x
image
ზოგადი განათლება
მშობელისა და შვილის ურთიერთობა – აღიარების ვერბალურად გამოხატვა - ფსიქოლოგიური გაგება

მშობელისა და შვილის ურთიერთობა – აღიარების ვერბალურად გამოხატვა - ფსიქოლოგიური გაგება



მშობელთა უმრავლესობას ესმის, რომ ურთიერთობის პროცესში ხანგრძლივი დუმილი შეუძლებელია. ადამიანებს სჭირდებათ ვერბალური ურთიერთობა. ცხადია, ინტიმური, ეფექტური ურთიერთობისათვის საჭიროა,
მშობლები ესაუბრონ შვილებს, რომლებსაც ეს საუბარი სჭირდებათ.
საუბარი მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტია ის, თუ როგორ ესაუბრება მშობელი შვილს. ბევრი რამის თქმა შეიძლება მშობელი-შვილის
ურთიერთობების შესახებ მხოლოდ მათ საუბარზე, განსაკუთრებით კი
მშობლის პასუხებზე დაყრდნობით. თითოეულმა მშობელმა კარგად უნდა
შეისწავლოს საკუთარი ვერბალური რეაქციები, რადგან სწორედ მათშია
მშობლის ეფექტიანობის გასაღები დამალული.
PET-კურსებზე გამოიყენება სავარჯიშოები, რომელიც მშობლებს ეხმარება
გაიგონ, რა ვერბალურ პასუხებს იყენებენ ისინი, როცა შვილები გრძნობებსა და პრობლემებს უზიარებენ.

image

თუ ამ სავარჯიშოს შესრულება გსურთ,
დაგჭირდებათ მხოლოდ ქაღალდი და კალამი ან ფანქარი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი თხუთმეტი წლის შვილი ერთ საღამოს ვახშმობისას აცხადებს:


„სკოლა ტეხავს! უამრავ უსარგებლო რამეს გასწავლიან, რაც არაფერში გჭირდება. გადავწყვიტე, სულაც არ გავაგრძელო სწავლა
კოლეჯში. წარმატებული რომ გახდე, სულაც არ არის განათლება
საჭირო. უამრავი სხვა გზაა ცხოვრებაში წინ წასასვლელად“.


ახლა ფურცელზე დაწერეთ, რას უპასუხებდით შვილის ამ აღიარებას.
დაწერეთ თქვენი ვერბალური შეტყობინება – ის სიტყვები, რომლებსაც გამოიყენებდით პასუხის გაცემისას.
ამის შემდეგ სხვა სიტუაცია წარმოიდგინეთ. ათი წლის ქალიშვილი
გეუბნებათ:


„არ ვიცი, რა მჭირს. ჯინის მოვწონდი, ახლა აღარ მოვწონვარ. ის
აღარ მოდის ჩემთან სათამაშოდ. თუ მასთან მივდივარ, ის ეშლისთან თამაშობს. ერთად თამაშობენ და მხიარულობენ, მე კი მარტო
ვდგავარ. ორივე მეჯავრება“.


ისევ დაწერეთ, ზუსტად რას უპასუხებდით ქალიშვილის ამ შეტყობინებას.


აი, კიდევ ერთი სიტუაცია – თერთმეტი წლის შვილი გეუბნებათ:


„რატომ უნდა დავასუფთაო ეზო და გავიტანო ნაგავი? რეის არ აიძულებს დედა ამ საზიზღრობების კეთებას! უსამართლოდ მექცევი.
ბავშვმა არ უნდა აკეთოს ამდენი საქმე. არავინ აკეთებს ამდენ სისულელეს, რამდენსაც – მე“.


დაწერეთ თქვენი პასუხი.


ბოლო სიტუაცია. თქვენი ხუთი წლის ბიჭი ნაწყენია იმის გამო, რომ
დედ-მამა და მათი ორი სტუმარი სადილის შემდეგ ყურადღებას არ აქცევენ. ოთხივენი თავდავიწყებით საუბრობთ. მოულოდნელად ბიჭი ყვირის:
„ყველანი დებილები და სულელები ხართ. მეჯავრებით!“


დაწერეთ, რას ეტყოდით მას ამ ენერგიული შეტყობინების პასუხად.

