პროზა "ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლითაც ცხოვრებას შეცვლით 2019, 24 მაისი, 12:10
რადგან ასგვარად განვსხვავდები იმისგან, როგორადაც შენ მხედავ. გამოიხედე ჩემი თვალებიდან და აღმიქვი ისე, როგორც მე აღვიქვამ საკუთარ თავს, რადგან ვირჩიე იმ ადგილზე ყოფნა, რომლის გარედან დანახვასაც ვერ მოახერხებ" - რუმი
ჯალალ ედ დინ მუჰამედ ბალხი, რომელიც რუმის სახელით არის ჩვენთვის ცნობილი მეცამეტე საუკუნის სპარსელი პოეტი, იურისტი, თეოლოგი, სუფი მისტიკოსი გახლდათ. მისი ნაწერები იმხელა სიბრძნით არის სავსე, ადამიანის მენტალობის სრული გარდაქმნა შეუძლია. გთავაზობთ მის 25 გაკვეთილს, რომელიც სულ სხვაგვარად დაგანახებთ ცხოვრებას!
"შენ დაიბადე პოტენციალით. შენ დაიბადე სულგრძელობით და რწმენით. შენ იდეალებითა და ოცნებებით მოხვედი ამ ქვეყანაზე. თან ფრთები მოგყვა. შენ არ ხარ ფორთხვისთვის გაჩენილი და ნუ ფორთხავ! ისწავლე ფრთების გამოყენება და იფრინე!" "უცნაური რამე ხარ. მზის ენერგიით ხარ სავსე, თუმცა ხერხემალში გამომწყვდეულს ინახავ. ოქრო ხარ, რომელსაც სურს ქურაში, ცეცხლზე დამდნარი დარჩეს, რომ მერე მონეტებად არ იქცეს და არ დახურდავდეს." "რატომ უნდა დავრჩე ჭის ფსკერზე, როცა ხელებში მტკიცე თოკი მიჭირავს?" "გახდი ზეცა. დასცხე ნაჯახი ციხის კედლებს. თავი დააღწიე!" "იცი, რა ხარ? ღვთიური წერილის მანუსკრიპტი. სარკე, რომელიც დიდებულ სახეს ირეკლავს. სამყარო შენს გარშემო არ არის, შიგნით ჩაიხედე, საკუთარ სიღრმეში. ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ."
"ხელი მოკიდე უზარმაზარ, გიჟურ პროექტს… როგორც ნოემ. სულერთია რას იფიქრებს შენზე ხალხი."
"როცა გეჩვენება, რომ ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგაა, როცა ისე გიმძიმს, გგონია, რომ შემდეგ წუთს უკვე ვეღარ აიტან, არ დანებდე! რადგან ეს სწორედ ის დრო და ის ადგილია, საიდანაც კურსი უნდა აიღო!" "მწუხარება სიხარულისთვის გამზადებს. ის მხეცურად გამოგვის ხოლმე სახლიდან ყველაფერს, რაც აღარ გჭირდება, რათა სიხარულისთვის ადგილი გამოათავისუფლოს. შენი გულის ტოტებს ველურად არხევს, ძირს ყრის და ქარს ატანს ყვითელ ფოთლებს, რომ მათ ნაცვლად მწვანე, ცინცხალი ფოთლები გაიკვირტოს. ის დამპალ ფესვებს თხრის, რომ მათ მიღმა ჩამალულ ჯანსაღ თესლს ზედაპირზე ამოსვლის და აყვავების საშუალება მისცეს. მწუხარება მხოლოდ იმას გგლეჯს და გართმევს, რისი ადგილიც უკეთესმა უნდა დაიკავოს." "იცეკვე, როცა დაფლეთილი ხარ. იცეკვე, როცა სახვევები შემოგეხევა. იცეკვე შუა ბრძოლისას. იცეკვე საკუთარ სისხლში. იცეკვე, როცა ბოლომდე გათავისუფლდები!"
"არ ცოდნა ციხეა ღმერთისთვის. ცოდნა ღმერთის სასახლე!"
"შენ ოთახიდან ოთახში დაეხეტები და ბრილიანტის ყელსაბამს ეძებ, რომელიც ყელზე გიკეთია." "შენ რომ შეგეძლოს იცნობდე საკუთარ თავს, თუნდაც სულ წამით, შენ რომ შეგეძლოს შენი უმშვენიერესი სახისთვის თვალის შევლება, ეგებ ასე ღრმად არც ჩაგეთვლიმა მაგ თიხის ჭურჭელში. რატომ არ შედიხარ შენი სიხარულის სახლში და რატომ არ ანათებ ყველა ბზარიდან და ნაპრალიდან ეს საიდუმლოა შენთვის, განძის მზიდავო, და საიდუმლო იყო ყოველთვის." "ყველაფერი შენშია ამ სამყაროში. ყველაფერი საკუთარი თავისგან ითხოვე!" "რა გაჯადოებს ამ სამყაროში ასე ძალიან, როცა ოქროს საბადოები გაქვს სულში?" "შენ ცხენზე ზიხარ, სოფელ-სოფელ დაწანწალებ და ყველას ეკითხები: ჩემი ცხენი ხომ არ დაგინახავთ?" "შენში შადრევანი ჩქეფს და ნუ დადიხარ ცარიელი ჩამჩით!"
"დაივიწყე უსაფრთხოება. იცხოვრე იქ, სადაც ცხოვრება გეშინია. გააცამტვერე შენი რეპუტაცია. გაიტეხე სახელი!" "ნუ დაკმაყოფილდები სხვისი ისტორიებით, ნუ გაითვალისწინებ სხვის გამოცდილებას. შექმენი შენი საკუთარი მითი!" "ცეცხლი წაუკიდე შენს ცხოვრებას და ეძიე ისინი, ვისაც შენი ალი სიხარულს მიანიჭებს." "იყავი თოვლი, რომელიც დნება. ჩამოიბანე საკუთარი თავი საკუთარი თავისგან!" "დააკაკუნე და ის გაგიღებს გაქრობის კარს, ის ჩამავალი მზესავით აგაბრიალებს და ზეცამდე აგამაღლებს, რომ გახდე არაფერი და ყველაფერი!"
"ყოველი ჩვენგანი რაღაც განსაკუთრებული და კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად გაჩნდა და ყოველი ჩვენგანის გულში დევს ამ სამუშაოს შესრულების სურვილი." "იყავი ლამპარი, მაშველი ნავი, ან კიბე. მოურჩინე სული ვინმეს. გამოდი სახლიდან, როგორც მწყემსი."
"როცა რაღაცის კეთების სურვილი სულიდან იღებს სათავეს, როცა გულით აკეთებ რამეს, შენში სიხარულის მდინარე იწყებს ჩქეფას. როცა ქმედების სათავე სხვა რამეა, ეს გრძნობა ქრება." "სადაც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, იყავი შეყვარებული."
"არ ჩავარდე მწუხარებაში. ყველაფერი, რასაც კარგავ, სხვა ფორმით ბრუნდება."
"ნგრევას ყოველთვის ახლავს განძის პოვნის შანსი." "თავს ნუ არიდებ. თვალი არ მოწყვიტო დოლბანდიან ადგილებს. აქედან შუქი შემოდის შენში." "მწუხარება თანაგრძნობის ბაღად შეიძლება იქცეს. თუკი გულს ღიას დატოვებ ყველაფრისთვის, შენი ტკივილიც შენი ყველაზე დიდი მოკავშირე გახდება სიყვარულის და სიბრძნის ძიების გზაზე." "იქამდე უნდა იტეხო გული, სანამ ბოლომდე გაიღება."
"დაე, ის მშვენიერება, რომელიც გვიყვარს იყოს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ." "დაე, გმართოს და გატაროს იმან, რაც მართლა გიყვარს." "დაკავდი იმით, რასაც მართლა აფასებ და დაე მოგპარონ ყველაფერი სხვა."
"გონება უძლურია სიყვარულის გამოხატვაში." "დასაძინებლად დააწვინე შენი ფიქრები, არ მისცე მათ საშუალება შენი გულის მთვარის ნათება დაჩრდილონ. მოეშვი ფიქრს!" "მხოლოდ გულიდან შეგიძლია მიწვდე ზეცას." "შენს გულში სანთელია, რომელიც ასანთებად არის მზად. შენს სულში სიცარიელეა, რომელიც ამოვსებას ელოდება. შენც გრძნობ ამას, არა?"
