განათლება ზოგადი უნარების გამოცდა ''აღიგავა პირისაგან მიწისა'' - წარსულს ჩაბარდა 2019, 7 მაისი, 17:22 პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა დეპუტატების სერგი კაპანაძის და ოთარ კახიძის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ზოგადი უნარების გამოცდის კანონის დონეზე სავალდებულო წესით ჩატარებას უზრუნველყოფდა.
პროექტის თანახმად „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში უნდა შეცვლილიყო გარკვეული მუხლები, რომელიც ზოგადი უნარების გამოცდების სავალდებულო წესით ჩატარებას დააკანონებდა. ხოლო 54-ე მუხლს უნდა დამატებოდა პუნქტები, რითაც სასწავლო გრანტის მინიჭებისას, სავალდებულო იქნებოდა ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების გათვალისწინება. „სამწუხაროა ის, რომ არც ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე სამინისტროს პასუხი არ აქვს, მათ არ იციან როგორ მოხდება მობილობა თუ ის სისტემა იქნება განხორციელებული, რომელსაც გვთავაზობს სამინისტრო. მათ არ იციან კონკრეტულად რომელი საგნები ჩაანაცვლებს ზოგად უნარებს. მაგრამ მაინც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ კენჭისყრის შემდეგ. „ინიციატივა შესაბამის არგუმენტაციას იყო მოკლებული. საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არც ერთი გამოცდა არ ყოფილა შეტანილი სავალდებულო ნუსხაში. არგუმენტი, რომ ზოგადი უნარების გამოცდა სოციალური უთანასწორობის თვალსაზრისით ყველაზე მართებულია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან აბიტურიენტების 3/4 გამოცდისთვის ემზადებოდა, რომლის პროგნოზი საკმაოდ დაბალია. გამოცდის გაუქმება არ ხდება, სავალდებულო სიიდან არჩევით სიაში გადადის, რაც ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება”, – ამბობს განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. რაც შეეხება მობილობას, კომიტეტის სხდომაზე ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში პრეზენტაცია ჩატარდება. 218 შეფასება არ არის
|