x
image
ლანა92
".. დაერქვას გალაკტიონის სახელი თბილისის მეორე სანაპიროს.." - როგორი იყო გალაკტიონის მოღვაწეობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების 19-პუნქტიანი პროგრამა,რომელიც პოეტს თვითონვე შეუდგენია

image


"რჩეული" გალაკტიონ ტაბიძის პოეტური მოღვაწეობის 50 წლისთავისათვის, ანუ 1958 წელს უნდა გამოსულიყო. პოეტი საიუბილეო მზადებას დიდი ხნით ადრე შეუდგა და რადგანაც სხვებმა ვერ მოიცალეს, თვითონვე შეუდგენია ღონისძიებათა პროექტი, რომელშიც პირველ ადგილს იკავებდა მისი ნაოცნებარი დიდი ერთტომეულის გამოცემა. ერთტომეულს ერთ წიგნში უნდა გააერთიანებინა გალაკტიონის ნაწარმოებთა 7-ვე ტომი და გამოცემულიყო ორ ენაზე: ქართულად და რუსულად.

გალაკტიონ ტაბიძის მიერ შედგენილი საკუთარი 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამა წარმოადგენდა 19 ძირითად პუნქტს, რომელშიც პოეტის სურვილები უფრო იყო ასახული, ვიდრე მისი რეალურად განხორციელების მოსალოდნელობა. კერძოდ, გალაკტიონ ტაბიძის მიერ შედგენილი საკუთარი პოეტური მოღვაწეობის 50 წლისთავთან დაკავშირებული პროგრამა მოიცავდა შემდგომ ღონისძიებებს:

"1.დაევალოს სახელგამს გამოსცეს სახალხო პოეტ გ. ტაბიძის ნაწარმოებთა შვიდი ტომი ერთ ტომად ქართულ და რუსულ ენებზე.

2.დაერქვას გალაკტიონის სახელი თბილისის მეორე სანაპიროს.

3.აგებულ იქნას ამ ქუჩაზე სპეციალური შენობა მუდმივი გამოფენისათვის: "სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებითი გზა". აქვე მოეწყოს წიგნთსაცავი და საბიბლიოგრაფიო კაბინეტი.

4.ამავე ქუჩაზე შესაფერის ადგილას სიცოცხლეშივე აეგოს ძეგლი სახალხო პოეტს გალაკტიონ ტაბიძეს.

5.დაევალოს სახელგამს გამოიცეს წიგნი "გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება". რომელშიაც შევა როგორც აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ვ. ბარნოვის, განდეგილის, ზ. ჭიჭინაძის და სხ. წერილები და ტექსტები, ისე თანამედროვე საბჭოთა მწერლების და კრიტიკოსების ნაწარმოებნი გ. ტაბიძის შესახებ.

6.განსაკუთრებული დამსახურების გამო სახალხო პოეტს გ. ტაბიძეს დაენიშნოს პერსონალური პენსია თვეში 10 000 მანეთის რაოდენობით.

7.დაერქვას ქალაქ სამტრედიას "საგალაკტიონო".

8.მოეწყოს თბილისის სახ. ოპერის თეატრში დიდი საიუბილეო საღამო, ასეთივე საღამოები მოეწყოს საქართველოს დანარჩენ დაბა-ქალაქებში.

9. მიეცეს გ. ტაბიძეს განსაკუთრებული დამსახურების გამო ერთდროულად დახმარება 100 000 მანეთის რაოდენობით.

10.დაევალოს ჯანმრთელობის სამინისტროს უზრუნველყოს ავადმყოფი პოეტი სპეციალური მკურნალობით.

11.მიეცეს შესაფერისი ბინა.

12.წინადადება მიეცეს საბჭოთა კავშირის ყველა 16 რესპუბლიკის გამომცემლობებს გამოსცენ გ. ტაბიძის ნაწერები. მოსკოვში ყველა შვიდი ტომის გამოცემა.

13.დახმარება გაეწიოს გ. ტაბიძეს წყნეთში აგარაკის მოწყობაში.

14.დასაჩუქრებული იქნას სახ. პოეტი გ. ტაბიძე ავტომანქანით.

15.მოეწყოს სახ. ხარჯზე გ. ტაბიძის პირადი სამდივნო და კანცელარია.

16.სახლი ვანის რაიონში, სოფელ ჭყვიშში, სადაც დაიბადა პოეტი, შენახულ იქნას და მოეწყოს იქ შესაფერი მუზეუმი.

17.ასეთივე მუზეუმი მოეწყოს ქ. ქუთაისში.

18.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას დაევალოს გამოსცეს 7 ტომი გ. ტაბიძისა - აკადემიური გამოცემა.

19.დაერქვას ახალ ხიდს "გალაკტიონის ხიდის" სახელწოდება.

ეს 19-პუნქტიანი სია დასრულებული არ გეგონოთ!

გზადაგზა ჩაუნიშნავს:

-გემი "გალაკტიონი".

-გალაკტიონის მარში.

-გალაკტიონისტები, გალაკტიონიზმი.

- გალაკტიონოლოგია, გალაკტიონოლოგები, გალაკტიონოლოგიის დაფუძნება, გალაკტიონოლოგიის საფუძვლები.

- რუსთაველიდან გალაკტიონამდე.

- აკაკი და გალაკტიონი.

- ყაზბეგი და გალაკტიონი.

- გალაკტიონი და მაიაკოვსკი.

- გალაკტიონ ტაბიძე და ტეოფილ გოტიე.

- ასი პოეტი გალაკტიონის შესახებ.

- ასი პოეტის იდეა მაინც არ მეშვება (ძალით არ იქნება)..

როგორც ვახტანგ ჯავახაძე "უცნობში" (თბილისი, 1988) წერს, გალაკტიონის შესახებ "უკვე გამოიცა, ოღონდ არა ასი: ზუსტად ორასი!

დაიწერა, იწერება, დაიწერება - ლექსები, ციკლები, პოემები...

ცოტა იჩქარა, თორემ ყველაფერი ზუსტად ივარაუდა..." [ჯავახაძე, 1988, 109-110].


0
56
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0