განათლება "ბავშვის გაზრდა შეუძლია მას, ვინც თვითონაც იზრდება!" - შალვა ამონაშვილის საჩუქარი მასწავლებლებს! 2019, 20 მაისი, 11:44
შალვა ამონაშვილის მორიგი სემინარი მასწავლებლებს მიეძღვნათ - ეს იყო ნამდვილი საჩუქარი 550-ზე მეტი პედაგოგისთვის, რომლებიც ესწრებოდნენ შეხვედრას. ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლები, ბავშვებთან სწორი მიდგომა, ბავშვების, საგნისა და სკოლის სიყვარული - ეს და ბევრი სხვა რამ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან გაანდო მასწავლებლებს და რაც მისი აზრით, აკლია დღევანდელ სკოლას.
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს შალვა ამონაშვილის პრაქტიკული რჩევებიდან:
- სკოლა სანსკრიტული სიტყვაა და ნიშნავს სულის აღმავლობის კიბეს, კიბე კი არის მასწავლებელი, რომელმაც ბავშვი ამ სულიერ გზაზე უნდა აიყვანოს!
- ყოველი ბავშვი არის მოვლენა, რომელსაც აქვს საკუთარი მისია ამქვეყნად და ის უნდა მივიღოთ, როგორც მოვლენა.
- გყავთ კლასში ცელქი, მოუსვენარი ბავშვები? ის მასწავლებელი გახდება საუკეთესო, რომელიც ზუსტად ასეთ ბავშვს დააყენებს საკუთარ ბილიკზე, თავს შეაყვარებს და მისი ცხოვრების მასწავლებელი გახდება და თუ გული გიძგერს და ხარ ადამიანი, არ შეიძლება ასეთ ბავშვს ხელი ჰკრა!
- ყველა ბავშვს უნდა დიდობა, განვითარება და თავისუფლება!
- ცხოვრებაში ყველას ელოდება ერთი მასწავლებელი, რომელიც ცხოვრების მასწავლებელი გახდება, იყავით ასეთი თქვენ!
- ბავშვი ვერ გამოვა მოაზროვნე, თუ მხოლოდ გისმენთ, იწერს და გაკვეთილს გაბარებთ. დღევანდელი ბავშვები ამ მწირ ჩარჩოებში ვერ ეტევიან. ისინი არიან სინათლის ბავშვები და თქვენ კი სინათლის მასწავლებლები უნდა იყოთ.ბავშვები კი არ არიან ჰიპერაქტიურები, მასწავლებლები არიან ჰიპერპასიურები.
- დღევანდელმა სკოლამ „აღზრდა“ გამოაძევა სკოლიდან, დარჩა მხოლოდ „სწავლება“.
- ავტორიტარული პედაგოგიკის მიმდევარ მასწავლებელს უნდა, რომ ბავშვები მასზე მორგებულები იყვნენ - ისინი მოქმედებენ მართვის ფსიქოლოგიით. მასწავლებელმა ბავშვი კი არ უნდა გაწვრთნას - უნდა აღზარდოს!
- პატივი ეცით ბავშვის უცოდინრობას, განა თქვენ ყველანი ათოსანი მასწავლებლები ხართ?
- თითოეულ ბავშვს აქვს თავისი გზა და ბილიკი, სანამ ამ ბილიკზე დადგება, მას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდება. ნუ აურჩევთ შვილებს პროფესიებს, ეს მათი არჩევანი უნდა იყოს. დაე ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერაც მოესურვებათ, იმდენჯერ შეიცვალონ პროფესია, სანამ თავის ბილიკს არ დაადგებიან.
- საგნები დღეს რა მეთოდებითაც ისწავლება, ეს არის დღევანდელი არასწორი სტანდარტების ბრალი, ჩვენ გაკვეთილებზე ბავშვს ცოდნათა სასაფლაოზე დავატარებთ, სადაც საგნებია დამარხული, არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი არ აქვს და მოვალეობის მიზნით უნდა ახსნათ და მათ ისწავლონ.
- საკუთარ თავთან მიიყვანეთ ბავშვები, გაკვეთილების გარდა ისიც კითხეთ, რა უყვარს, რა უხარია, რას გრძნობს, რა ხდება მის სულში.
- ბავშვს განვითარებისთვის სჭირდება ფიქრი, იდეები, ჰიპოთეზები, აზრები, აზროვნება... ნუ მისცემთ მათ გამზადებულ პასუხებს.
- ბავშვს მოექეცით ისე, როგორც თანასწორს.
- ბავშვს ყოველდღე საჩუქრად მიართვით გაკვეთილი, გააოცეთ, შეაყვარეთ თავი.
- ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჩაცმულობას, დგომის პოზას, საუბრის ტონს, ჟესტებს, მიმიკებს. ბავშვები ყველაფერს ამჩნევენ, თქვენს თითოეულ მოქმედებას.
- ბავშვან ურთიერთობის ერთადერთი გზა - მეგობრობაა!
- ბავშვის გაზრდა შეუძლია მას, ვინც თვითონაც იზრდება!
- თითოეული ბავშვისთვის მასწავლებელი უნდა იყოს თავშესაფარი, საყვარელი ადამიანი, მესაიდუმლე, მეგობარი, დამცველი.
- ყოველთვის გახსოვდეთ დავით გურამიშვილის ეს სიტყვები და ეცადეთ, რომ თქვენმა ყველა მოსწავლემ იცოდეს: „ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო“
ავტორი: სალომე გორგოშიძე
|