x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138403
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ყველაზე საშიში ბაქტერიები და ვირუსები, რომლებიც კიბოს იწვევენ
მიკრობები

სამყაროში კიბოს გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. ეს დაავადება შეიძლება გამოიწვიოს დაბინძურებულმა ჰაერმა და გარემომ, არაჯანსაღმა საკვებმა, თამბაქოს მოხმარებამ, ალკოჰოლმა, მშობლებისგან მემკვიდრეობით ჩვენთვის გადმოცემულმა გენებმა, რადიაციამ ან იმან, რაზეც სტატიაში გვექნება საუბარი: ბაქტერიებმა და ვირუსებმა.


ამრიგად, კიბო შეიძლება გრიპის მსგავსად, უეცრად შეგვხვდეს. სწორედ ამგვარად ემართება კიბო ყოველწლიურად 14 მილიონიდან 2 მილიონ ადამიანს მსოფლიოში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფების 15 %-ზე მეტი კიბოს ინფექციის მეშვეობით იღებს.


მსოფლიოში ყოველწლიურად 1, 5 მილიონი ადამიანი იღუპება ბაქტერიების და ვირუსების შედეგად გამოწვეული ავთვისებიანი სიმსივნეებით.



კიბოს იწვევს უამრავი ბაქტერია და ვირუსი, თუმცა მათ შორის 4 არის განსაკუთრებით სახიფათო, რადგან სწორედ მათზე მოდის მიკრობებით გამოწვეულ ავთვისებიან სიმსივნეთა 90 %-ზე მეტი. ესენია:


1. ჰელიკობაქტერია პილორი.


2. ადამიანის პაპილომა ვირუსი.


3. ჰეპატიტის ვირუსი B.


4. ჰეპატიტის ვირუსი C.


ოთხივე მათგანს ქრონიკული ინფექციების გამოწვევა შეუძლია. შედეგად ორგანიზმი ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციებს, რაც წლების ან ათწლეულების შემდეგ კიბოს იწვევს.


თუმცა საბედნიეროდ ეს იშვიათად ხდება. მაგ. ჰელიკობაქტერია პილორის მიერ გამოწვეულ სიმსივნეთა რაოდენობა არის 1:3000.


ანუ ყოველი იმ 3000 ადამიანიდან, ვინც ჰელიკობაქტერია პილორს ატარებს, მხოლოდ ერთი ავადდება ავთვისებიანი სიმსივნით.


რანაირად იწვევს ინფექცია კიბოს, მედიცინის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ცნობილი არ არის. ვიცით მხოლოდ ის, რომ ზემოქმედება ხდება უჯრედულ დონეზე და სწორედ უჯრედის გენომის ცვლილება იწვევს კიბოს.


თვით ცალკე აღებული ქრონიკული ანთებითი პროცესიც კიბოს გამომწვევია. როცა ადამიანის სხეულში ქრონიკული ანთებითი პროცესი მიდის, ორგანიზმს აღარ შეუძლია, უჯრედის გენომი სახიფათო მუტაციებისგან ადეკვატურად დაიცვას.


მაგრამ მეორეს მხრივ, ვირუსებს და ბაქტერიებს გააჩნიათ ასევე პროტეინ p53-ის დაბრკოლების უნარი. პროტეინი p53 არის სიმსივნის დამთრგუნველი ცილა. სწორედ ეს ცილა აკონტროლებს უჯრედს, რათა მასში სახიფათო მუტაციები არ დაიწყოს. ხოლო როცა აღნიშნული ცილა დაბრკოლებულია, კიბოს გენები თავისუფლად იწყებენ მოქმედებას.


ყველა ეს ვირუსი და ბაქტერია მარცხდება თანამედროვე პრეპარატების და თერაპიის მეთოდების მეშვეობით. მაგ. ჰელიკობაქტერია პილორის ამარცხებს ანტიბიოტიკი ამოქსიცილინი, რასაც საქართველოში პრეპარატი აუგმენტინი შეიცავს და როცა ექიმი გინიშნავთ აუგმენტინს ფილტვების ანთების დროს, ამან პარალელურად შეიძლება დაამარცხოს კუჭ-ნაწლავში მყოფი ჰელიკობაქტერია პილორიც, რომელიც იქ წლობით ისე შეიძლება ცხოვრობდეს, რომ ამის შესახებ თქვენ არაფერი იცოდეთ. ხოლო პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურია აცრა.


საქართველოში პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 9-დან 14 წლამდე ასაკის გოგონებისთვის უფასოდ ხორციელდება. დანარჩენ ასაკობრივ კატეგორიებში ვაქცინაცია სამწუხაროდ ფასიანია და 300 ლარი ღირს.


მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, სადაც გოგონებს შესაძლებლობა აქვთ, პაპილომა ვირუსზე აცრა უფასოდ გაიკეთონ და საქართველო სწორედ ამ ქვეყნების რიგშია.


C ჰეპატიტს რაც შეეხება, მის წინააღმდეგ მედიცინის განვითარების ამ ეტაპზე არ არსებობს ვაქცინა, თუმცა სამაგიეროდ B ჰეპატიტის წინააღმდეგ არსებობს და რისკ-ჯგუფებში თუ ხართ, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ.


მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაცია 80 000 დოლარზე მეტი ჯდება, მაგრამ საქართველოში ესეც უფასოა.


მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ რომელი მიკრობი იწვევს კიბოს ყველაზე უფრო ხშირად. ეს აღმოჩნდა ზემოხსენებული ჰელიკობაქტერია პილორი. ავთვისებიან სიმსივნეთა 660 000 შემთხვევა ყოველწლიურად სწორედ ამ ბაქტერიის მოქმედების შედეგად არის გამოწვეული. ჰელიკობაქტერია პილორი ძირითადად კუჭ-ნაწლავის კიბოს იწვევს, თუმცა მისი მეშვეობით MALT ლიმფომაც შეიძლება ჩამოყალიბდეს.


ჰელიკობაქტერია პილორიზე ოდნავ უფრო "უხიფათოა" პაპილომა ვირუსი: 610 000 ადამიანს უჩენს კიბოს ყოველწლიურად. მსხვერპლთა 90 %-ზე მეტი ქალია. ბევრად უფრო იშვიათად იწვევს აღნიშნული ვირუსი ანალური ხვრელის და პირის ღრუს კიბოებს და ეს ხდება მაშინ, როცა ვირუსით დაავადებული ქალის პარტნიორი ინფექციის მატარებელ ადამიანთან კუნილინგუსით და ანალინგუსით კავდება. ამიტომ სანამ ქალთან კუნილინგუსით / ანალინგუსით დაკავდებოდეთ, კარგი იქნება, იცოდეთ, არის თუ არა თქვენი პარტნიორი პაპილომა ვირუსის მატარებელი.


ჰეპატიტი B და ჰეპატიტი C ერთად ყოველწლიურად იწვევენ ავთვისებიან სიმსივნეთა 600 000 შემთხვევას. ამ ვირუსების მოქმედებით გამოწვეული კიბო ძირითადად ღვიძლში ვითარდება, თუმცა B და C ჰეპატიტებმა არაჰოჯკინური ლიმფომაც შეიძლება გამოიწვიონ.


დანარჩენი კანცეროგენული ვირუსებიდან და ბაქტერიებიდან აღსანიშნავია აივ ვირუსი, ეპშტაინ-ბარის ვირუსი, რომელიც ლიმფომებს იწვევს, ასევე ადამიანის ჰერპესვირუსი 8 (კაპოშის სარკომა) და ადამიანის თი ლიმფოტროპიული ვირუსი 1 (ლეიკემიები და ლიმფომები).


0
1073
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1073
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0