ალბათ, გინდა, იპოვო მიმზიდველი გოგო, რომელიც შენს გვერდით იქნება. შესაძლოა, სცადე კიდეც ვინმესთან ურთიერთობის დაწყება, მაგრამ არაფერი გამოგივიდა. რა შეცდომა დაუშვი? ეძებენ თუ არა გოგოები მაინცდამაინც ათლეტური აღნაგობის ბიჭებს? „მე დაკუნთული ბიჭები მომწონს“, — არ მალავს ერთი გოგო, სახელად ლისა. თუმცა გოგოების უმეტესობას მხოლოდ კუნთები არ აინტერესებს. თვრამეტი წლის კერი ამბობს: „კარგი გარეგნობის ბიჭები ყოველთვის კარგი თვისებებით არ გამოირჩევიან“.
რა თვისებებს ეძებენ გოგოები ბიჭებში? რა უნდა გაითვალისწინო, თუ გოგოსთან ურთიერთობის დაწყება გინდა? რომელი ბიბლიური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელო ამ დროს?
პირველი ნაბიჯი
სანამ ვინმესთან ურთიერთობის დაწყებას გადაწყვეტ, კარგი იქნება, თუ ქვემოთ მოცემულ რჩევებს გაითვალისწინებ, რომლებიც ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას გამოგადგება.
● ისწავლე კარგი მანერები. კარგი მანერებით ცხადყოფ, რომ პატივს სცემ სხვებს. მაგრამ კარგი მანერები პიჯაკი არ არის, რომ გარეთ სხვებს თავი მოაწონო და სახლში მისვლისთანავე გაიხადო. ჰკითხე საკუთარ თავს: ვავლენ კარგ მანერებს ოჯახის წევრებთან? თუ არა, მაშინ სხვებთან ურთიერთობის დროს გამოჩნდება, რომ ამას ხელოვნურად აკეთებ. გახსოვდეს, რომ გამჭრიახ გოგოს ვერაფერს გამოაპარებ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროს ის შეამჩნევს, სინამდვილეში როგორი ხარ.
რას ამბობენ გოგოები: „ძალიან მომწონს, როცა ბიჭი კარგ მანერებს ავლენს როგორც უმნიშვნელო, ისე მნიშვნელოვან საკითხებში — მაგალითად, როცა კარს მიღებს ან სითბოსა და ყურადღებას ავლენს როგორც ჩემდამი, ისე ჩემი ოჯახისადმი“ (თინა).
«ძალიან ვღიზიანდები, როცა ახალი გაცნობილი ბიჭი პირადულ კითხვებს მისვამს, მაგალითად, „ხვდები ვინმეს?“ ან „რა მიზნები გაქვს?“ ასეთი კითხვების დასმა უზრდელობად მიმაჩნია და თავს უხერხულად ვგრძნობ» (ქეითი).
«უპატივცემულობად მიმაჩნია, როდესაც ბიჭები ფიქრობენ, რომ ჩვენს გრძნობებზე თამაში შეუძლიათ, თითქოს ეს არაფერი იყოს, ან გათხოვება ჩვენი ერთადერთი საფიქრალი იყოს და გვინდოდეს, რომ „შეგვიბრალონ“» (ალექსისი).
● დაიცავი პირადი ჰიგიენა. ჰიგიენის დაცვით ცხადყოფ, რომ პატივისცემას ავლენ როგორც სხვების, ისე საკუთარი თავისადმი. როცა საკუთარ თავს პატივს სცემ, სხვებიც უფრო განეწყობიან შენდამი პატივისცემით. მაგრამ, თუ ჰიგიენას არ იცავ, გაგიჭირდება გოგოს მოხიბვლა.
რას ამბობენ გოგოები: „იმ ბიჭს, რომელსაც მე მოვწონდი, პირიდან ცუდი სუნი ამოსდიოდა. გამიჭირდა ამაზე თვალის დახუჭვა“ (კელი).
● იყავი კარგი მოსაუბრე. კარგი კომუნიკაცია ხანგრძლივი ურთიერთობის საწინდარია. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ იმაზე კი არ ისაუბრო, რაც შენ გაინტერესებს, არამედ იმაზეც, რაც გოგოს აინტერესებს. მასაც მოუსმინე და დააფასე მისი აზრები.
