x
image
ეკა ლაცკა
"მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც იგრძნობა"- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
2019 წლის სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ისეთ აქცენტზე, როგორიცაა დღეს, მსოფლიოში ათეისტური ტალღის გაძლიერება და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც.

"ათეისტური სულისკვეთების მქონენი ეყრდნობიან თავის გონებას და იმ მონაცემებს, რისი შეცნობის საშუალებასაც ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანო იძლევა; მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ რაიმე ადამიანის ბუნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, _ სულიერ ცხოვრებაზე. მათთვის სიტყვა “ცოდვა“, “განწმენდა-კათარზისი“, ისეთივე გაუგებარია, როგორც “თავმდაბლობა“ ან “სინანულის განცდა“. ასეთთა შორის, როგორც წესი, სხეული და მიწა ბატონობს და არა ზეცა და სული." - განცხადა უწმინდესმა.

გთავაზობთ, ეპისტოლეს სრული სახით:


image


...

სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის,

უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

“მოდით და ნახეთ გოლგოთა, სადაც ეშმაკი სასიკვდილოდ დაიჭრა და სიკვდილი განქარდა, მოდით და ნახეთ აკლდამა, სადაც დადგინდა ჩვენი აღდგომის წესი; ადგილი, რომელიც უხრწნელების დასაბამად იქცა და სიხარულით აღმოთქვით: “სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი; სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?!“.

ქრისტე აღდგა!

“დასჯილი ევა განღმრთობილია, გაძევებული ადამი, _ მოწოდებული, წყევლა გაუქმებული, სიკვდილი, _ დაძლეული, ეშმაკი _ განგმირული, მისი მსახურნი კი, - სირცხვილეულნი და ძლეულნი“ (წმ.იოანე ოქროპირი).

იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით ყველა ადამიანში დაძლია სიკვდილი, რაც ორ ეტაპად განხორციელდა:

განკაცებისას მან ცოდვის არმქონე სრული ადამიანური ბუნება მიიღო, გაამდიდრა იგი საღმრთო ღირსებებით (კაცობრივი ბუნების თვისებების სრული დაცულობით) და ამ გზით განღმრთობის საშუალება მისცა ყველა ადამიანს.

მეორე საფეხურზე კი აღდგომილმა მაცხოვარმა მოკვდავი სხეულის ნაცვლად ახალი, უხრწნელი, არსობრივად შეცვლილი, დაცემამდელი ადამის მსგავსი, სულიერი სხეული შეიმოსა; მისმა ადამიანურმა ბუნებამ სხვა თვისებები შეიძინა და გახდა დასაბამი კაცობრიობის მკვდრეთით აღდგომისა; იგია პირმშო შესვენებულთა, რადგან მიიღო ის სახე, რომელიც ექნებათ მართალთ მეორედ მოსვლის შემდეგ, როცა სიკვდილი უკვე აღარ იარსებებს და იქნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა.

– რა ვიცით ცათა შინა მყოფ მართალთა შესახებ, როგორი სახით არიან ისინი ზეცად?

– მართალნი არიან უკვდავნი, უხრწნელნი, უვნებელნი და ჩვენთვის მიუწვდომელ სხვა მრავალ სიკეთეთა მქონენი, ოღონდ ნეტარების ხარისხით განსხვავებულნი; თუმცა შევნიშნავთ იმასაც, რომ დიდი წმინდანებიც ჯერ არ არიან სრულ ნეტარებაში, რადგან მათ სულებს, მაცხოვრის აღდგომილი სხეულის მსგავსი, თავისი უკვდავი და უხრწნელი სხეული არ შეუმოსავთ. “ღმერთმა ჩვენთვის უმჯობესი წინასწარ გაითვალისწინა, რათა ისინი (მართალნი) უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი (ებრ. 11, 40)”, _ წერს პავლე მოციქული.

– რატომ არის სულით და ხორცით განღმრთობა აუცილებელი?

