x
image
ლანა92
როდის ჩნდება ათაბაგის საჴელო საქართველოში და ვინ იყო პირველი ათაბაგი

თამარ მეფის მმართველობის პერიოდისათვის საქართველო ძლიერი ფეოდალური სახელმწიფოა გამართული სამოხელეო აპარატით. მეფეს შესაძლებლად და მიზანშეწონილად მიუჩნევია, რამდენადმე შეეცვალა "დარბაზის რიგის" მოხელეთა წყობა და შემოეღო ახალი თანამდებობა - ათაბაგის სახელო.

ათაბაგს ენიჭებოდა მკვეთრად განსაზღვრული როლი ქვეყნის ცხოვრებაში, ის უნდა ყოფილიყო მეფის მემკვიდრის მეურვე, მომავალი მმართველის, უფლისწულის აღმზრდელი.

პირველი ათაბაგი საქართველოს ისტორიაში იყო ივანე (I) მხარგრძელი, ამირსპასალარ სარგისის ძე, ზაქარია მხარგრძელის ძმა, რომელსაც "ყოცა მეფემან და უბოძა ათაბაგობა", 1205 წელს (სხვა ვერსიით, 1212 წელს). იგი იყო თამარის კარის წარჩინებული მოხელე, მსახურთუხუცესი, ამირსპასალარი და ათაბაგი მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში.


image

ზოგადად ათაბაგი ( თურქულად ata - "მამა" beg-"ბატონი") იყო სელჯუკთა სულთნის აღმზრდელის, მეურვის ტიტული, რომელსაც სულთნის კარზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, ხოლო სელჯუკთა სახელმწიფოს დაშლის შემდგომ ათაბაგად იწოდებოდა დამოუკიდებელი სამთავროს მმართველი, მეთაური; ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფოში ათაბაგის ფუნქციას ასრულებდა მხედარმთავარი, რომელიც უფლისწულს, ტახტის მემკვიდრეს ასწავლიდა სამხედრო ხელოვნებას და ამავდროულად, მართავდა რომელიმე ოლქს.სელჯუკთა სახელმწიფოში ათაბაგს უნდა ეზრუნა სამეფო დინასტიისა და სახელმწიფოს დაცვაზე, რისთვისაც ეკისრებოდა უფლისწულის კონტროლი, სწორი აღზრდა, ტახტის მემკვიდრის შესაძლო განდგომის საფრთხის არიდება.

თურქ-სელჯუკთა სახელმწიფოში პირველი ათაბაგი ყოფილა ნიზამ ალ-მულქი, ალფ-არსლანისა და მალიქ-შაჰის ვაზირი და აღმზრდელი.

ფეოდალური საქართველოს სამოხელეო წყობაში ათაბაგმა თავიდანვე საპატიო რანგი დაიკავა. კერძოდ, "ჴელმწიფის კარის გარიგებაში" ათაბაგი უკვე მოხსენიებულია ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის შემდგომ ანუ ვაზირთა (მინისტრთა) შორის მეორე ადგილზე, ხოლო პატივით გათანაბრებულია ამირსპასალართან და მანდატურთუხუცესთან. დოკუმენტის თანახმად, ათაბაგი "დიდი და საპატიო" მოხელეა, რომელიც მეფის მიერ საგანგებოდ მოწვეულ თათბირებზე ადგილს იკავებს "ჭყონდიდელის ქვემოთ", ამირსპასალართან ერთად.

თამარის ზეობის ბოლო პერიოდისათვის ათაბაგის ინსტიტუტის ფორმირება პრაქტიკულად უკვე დასრულებულია, ახალი ვაზირის (მინისტრის) - ათაბაგის საყელო, თანამდებობა საბოლოოდ ჩამოყალიბებულია და სამოხელეო აპარატში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. უნდა ითქვას, რომ თამარის მეფობისას სამოხელეო აპარატში ასეთმა მკვეთრმა ცვლილებებმა, "დარბაზის რიგის" მოხელეთა რიცხობრივმა ზრდამ ერთგვარი წინაპირობა შექმნა ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის საყელოს შესუსტების, არსებულ მდგომარეობასთან შედარებით დაქვეითებისათვის და სრულყოფილი სამოხელეო აპარატის, სავაზიროს (სამინისტროს) ჩამოყალიბებისათვის.

ათაბაგის ინსტიტუტი საქართველოში გაჩნდა სამეფო ძალაუფლების გადანაწილებისათვის ბრძოლის პროცესში, მე-13 საუკუნის დასაწყისისათვის და იგი იმთავითვე დაუპირისპირდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელოს, ემსახურებოდა მისი ფუნქციების შეკვეცას, მისი გავლენის შესუსტებას. ათაბაგმა საქართველოში, უფლისწულის აღზრდის ფუნქციასთან ერთად, შეითავსა ამირსპასალარის თანამდებობაც, გახდა ცენტრალური სამოხელეო აპარატის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, სამ ვაზირთა შორის პირველთაგანი და ამავდროულად, ადგილობრივი მოხელე-მთავარი. საქართველოს პოლიტიკურ სამთავროებად დაქუცმაცების შემდგომ ათაბაგი ვაზირი აღარაა, ის სამცხის მთავართა ტიტულის სახით ნარჩუნდება მხოლოდ.

0
95
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0