x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
შავი ზღვა წარღვნამდე მტკნარი იყო

პალეოგეოგრაფიის მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი გამყინვარება დედამიწის ჩრდ. ნახევარსფეროში 110 ათასი წლის წინ დაიწყო და 8-10 ათასი წლის წინ დასრულდა. სწორედ გამყინვარების დასრულებას ემთხვევა მსოფლიო წარღვნის პერიოდი, რომელიც ერთმანეთისგან ათობით ათასი კმ-ის დაშორებით მცხოვრები, სხვადასხვა ხალხების მითოსშია ასახული. მაგ., ებრაულ, ბაბილონურ, ძველ ბერძნულ, ჩინურ, ინდურ, ავსტრალიურ და ფინურ-უნგრულ მითებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სიუჟეტი მეორდება და სავარაუდოდ, პირველწყარო ბაბილონური და ებრაული მითებია. ამასთან, წარღვნა, ყოველთვის ღმერთის სასჯელად არ განიხილება. ინდურ, ჩინურ და ავსტრალიელი აბორიგენების მითებში, ის ადამიანების ცოდვებს კი არა, წყლის სტიქიის აბობოქრებას უკავშირდება. რაც სამეცნიერო ენაზე, მსოფლიო ოკეანის დონის აწევას ნიშნავს.


image
ოკეანის დონის ცვლილების შედეგად, უამრავი ახალი ტბა, სრუტე და წყლის სხვა ობიექტი წარმოიქმნა. ცვლილება განიცადა შავი ზღვის სანაპირო ხაზმაც. 1997 წელს, კოლუმბიის უნივერსიტეტის ორმა გეოლოგმა – უილიამ რაიანმა (William Ryan) და უელტერ პიტმანმა (Walter Pitman) შეისწავლეს აღნიშნული საკითხი და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გამყინვარების შემდგომი, წარღვნის შედეგად, შავი ზღვის ირგვლივ 155 ათასი კმ² ტერიტორიის დატბორვა მოხდა, მაშინ გაჩნდა აზოვის ზღვაც. ხოლო, ბოსფორზე უდიდესი ჩანჩქერი წარმოიქმნა, რომელიც 300 დღე არსებობდა და ყოველდღიურად მასზე, დაახლოებით, 40 კმ³ წყალი (200-ჯერ მეტი, ვიდრე ნიაგარის ჩანჩქერზე) გადადიოდა. რაც შეეხება, იმ დროს ჩაკეტილი აუზის მქონე შავ ზღვარს, მასში ხმელთაშუა ზღვის წყლი, როგორც მეცნიერები ფიქრობენ, მიწისძვრის შედეგად, მასთან ბოსფორის სრუტის მიერთების შემდეგ გადავიდა.

თუმცა, შესაძლებელია, შავ ზღვაში მარილიანი წყალი წარღვნის დროსაც მოხვედრილიყო. როგორც გაირკვა, იმ პერიოდში, წარღვნის ეპიცენტრი კასპიის ზღვა იყო, რომელიც ზღვის დონიდა -27 მ-ზე მდებარეობს. სწორედ მასში მოხდა თავდაპირველად წყლის მასის კონცენტრირება. ხოლო შემდეგ, მის ირგვლივ, დაახლოებით, მილიონი კმ² დაიტბორა. დაიტბორა არალ-სარიყამიშის აუზებიც და კასპიის ზღვის აკვატორიამ 1, 1 მლნ კმ²–ს გადააჭარბა, რაც 3-ჯერ აღემატება თანამედროვე კასპიის ზღვის ზედაპირის სარკის ფართობს. წარღვნის დროს, წყლით დაიფარა ხმელეთის ნაწილი, რომელიც ზღვის დონიდან +48 – +50 მ. სიმაღლემდე მდებარეობდა და ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, არც შავი ზღვა (სიმაღლე ზღვის დონიდან – -25 სმ) დარჩებოდა ბუნების ამ სტიქიის მიღმა.

წარღვნის გეოლოგიურ მტკიცებულებას, წყლის ობიექტების ფსკერის, სანაპიროს და დატბორვის აუზების დანალექი ქანები და მათში აღმოჩენილი პალეონტოლოგიური ნაშთები წარმოადგენს. აღნიშნულის დეტალურმა ანალიზმა (ლითოლოგიური, მინერალოგიური, გეოქიმიური, ქანების იზოტოპური შემადგენლობა...), მეცნიერებს შავი ზღვის აუზის, წარღვნამდე და წარღვნის შემდგომი მდგომარეობის, რეკონსტრუქციის საშუალებ მისცა.

imageმარმარილოს ზღვის რეგიონი, წარღვნამდე და წარღვნის შემდეგ (რაიან-პიტმანის თეორიის მიხედვით)


ის, რომ შავი ზღვა მტკნარი იყო და მისი მარილიანი წყლით გაზავება მოხდა, მეცნიერებმა ზღვის ფსკერის შესწავლის შედეგად დაადგინეს და წყალმცენარეების და დანალექი ქანების კვლევით, მტკნარიდან – მარილიან წყალზე გადასვლის თარიღიც განსაზღვრეს. მათი მტკიცებით, 7, 5 ათასი წლის წინ, სავარაუდოდ, ძლიერი მიწისძვრის შედეგად, შავი ზღვის დონემ 140 მ-ით აიწია. ამის მიზეზი კი ხმელთაშუა ზღვიდან მოვარდნილი წყალი იყო.
ზღვის სიღრმეების მკვლევარი რობერტ ბალარდი (Robert Duane Ballard) სრულად იზიარებს რაიან-პიტმანის თეორიას და იმის მტკიცებულებად, რომ აღნიშნულ რეგიონში, წარღვნას და ზღვის დონის აწევას მართლაც ჰქონდა ადგილი, თურქეთის სანაპიროსთან მის მიერ აღმოჩენილი, არაერთი ჩაძირული დასახლები პუნქტის არსებობა მოჰყავს.imageშავი ზღვა ამჟამად (ცისფერი ფონით და გარე კონტურით) და ძვ. წ. აღრ. VI ათასწლეულის დასაწყისში (რაიან-პიტმანის თეორიის მიხედვით)


მსოფლიო ოკეანის დონის აწევაზე ასევე მიუთითებს ერთი და იგივე პერიოდში, უამრავი მდინარის ეროზიის ბაზისის და ხეობის მკვეთრი ცვლილება. არსებული თეორიის მიხედვით, მდინარის შესართავებთან წყლის დონე, დაახლოებით, 50 მ-მდე უნდა აწეულიყო და ირგვლივ ყველაფერი დატბორილიყო. წარღვნის დროს მდინარის ხეობის დატბორვისას, წყდება ხაზოვანი (წრფივი) ეროზიის მოქმედება, რაც წყლის ნაკადის აუცილებელი მახასიათებელია. ამან, რა თქმა უნდა, ასახვა ჰპოვა დედამიწის გეოლოგიურ ქრონიკებში და უძველესი ხეობებს სტრუქტურულ აგებულებაში.

რაც შეეხება მითოლოგიას, ზღვების და მდინარის სანაპიროები, როგორც ცნობილია, ძველთაგანვე, ადამიანების განსახლების უმთავრესი არეალები იყო და ამიტომ, ზემოთ აღწერილი პროცესების ნახვის შემდეგ, თვითმხილველებმა ისტორიები შექმნეს, რომლებმაც ჩვენამდე მითების სახით მოაღწია. imageimageimageimageimageimageimage







0
830
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
830
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0