– ასეთად შევიქმენით! მაგალითად, ანგელოზები მხოლოდ სულნი არიან. ადამიანი კი თავის თავში აერთიანებს სულსა და ხორცს, ანუ ხილულ და უხილავ სამყაროს. სხეულით იგი მატერიას (ნივთიერ, მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს) მოიცავს, სულით კი, – ანგელოზთა თანაზიარია. ბუნებითად ყოვლისშემომკრები, ყოვლისმომცველი მხოლოდ უფალია. მან ინება, რომ ჩვენც მსგავსი პატივი გვქონოდა და ამიტომაცაა ადამიანის დანიშნულება განსაკუთრებული.

– როგორ აღდგება, მაგალითად, ათასი წლის წინ გარდაცვლილის სხეული, როდესაც მისი ძვლებიც კი შეიძლება აღარ არსებობდეს?

– მიწაში დაფლული ხრწნადი სხეული სტიქიონებად იშლება, მაგრამ ღმერთი მას კვლავ შემოკრებს და განსხვავებული სახით აღადგენს; როგორც მაგნიტი ქვიშის გორაში გაბნეულ რკინის ნამცეცებს ადვილად გამოარჩევს, ასევე ჩვენი სულიც, უფლის ყოვლისშემძლეობით, თავის უხრწნელ სხეულს შეიმოსავს, როცა ეს ჟამი დადგება.

– როდის მოხდება ეს?

წმინდა ეკლესიის სწავლებით, ეს მოხდება მაშინ, როდესაც ადამიანთა შორის უკიდურესი სიმძაფრით გამოვლინდება ცოდვა და მათი უდიდესი ნაწილისათვის არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება სიწმინდეს, ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ღვთის სათნო წეს-ჩვეულებებს.., როდესაც ღვთისა და მოყვასის წმინდა სიყვარულს შეენაცვლება ვნებებისადმი თავაშვებული ლტოლვა და ადამიანები იქნებიან გამორჩეულად ამპარტავანნი, თავისმოყვარენი, ამასთან მგმობელნი, მშობლების ურჩნი, ერთმანეთის მოძულენი, ცილისმწამებელნი, შეურიგებელნი, სასტიკნი, თავხედნი, კეთილის მოძულენი… (2 ტიმ. 3, 2-4).

თუმცა ქრისტეს წმინდა ეკლესიას ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან. დიდი განსაცდელების მიუხედავად, იგი ბოლომდე უბიწოდ და შეურყვნელად დაიცავს მაცხოვრის მცნებებს, წმინდა გარდამოცემას, წმინდა მამების სწავლებას, შვიდი მსოფლიო კრებისა და ათი ადგილობრივი კრების განჩინებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს კვლავაც ექნება შესაძლებლობა განწმენდისა და გადარჩენისა; ანუ იმედი არასოდეს ჩაქრება, რასაც თავისი უდიდესი ბრწყინვალებით აღდგომის დღესასწაული გვიცხადებს.

რაც შეეხება ქვეყნიერების აღსასრულის ზუსტ დროს, იგი დაფარულია თვით ანგელოზთათვისაც, თუმცა ცალკეული წინასწარი ნიშნები ამ დღის დადგომისა განკაცებულმა უფალმა გვაუწყა.

ბოლო ჟამის შესახებ საგულისხმოა აგრეთვე წმინდა წერილში გადმოცემული ისტორიაც სოდომისა და გომორის შესახებ, სადაც გაბატონებულმა უკიდურესმა გარყვნილებამ და ზნედაცემულობამ ღმერთი იმდენად განარისხა, რომ მათი განადგურება გადაწყვიტა. აბრაამ მამათმთავარი უფალს ევედრებოდა, რომ ამ ქალაქებში თუ ორმოცდაათი, ან თუნდაც უფრო მცირე რაოდენობით იქნებოდნენ მართალნი, არ აღეგავა ისინი პირისაგან მიწისა. უფალმა დაუთმო და ბოლოს ათზე დათანხმდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლოთის ოჯახის გარდა, მართალი არავინ იყო.

ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვცხოვრობთ, როგორი იქნება ჩვენი რწმენა და სიყვარული; ეს განსაზღვრავს არა მარტო პირადად ჩვენს მომავალს, არამედ, _ ქვეყნის და მსოფლიოს ხვედრსაც.