რას ამბობენ გოგოები: „მიყვარს, როცა ბიჭი ბუნებრივად მელაპარაკება, როცა იხსენებს, რა მაქვს მისთვის ნათქვამი, და ამავე დროს სვამს ისეთ კითხვებს, რომლებსაც საინტერესო საუბარი მოჰყვება“ (კრისტინა).
„ჩემი აზრით, ბიჭები გოგოებს გარეგნობით აფასებენ, გოგოები ბიჭებს კი იმით, რასაც მათგან ისმენენ“ (ლორა).
„საჩუქრები ძაან კარგია, მაგრამ, თუ ბიჭი კარგი მოსაუბრეა და შეუძლია თავისი სიტყვებით განუგეშოს და გაგამხნეოს ... ეს ბევრად უკეთესია!“ (ემი).
„ვიცნობ ერთ ბიჭს, რომელიც თავაზიანია და ენა ზედმეტად არა აქვს შეჩვეული. საინტერესოდ ვსაუბრობთ ხოლმე, თანაც უადგილოდ არ მეუბნება, რა კარგი სურნელი გაქვსო, ან დღეს რა საყვარელი ხარო. ყოველთვის მიგებს. მასთან ნებისმიერი გოგო კარგად იგრძნობდა თავს“ (ბეთი).
„ისეთ ბიჭთან ვისურვებდი ურთიერთობას, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებსაც სერიოზულად ეკიდება“ (კელი).
● გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა. გოგოებს არ მოეწონებათ ბიჭი, რომელიც სამსახურს კარგავს იმის გამო, რომ ზარმაცია ან დიდ დროს უთმობს გართობას.
რას ამბობენ გოგოები: „კარგი იქნებოდა, რომ ზოგ ბიჭს მეტი პასუხისმგებლობა გამოეჩინა. სხვანაირად კარგ შთაბეჭდილებას ვერ დატოვებენ გოგოებზე“ (კერი).
„ზოგი ბიჭი უმიზნოდ ცხოვრობს. თუ გოგო მოეწონათ, ჰკითხავენ, რა მიზნები გაქვსო, და მერე ეუბნებიან, რა კარგია, მეც ეგ მიზანი მაქვსო, მაგრამ მათი საქმეები საპირისპიროზე მეტყველებს“ (ბეთი).
როგორც ხედავ, პასუხისმგებლობის გრძნობა დაგეხმარება მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში. მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, თუ მზად ხარ, გოგოსთან უფრო სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად?
შემდეგი ნაბიჯი
● აიღე ინიციატივა. თუ ვინმე მოგწონს და ფიქრობ, რომ ის კარგი მეუღლე იქნება, გაუმხილე შენი გრძნობები. გულახდილად დაელაპარაკე და ნათლად აუხსენი, რას გრძნობ მისდამი. ბუნებრივია, შეიძლება გაგიჭირდეს შენი გრძნობების გამხელა იმის შიშით, რომ უარს გეტყვის. მაგრამ, თუ ინიციატივას აიღებ, ამით ცხადყოფ, რომ პატარა აღარა ხარ. ერთი რამ გაითვალისწინე: ეს ცოლობის თხოვნას არ ნიშნავს. ამიტომ გამოიჩინე გამჭრიახობა. ნურც ნამეტანი მორცხვად დაელაპარაკები და ნურც ჩააცივდები, თორემ გოგო შეიძლება დააფრთხო.
რას ამბობენ გოგოები: „მე აზრების წაკითხვა არ შემიძლია. თუ ვინმეს ჩემთან ურთიერთობის დაწყება სურს, გულწრფელი უნდა იყოს და სათქმელი პირდაპირ უნდა მითხრას“ (ნინა).
„შეიძლება რთული იყოს გრძნობების გამხელა იმ ადამიანისთვის, ვისთანაც მეგობრულად ხარ. მაგრამ მირჩევნია, ასეთმა ადამიანმა პირდაპირ მითხრას, რომ უფრო ახლოს სურს ჩემი გაცნობა“ (ჰელენი).
● პატივი ეცი მის გადაწყვეტილებას. როგორ უნდა მოიქცე, თუ გოგომ ახლოს გაცნობაზე უარი გითხრა? პატივი ეცი მის გადაწყვეტილებას, რადგან მან უკეთ იცის, რატომ გითხრა უარი. შენი მხრიდან მოწიფულობის მაჩვენებელი არ იქნება, თუ შენსას დაიჟინებ. თუ არაფრად ჩააგდებ მის მიერ გასაგებად ნათქვამ უარს ან გაბრაზდები, ცხადყოფ ამით, რომ ითვალისწინებ მის ინტერესებს?
