x
როგორ ახდენს გავლენას ბავშვობის გამოცდილებები თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე
იდენტური და არაიდენტური ტყუპების კვლევები გვიჩვენებს, რომ ჩვენს თვითშეფასებაზე გავლენას ახდენს გენები, რომლებიც მშობლებისგან მივიღეთ მემკვიდრეობით და ასევე გარკვეულწილად, გარემო ფაქტორებიც. “Journal of Personality and Social Psychology”- ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ეს გარემო ფაქტორები თავის გრძელვადიან მოქმედებას იწყებენ ძალიან ადრე, ადამიანის ცხოვრების დაწყებისთანავე.

image

ბერნის უნივერსიტეტის მკლევარმა ულრიხ ორთმა თავისი კვლევით დაამტკიცა, რომ საშუალოდ, რაც უფრო მაღალია ადამიანის ოჯახური გარემოს ხარისხი (რაც მის კვლევაში განისაზღვრებოდა მშობლების მიერ გამოხატული სითბოთი და ყურადღებით, კოგნიტური სტიმულაციითა და უსაფრთხო, მოწესრიგებული ფიზიკური გარემოთი) ბავშვობაში (0-დან 6 წლამდე), მით უფრო მაღალია მათი თვითშეფასება მოზრდილ ასაკში (Ulrich Orth at the University of Bern).

კვლევაში მონაწილეობდა 9000 ადამიანი, რომლებიც 1970-იან და 2001 წლებში იყვნენ დაბადებული და რომელთა დედებიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდობის ნაციონალურ ლონგიტუდინურ კვლევაში, რომელიც აშშ-ში 1979 წელს დაიწყო.


ორთმა გაანალიზა ორწლიანი ინტერვიუები დედებთან, რომლებიც მათ სახლებში ჩატარდა იმ დროს, როცა მათი ბავშვები (ამ კვლევის მონაწილეები) 0-დან 6 წლამდე იყვნენ. სწორედ ეს დაეხმარა მას, შეემუშავებინა ცდის პირის გარემოს ხარისხის საზომი, მშობლების სითბოსა და ყურადღების, კოგნიტური სტიმულაციითა და მოწესრიგებული ფიზიკური გარემოს გათვალისწინებით. ორთმა ასევე გამოყო ამ პერიოდში დედისა და მამის ურთიერთობის ხარისხი, მამის მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში, მშობიარობის შემდგომი დეპრესია და ოჯახის სიღარიბე.

ცდის პირების თვითშეფასების გაზომვა დაიწყო მაშინ, როცა ისინი 8 წლისანი იყვნენ და გრძელდებოდა ყოველ ორ-წლიურად, სანამ 27-ის არ გახდნენ.

ამ ცდის კრიტიკული აღმოჩენა იყო ის, რომ 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვის ოჯახური გარემოს ხარისხი კორელირებდა ამ ცდის პირების თვითშეფასებასთან უფრო გვიანდელ ბავშვობაში და მოზრდილ ასაკშიც კი, თუმცა ხანდახან ეს კავშირი დროთა განმავლობაში სუსტდებოდა. კვლევის შედეგებს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ოჯახური გარემო მთავარი ფაქტორია ადრეულ ბავშვობაში, რაც გავლენას ახდენს თვითშეფასების ხანგრძლივ განვითარებაზე - წერს მკვლევარი.

კვლევის მიხედვით, სხვა ბავშვობისდროინდელი გარემო ფაქტორები ასევე დაკავშირებული იყო გვიანდელ თვითშეფასებაზე. მშობიარობის შემდგომი დეპრესია და მშობელთა ურთიერთობის მაღალი ხარისხი კორელირებდა ცდის პირების თვითშეფასებასთან უფრო გვიანდელ ბავშობაში, თუმცა ამ ფაქტორებს შორის კორელაცია ნული იყო უკვე მოზრდილ ასაკში.

ამის საპირისპიროდ, ოჯახური სიღარიბე და გარკვეულწილად მამის ჩართულობა კორელირებდა თვითშეფასებასთან 27 წლამდეც კი.

რატომ უნდა ახდენდეს გავლენას ადრეული ბავშვობისდროინდელი ოჯახური გარემოება გვიანდელ თვითშეფასებაზე? ორთი თვლის, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ ადრინდელი ინტერაქციები ბავშვსა და მშობელს შორის გავლენას ახდენს ადამიანის პრე-ცნობიერ რეპრეზენტაციებზე იმის შესახებ, თუ ვინ არიან ისინი და როგორია მათი თვითღირებულება, რაც საბოლოოდ მათ სელფ-კონცეპტებში აისახება.

ორთი თვლის, რომ მის კვლევას მნიშნვლოვანი პრაქტიკული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ გარემო ფაქტორები, როგორიცაა სიღარიბე გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე; ეს, ორთის აზრით, გვაჩვენებს, რომ „შეგვიძლია სიღარიბის უარყოფითი გავლენა ბავშვის თვითშეფასებაზე თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ მაინც, თუ შევეცდებით დავეხმაროთ ასეთ ოჯახებს და გავზარდოთ მათი ცხოვრების ხარისხი“.

როგორც ყველა მსგავს კვლევაში, მნიშნვლოვანია გვახსოვდეს, რომ მიზეზ-შედეგობრიობა არ დადასტურებულა ცალსახად ადრე გაზომილ ფაქტორებსა და შემდგომ თვითშეფასებას შორის - აქ შესაძლოა მონაწილეობენ უცნობი ფაქტორები. სავარაუდოდ, ამ ტიპის კვლევა ვერ განსაზღვრავს რა როლს ასრულებენ გენები, რომლებიც მშობლებსა და მათ შვილებს საერთო აქვთ.

შესაძლოა, უფრო საინტერესო საკითხია გამოსაკვლევად, საერთოდ რამდენადაა უფრო მაღალი თვითშეფასება სასურველი შედეგი. იყო დრო, როდესაც ბევრ ფსიქოლოგს და სოციალურ რეფორმატორს სწამდა, რომ საზოგადოების საშუალო თვითშეფასების აწევა მთელ რიგ დადებით შედეგებს მოიტანდა, უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობიდან დაწყებული კარიერული წარმატებებით დამთავრებული. თუმცა, დღეს ჩვენ ვიცით, რომ მაღალი თვითშეფასების უპირატესობები საკმაოდ მოკრძალებულია, ძირითადად გამოიხატება თავის უფრო კარგად, ბედნიერად გრძნობაში და ინიციატივიანობაში. ხოლო მოჭარბებული თვითშეფასება გარკვეულ შემთხვევებში პრობლემატურიც შეიძლება გახდეს, განსაკუთრებით თუ ის ნარცისზმში გადაიზრდება.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:თინა სოლომონია
თინა სოლომონია
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0