– რა მოხდება მეორედ მოსვლის შემდეგ?

– მეორედ მოსვლისას საბოლოოდ განისჯებიან ყოველნი, _ ცოდვილნიც და მართალნიც, რათა არცერთ ადამიანს თავისი სიკეთის ამქვეყნად გამოვლენილი მისხალიც არ დაეკარგოს, მის სახელზე ახლობელთა და სხვათაგან აღსრულებული ქველი საქმენი მიეთვალოს და უკანასკნელი მსჯავრი უკეთესი მიეგოს.

ნეტარების ღირსნი ხდებიან როგორც მართალნი, ასევე ის ქრისტიანები, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ ამის სათანადო ნაყოფი. ისინი, ღვთის გულმოწყალებითა და ეკლესიის შუამდგომლობით, მიიღებენ ცოდვათა შენდობას.

ხოლო შემდეგ, უხრწნელი სხეულით შემოსილნი, ხატნი და მსგავსნი უფლისა, კვლავ გააგრძელებენ ღვთისკენ დაუსრულებელ სწრაფვას, რა თქმა უნდა, სხვა სახით და სხვა მდგომარეობით, დანარჩენნი კი მარადიულ სატანჯველს დაიმკვიდრებენ.

სწავლების მიხედვით, თავის გარდაქმნილ, უკვდავ და უხრწნელი თვისებების მქონე სხეულებს, მართალთა მსგავსად, ღვთისაგან განდგომილი ცოდვილნიც შეიმოსავენ, მაგრამ მოუნანიებელ დანაშაულთა და ვნებათა სიმძიმე მათ დაუსრულებელ ტანჯვას განაპირობებს, როგორც მათი ნებაყოფლობითი არასწორი არჩევანისა და მოქმედების შედეგს.

ეკლესიაში მაცხოვრისა და მისი მოწაფეებისაგან დადგენილი ნათლობის წესის აღსრულებით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და სულიწმინდის ნიჭის თანაზიარი ამ ქვეყნად ყველა მართლმორწმუნე ხდება; ამასთან ადამზე აღმატებულის, რადგან ეს მადლი ჩვენს პირველმშობლებს საჩუქრად, დამსახურების გარეშე, ჰქონდათ დედამიწაზე, ედემში; ქრისტიანებს კი იგი ეძლევათ მაცხოვრის უდიდესი გამომსყიდველი მსხვერპლისა და პირადი სულიერი ღვაწლის შედეგად და ამასთან, მარადიული ნეტარების დასამკვიდრებლად; მაგრამ მის შენარჩუნებას ბოროტის მიერ დაგებული ათასგვარი განსაცდელის გამო, მცირედნი თუ აღწევენ.

ამიტომაც ნათლობა არ არის საკმარისი ჩვენს გადასარჩენად და შემოქმედთან აღდგენილი კავშირის შესანარჩუნებლად. მითუმეტეს დღეს, როდესაც განსაკუთრებით დამძიმდა დრო და ჩვენი ცოდვებიც, მხოლოდ აუცილებელია მაცხოვრის მიერ ბოძებული ასევე უდიდესი საიდუმლოც სინანულისა, რომლის მადლითაც უფალი შეიწირავს რა ჩვენს გულწრფელ აღსარებას, ღირსგვყოფს დაუსჯელად მივიღოთ წმინდა ზიარება და ცოდვებიც აღგვეხოცოს.

სამწუხაროდ, ყოველთვის იყვნენ და ახლა, მითუმეტეს, მრავლად არიან კადნიერნი, რომელნიც უარყოფენ ღვთის არსებობას, ან შემოქმედს სამართალს უწუნებენ და მიაჩნიათ, რომ თვითონ უნდა შექმნან ახალი რეალობა, ახალი სამყარო.

ათეისტური სულისკვეთების მქონენი ეყრდნობიან თავის გონებას და იმ მონაცემებს, რისი შეცნობის საშუალებასაც ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანო იძლევა; მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ რაიმე ადამიანის ბუნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, _ სულიერ ცხოვრებაზე. მათთვის სიტყვა “ცოდვა“, “განწმენდა-კათარზისი“, ისეთივე გაუგებარია, როგორც “თავმდაბლობა“ ან “სინანულის განცდა“. ასეთთა შორის, როგორც წესი, სხეული და მიწა ბატონობს და არა ზეცა და სული.