--------------------------------------------------------------------------

ზემოთ მოტანილ შეტყობინებებზე თქვენი შესაძლო პასუხები შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დაიყოს. უამრავი კატეგორია არსებობს, რომლებსაც შეიძლება მივაკუთვნოთ მშობლის პასუხები. ისინი ქვემოთ არის
მოცემული. აიღეთ თქვენი დაწერილი პასუხები და სცადეთ გაარკვიოთ,
ყველაზე მეტად რომელ კატეგორიას შეესაბამება ისინი.


1. ბრძანება, მოთხოვნა, იძულება
ბავშვის იძულება, ბრძანებით და მოთხოვნით გააკეთოს რაიმე:
„არ მაინტერესებს, როგორ იქცევიან სხვა მშობლები, ეზო უნდა დაასუფთაო!“
„ასე ნუ მელაპარაკები!“
„დაბრუნდი და ჯინის და ეშლის ეთამაშე!“
„შეწყვიტე სლუკუნი!“


2. გაფრთხილება, შეგონება, მუქარა
ახსენებთ ბავშვს, რა შეიძლება მოჰყვეს მის საქციელს:
„ინანებ, ამას თუ გააკეთებ!“
„კიდევ ერთი სიტყვა და ოთახიდან გახვალ!“
„თუ უსიამოვნებები არ გინდა, სჯობს, ეგ არ გააკეთო!“


3. მოწოდება, ჭკუის სწავლება, ქადაგება
ახსენებთ ბავშვს, რა ევალება, რომ გააკეთოს:
„ასე არ უნდა მოიქცე!“
„ვალდებული ხარ, ეს გააკეთო“.
„უფროსებს ყოველთვის პატივი უნდა სცე!“


4. რჩევა, კარნახი, შეთავაზება
ეუბნებით ბავშვს, როგორ გადაჭრას პრობლემა, აძლევთ რჩევას
ან სთავაზობთ მზამზარეულ პასუხებს თუ გადაწყვეტილებებს:
„სთხოვე ჯინის და ეშლის, ჩვენს ეზოში ითამაშონ“.
„რამდენიმე წელი დაიცადე, სანამ კოლეჯის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდე“.„კარგი იქნება, თუ ამის შესახებ მასწავლებლებს დაელაპარაკები“.
„ეცადე, სხვა გოგოებს დაუმეგობრდე“.

5. ნოტაციის კითხვა, სწავლება, ლოგიკური არგუმენტაცია
ბავშვზე გავლენის მოხდენა ფაქტებით, კონტრარგუმენტებით,
ლოგიკით, ინფორმაციით ან თქვენი შეხედულებებით:
„კოლეჯში სწავლა შენთვის საუკეთესო გამოცდილება იქნება“.
„ბავშვებმა უნდა ისწავლონ ერთმანეთთან შეგუება“.
„მოდი, მაგალითებით ვნახოთ, რას აღწევენ კოლეჯდამთავრებულები“.
„თუ ბავშვები სახლის საქმეებზე პასუხისმგებლობას იკისრებენ, ისინი პასუხისმგებელი ადამიანები გაიზრდებიან“.
„მოდი, ამას ასე შეხედე – დედას შენი დახმარება სჭირდება ოჯახურ
საქმეებში“.
„როცა შენხელა ვიყავი, ორჯერ მეტ საქმეს ვაკეთებდი“.


6. გაკიცხვა, კრიტიკა, უთანხმოება, დადანაშაულება
ბავშვის გაკიცხვა ან ნეგატიური შეფასება:
„არასწორად ფიქრობ“.
„რა ბავშვობაა“.
„ძალიან ცდები“.
„ვერ დაგეთანხმები“.


7. შექება, თანხმობა
პოზიტიური აზრის ან შეფასების, თანხმობის გამოხატვა:
„კარგი შვილი ხარ“.
„კარგად სწავლა შეგიძლია“.
„ვფიქრობ, მართალი ხარ“.
„გეთანხმები“.


