შუაშია თქვენი აზრია თუ სხვისი?! მძიმეეები არც წინ ჭირდება და არც უკან, მორჩა და გათავდა. დანარჩენზე კომენტარს აღარც გავაკეთებ - ჩემს თავს არ ვაკადრებ.
2019, 9 ივნისი, 11:56
ჯერ ერთი, ''ანუ'' ზუსტად ისეა გამოყენებული, როგორც საჭიროა(ათასჯერ გადაამოწმეთ და შემდეგ გაუსწორეთ სხვას ''შეცდომა''). ბრჭყალებშიდაც წესისამებრაა ჩასმული(თანდებული დავურთე, რაც ბრჭყალებს შიგნით იწერება). გარდა ამისა, გამოვყავი ტირით, რათა თავიდან ამეცილებინა გარკვეული უხერხულობა. მეორე - აღნიშნული სიტყვა ''რთულია'' წარმოადგენდა ჩემს სიტყვას, ანუ ავტორის სუბიექტურ შეფასებას და მძიმეებს საჭიროებს. ვთანხმდებით, რომ აღნიშნული წინადადება ქართულისთვის არაბუნებრივია, თუმცა შეცდომად არ მიიჩნევა.
2019, 9 ივნისი, 11:29
კარგია, რომ ამ თემებზე სტატიები იწერება, მაგრამ როცა სხვას ასწავლი, ჯერ შენ თვითონ უნდა იცოდე წერა. ამ ფრაზის დამწერს - სხვა შემთხვევაში ''ანუ-სთან'' მძიმე არ იწერება. რადგან გამოცდაზე მოცემულ წინადადებაში, რთულია, განსაზღვრო წინადადების ავტორის დამოკიდებულება, ამიტომ ნუ დაწერთ მძიმეს ''ანუ-სთან'' - ვეღარაფერს დავუჯერებ. ამ ორ პწკარში რამდენიმე უხეში შეცდომაა, გრამატიკულიც და სტილისტურიც. ჯერ ერთი, "ანუ -სთან" ასე არ იწერება (სწორია "ანუ" -სთან); მერე, სიტყვა "რთულია"-ს არც წინ და არც შემდეგ მძიმე საჭირო არაა. წინადადების "რადგან"-ით დაწყებას კი კარგი მოქართულე არ იკადრებს, მით უმეტეს, რომ "რადგან"-ის მერე "ამიტომ" შეცდომაა. "ამიტომ" ის შემდეგ კი აქ სწორედაც რომ საჭიროა მძიმე, მადგან მძიმის გარეშე სხვა აზრი გამოდის (ანუ, გამოდის, "სწორედ ამიტომ ნუ დაწერთ", რაც სულ სხვა აზრია). მოკლედ, ამ სათქმელს კარგი მოქართულე ასე გადმოცემდა: სხვა შემთხვევაში ''ანუ"-სთან მძიმე არ იწერება. გამოცდაზე მოცემულ წინადადებაში რთულია განსაზღვრო წინადადების ავტორის დამოკიდებულება. ამიტომ, ნუ დაწერთ მძიმეს ''ანუ"-სთან. ერთი სიტყვით, ჯერ თავად განათლდით და მერე დამოძღვრეთ სხვები.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10