ჯერ კიდევ ბრძენი სოკრატე ამგვარ კითხვას სვამდა ურწმუნოთა მიმართ: “თუ გონება და გრძნობა ტვინის თვისებად მიგაჩნიათ, მაშ რატომ აღარ მოქმედებს ეს უნარი სიკვდილის შემდეგ, ტვინი ხომ ისევ ადგილზე აქვს გარდაცვლილს”? და დასძენდა: “როგორც სულს ვერ ვხედავთ და არსებობს, ასევე ღმერთს ვერ ვხედავთ და არსებობს. როგორც უსულოდ არ არსებობს სხეულის სიცოცხლე, ასევე უღმერთოდ, _ საერთოდ ცხოვრება.”

რა თქმა უნდა, შეიძლება იცხოვრო ქრისტეს გარეშე, მისი სწავლების გარეშე, აქციო შენი თავი ვნებების სათარეშოდ, მაგრამ სიკვდილს ვერ დაემალები და ვერც საშინელ სამსჯავროს გადურჩები.

გარდაცვალება წერტილს უსვამს ჩვენს ყველა მიწიერ ოცნებასა და წარმავალ სურვილს; სიკვდილით აზრს კარგავს ყველაფერი, რაც ასე გვიყვარდა და შევნატროდით, ან რაც გვძულდა და სასიკვდილოდაც გვემეტებოდა. სამარესთან ამსოფლურ საცდურთა ნიღბები ცვივა და მწარე რეალობა დგება.

დღეს, როდესაც მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც იგრძნობა, თვალნათელი გახდა, როგორ დეგრადირდება ადამიანი უფლის გარეშე, როგორ ადვილად გადაგვარებადია იგი, როგორი უგუნური და თვითგანადგურებისაკენ მიდრეკილი ხდება ის.

ბოროტი ძალა, შეფარვით თუ აშკარად, ყოველთვის ებრძოდა ჭეშმარიტებას, მაგრამ XX საუკუნიდან ამან განსაკუთრებული სახე მიიღო: ჯერ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის სახით გაბატონდა ათეიზმი, რომელიც კატეგორიულად და ძალმომრეობითად უარყოფდა ღმერთს და, ამასთან, სიცრუეზე დაყრდნობით, ქმნიდა თავისთვის სასურველი “სანიმუშო, ზნეობრივი ადამიანების” სახეებს; მათი საშუალებით კი გარკვეულ ორიენტირს უსახავდა ცალკეულ პიროვნებებსაც და საზოგადოებასაც.

ახლა კი, შეიძლება ითქვას, გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე; ისინი სრული თავაშვებულების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ყველა საშუალებით და ცდილობენ, ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ.

საერთოდ, ცოდვა როგორც მადლი, გადამდებია და ამის ნაყოფს უკვე ვიმკით საზოგადოების ყველა ფენაში.

თუმცა სიმართლეს სიცრუის მანქანა რეალურად ვერასდროს გაუსწორებს თვალს, მოტყუებით კი, _ მრავალთ აცდუნებს. ამიტომაც აუცილებელია საღვთო ჭეშმარიტების ცოდნა, თანაც ღრმა ცოდნა, რადგან ბოროტი ძალა ამ მხრივაც ფრიად მანიპულირებს.

დღეს მორწმუნე ადამიანს დიდი მოთმინება მართებს, რომ ამდენ ტყუილს, ცილისწამებასა და ღვარძლს გაუძლოს და თვითონაც არ გადაგვარდეს. ჩვენი შესაძლებლობებით ეს მიუღწეველია, ღვთის დახმარებით კი, _ შესაძლებელი. აუცილებელია, უფალთან სულიერი, ლოცვითი ურთიერთობა, ბიბლიისა და წმინდა მამების დარიგებების კითხვა, რომ განვმტკიცდეთ და შეწევნაც ღვთისა მივიღოთ.


