განათლება ახალი სასწავლო წლიდან სკოლა უფლებამოსილი ხდება მობილობით გადამსვლელ მოსწავლეებს გამოცდა ჩუტაროს 2019, 2 მაისი, 22:04 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მობილობის წესში განათლების მინისტრის ბრძანებით ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს, რომ სკოლა, სადაც მოსწავლე მობილობით გადავა, უფლებამოსილი ხდება გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მისი ცოდნისა და უნარების დონე კონკრეტულ საფეხურთან მიმართებაში.
-
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვის შემდგომ, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, დაადგინოს მოსწავლის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით”, – ვკითხულობთ კანონში. ასევე სკოლა, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით კონკრეტული საგნის გაძლიერებულ სწავლებას ახორციელებს, უფლებამოსილი ხდება ასევე ჩაატაროს გამოცდა ამ გაძლიერებულ საგანში ან საგნებში. “სკოლა, რომელიც ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული რომელიმე საგნის გაძლიერებულ სწავლებას, უფლებამოსილია მობილობის მსურველი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ელექტრონულად მოსწავლის მობილობის განხორციელებამდე, გაძლიერებული სწავლების საგანში/საგნებში ჩაატაროს გამოცდა მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეული კლასის/კლასების სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან მოსწავლის ცოდნისა და უნარების თავსებადობის დადგენის მიზნით”, – წერია დოკუმენტში. “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიღებული შედეგების საფუძველზე, (იგულისხმება გაძლიერებული საგნის ან საგნების გამოცდაში მიღებულ შედეგებზე) უარი უთხრას მოსწავლეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე, ან დაიწყოს ელექტრონულად მოსწავლის მობილობის განხორციელების პროცედურა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში შეავსოს მობილობის მოთხოვნის ელექტრონული ფორმა და მოთხოვნის დადასტურების შემდეგ მოსწავლე ჩარიცხოს იმ კლასში, რომლის წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამაც აქვს დაძლეული. მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მოსწავლე ჩარიცხოს იმ კლასში, რომელიც უკვე დაძლეული აქვს”, – ვკითხულობთ განახლებულ წესში. 155 შეფასება არ არის
|