x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სოფელ მირზაანში ფიროსმანის მუზეუმმა ყველა მოწვევის ქალ პარლამენტარებს უმასპინძლა
image


ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახელ-მუზეუმში, ყველა მოწვევის ქალ პარლამენტართა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკოსმა ქალებმა ქართული პარლამენტარიზმის საუკუნოვანი პერიოდი მიმოიხილეს და ქართული პოლიტიკის განხორციელების პროცესში ქალთა როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს.


ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში მიესალმა, რომელმაც შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„პარლამენტარიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ დაწესებულებებში, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება. ამ მიზნით, დღეს ჩვენ ვსტუმრობთ მირზაანს, ნიკო ფიროსმანის სახელობის მუზეუმს, ყველა მოწვევის ქალი პარლამენტარების შეხვედრა იმართება. სასიხარულოა, რომ ჩვენს კოლეგებთან შეხვედრის შესაძლებლობა გვაქვს, სადაც ძირითადად ბოლო საუკუნის მანძილზე ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ისტორიას მიმოვიხილავთ და ასევე ვისაუბრებთ იმ უნიკალურ ტრადიციაზე, რომელიც ქართული პარლამენტარიზმის ქალთა მონაწილეობას ეფუძნება. ბუნებრივია რჩება გამოწვევები, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ქალი პოლიტიკოსების მონაწილეობა და წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული ვარ ეს მიზნები ეტაპობრივად მიღწეული იქნება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.



image


საიუბილეო ღონისძიებაზე სხვადასხვა მოწვევის ქალი პარლამენტის წევრები გამოვიდნენ, რომლებმაც 100 წლის წინ შექმნილი პირველი დამფუძნებელი კრების - პარლამენტის საქმიანობაში ქალ პარლამენტართა მოღვაწეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.


„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა გააცნობიერო, ის რომ საქართველოში პარლამენტარიზმის ისტორია უკვე 100 წელს ითვლის. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეს ღონისძიება იმიტომ, რომ 1919 წელს საქართველოს პარლამენტში მრავლად იყო წარმოდგენილი ქართველი ქალბატონები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მისი კეთილდღეობისათვის იბრძოდნენ“, - აღნიშნა მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრმა, ელისო ჩაფიძემ.


სოფელ მირზაანში, ქალ პარლამენტართა შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი 1995-2003 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი დალი აბაშიძე გახლდათ.


„გამორჩეულია საქართველო იმ კუთხითაც, რომ როდესაც მსოფლიოში არანაირი უფლებები არ ჰქონდათ ქალებს, ჩვენ 5 პარლამენტარი გვყავდა და როდესაც ქალი არის პოლიტიკაში, იქ სრულიად განსხვავებული გარემო იქმნება, იმიტომ რომ ქალი არის დედა, ოჯახის დიასახლისი და პოლიტიკას კარგი დიასახლისი სჭირდება. ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ ქალმა დაიმკვიდროს თავისი ადგილი საზოგადოებაში, პოლიტიკაში და ეს სრულიად წინ წასწევს საქართველოს და ბევრ სასიკეთო საქმეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა დალი აბაშიძემ.


image

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0