ფეხბურთი ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში დედოფლისწყაროდან ორი სპორტსმენი სწავლობს 2019, 14 თებერვალი, 19:41 წელიწადზე მეტია, რაც კახეთის რეგიონში ფეხბურთის განვითარებისთვის ფედერაციამ საფეხბურთო აკადემია გახსნა. ასეთი სასწავლო ცენტრი ქვეყანაში ჯერ მხოლოდ სამია. ის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტს ემსახურება და მისი ამოქმედების მთავარი მიზანიც ის იყო, რომ ფეხბურთით დაინტერესებულ მოზარდებს სპორტის ამ სახეობის საფუძვლიანად შესწავლა საკუთარ რეგიონში, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ აკადემიაში შეძლებოდათ. ეს მოდელი რეგონში ყველაზე ძლიერი მოზარდების განვითარებისთვის შეიქმნა და იქ მოხვედრა ყველა მსურველს არ შეუძლია. ნოდარ ახალკაცის სახელობის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში დედოფლისწყაროდან პირველივე წელს სოფელ ზემო მაჩხაანში მცხოვრები 15 წლის ლუკა ნატროშვილი ