საზოგადოება წელს დედოფლისწყაროს სოფლებში ამბულატორიების აღდგენა დაიწყება 2019, 28 თებერვალი, 23:35 საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობა იგეგმება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს 440 პროექტიდან კახეთში 54 ასეთი პროექტი განხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციას, ახლის მშენებლობას, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრების გარემონტებას და სხვა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამჯერად არ დაუკონკრეტებია, კახეთის რეგიონისთვის გათვალისწინებული 54-დან რამდენი პროექტი განხორციელდება უშუალოდ დედოფლისწყაროში. თუმცა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ოფიციალური წერილობითი მოთხოვნა 8 სოფლის ამბულატორიის აღდგენის შესახებ მიაწოდეს. 2013 წელს დედოფლისწყაროს რამდენმე სოფელში ახალი ამბულატორიები გაიხსნა, ამიტომ დანარჩენი სოფლების ამბულატორიები სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ საჭიროებს. დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურს 3 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტომობილი 2014 წლის დეკემბერში გადაეცა. ავტომობილები გერმანული წარმოების „ფოლკცვაგენის“ ფირმის მაღალი გამავლობისაა და უახლესი სამედიცინონ აპარატურითა აღჭურვილი, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისი დედოფლისწყაროში, რომელიც ფართობით ყველაზე დიდი რაიონია ქვეყანაში. 2014 წლიდან სასწრაფო დახმარების სამსახურის ეკიპაჟი მორიგეობს სოფელ ზემო ქედშიც. აქამდე, 2014 წლის მარტში, საქართველოს მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ახალი ამბულატორია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში დამონტაჟდა. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებდნენ და მასზე 2, 4 მილიონი ლარი სიხარჯა. ამბულატორია სტანდარტულია და 41-42 კვ.მ-ია. შენობა მომზადებულია სენდვიჩპანელებისგან, რომელიც 2 გამათბობლითა და 2 სველი წერტილით აღიჭურვა. შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ამბულატორიების კონსტრუქციები საქართველოში იწყობა და მას ლილოში არსებულ ქარხანაში აწარმოებენ. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დედოფლისწყაროს რამდენიმე სოფელში საერთაშორისო უცხოური გრანტებით რამდენიმე სოფლის ამბულატორია გარემონტდა და პაციენტების მომსახურებისთვის საჭირო პირობები შეიქმნა. „სოფელ ზემო ქედის ცენტრში მდებარე შენობაში მანამდე საავადმყოფო და სამშობიარო ფუნქციონირებდა. 90-იანი წლებიდან სამსართულიანი შენობა უფუნქციოდ იყო დარჩენილი. კომუნისტების დროს კი ის დიდი დატვირთვით მუშაობდა და ადგილზე ყველანაირი პირობა იყო შექმნილი. უცხოური დაფინანსებით გარემონტდა ამ შენობის პირველი სართული და იქ სოფლის ამბულატორია განთავსდა. ექიმი, ექთნები და სტომატლოგიც კი მუშაობდა. სტომატოლოგი გარდაიცვალა, მაგრამ დანარჩენი მომსახურება მოსახლეობას უპრობლემოდ შეუძლია მიიღოს. ახლაც საკმაო დატვირთვით მუშაობენ, მეზობელ სოფლებთან შედარებით უნდა ითქვას, რომ ზემო ქედის ამბულატორიას ბევრი მოქალაქე აკითხავს. ყველაფრით უზრუნველყოფილია, არც შენობას აქვს პრობლემები და არ მსმენია, რომ ვინმეს რაიმე შენიშვნა ჰქონოდა, ან ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობა არსებობდეს, ასეთი ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა. შეიძლება ითქვას, ამ ზონაში ამბულატორიის მუშაობასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის. ბოლო წლებში ამავე შენობის მესამე სართულზე ამოქმედდა სასწრაფო დახმარების ფილიალიც. სასწრაფოს ექიმები ერთი ავტომობილით დედოფლისწყაროდან მოდიან და აქვე მორიგეობენ, რომ გამოძახებებზე ოპერატიულად გავიდნენ და რაიონული ცენტრიდან სოფლამდე გასავლელ დიდ გზაზე დრო არ დაიკარგოს, “ - განუცხადა გაზეთ „შირაქს“ ზემო ქედში მერის წარმომადგენელმა ბეჟან სუხაშვილმა. ათეულობით წელია რეაბილიტაცია არ ჩატარებია სოფელ გამარჯვების ამბულატორიასაც. სხვა სოფლებისგან განსხვავებით ამჟამად შენობაში საგანგაშო ვითარება არ არის, თუმცა, ხელის შევლებასა და განახლებას მოითხოვს. „ბოლოს როდის შერემონტდა არც კი ვიცი, ძველი შენობაა და დიდი ხანია ასეა. ექიმი ბაბულია ბენაშვილი, ექთანი ანა მარტყოფლიშვილი მუშაობენ და ემსახურებიან მსურველებს. შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე მუშაობენ. საოცარი პიროვნებაა ჩვენი სოფლის ექიმი, ბაბულია ბენაშვილი ისეთი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს, რომ ნებისმიერ ამინდში, ნებისმიერ დროს, გვიან ღამითაც მზადაა ფეხით იაროს და პაციენტებს მოემსახუროს, ამიტომაც ყველას უყვარს. ამავე შენობაში გვერდით ფართი გაქირავებულია და კერძო სტომატოლოგიური კაბინეტი მოქმედებს და ის შედარებით კეთილმოწყობილია. სოფელ თავწყაროში რომ გაკეთდება ეს ვიცი, მაგრამ ჩვენი სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაციის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია, “ - ამბობს საკრებულოს დეპუტატი გიორგი ჭინჭარაული. საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ამჯერად პროგრამისათვის ჯამში გამოყოფილია 20 მილიონი ლარი და კახეთის გარდა, ყველა რეგიონს მოიცავს. „ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ სპეციალურ პროგრამებს საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარებისა და რეგიონებში აუცილებელი სერვისების მიწოდების მიზნით. ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და მათთვის ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სერვისების მიწოდება ჩვენი სამთავრობო პრიორიტეტია, რომელსაც არასდროს არ გადავუხვევთ. საქართველოს მასშტაბით წელს დაიწყება 100-ზე მეტი ახალი ამბულატორიისა და 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა. ასევე დაგეგმილია 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაციაც. პროგრამა მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც უკვე გაუწყეთ, რამდენიმე თვეში უნდა გაირკვას, რომელი კომპანიები აწარმოებენ სამუშაოებს. ასე რომ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რამდენი ასეთი პროექტი განხორციელდება დედოფლისწყაროში და კონკრეტულად რომელი სოფლების ამბულატორიები აღდგება. ამ ეტაპზე ისიც ვერ კონკრეტდება, უკვე დაფინანსებულ 54 პროექტს შორის დედოფლისწყაროდან მოთხოვნილი რვავე ამბულატორია ფინანსდება, თუ მხოლოდ რამდენიმე შერჩეული მათგანი. სახელმწიფო უწყეებიდან ამის თაობაზე ოფიციალური ცნობა მუნიციპალიტეტის მერიას ამ დრომდე არ მიუღია. 25 შეფასება არ არის
|