„ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფკავშირის წევრები დასაქმებულთათვის ხელფასის გაზრდას ითხოვენ
დასაქმებულთა ხელფასის გაზრდას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასა და უსაფრთხო სამუშაო პირობებს ითხოვენ. 19 აპრილს “საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების“ წარმომადგენლებთან ერთად მათ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სათავო ოფისთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.კომპანიამ აქციის მონაწილეებს სათაო ოფისში შეხვედრა შესთავაზა, თუმცა საუბარი უშედეგოდ დამთავრდა. კომპანიის პროფკავშირების წარმომადგენლები სახელმწიფოსგან მხარეებს შორის დაპირისპირებაში დროულ ჩარევას მოითხოვენ. მათი თქმით, თუ მედიაციას შედეგი არ ექნება, აქციებს გააგრძელებენ.„უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიის მენეჯმენტთან, რომ გაიზარდოს ხელფასები, შეიქმნას უკეთესი პირობები და გაიცეს ზეგანაკვეთური ანაზღაურება, რაც არ ხდება. კომპანია გადასული არის შანტაჟის რეჟიმში, პროფკავშირების დისკრედიტაციას ეწევა და დაშინებითა და დეზინფორმაციით ცდილობს დასაქმებული ადამიანები შეცდომაში შეყვანას“, - ამბობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფკავშირების წევრი გიორგი მინაძე.ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარის, ამირან ზენაიშვილის თქმით კი, შეხვედრაზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა მხოლოდ სიტყვიერად განაცხადა ხელფასის დაახლოებით 50-60 ლარით გაზრდის შესახებ და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არა აქვთ. მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლის შეთავაზებები პროფკავშირების წარმომადგენლებისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის.„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე, თავის მხრივ, აცხადებს, რომ აქცია 19 აპრილს გამართული აქცია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ იმიჯის დაზიანებას ისახავდა მიზნად.„ეს გახლავთ ორგანიზებული პროცესი, თუმცა პროცესმა ჰპოვა ნულოვანი თანადგომა ჩვენს თანამშრომლებში. პრაქტიკულად, რამდენიმე თანამშრომლის გარდა, ვერავინ ვნახეთ აქციაზე. ადგილზე პროტესტი არ დაფიქსირდა. თუმცა ამით ჩვენ არ გვინდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად არის. თანამშრომლების თანადგომა გვაძლევს ვალდებულებას უფრო მეტად კრიტიკულები ვიყოთ და უზრუნველვყოთ, რომ ყველა თანამშრომელი სოციალურად სათანადოდ იყოს დაცული“, - ამბობს მიხეილ ბოცვაძე.17 აპრილს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ენერგეტიკის დარგობრივი პროფკავშირი შავი პიარის გავრცელებაში დაადანაშაულა. კომპანიამ სიცრუე უწოდა ინფორმაციას, თითქოს 2007 წლიდან ხელფასები არ გაზრდილა. ასევე აღნიშნა, რომ ის თანამშრომლების ზეგანაკვეთურ სამუშაოსაც ანაზღაურებს და კომპანიიდან კადრების გადინება არ ხდება.„ენერგო-პრო ჯორჯია“ ამიერკავკასიაში წამყვანი ჰიდროენერგეტიკული ოპერატორია. კომპანია ემსახურება 1 200 000-ზე მეტ აბონენტს და საქართველოში 5 ფილიალი და 59 მომსახურების ცენტრი აქვს.