ასტროლოგია მიწაზე ყველაზე მყარად მდგომი ზოდიაქოს ნიშნები - როგორები არიან კურო, ქალწული და თხის რქა 2019, 8 მაისი, 18:22 გთავაზობთ მიწის სტიქიის წარმომადგენელი ზოდიაქოს ნიშნების - კუროს, ქალწულის და თხის რქის დახასიათებას: კურო მნიშვნელობა არ აქვს, რა ხდება თქვენი ასტროლოგიური რუკის დანარჩენ ნაწილში, ყველა კუროში არის რაღაც, რაც მათ მიმართ პატივისცემით განაწყობს ადამიანებს. მყარი და სოლიდური ადამიანი ხართ, დინჯი და წინდახედული, შეგიძლიათ წინასწარ შეაფასოთ რისკები და არასოდეს მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მერე სანანებელი შეიძლება გაგიხდეთ. წაიკითხეთ ასევე: ზოდიაქოს სამი ყველაზე "ჰაეროვანი" ნიშანი - ტყუპების, სასწორისა და მერწყულის ყველაზე ზუსტი დახასიათება ზოდიაქოს 3 ყველაზე "ცეცხლოვანი" ნიშანი - ვერძების, ლომებისა და მშვილდოსნების ზუსტი ასტროლოგიური დახასიათება მთავარი თქვენთვის სამყაროსთან ჰარმონიული თანაარსებობაა. გიყვართ კარგი ცხოვრება და აფასებთ ნებისმიერი სიამოვნების წყაროს სექსი იქნება ეს, გემრიელი საჭმელი, ყვავილების სუნი, ლამაზი ხედი, სასიამოვნო მელოდია თუ უბრალოდ კომფორტული ბალიში. კუროები შეგრძნებებით ცხოვრობენ, ხუთივე გრძნობის ორგანო დახვეწილი და აქტიური აქვთ, მეექვსე გრძნობა კი… უცხოა მათთვის. სჯერათ იმის, რასაც ხედავენ, ესმით, სუნს გრძნობენ, გემოს გრძნობენ, ან ეხებიან. როცა მუშაობთ, მუშაობთ ბეჯითად და სრული დატვირთვით. ვერ ვიტყვით, რომ უცებ აკეთებთ ყველაფერს, მაგრამ აკეთებთ თანმიმდევრულად, სტაბილურად და ნაყოფიერად. უსაფრთხოება თქვენთვის უმთავრესია, მტკიცე გარანტიები გჭირდებათ, მოქმედებაში რომ მოხვიდეთ. ეფექტური მაშინ ხართ, როცა ფეხქვეშ მყარ ნიადაგს გრძნობთ. დღევანდელი კვერცხი გირჩევნიათ ხვალინდელ ქათამს, რადგან დღევანდელი ნაღდია, ხვალინდელი კი სათუო. მშრომელი ხართ, მაგრამ მოტივაცია უნდა გქონდეთ და ეს მოტივაცია არც თანამდებობაა, არც სახელი, არც პოპულარობა…მოტივაცია არის მატერიალური კეთილდღეობა – ფული. იტყვით კომფორტი ყველას უყვარსო, მაგრამ კუროსთვის კომფორტი იმაზე მეტია, ვიდრე დანარჩენი ნიშნებისთვის. კუროსთვის კომფორტი მამოძრავებელი ძალაა. სწორედ სიამოვნების მიღებისკენ, კომფორტისკენ, უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ მიდრეკილება და აქედან გამოწვეული სიდინჯე მათ ხშირად ზარმაცის იმიჯს უქმნის. არადა სამსახურის საათების თავისუფალი დროისგან გამიჯვნა ბედნიერების უმთავრესი ასპექტია, რაც თქვენ კარგად გესმით. არასდროს მიგაქვთ პირადი ცხოვრება სამუშაო კაბინეტში და არც სახლში მოგაქვთ სამსახურიდან საქმე. როცა მუშაობთ, მუშაობთ ბოლომდე და როცა ერთობით… არა, კი არ ერთობით, ისვენებთ… ისვენებთ ბოლომდე. მზით კურო ადამიანები მიწის ნიშნები არიან, გეგონება მიწაში აქვთ გადგმული ფესვებიო, ისეთი სიჯიუტის გამოვლენა შეუძლიათ, რამის გაკეთება რომ აიძულო, მართლა უნდა ამოთხარო მიწიდან. ასე ხდება მენტალურ დონეზეც. იციკლებით მიღებულ გამოცდილებაზე და ახალ სარისკო წამოწყებებს, კარგად დაცდილი ხერხებით მოქმედება გირჩევნიათ. ეს ტრადიციების ერთგულად და საშინლად ჯიუტ ადამიანად