სხვა ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდე, თუკი თბილისი გიყვარს - თბილისის უბნების სახელწოდებების წარმოშობის ისტორია 2019, 27 აპრილი, 15:29 ძველი თბილისი... ასე გამორჩეული და განსაკუთრებით ლამაზი...
ჩაყოლებული მოჩუქურთმებული სახლები და მოხვეული კიბეები... ხალხი- თბილი, მომღიმარი ... მეტეხი და ნარიყალა... ღიღინა მტკვარი... ყველა უბანი თავისებურად გამორჩეული ... მოდი ერთად დავუყვეთ ზოგიერთ მათგანს და მათი სახელების წარმოშობის ისტორიას გავეცნოთ. ავლაბარი ავლაბარს XI-XIII საუკუნეების ისტორიულ წყაროებში „ისანი“ ეწოდებოდა. სიტყვა „ავლაბარი“ 14-ე საუკუნეში ჩანს დამკვიდრებული. არაბულად „ჰავალი“ ნიშნავს „მიდამოს“, „ბირ“ – „სასახლეს“, ე.ი. „ავლაბარი“ სასახლის მიდამოს ნიშნავს. არსებობს ასეთი გადმოცემაც, რომლის თანახმად, ერთ-ერთ ბრძოლაში ქართველების სარდალი მძიმედ დაჭრილა და იგი სასწრაფოდ გაუყვანიათ ბრძოლის ველიდან უსაფრთხო ადგილისაკენ. გზაში დაჭრილს მხლებლები ასე ამშვიდებდნენ : აი, აღმართს ავალთ და ბარი დაიწყებაო. მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ავლაბარში შემორჩენილია მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი, დარეჯან დედოფლის სასახლე _“საჩინო“. ფორაქიშვილების დარბაზი და სხვა.. აბანოთუბანი – უბანი, სადაც აბანოები მდებარეობს „აბანოთუბანი“ ეწოდება. თბილისის სამკურნალო თბილი წყლები ყოველთვის განთქმული იყო. ამიტომაც აქ საგანგებოდ ააგეს აბანოები, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი. დიდუბე ფოტოზე : - დიდუბის ეკლესია 1900-იან წლებში. – „დიდი უბე“, ე.ი. დიდი ვაკე, დაცემული ადგილი. "დიდუბე " - სახელი პირველად XII საუკუნეში გვხვდება. მემატიანე მეფე თამარისა და დავით სოსლანის ქორწინებისა და შამქორის ბრძოლის შემდეგ აქ გამართულ ზეიმს აღგვიწერს. დიდუბის გაშლილი ველები ოდითგანვე გამოიყენებოდა ცხენოსნობისათვის. XIX საუკუნეში აქ ხშირად იმართებოდა ჯირითი, სხვადასხვა აღლუმები. ერთ-ერთ ასეთ ზეიმს 1837 წელს დასწრებია იმპერატორი ნიკოლოზ პირველი. დიდუბის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ღვთისმშობლის ეკლესია, რომლის ეზოში გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა პანთეონია. ვარკეთილი – „ველკეთილი“ . წინათ ამ ტერიტორიაზე ხეხილის ბაღები ყოფილა, 1970 - იან წლებში ხეხილის ბაღები გაიკაფა და დაიწყო ამ ტერიტორიის ურბანიზაცია. ისანი – XI საუკუნეში თბილისის ეს ადგილი ქვიტკირის გალავნებით გაამაგრეს. არაბულად „ჰისნი“, ანუ ისანი უწოდეს. ქართულად „ციხესიმაგრეს“ ნიშნავს. მთაწმინდა – შეერქვა წმიდა დავით გარეჯელის პატივსაცემად, რომელიც ამ ადგილას რამოდენიმე წელიწადი მოღვაწეობდა, სანამ გარეჯის უდაბნოს მიაშურებდა. მთაწმინდაზე მდებარე მთის აღმოსავლეთ კალთაზე სენაკი გამოუქვაბავს ერთ-ერთ ასურელ მამას — დავითს. IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა. მის ადგილას 1542 წელს ძმებმა ნიკოლოზ და დავით გაბაშვილებმა წმინდა დავითის მონასტერი ააშენეს. ნავთლუღი – თურქულად „ნავთის ადგილს“ ნიშნავს. ამ ადგილებში მოიპოვებდნენ ნავთს, თუმცა მცირე რაოდენობით. ნარიყალა – სპარსული წარმოშობის სიტყვაა. „ნარინ ყალა“ ქართულად „შიდაციხეს“ ნიშნავს. ნაძალადევი 1872 წელს თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის შემდეგ დიდუბის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო. რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშები საცხოვრებელ ადგილებს უნებართოდ იკავებდნენ და სახლდებოდნენ. ამიტომ ახალ უბანს „ნაძალად-ევი“ უწოდეს. საბურთალო – ეს ადგილი სწორი, ვაკე ადგილია. თამარ მეფის დროს ქართველი მეომრები აქ ხშირად მოდიოდნენ და ბურთაობდნენ ხოლმე. ამიტომ ამ ადგილს „საბურთაო“ ადგილი უწოდეს. შემდგომში სახელწოდება ცოტათი შეიცვალა და გახდა „საბურთალო“. არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე ადამიანს უკვე ძვ. წ. V-IV ათასწლეულში უცხოვრია. XI-XIII საუკუნეებში იგი მზარდი უბანი ყოფილა. XVII-XVIII საუკუნეებში ვერეს ფარგლებში შედიოდა და ქალაქის დაწინაურებული სასოფლო-სამეურნეო რაიონი იყო. საბურთალოს ველის მორიგი დასახლება XIX საუკუნის II ნახევარში დაიწყო. 1917 წელს საბურთალო - უშუალოდ ქალაქის ტერიტორიის ნაწილი გახდა. თანამედროვე საბურთალო თბილისის ერთ-ერთი კეთილმოწყობილი უბანია. აშენდა თანამედროვე ტიპის საცხოვრები სახლები, საწარმოები, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები. ვაკე სახელწოდება გაჩნდა XIX საუკუნეში, ნიშნავს დაცემულ, დაბალ ადგილს. ვაკე ძველი ვერის (საგაბაშვილო) ტერიტორიაზე წარმოშობილი დასახლებული პუნქტია. ვაკე თბილისს 1906 წლის იანვრიდან შემოუერთდა. ინტენსიური განაშენიანება დაიწყო XX ს. 20-იან წლებში. დიდი ხნის განმავლობაში ეს უბანი თბილისის ცენტრს მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩით უკავშირდებოდა. ერთ-ერთ გაზეთში, სავარაუდოდ 1910 წლის დასაწყისში, ვაკის მოსახლეობის წერილი გამოქვეყნდა. ვაკის მოსახლეობა ქალაქის მაშინდელ გუბერნატორს მიმართავდა და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდა. 4 წლის განმავლობაში, რაც ვაკე დედაქალაქის ნაწილი გახდა, ქალაქის მმართველობას არაფერი გაუკეთებია, ამიტომ მოსახლეობა გუბერნატორს სთხოვს აიძულოს ქალაქის გამგეობა, რომ ვაკეში გაიყვანონ სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემა. დადგან ფარნები, დააგონ ქვაფენილი. ვაკეს მოემსახუროს ქალაქის მეეზოვე. „თუ ყველა ამეებზე ქალაქი უარს იტყვის, იმ შემთხვევაში გამოყოფილ იქნას ვაკე ქალაქიდან“, - ამ სიტყვებით მიმართავდნენ ვაკელები თბილისის მაშინდელ გუბერნატორს. სოლოლაკი – იგივე სალალაკი. „ციხის ბაღის“ მოსარწყავად არაბების ბატონობის ხანაში აღუდგენიათ სარწყავი არხი (არაბულად „სულუ-ლაჰ“). მოგვიანებით სულულაჰ ეწოდა მთის კალთას, რომელზეც ეს უბანია გაშენებული. XIX საუკუნიდან ასე დაერქვა თავად უბანს. ადრე მას „ავანაანთხევი“ ერქვა და აქ ქართველ დიდებულთა ბაღები იყო გაშენებული. ჩუღურეთი – მომდინარეობს თურქული სიტყვიდან „ჩუქორ“, რაც ქართულად ხევს, ფერდობს ნიშნავს. ამ ადგილს სამი მხრიდან სწორედ ხევი ერტყა თბილისურ მეტყველებაში უბანს ერთიან ნაწილად, როგორც ჩუღურეთს ნაკლებად მოიხსენიებენ, მეტად პოპულარულია და საზოგადოებაში დამკვიდრებულია ტოპონომები: ოქროსუბანი, პლეხანოვი და ვარანცოვი. ბოლოს კი რუსთაველის გამზირს გავიხსენებ, რომელსაც ადრე გოლოვინის გამზირი რქმევია და ამ თემას ლადო ასათიანის ლექსით დავამთავრებ: * * * რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა, ვიყო მუდამ მხიარული, ქართველი პოეტი მერქვას. პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო სიმდიდრედ ჩამითვალეთ, თუ მეტი ვინატრო, ან ეს ვითაკილო, – ვერ ვნახო სამოთხის მთვარე… მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვამ – რუსთაველის პროსპექტზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა! ლადო ასათიანი - 1941 წელი. ფოტოზე: გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) გამზირი 4062 1-ს მოსწონს
|