სხვა ფესტივალს „თბილისი რიტმი“ ეიფმანის საბალეტო დასი გახსნის 2019, 11 აპრილი, 16:46 მსოფლიოში სახელგანთქმული სანკტ-პეტერბურგის თეატრის ეიფმანის საბალეტო დასი თბილისს ეწვევა სპექტაკლით „როდენი, მისი მარადი კერპი“. სპექტაკლი 22 და 23 აპრილს საღამოს 20:00 საათზე საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. ბალეტი წამყვანმა კრიტიკოსებმა 21-ე საუკუნის შედევრად აღიარეს. მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე ბორის ეიფმანის საბალეტო დასის ქორეოგრაფია ცეკვის თავისუფლებით, ცოცხალი დინამიზმითა და პლასტიკური აზროვნებით იზიდავს მაყურებელს. თავად მაესტრო კი თანამედროვე ბალეტმაისტერთა შორის ლიდერად არის დასახელებული. ვირტუოზი ქორეოგრაფი საბალეტო დასის 56 წევრიანი სრული შემადგენლობით ეწვევა თბილისს. ბორის ეიფმანის ბალეტი „როდენი, მისი მარადი კერპი” ეძღვნება დიდი მოქანდაკეების - ოგიუსტ როდენის და მისი მოსწავლის, შეყვარებულისა და მუზის კამილა კლოდელის ბედსა და შემოქმედებას. მათი ვნების ისტორია ტრაგიკულია. 15 წლის განმავლობაში როდენი და კლოდელი ერთ მგრძნობიარე შემოქმედებით მთლიანობას წარმოადგენდნენ. თუმცა მხატვრებს შორის მომხდარმა განხეთქილებამ საბედისწერო დარტყმა მიაყენა კამილას სულიერ ჯანმრთელობასა და მისი დაღუპვის დასაწყისი გახდა. ნახევრად დავიწყებული, სამყაროსგან განმდგარი, სიღატაკეში დარჩენილი კამილა ჭკუიდან იშლება. ავადმყოფური იდეა მის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებისა, რომლის მთავარ ფიგურადაც კამილას როდენი ესახებოდა, განუწყვეტლივ ტანჯავს ფსიქიური აშლილობით დასუსტებული ქალის გონებას. კამილამ 30 წელი გაატარა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ყველასაგან დავიწყებული და მიტოვებული 1943 წელს გარდაიცვალა. პროექტის ორგანიზატორია “ თაგის არტი“. 15 1-ს მოსწონს
|