წარმოგაჩენთ. გიჭირთ ადაპტირება და სიახლეებს ძალიან მძიმედ ეგუებით. ხასიათის კიდევ ერთი, ძირითადი შტრიხია მესაკუთრეობა, რომელსაც ცხოვრების ყველა სფეროში ავლენთ. თქვენ მოგწონთ ფლობა – ნივთები იქნება ეს თუ ადამიანები. გიყვართ, აფასებთ და უვლით ყველაფერს, რაც თქვენია - სახლი, შინაური ცხოველები, ბიზნესი… თუ საყვარელი ადამიანები. სიყვარულში და ურთიერთობაში ბევრს ეს მესაკუთრეობა ეჭვიანობად ეჩვენებათ ხოლმე, არადა მესაკუთრეობა და ეჭვიანობა სულ სხვადასხვა რამეა. თქვენ ეჭვიანი არ ხართ, უბრალოდ ვინც გიყვართ, იმას თქვენად მოიაზრებთ და ფიქრობთ, რომ ეს უფლებას გაძლევთ იზრუნოთ მათზე. თქვენ დამგროვებელი ხართ. ეს კუროს არც ცუდი, არც კარგი, უბრალოდ ბუნებრივი თვისებაა. აგროვებთ ყველაფერს საოჯახო ნივთები იქნება ეს, მარკების კოლექცია, წიგნები, ინფორმაცია თუ ადამიანები. ასე ხართ მთელი ცხოვრება. ყველაფერი სახლში მიგაქვთ. "ოჯახი ხრამია". თანაც ამას საოცარი დაჟინებით აკეთებთ, არასოდეს გბეზრდებათ. ამაშიც კი საოცარი ერთგულების გამოჩენა შეგიძლიათ. თანაც ერთგულება გიფასდებათ – იშვიათად, რომ კურო ფულს და ნივთებს არ იზიდავდეს. ხართ ესთეტი და ამავე დროს პრაქტიკული, რაც ძალიან რომანტიკულ საყვარლებად გაქცევთ. საწინააღმდეგო სქესს თქვენ მოსწონხართ და გაფასებენ. თქვენ გვერდით მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს, რადგან საიმედო პარტნიორი ხართ. მომთმენი ხართ, ამტანი, აღუშფოთველი… თქვენი წყობილებიდან გამოყვანა რთულია, თუმცა თუ გამოხვედით, შეიძლება მაგიდა დაამტვრიოთ თავზე ვინმეს (ოღონდ ეს თქვენი მაგიდა არ იქნება). დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა სიხარბისკენ, სიძუნწისკენ, ღორმუცელობისკენ იყოთ მიდრეკილი, მხოლოდ მატერიაზე ზრუნვით იყოთ დაკავებული. კარგი იქნება, თუ ცოტა უფრო მოქნილი გახდებით, ადვილად ადაპტირებადი და უარს იტყვით საშინელ სიჯიუტესა და სიზარმაცეზე. ქალწული ქალწულების შესახებ თუ ასტროლოგების მოსაზრება წაგიკითხავთ, შეამჩნევდით, რომ სისუფთავეზე შეშლილი, პედანტი ადამიანის ტიპაჟს ხატავენ, მაგრამ თანამედროვე ქალწულებს შორის ასეთი ტიპური შემთხვევა იშვიათად გვხვდება. ქალწულმა დროთა განმავლობაში ევოლუცია განიცადა, თუმცა უნდა ითქვას, რომ "წინაპრისგან" ბევრი თვისებაც შემორჩა. ის ძალიან შრომისმოყვარე, სწავლას მოწყურებული ინდივიდია, რომელსაც ყველაფრის საკეთებლად სჭირდება ინსტრუქცია და გამუდმებით საკუთარი თავის სრულყოფისკენ ისწრაფვის. ერთი შეხედვით მოკრძალებული და მორცხვი ადამიანის შთაბეჭდილებას შეიძლება ტოვებდეთ, თუმცა ეს მხოლოდ ზედაპირულად. თავდაჭერილი ურთიერთობის საწყის ეტაპზე შეიძლება იყოთ, თორემ მერე, როცა მოშინაურდებით, ენას ვერ გაგაჩერებინებთ ადამიანი. მეტიც, "ენა რომ არ ჰქონდეს, ყვავი წაიღებდაო", გაგიგიათ გამონათქვამი?... თქვენთან კამათი არ ღირს, ნებისმიერს მიიმწყვდევთ კუთხეში. ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე მეტს ქალწული შრომობს, თუმცა ძირითადად ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო და ამავდროულად დაუფასებელი საქმის კეთება უწევს – ეს არის მისი კარმული მისია. ტიპურ წარმომადგენლებში ხშირია "პატარა ადამიანის" კომპლექსით დაბადებული ტიპაჟები. არიან ისეთებიც მეორე უკიდურესობაში რომ ვარდებიან – "მაინც ვერ ვიღებ ვერანაირ შედეგს და რა აზრი აქვს რომ ვაკეთო? ისე მაინც არ გამოდის, როგორც მინდა და ხომ არ სჯობს საერთოდ მოვეშვა?". ქალწულის ყველაზე ცუდ გამოვლინებაში ინდივიდი ჭირვეული, წუნია, მუდმივად უკმაყოფილო ხდება, გულქვა და მეწვრილმანე, წუწუნა და მშიშარა… სხვებს უყენებს იმ მოთხოვნებს, რომლის შესრულებაც თავადაც არ შეუძლია. საუკეთესო ვერსიაში კი ყველაზე მეტი ამბიცია საკუთარ თავთან გექნებათ – მთავარია თვითონ იყოთ საკუთარი ნამუშევრით კმაყოფილი და სხვებისთვის რამის მტკიცებას არ დაიწყებთ. ქალწულებს არც უყვართ სცენაზე დგომა და ყურადღების მიქცევა, თუ რუკაში ცეცხლის სტიქიის გავლენა არ არის გამოკვეთილი. გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომლითაც ხანდახან სულ ტყუილად იტანჯავთ თავს. ხშირ შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა თავს დაირწმუნებთ მე არაფერ შუაში ვარო, მაინც განიცდით. ქალწულები ვორკაჰოლიკებიც არიან, მაგრამ შეიძლება თქვენ ასეთი სულაც არ იყოთ. მიუხედავად ამისა, თუკი ჯგუფი რამეს აკეთებს და თქვენ ჩართული არ ხართ, მშვიდად ვერ იგრძნობთ თავს და თუნდაც თავზე გეყაროთ საქმეები, კიდევ შეიძლება რამეს წაეპოტინოთ, სხვას წააშველოთ ხელი, მერე კი ნევროზითა და გადაღლილობით დაიტანჯოთ. გაქვთ პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება, როცა ზუსტად იმ შედეგს ვერ იღებთ, რასაც გეგმავთ, საკუთარ თავს მიიჩნევთ არასრულყოფილად. იმდენად გაქვთ ეს თვისება ხასიათში გამჯდარი და იმდენად გეშინიათ იმის, რომ რაღაცას საკმარისად კარგად ვერ გააკეთებთ, შეიძლება თავსაც ირწმუნებდეთ, რომ თითქოს არ გადარდებთ, მაგრამ ეს საკუთარი თავის მოტყუების მცდელობა იქნება მხოლოდ. შინაგანად მაინც იღელვებთ და ინერვიულებთ ხოლმე. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არსებობს – სხვების საქმის კეთებას მოეშვით, ერთი პროფესია აირჩიეთ და ეცადეთ იქ სრულყოთ საკუთარი თავი. ხართ ძალიან ცნობისმოყვარე, გაქვთ მახვილი თვალი და დეტალების შემჩნევის უნარის წყალობით ადამიანების, საგნებისა თუ მოვლენების წაკითხვა შეგიძლიათ. მოგწონთ ანალიტიკური სამუშაო, თქვენი ტიპის ადამიანებისგან კარგი მკვლევარები დგებიან. წარმატებით შეგიძლიათ ნებისმიერი მოვლენის დეტალებამდე დაშლა და გაშიფვრა, იმდენად წარმატებით, რომ შეიძლება მთლიანი სურათის დანახვა გაგიჭირდეთ. ის ქალწულები, რომლებიც ზედმეტად არიან მოცული მატერიალური სამყაროთი და ყოველდღიურობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებენ საკუთარი თავის გაცნობას, თუ სიმამაცე ეყოფათ ეს ყველაფერი ცოტა ხნით მაინც ავტოპილოტზე ჩართონ და დინებას მიყვნენ. უნდა ეცადოთ რაღაცეები "გაატაროთ", შეეგუოთ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე არ იქნება, როგორც გსურთ და ყველაფერს ლოგიკურად ვერ მიხვდებით. მიეცით თავს შეცდომების დაშვების უფლება და ნუ შეჭამთ ამის გამო. ნუ დარდობთ ყველაფერზე, ნუ განიცდით. რა საჭიროა შვებულებაში ყოფნის დროს იმაზე