"თუკი მართლა ხარ ადამიანი, მთელი ფსონი სიყვარულზე უნდა ჩახვიდე. თუ არ ხარ, შეკრება დატოვე!"
"იყავი მადლიერი ყველასი, ვინც შენს ცხოვრებაში ჩნდება, რადგან ისინი შენს გზამკვლევებად არიან მოვლენილნი." "თუკი ხეხვა გაღიზიანებს, როგორ გაიწმინდები?" "როდესაც ხალიჩას ფერთხავენ, ხალიჩის წინააღმდეგ კი არ არიან, არამედ მტვრის."
"ჩვენ სიყვარულმა გვშვა. სიყვარულია ჩვენი მშობელი." "შენი დავალება სიყვარულის ძიება კი არა იმ ბარიერების პოვნაა შენში, რომელიც მის წინ ააშენე." "მე სიყვარულის გარდა არ მყავს კომპანიონი, არ მაქვს დასაწყისი, არ მაქვს დასასრული, დასაბამი."შენ, რომელმაც არ იცი სიყვარული, გამათავისუფლე" - ითხოვს სული." "ყველაფერი ყალბი გულს აწუხებს, მხოლოდ ჭეშმარიტებას მოაქვს სიხარული და სიმშვიდე."
"როცა მოვკვდები, ანგელოზად გარდავიქმნები, ანგელოზებთან ერთად ვილივლივებ ცად და როცა ანგელოზად მოვკვდები, გავხდები ის, რისი წარმოდგენაც შენს ძალებს აღემატება."
"ყველა რელიგია, ყველა სიმღერა, ერთი მელოდიაა. განსხვავება მხოლოდ ილუზიაა. მზის შუქი ყველა კედელზე სხვადასხვაგვარია, მაგრამ შუქი ერთია." "რა უნდა გითხრათ, მუსლიმებო, მე არ ვიცნობ საკუთარ თავს, არც ქრისტიანი ვარ, არც ებრაელი, არც ზოროასტრიზმის მიმდევარი, არც მუსლიმი." "მე არც აღმოსავლეთი ვარ, არც დასავლეთი, არავითარი საზღვარი არ არსებობს ჩემს სულში."
"შენ შესანიშნავად ერკვევი გასაყიდ საქონელში და საკუთარი სულის ფასზე წარმოდგენა არა გაქვს. ეს სისულელეა."
"აირჩიე ის, ვინც ანგარიშებს არ აწარმოებს და არ გახსენებს რამდენი შეგეშალა და რამდენი გააკეთა შენი გულისთვის, ის, ვისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი გამდიდრება არ არის, ის, ვისაც არ ეშინია დანაკარგების – ის თავისუფალია."
"დამშვიდობებას მხოლოდ ისინი ახერხებენ, ვისაც თვალებით უყვართ, რადგან მათთვის, ვინც გულით გრძნობს და სულით უყვარს, განშორებები არ არსებობს."
"აუწიე სიტყვებს, ხმას არა. ეს წვიმა ზრდის ყვავილებს და არა მეხი."
"ღმერთის ენა სიჩუმეა და ყველაფერი სხვა საცოდავი თარგმანია." "სიტყვები მხოლოდ საბაბია. ეს შინაგანი კავშირები გვიზიდავენ ერთმანეთისკენ და არა სიტყვები."
"შენ გგონია ცოცხლობ, რადგან ჰაერის ჩასუნთქვა შეგიძლია? გრცხვენოდეს, რომ ასე შეზღუდული არსებობ. ნუ იცხოვრებ უსიყვარულოდ და არც მკვდრად იგრძნობ თავს. მოკვდი სიყვარულში და იცოცხლე მარადიულად." ასევე დაგაინტერესებთ:10 "ნახვრეტი სულში", საიდანაც მთელ სასიცოცხლო ენერგიას ვკარგავთ და როგორ აღვიდგინოთ ძალებიმიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილიარ ეწყობა თქვენი ცხოვრება? - თქვენ არღვევთ სამყაროს ამ 7 კანონს2 მაგიური სიტყვა, რომლის ხშირი გამოყენება მთლიანად ცვლის ცხოვრებასადამიანის სულიერი განვითარებისა და სიჯანსაღის 20 ნიშანისტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები 8103 3-ს მოსწონს |
პატვისცემით, ავთო