რას ამბობენ გოგოები: „ძალიან ვბრაზდები, როცა ბიჭს უარს ვეუბნები, ის კი თავისას მაინც არ იშლის“ (კოლინი).
„ერთ ბიჭს ავუხსენი, რომ არ მინდოდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ ის დაჟინებით მთხოვდა ტელეფონის ნომერს. ვცდილობდი, თავაზიანი ვყოფილიყავი. მესმოდა, რომ მისთვის ადვილი არ იქნებოდა თავისი გრძნობების გამხელა. მაგრამ ბოლოს იძულებული გავხდი, მკაცრად დავლაპარაკებოდი“ (სარა).
რა არ უნდა გააკეთო?
ზოგი ბიჭი ადვილად აწონებს გოგოებს თავს. ისინი შესაძლოა ეჯიბრებიან კიდეც ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ გოგოს მოხიბლავს. მაგრამ ასეთი შეჯიბრი სისასტიკეა და ცუდ რეპუტაციას შეგიქმნის. თუ არ გინდა სახელი გაიტეხო, გაითვალისწინე შემდეგი რჩევები.
● მოერიდე ფლირტს. ფლირტის დროს ერთი მეორეს პირფერულ კომპლიმენტებს ეუბნება და ჟესტებითა თუ მიმიკით მის გრძნობებზე თამაშობს. ასეთი ადამიანი სერიოზული განზრახვის გარეშე იჩენს რომანტიკულ ინტერესს. ფლირტი ადამიანს მეგობრებს აშორებს და მეუღლესთან ურთიერთობას უფუჭებს. გამჭრიახმა გოგოებმა ეს კარგად იციან.
რას ამბობენ გოგოები: „ვერ ვიტან, როცა ის ბიჭი გეუბნება კომპლიმენტებს, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ შენს დაქალს აწონებდა თავს“ (ჰელენი).
„ერთმა სიმპათიურმა ბიჭმა არშიყობა დამიწყო და სულ თავის თავზე ლაპარაკობდა. როცა ერთი გოგო შემოგვიერთდა, მასაც დაუწყო არშიყობა. მერე სხვა მოვიდა და მასთანაც იგივეს აკეთებდა. ძალიან ცუდად მოიქცა“ (თინა).
● არ ითამაშო გოგოს გრძნობებზე. ნუ იფიქრებ, რომ გოგოებთან ურთიერთობის დროს ისეთივე დამოკიდებულება გამოგადგება, როგორიც ბიჭებთან გაქვს. მაგალითად, თუ ბიჭს ეუბნები, რომ ახალი პიჯაკი უხდება, ან თუ ხშირად საუბრობ მასთან და შენს საიდუმლოს ანდობ, ის არასოდეს იფიქრებს, რომ მისდამი რომანტიკული გრძნობები გაქვს. მაგრამ, თუ გოგოს ეუბნები კომპლიმენტს, ხშირად ესაუბრები მას და საიდუმლოს უმხელ, მან შეიძლება იფიქროს, რომ მოგწონს.
რას ამბობენ გოგოები: „ჩემი აზრით, ბიჭებს არ ესმით, რომ გოგოებთან ისე არ უნდა მოიქცნენ, როგორც ბიჭებთან იქცევიან“ (შერილი).
„ბიჭმა შეიძლება ჩემი ტელეფონის ნომერი გაიგოს და შემდეგ მესიჯები მომწეროს. და ნეტა რისთვის?! ზოგჯერ შეიძლება მესიჯებით ვინმესთან ურთიერთობა გქონდეს და უფრო დაუახლოვდე კიდეც, მაგრამ განა სადამდე შეიძლება მესიჯებით ურთიერთობის გაგრძელება?“ (მელორი).
«ჩემი აზრით, ბიჭი ვერ ხვდება, რა სწრაფად შეიძლება გაუჩნდეს გოგოს გრძნობები მის მიმართ, მით უმეტეს, თუ ის ყურადღებიანი და კომუნიკაბელურია. იმიტომ კი არა, რომ გოგო ყველაფერზე წამსვლელია, უბრალოდ, გოგოების უმრავლესობა თავისი „განუმეორებელი“ ბიჭის მოლოდინშია» (ალისონი).