x
image
intermedia.ge
Mediator image
გერმანულ-ქართული მეგობრობის წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 21 აპრილს თბილისში, 26 აპრილს კი ბერლინში გაიმართება
image

გერმანულ-ქართული მეგობრობის წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.


როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, მეგობრობის წლის საზეიმო გახსნა თბილისში 21 აპრილს, ბერლინში კი 26 აპრილს გაიმართება.


ღონისძიებების ფარგლებში, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება, გაიმართება ასევე კულტურული ღონისძიებები, თეატრალური წამოდგენები, კონცერტები, გამოფენები, ლიტერატურული საღამოები და ბიზნეს-ფორუმები.



როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, მიმდინარე წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გოეთეს ინსტიტუტის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და ორგანიზებით არაერთი ღონისძიება გაიმართება.

გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი:


"ჩემზე ძალიან ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა იმ განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობამ, რომელიც გასულ თვეებში საელჩოსა და გოეთეს ინსტიტუტს, კულტურის სფეროს სხვა გერმანულ ორგანიზაციებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს შორის ჩამოყალიბდა, რათა საზოგადოებას ყველა კუთხით ვაჩვენოთ ბოლო 200 წლის გერმანულ-ქართული ურთიერთობები.


საქართველო-გერმანიის წლის აღნიშვნით ჩვენ გვსურს უკვე არსებული კულტურული,
პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მრავალფეროვნება და ინტენსივობა
გამოვიკვლიოთ და წარმოვაჩინოთ, იმისათვის რომ გერმანულ და ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში კიდევ უფრო გაღრმავდეს ამ საერთო ისტორიის
ცოდნა".


image


საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი:


"საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურული ურთიერთობები ბევრად უფრო ხანგრძლივი და მდიდარია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანას შორის. ეს ტრადიცია საქართველოში მე-19 საუკუნიდან მოდის, როდესაც საქართველოს ეროვნული მოძრაობა მნიშვნელოვან იმპულსებს იღებდა გერმანული რომანტიზმისა და კლასიკური ლიტერატურისგან.


გერმანელი ხელოვანების, მოგზურების, მწერლებისა და არქიტექტორებისთვის კი
საქართველო ადგილი იყო, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი იკვეთებიან".


"საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის პროგრამაში ასევე მონაწილეობს მრავალი
პარტნიორი ორგანიზაცია, რაც საშუალებას იძლევა წარმოჩინდეს საქართველოსა და
გერმანიას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების მრავალფეროვნება.


წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების ფართო სპექტრი მოიცავს როგორც
კულტურულ, ისე ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და სპორტულ სფეროებს. გერმანია
და საქართველო 2017 წელს ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების
პატრონაჟით, ერთად აღნიშნავენ მათი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს:


200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და
საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25
წლისთავს. 2018 წელს კი 100 წელი სრულდება გერმანიის მიერ საქართველოს
პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან. საქართველო- გერმანიის
მეგობრობის წელი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ ინტენსიურ
ურთიერთობას, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებებს შორის", - განმარტავენ სამინისტროში.


image


დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩიმ, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორმა შტეფან ვაკვიციმ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორმა ანა რიაბოშენკომ ისაუბრეს.

1
62
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
62
  
2017, 27 მაისი, 4:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1