x
image
ზოგადი განათლება
კანონპროექტი საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ ჩ ა ვ ა რ დ ა! - რას ნიშნავს ეს?

საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში მესამე მოსმენით ჩავარდა. მიუხედავად 54 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგისა, კანონის დაჩქარებული წესით მიღება ვერ მოხერხდა არასაკმარისი ხმების გამო. “კანონი არ არის მიღებული”, – თქვა სხდომის წამყვანმა.


image

უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ მოითხოვა, რომ კენჭისყრა განმეორებით ჩატარებულიყო, რადგან დარბაზში ხმაურის გამო დეპუტატებს არ ესმოდათ რა ცვლილება დგებოდა კენჭისყრაზე, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ რეგლამენტი მათ არ აძლევს საშუალებას განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების – “სამწუხაროდ ეს შეუძლებელია და არ არსებობს საფუძველი” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



საკითხზე კამათი პარლამენტში ამ წუთებშიც გრძელდება. ზოგიერთი დეპუტატის ინფორმაციით, სავარაუდოდ, დეპუტატებს კენჭისყრის დროს ღილაკები აერიათ.



შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მნიშვნელოვანია მე-11-მე-12 კლასელებთან მიმართებაში აქცენტი განათლების რეალურ მიღებაზე გაკეთდეს და არა სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მომზადებაზე.




კანონით უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები. გარდა აღნიშნულისა, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს გარდამავალი და დასკვნითი დებულებების ნაწილს უნდა დაემატოს გარდამავალი შინაარსის ნორმა, რომლის თანახმადაც ხდება იმ პირების სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან გათავისუფლება, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში და პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება.



0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0