ფიქრი, რომ უამრავი საქმე დაგხვდებათ სამსახურში? რას მოგცემთ დარდი იმაზე, რომ მეილებზე გაქვთ პასუხი გასაცემი, მაშინ როცა ინტერნეტი არ გაქვთ? როცა ცუდად ხართ, კიდევ უფრო მეტად ართულებთ სიტუაციას ნერვიულობითა და ფაციფუცით. თქვენ არ გიყვართ, როცა ვინმე მზადების პროცესში, საქმის კეთების პროცესში გხედავთ, თავდაჯერება გაკლიათ, თუმცა როცა საქმე თქვენს ნაშრომს ეხება, სიამაყით ავსებასაც ახერხებთ. მოკლედ, იქნებ არც იმჩნევდეთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ თქვენი მეთოდები საუკეთესოა. ხშირად არც ცდებით. ხართ ერთგული, სხვებისთვის დახმარების ხელის გაწვდენაზე ორიენტირებული ადამიანი. თქვენს პიროვნებაში ინტელექტუალობისა და პრაქტიკულობის უცნაური შერწყმის გამო, ცოტა ცივადაც შეიძლება მიგიჩნევდნენ. მოგწონთ კომპლიმენტები, თუმცა ამით ვერავინ მოგთაფლავთ. თქვენ პატივისცემას და დაფასებას საქმით ითხოვთ და არა ცარიელი სიტყვებით, რადგან თავადაც ასე გამოხატავთ თავს. თხის რქა თქვენ ძალიან რეალისტი ადამიანი ხართ და რასაც არ უნდა აჩვენებდეს თქვენი დაბადების დანარჩენი რუკა, მაინც ძალიან მყარად დგახართ მიწაზე. კარგად ერკვევით მატერიალურ სამყაროში, საოცრად მიზანდასახული ხართ და იცით, რა როგორ უნდა გააკეთოთ. "მე ვიყენებ" – ეს არის თქვენი კასტის დევიზი. იყენებთ ყველაფერს საკუთარი ტაქტიკური უნარებით, მოხერხებულობით, ცბიერებით დაწყებული სხვა ადამიანებით თუ მოვლენებით დამთავრებული და მიზანს ყოველთვის აღწევთ. დროს ფუჭად არასოდეს კარგავთ. რამეს რომ ხელი მოკიდოთ, უნდა გიღირდეთ. "დრო ფულია", "ამდენი დრო არ მაქვს" და სხვა მსგავსი ფრაზები ძალიან აქტუალურია თქვენს ლექსიკონში. ვერ იტანთ ამაო და არაფრის მომცემ საუბრებს. სიტყვაძუნწიც იქნებით თუ პირადი რუკა ამ ასპექტს არ ანეიტრალებს (მაგალითად, "კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს" თხის რქაა, თუმცა მის ჰოროსკოპში მზე მერკურთან არის შეერთებული, ტყუპების გავლენა შეიმჩნევა, მერკური კი "ლაქლაქა" პლანეტაა და ტყუპებიც თავისას შვრება). ბევრის მოსწრებას აპირებთ, გინდათ რამე ღირებული შექმნათ, გინდათ სასარგებლო და საჭირო გააკეთოთ თქვენთვის და მთელი სამყაროსთვის და სულ გეშინიათ, რომ ვერ მოასწრებთ. კმაყოფილი მხოლოდ მაშინ ხართ, როცა ეფექტური ხართ, თუმცა უმთავრესი მოტივაცია მაინც აღიარებაა. შესაძლოა მოკრძალებული, თავმდაბალი და თავდაჭერილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეთ, მაგრამ რეალურად (ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად) სხვებისთვის რაღაცის დამტკიცების სურვილით იმართებით. შიგნიდან გამუდმებით რაღაც გღრნით. დაზიანებული მზის შემთხვევაში კომპლექსების გადაფარვას ცინიკოსობით, ქედმაღლობითაც შესაძლოა ცდილობდეთ. გინდათ რომ პატივს გცემდნენ, კარგი სახელი გქონდეთ… "სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობსო" - ყველაზე მეტად რეპუტაციას უფრთხილდებით. სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ნიშანზე უკეთ ახერხებთ კიდეც იერარქიულ კიბეებზე მყარი ნაბიჯით სიარულს. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ძალიან ზრუნავთ იმიჯზე, მოგწონთ გემოვნებიანი, სადა და დახვეწილი ჩაცმულობა, ბრენდები, კარგი მანქანები, ძვირფასი საათები და მაღალ სოციალურ წრეში ტრიალი, თუმცა ლომივით პომპეზურად არა. თქვენ ნებისმიერ ფასად ყურადღების მიქცევა კი არ გჭირდებათ, გსურთ, რომ მეტრად იქცეთ, ავტორიტეტი მოიპოვოთ. ამიტომ მნიშვნელოვან წვეულებაზე წასვლისას გამომწვევ ოქროსფერ ან წითელ კაბას, სადა, შავი ფერი "შანელის" სამოსის ჩაცმას ამჯობინებთ. თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე – დაგეგმვაა. დღევანდელი დღე არასოდეს გაკმაყოფილებთ. ვერ იტანთ გაურკვევლობებს. წინასწარ უნდა იცოდეთ, რას აპირებთ. სულ გაქვთ ხვალინდელი გეგმები. არასოდეს თმობთ. საშინლად ჯიუტი ხართ, პრაქტიკული, პრაგმატული, რეალისტი და უკიდურესად რაციონალური. გრძნობებს არასოდეს ჰყვებით და გამოსავალსაც ყოველთვის ლოგიკურს პოულობთ. "თუ ფრენა არ ძალგიძს – ირბინე. ვერ გარბიხარ? – იარე, თუ სიარულიც არ შეგიძლია იხოხე… მაგრამ არასოდეს შეწყვიტო წინსვლა", – წერდა მარტინ ლუთერ კინგი, ჭეშმარიტად ღირსეული თხის რქა. გინახავთ როგორ მიბაკუნობენ თხები კლდის დამრეც ფერდობებზე? როგორ იკიდებენ ფეხს მიუვალ ადგილებში? ასე ხართ თქვენც. ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეგიძლიათ და ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად და აუღელვებლად წარმოუდგენელ სიმაღლეზე ასვლა. თუკი რუკა ხელს გიწყობთ ხელმძღვანელ თანამდებობებს მშვენივრად შეიფერებთ. ხალხში შესაძლოა იშვიათად იმჩნევდეთ, მაგრამ ძალიან მარტოსული ადამიანი ხართ. ამასთანავე შინაგანი სამყაროს გამოხატვაში ძალიან თავშეკავებული და თავდაჭერილი. გარშემომყოფები ვერ წარმოიდგენენ რამდენი სევდა, დარდი იმალება თქვენი რკინის იმიჯის მიღმა. მიდრეკილება გაქვთ დეპრესიისკენ, მელანქოლიისკენ. დაზიანებული მზის შემთხვევაში, შესაძლოა კომპლექსები ქედმაღლობით, ირონიულობით გამოავლინოთ. ემოციების აფიშირება არ გჩვევიათ, თუკი მთვარე რომელიმე ცეცხლოვან ნიშანში არ გყავთ და როგორ ახლობლადაც არ უნდა მიგაჩნდეთ, მაინც ყველასთან, საკუთარი ოჯახის წევრებთანაც კი, ინარჩუნებთ დისტანციას. ამ ყველაფრის გამო, ცოტა უხასიათო და შეიძლება ითქვას, ცოტა უჟმური ადამიანის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდეთ, მაგრამ უკლებლივ ყველა ძალიან დიდ პატივს გცემთ. დაბადებით სერიოზული და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე თხის რქები, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ხანდახან იუმორისტის პროფესიასაც ირჩევენ, რადგან შესანიშნავი იუმორიც აქვთ და ბუნებრივად ცინიკურები და სარკასტულები არიან. მათ კი საკუთარი უნარების ფუჭად დაკარგვა არ უყვართ. ყველა ნიჭის რეალიზებას ახერხებენ. არ გიყვართ რისკი, გირჩევნიათ კარგად დაცდილი და ნამდვილი საქმეები. ერთ ადგილზე კი არ იჭედებით ხოლმე, უბრალოდ პატივს სცემთ იმათ, ვინც თქვენამდე იშრომა და რაღაც წარმატებას მიაღწია. საერთო ჯამში ძალიან ორგანიზებული, სანდო და საიმედო ადამიანი ხართ, ყველა ახლობლის ძლიერი დასაყრდენი. სტატიის მომზადებისას გამოყენებულია mental.ge-ს მასალები 5999 2-ს მოსწონს
|