აღდგომა გამაერთიანებელია კაცობრიობის წარსულის, აწმყოსი და მომავლისა. ჩვენს წინაშე ძველი აღთქმა წარმოჩინდება, როგორც დაფარული ახალი აღთქმა, ახალი აღთქმა კი, _ როგორც განცხადებული, აღსრულებული ძველი აღთქმა.

ბიბლია იწერებოდა დაახლოებით 1400 წლის მანძილზე სხვადასხვა ავტორისაგან: ნასწავლთა და უსწავლელთა, მეფეთა და მიწათმოქმედთა, სახელმწიფო მოხელეთა, მწყემსთა და მეთევზეთა მიერ. იგი შედგება ისტორიის, წინასწარმეტყველებების, ეპისტოლეების, კანონებისა და რელიგიურ-ზნეობრივი დარიგებებისაგან. მაგრამ თავიდან ბოლომდე ამ შეუდარებელ წიგნს გასდევს ერთი და იგივე ღვთივგანბრძნობილი სულიერი სწავლება, ერთი და იგივე აზრი და დანიშნულება.

ნათქვამის ნათელსაყოფად მხოლოდ ორიოდ მაგალითს მოვიტანთ:

წმინდა ილია, ისაია და დანიელი, იონა, დავით მეფსალმუნე და სხვა წინასწარმეტყველნი პირდაპირ წერდნენ მაცხოვარზე, ახალ სჯულზე და მის მეუფებაზე.

ჯერ კიდევ ძველი აღთქმის დასაწყისში ნაუწყებია ერთარსება სამპიროვანი ღმერთის შესახებ, რომელიც ახალ აღთქმაშია განცხადებული.

იესო ქრისტე იწოდება ძედ დავითისა და აბრაამისა, რითაც საღვთო საკვრელით იკვრება ეს წმინდა წიგნი.

ამასთან, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში ერთი და იგივე მცნებებია უმთავრესად მიჩნეული: “შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორეა: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ (მარკ. 12, 30-31; შდრ. II სჯ. 6, 5. ლევიტ. 19, 18). შევნიშნავთ, რომ ქრისტიანისთვის მოყვასი არის ყველა ადამიანი, მათ შორის პირადი მტერიც.

სიყვარული ეს არის ყველაზე ამაღლებული გრძნობა, სხვისადმი ერთგულად მსახურების თავისუფალი არჩევანი. თუ ჩვენს ქმედებაში ადგილი აქვს შიშს, ან სხვა რაიმე ზეწოლას, ანგარებას, პირფერობას ან ეგოისტურ გამოვლინებებს, ეს სიყვარული აღარ იქნება ღვთისსათნო, გულწრფელი, მართალი და თავისუფალი. მაგალითად: ვერასოდეს ვერ ვუწოდებთ სიყვარულს იმ ურთიერთობას, სადაც ადგილი აქვს ამპარტავნებას, შურს, ავხორცობას, ხელმრუდობას, ლოთობას, ნარკომანიას, ამ და სხვა მავნე მიდრეკილებით გაერთიანებულ ადამიანთა კავშირს, რადგან სინამდვილეში ეს ყოველივე არის ვნებების მონობა და ჭაობივით ჩამთრევი მანკიერებების ტყვეობა.

სიყვარული და თავისუფლება აუცილებელი პირობაა შენში ღმერთის სისავსის გამოვლენისთვის.

გვიყვარდეს ღმერთი ნიშნავს, მთელი არსებით, გაცნობიერებულად და გულწრფელად გვიყვარდეს ყველაფერი მის მიერ ქმნილიც; ეს კი აუცილებელ პირობად, ასევე, გულისხმობს ჩვენი “მეს“ ბატონობისაგან გათავისუფლებას, საკუთარ თავზე ორიენტირებულობის რადიკალურად შეცვლას და ამაში სიხარულისა და ბედნიერების პოვნას.

ეგოიზმისაგან თავის დაღწევა ადვილი არ არის. ბრძენი ადამიანები გვირჩევენ, რომ ჯერ უნდა შევიყვაროთ ზოგადი ღირებულებები და ვიღვაწოთ ცხოვრებაში მათი დამკვიდრებისთვის; მაგალითად, როგორიცაა: სიმართლე, თავისუფლება, მშვიდობა, სოციალური სამართლიანობისთვის ზრუნვა, სამშობლოს კეთილდღეობა… და ა.შ.

ავიღოთ თუნდაც თაობათა შორის ურთიერთობა; იგი ყოველთვის გარკვეულ სირთულეებს შეიცავდა, რადგან უფროსებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა. შვილებს მიაჩნიათ, რომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ყოფა და პირიქით, ბევრ რამეს უწუნებენ მშობლებს.

თაობათა ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე ერთმანეთში არ დაინახავს იმ უმნიშვნელოვანესს, რაც პირადად მათ აკლიათ და რაც შეიძლება და აუცილებელიცაა, ისწავლონ ერთმანეთისაგან. ის, რომ მშობლებს და ასაკოვან ადამიანებს ბევრი რამ უნახავთ და ადამიანური ურთიერთობების მხრივ მეტი ცოდნა აქვთ, ბუნებრვია, მაგრამ ახალგაზრდები, რომ უფრო გაბედულნი, ზოგჯერ რადიკალურნიც არიან, ამასთან, აქვთ ახალი იდეები, ახალი ხედვა, ახალი მისწრაფებები, – ესეც ფაქტია. უფროსების ვალია, მათი შემოთავაზებებიდან სწორი არჩევანი გააკეთონ, დაინახონ მათში რეალური სასიკეთო შედეგები და მომავალ თაობას დაეხმარონ გზის გაკაფვაში. თანამშრომლობა და ურთიერთშევსების საჭიროება უნდა იგრძნოს ორივე მხარემ. ეს ნებისმიერი ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.

შემდეგ ეტაპზე კი უფრო ადვილია შევიყვაროთ სხვა პიროვნება; ეს კი ნიშნავს დავინახოთ მასში განუმეორებელი, განსაკუთრებული ღირებულებები და ეს დავაფასოთ. ადვილი არ არის შური, თავდაჯერებულობა, სხვისი დამცირებით თავის უპირატესად წარმოჩენის სურვილი, ამპარტავნება, და სხვა ამგვარი თვისებანი დამაბრკოლებელ გარემოებად არ გვექცეს; ამიტომაც სიკეთის ქმნასთან ერთად, აუცილებლად, უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზეც.

ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება.

დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე სახის შეტევა ხორციელდება: ერთნი, გარეშე ძალებისაგან ხელშეწყობილნი, აღვივებენ სეპარატისტულ სულს და ქვეყნის დანაწილების თეორიებს ქმნიან; მეორენი პატრიოტიზმის სახელით არასწორ მიმართულებებს ანვითარებენ და ამ გრძნობას დამახინჯებულ სახეს აძლევენ; სხვანი კი ზოგადადამიანური ღირებულებებით გვესაუბრებიან და პატრიოტიზმს ჩამორჩენილობად თვლიან.

არ არსებობს აწმყო წარსულის გარეშე. ნებისმიერი ღირსეული პიროვნებისთვის სამშობლოს ისტორიის ცოდნა აუცილებელი პირობაა; სახელმწიფოსთვის კი, _ სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი გარანტი, რადგან ეს ცოდნა, სწორ აზროვნებასთან შეერთებული, აღძრავს ისეთ გრძნობებს, როგორიცაა იდეისთვის უანგარო მსახურება, ერთგულება, ვაჟკაცობა, გონიერება, თავდადება.., რაც ბოროტის მცდელობას, თავისთავად, წარუმატებელს ხდის; ამასთან, საზოგადოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ “ვისაც თავისი ქვეყანა არ უყვარს, მას არავისი სიყვარული არ ძალუძს“ (ჯ. ბაირონი), “სამშობლოს ნამდვილი სიყვარულის გარეშე კი კაცობრიობის ნამდვილი სიყვარული არ არსებობს“ (ა. ფრანსი).

ცხონების გზა ვიწროა და ძნელად სავალი, მაგრამ მეტად საინტერესო და მიმზიდველი. ეს არის მუდმივი გამოცდა და ბრძოლა ბოროტი ძალის სხვადასხვა გამოვლინებასთან: იგი შენს შესაძლებლობებს სულ სხვა კუთხით დაგანახებს და, სწორად მოქმედების შემთხვევაში, ღვთის მადლი იმდენად აღგავსებს, რომ მას ვეღარ განეშორები. ამასთან ისე შეიცვლები, რომ ყოველგვარი გაჭირვება შიშით კი არა, სულიერი სიმშვიდითა და სიძლიერით განგმსჭვალავს და ვეღარაფერი დაგამარცხებს. მაშინ შენი ღვაწლი, მაცხოვრის მაცხოვნებელ მადლს შეერთებული, ღვთის ნეტარებას დედამიწაზევე გაგრძნობინებს და შენს უდიდეს მიზანსაც აღგასრულებინებს.

– და რაში მდოგმარეობს იგი?

– განმღრთობაში, ძალისამებრ ჩვენისა, ღვთის მიბაძვაში!

ეს არის ნებისმიერი ადამიანის მთავარი დანიშნულება, ეს არის მოწოდება, რომლის წინაშე ყველა სხვა მიწიერი ზრუნვა, სურვილი და განსაცდელი უნდა გაუფერულდეს.

ღმერთი სრულყოფილია, ჩვენც გვმართებს, მუდამ ვისწრაფვოდეთ სრულყოფილებისაკენ და ვცდილობდეთ იმ ნიჭის სრულად გამოვლენას, რაც უფლისაგან მოგვეცა; იქნება ეს: მიწათმოქმედება, სხვა ფიზიკური შრომის უნარი, სწავლა, მეცნიერული აზროვნება, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მუშაკობა, პედაგოგობა, ექიმობა, მშენებლობა, ქვეყნის მსახურება, ღვთის მსახურება… მოციქული ამიტომაც გვარიგებს: ყველაფერი რასაც გააკეთებთ, გააკეთეთ როგორც ღვთისთვის, მთელი სულითა და გულით (კოლ.3, 23).

რაოდენ მადლიერნი უნდა ვიყოთ უფლისა, რომელმაც საოცარი, ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი, წყალობა მოგვცა, _ თავისი უნაპირო სიყვარულის გამო ჩვენთვის დაითმინა ტანჯვა, წამება, შეურაცხყოფა, დამცირება, ჯვარცმით სიკვდილი და აღდგომითა და ამაღლებით მოგვანიჭა სრულქმნის შესაძლებლობა. და რაოდენ უგუნურნი და უმადურნი ვიქნებით, თუ ეს ვერ გავაცნობიერეთ და ამაოებაში დავინთქით?!

პასექამდე, სვიმონ კეთროვნის სახლში ყოფნისას, იესო ქრისტეს ერთი ცოდვილი ქალი მორიდებით მიუახლოვდა, ცრემლით დაალტო მისი ფერხნი, დაასხა ძვირფასი ნელსაცხებელი და თავისი თმით დაუწყო შემშრალება.

ამის მხილველმა მოციქულებმა გულისწყრომა გამოხატეს, რადგან ფიქრობდნენ, უმჯობესი იყო ეს სურნელოვანი ზეთი გაეყიდათ და საფასური გლახაკთათვის დაერიგებინათ.

ქალის გულწრფელი ქმედება კი მაცხოვარმა ასე შეაფასა: “მთელ ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქვას.., რაც მან გააკეთა, მის მოსახსენიებლად“ (მათე 26, 13).

ინებოს ღმერთმა, ცოდვაში მყოფმა ყველა ადამიანმაც, ამ ქალის მსგავსად, ადრე თუ გვიან, შეიცნოს ღმერთი, თავისი ნელსაცხებელი მიართვას მას და, მამასთან დაბრუნებული უძღები შვილივით, შეიმოსოს სამოსელი პირველი.

ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, _ ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, ადიდეთ და “უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.“ (კოლას. 3, 16); და სასოებით “ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა ბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი სიყვარულის სამეფოში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება“ (კოლას. 1, 12-14).

მაშ, “შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის იმედის მუზარადი.“ (თესალ. 1, 58), რადგან


ქრისტე აღდგა!

გიხაროდეთ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი

თბილისი

2019 წელი

0
77
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0