8. ლანძღვა, დაცინვა, შერცხვენა
ბავშვის სასაცილო, სასირცხვილო მდგომარეობაში ჩაყენება:
„გაფუჭებული, გაუზრდელი ბავშვი ხარ“.
როგორ ვუსმინოთ ისე, რომ შვილებს უნდოდეთ ჩვენთან საუბარი: აღიარების (მოწონების) ენა

„მომხედე, ყოვლისმცოდნევ“.
„ველურივით იქცევი“.
„კარგი, ჩემო „პატარავ“.


9. ინტერპრეტაცია, ანალიზი, დიაგნოზის დასმა
უხსნით ბავშვს მისსავე მოტივებს ან აანალიზებთ, რატომ იქცევა
ასე; აცნობებთ, რომ გაიგეთ, რაშია საქმე; სვამთ დიაგნოზს:
„შენ უბრალოდ ეჭვიანობ ჯინიზე“.
„ამას იმიტომ ამბობ, რომ გამაგიჟო“.
„სინამდვილეში სულაც არ ფიქრობ ასე“.
„ასე იმიტომ ფიქრობ, რომ სკოლაში საქმეები კარგად ვერა გაქვს“.


10. დამშვიდება, თანაგრძნობის გამოხატვა, ნუგეშისცემა, მხარდაჭერა
ცდილობთ, ბავშვმა თავი უკეთ იგრძნოს, კარგ ხასიათზე
დააყენოთ, გაუქარწყლოთ ნეგატიური ემოციები:
„ხვალ ამაზე გაგეცინება“.
„ზოგჯერ ყველა ბავშვს ემართება ასე“.
„ნუ დარდობ, ყველაფერი მოგვარდება“.
„შენი შესაძლებლობებით საუკეთესო სტუდენტი იქნები“.
„ადრე მეც ასე ვფიქრობდი“.
„ვიცი, სკოლა ხანდახან ძალიან მოსაბეზრებელია“.
„შენ ხომ სხვა ბავშვებს კარგად ეგუები“.


11. გამოკვლევა, გამოკითხვა, დაკითხვა
ცდილობთ დაადგინოთ მიზეზები, მოტივები, საფუძველი; მეტი
ინფორმაცია მოაგროვოთ, რაც პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ:
„ასე ფიქრი როდის დაიწყე?“
„რატომ ფიქრობ, რომ სკოლა გეჯავრება?“
„გითხრეს ბავშვებმა, რატომ არ უნდათ შენთან თამაში?“
„რამდენ ბავშვს ესაუბრე ოჯახური პრობლემების შესახებ?“
„ვინ ჩაგიდო თავში ეს აზრი?“
„რას გააკეთებ, თუ კოლეჯში არ წახვალ?“


12. ყურადღების გადატანა, გაქარწყლება, ხუმრობა, სხვა თემაზე
გადართვა
ცდილობთ, ბავშვს პრობლემა დაავიწყოთ და თავადაც თავი
აარიდოთ მას; ყურადღება გადაატანინოთ, ეხუმროთ; გვერდზე
გადადოთ პრობლემა:
„უბრალოდ დაივიწყე“.
„მოდი, ამაზე ჭამის დროს ნუ ვილაპარაკებთ“.
„მოდი, რამე სასიამოვნოზე ვილაპარაკოთ“.
„როგორ მიდის ფეხბურთის საქმეები?“
„ალბათ პრეზიდენტსაც კი არა აქვს ისეთი რთული პრობლემები,
როგორიც – შენ“.
„ყველამ გავიარეთ ეს ყველაფერი“.

image

თუ თქვენი პასუხები ამ კატეგორიათაგან ერთ-ერთს მიაკუთვნეთ,
სავსებით ტიპური მშობელი ხართ.





-------------------------------------------

თომას გორდონის ლექციათა კურსიდან

''როგორ გავხდეთ კარგი მშობელი''



0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0