ასტროლოგია "გაზით მოწამლვის შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები 2019, 26 აპრილი, 16:11 ქართველი ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო 9 თვის განმავლობაში მოსალოდნელი ასტროლოგიური მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 4 მაისს ლილიტი დატოვებს მერწყულის ნიშანს და თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლებს, სადაც 27 იანვრის ჩათვლით დარჩება. ლილიტის ეს მდებარეობა, მეტ-ნაკლებად, ზოდიაქოს 12-ვე ნიშანზე აისახება. ვიდრე ასტროლოგის პოსტს შემოგთავაზებთ, აქვე განვმარტოთ, თუ რა არის ლილიტი და რა მნიშვნელობა აქვს მას. ასტროლოგიაში მოყვარულის დონეზე ჩახედულ ადამიანებსაც კი ყურმოკვრით მაინც სმენიათ ლილიტის, იგივე შავი მთვარის შესახებ. ლილიტის მდებარეობა, ასტროლოგიური კუთხით ამა თუ იმ ადამიანის პირად რუკაში, ამ უკანასკნელის ცხოვრებაში, ყველაზე სახიფათო ცდუნებების შესახებ იძლევა დეტალურ ინფორმაციას. ის, თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანშია განთავსებული თქვენი ლილიტი, განაპირობებს თავად ამ ცდუნების სფეროს და მისი გამოვლენის გზებს. ზოგისთვის იგი შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობები იყოს (ლილიტი სასწორში), ზოგისთვის ნათესავებთან პრობლემები (ლილიტი კირჩხიბში), ზოგს კი ლილიტი მეგობრების არჩევაში არ მისცემს იღბალს (ლილიტი მერწყულში). აღსანიშნავია, რომ ზოდიაქოს 12-ვე ნიშანი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა კონკრეტულ სფეროზე ზემოქმედებს. ამჯერად ლილიტი თევზების თანავარსკვლავედში გადადის. ასტროლოგი განმარტავს, თუ რა ცვლილებებს მოიტანს ეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში: "შვებით ამოისუნთქავენ ლილიტი მერწყულებიც, მზით ანდა მთვარით მერწყულებიც და ყველა ისინი, ვისაც აქ რაიმე მნიშვნელოვანი ჰყავდათ. სამაგიეროდ, მთელი მომდევნო 9 თვის მანძილზე ცდუნებების და ცხოვრებისეული გამოცდების წინაშე თევზების ნიშნის წარმომადგენლები აღმოჩნდებიან, მათთან ერთად კი, ცხადია, ლილიტი თევზებიც და ისინიც, ვისაც თევზების ზოდიაქო აქცენტირებული აქვთ პირად რუკაში. მაშ ასე, თევზებო და ლილიტით თევზებო, მოემზადეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და ჩაყვინთეთ თქვენს მშობლიურ წყლის სტიქიაში, რაც შეიძლება ღრმად - ფსკერისაკენ და იქ გავარკვიოთ, რა მოლოდინები შეიძლება რომ გქონდეთ. ასტროლოგების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ წყლის ნიშნების ლილიტი უფრო მკვეთრად ამჟღავნებს ხოლმე თავს, ვიდრე სხვა ზოდიაქოებში. რაც შეეხება უშუალოდ თევზების ნიშანს, აქ პრობლემა ძირითადად ილუზიებთან, თავის მოტყუებებთან, სხვადასხვა გამაბრუებელ საშუალებებით გატაცებასთან (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია) ან რელიგიური ფანატიზმით ცდუნებებთანაა დაკავშირებული. თუმცა რელიგიასთან მიმართებაში, შესაძლოა, კიდევ სხვაგვარადაც იჩინოს ლილიტმა თავი და ვთქვათ, ქრისტეანული მცნებების დარღვევით, მკრეხელობებით, მაგიასთან კავშირით, კულტმსახურებებით ან სრულ ურწმუნოებაში გადავრდნით გამოიხატოს. მეორეს მხრივ, შესაძლოა იყოს ქველმოქმედების და სხვების დახმარების სურვილი, თუმცა სამწუხაროდ სრულიად უადგილო და დათვური სამსახურის ტოლფასი. როდესაც ადამიანს წინა ინკარნაციებში უკვე ახასიათებდა ასეთი ქმედებები, ამ განსხეულებაშიც ინერციით ბევრი რამ გადმოჰყვება ხოლმე. მაგრამ არცერთი ლილიტი, და მათ შორის არც ლილიტი თევზები, არაა გასამართლებელი საბუთი, იმისათვის, რომ ავ ზრახვებს მივცეთ საშუალება ჩვენზე იბატონონ. საჭიროა, გაცნობიერება იმისა, თუ რა არის ჩვენში ცუდი, მანკიერი და ამის შემდეგ საკუთარ თავზე განუწყვეტელი მუშაობა. ალბათ გაგიგიათ, რომ სულიერებაში ახლად ფეხშებიჯებულ ადამიანს ხშირად უფრო გამეტებით ებრძვის ცდუნება. ეკლესიაში შესულს თავბრუსხვევები და სულისხუთვები ეწყებათ, უჩნდებათ სურვილი უკანმოუხედავად გამოიქცნენ ტაძრიდან. მაგრამ ეს არის ერთგვარი გამოცდა და თუკი ადამიანი შეძლებს რწმენაში გაძლიერებას, ეს ყველაფერი მალევე გადაივლის ხოლმე. ასეა ლილიტთან მიმართებაშიც. როდესაც ლილიტი თევზის პატრონი გადაწყვეტს სძლიოს მავნე მიდრეკილებებს, აუცილებლად გაათკეცებული ძალით მოდის ყველა მხრიდან ცდუნებები. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ მაშინაც კი, თუ თავს ერევა და ამ ცდუნებებზე უარს ამბობს, შეტევა არ ცხრება. წინა ინკარნაციებში დაგროვილი ნეგატიური კარმა თავისი ვალების გასტუმრებას ითხოვს და ასეთ დროს უკვე სხვა ადამიანები იჭრებიან თქვენს ცხოვრებაში. ისინი ცდილობენ თქვენ რწმენას ლაქა და ჩირქი მოსცხონ, აგირიონ ცხოვრება გამუდმებული ლოთობით, მოგატყუონ, სიცრუის ბადეში გაგხვიონ, ახლართონ თქვენს გარშემო ფარული ინტრიგების ქსელი. ეცადონ თქვენზე შავმაგიური ზემოქმედების მოხდენას, რაც შესაძლოა სხვადახვა ფორმებით გამოვლინდეს - დაწყებული ძილის დარღვევებით და კოშმარებით, დამთავრებული სხვადასხვა სტრესებით, დეპრესიებით ჯანმრთელობის სერიოზული რყევებით. ეს ყველაფერი ძალზე დამთრგუნავია, რასაკვირველია. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ განგებისაგან გამოგზავნილ გამოცდას რაც უკეთ გაუძლებთ, მით უკეთესი და დიდი იქნება ამის შემდგომ დამსახურებული ჯილდო. გამოიჩინეთ მაქსიმალური ნებისყოფა, ეცადეთ, არ შეტოპოთ არაფერში, რაც კანონისა და ადამიანური მორალის საწინააღმდეგოა. მათ შორის, არც არაკანონიერ კავშირებში. ეს 9-თვიანი პერიოდი ასევე მაქსიმალურად საფრთხილოა სითხეებთან დაკავშირებით: აქ შედის როგორც ალკოჰოლი, ისე თავად წყალი, რადგან ეს ლილიტი წყლის სტიქიის ნიშანია, ფრთხილად უნდა იყოთ ცურვისასაც. ზღვაზე გემით მოგზაურობისაგან და კრუიზებისაგანაც სჯობს ახლა თავი შევიკავოთ. ნეპტუნი, რომელიც თევზებს მართავს, სხვა გამაბრუებელ საშუალებებთან ერთად ჰიპნოზსაც უკავშირდება, ამიტომ ამ თემასაც უკუჩვენება ექნება. ბოლო პერიოდში არ გვაკლდა ისედაც გაზით მოწამლვის შემთხვევები, ახლა სავარაუდოდ კიდევ უფრო მოიმატებს. კონსერვებთან მიმართებაშიც მეტი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს, მეტადრე შინ დამზადებულ და ზღვის პროდუქტების ნაწარმთან. თევზების ერთ-ერთი ნეგატიური მხარე წუწუნი და თავის შეცოდების მომაბეზრებელი მცდელობებია, რომელიც, ფაქტობრივად, ენერგოვამპირიზმს უტოლდება. ეცადეთ, რომ თქვენი მხრიდან ასეთ ქმედებებს ადგილი არ ჰქონდეს და ნურც სხვებს მისცემთ უფლებას თქვენი ყურადღება და მოთმინება ბოროტად გამოიყენონ. მეგობრებო, მინდა გაგაფრთხილოთ ესეც, რომ თუ ლილიტმა საერთოდ ვერ დაგაზიანათ, არ შეცდეთ და არ გეგონოთ, რომ მისი დამუშავების მესამე სტადიაზე იმყოფებით. ეს მხოლოდ სულიერების უმაღლეს საფეხურზე მყოფების ხვედრია, შესაძლოა თქვენ ისე გაეხვეთ რაღაც გაუგებრობაში, რომ თავს სრულიადაც არ გრძნობდეთ ცუდად, ეს მხოლოდ მერე გაირკვევა, როცა ლილიტი ვერძში გადავა. ვთქვათ, შესაძლოა გაწევრიანდეთ რაღაც დახურულ საზოგადოებაში, ან დაუმეგობრდეთ ახალ წრეს, გაიჩინოთ ახალი გულითადი მეგობარი, ხოლო შემდეგ ეს ის არ აღმოჩნდეს, რაც გეგონათ. ზოგიერთ რთულ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება "შპიონაჟშიც" კი აღმოჩნდეს ჩათრეული, ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა... გარდა ამისა, თუ მართლა არაფერი გავნოთ ლილიტმა, ეგ კიდევ უარესია. ესეიგი საკუთარ მოკავშირედ მიგიჩნიათ და როგორც იტყვიან, ძაღლი ძაღლის ტყავს არ ხევსო. მაშ, რა ვქნათ? იკითხავთ თქვენ - არ ვიცხოვროთ, არ ვისუნთქოთ, ნაბიჯი არ გადავდგათ, იმის შიშით, რომ ეს ლილიტის ცდუნება არ აღმოჩნდესო? არა, რასაკვირველია, ეს უკვე ჩაციკვლა იქნება, რაც ლილიტი თევზის მედლის მეორე მხარეა. კიდეც უნდა ისუნთქოთ და კიდეც უნდა იცხოვროთ, ოღონდ სამყაროსა და ადამიანური ფასეულობების მოფრთხილებით და პატივისცემით. სულ ესაა, რაც გევალებათ 4 მაისიდან 27 იანვრის ჩათვლით. p.s. სხვათა შორის, იესო ქრისტეს 12 მოსწავლეთაგან თევზების ზოდიაქოს ნიშნად იუდა ისკარიოტელს მიიჩნვენ. ეს რომ გამახსენდა, რაღაც უფრო სიმბოლურად მომეჩვენა ბრწყინვალე 7-ეულის ჟამს ლილიტის თევზებში გადასვლა. რატომღაც ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი ახლა სწორედ რწმენით და ერთგულებით გამოვიცდებით". 1465 შეფასება არ არის
|