ელ. წიგნები აუცილებლად წასაკითხი! რუის-ურბნისის საეკლესიო კრება (დავით აღმაშენებელი) 2019, 8 მარტი, 17:16 დავით აღმაშენებელის პირველ დიდ ღვაწლად საქართველოს სოციალური წარმატების წინაშე უნდა საეკლესიო წესწყობილების ის დიადი ცვლილება ჩაითვალოს, რომელიც მეფის თაოსნობით რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ განახორციელა. ხანგრძლივმა გამოცდილებამ მეფე დაარწმუნა, რომ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ნაკლად იმდროინდელი საეკლესიო წესწყობილება იყო, რომლის წყალობითაც საქმე ისე დატრიალდა, რომ «უფროსნი საეპისკოპოსონი», სამღვდელმთავროთა მომეტებული ნაწილი უღირს მამათ-მთავრებს ჩაუვარდათ ხელში, »მამულობითა უფროს ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს». წოდებრივობა გაბატონებული იყო და უმთავრესი მნიშვნელობა პირადს ღირსებას კი არ ჰქონდა, არამედ ჩამომავლობას. რა გასაკვირველია, რომ ამ ეპისკოპოსებს «მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორებისკოპოზნი დაედგინნეს». ამ წესის ამოკვეთა იყო საჭირო იმიტომ, რომ იგი ეკლესიისათვისაც და სახელმწიფოსათვისაც მეტად მავებელი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ამის წინააღმდეგ უკვე ბაგრატ IV დროს გამოჩენილი ქართველი მოღვაწე გიორგი მთაწმიდელი ამხედრდა და თვით წესიც დაარღვია მისმა ქადაგებამ, რასაკვირველია, ნიადაგი მოუმზადა, რომ ქართული ეკლესიის წესწყობილება ამ მხრივ შეცვლილიყო, მთელი სამღვდელოებისათვის სავალდებულო გამხდარიყო და ადამიანის პირადს ღირსებას სათანადო უფლება მიჰნიჭებოდა. მაგრამ ამის განხორციელება და დაკანონება მხოლოდ ადგილობრივს საკლესიო კრებას შეეძლო. მეფე დავითმაც მოიწვია401 საეკლესიო კრება, რომელიც შეიკრიბა 1103 წელს «სანახებთა ქართლისათა მახლობელად ორთა საეპისკოპოსოთა რუისისა და ურბნისისათა». ამ კრების «ძეგლის წერაში» ნათქვამია, რომ კრების მონაწილედ ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკონნი, მონაზონნი, დაყუდებულნი და მეუდაბნოენი ყოფილან; მაგრამ დავით აღმაშენებელის ისტორიკოსს უფრო ვრცელი და უეჭველია უფრო სწორი ცნობები აქვს. ამ კრებაში მონაწილეობას იღებდა თურმე «ერი მრავალი» და ზემოჩამოთვლილ პირთა გარდა მონაწილედ ყოფილან «კათალიკოზნი», მოძღუარნი და მეცნიერნი». მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მეფისა და სახელმწიფოსათვის მარტო საეკლესიო ცხოვრების მხრივ არა ჰქონია მნიშვნელობა, არამედ იგი იმდროინდელს ქართულს საზოგადოებაში წინამორბედსავით იმ აზრის განმტკიცებას მოუმზადებდა ნიადაგს, რომ სახელმწიფო და სამოხელეო წეს-წყობილებაში პირად ღირსებას გვარიშვილობაზე მეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. უეჭველია, რაკი საეკლესიო სფეროში პატრონყმური და წოდებრივი წესი ძლეული იყო, დავით აღმაშენებელს უფრო ადვილად შეეძლო მეორე დიადი ცვლილება შეეტანა საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივს წეს-წყობილებაში: სახელმწიფო ცხოვრებაში დიდგვარიან მემკვიდრეობით მოხელეთა თვითნებობა და ურჩობა აელაგმა, ხოლო სამოხელეო წეს-წყობილებაში წოდებრივი უპირატესობა მოესპო და მოხელეთა პირად და არა ”მამულობით” ღირსებისათვის შესაფერისი პატივი დაედო. 341 2-ს მოსწონს
|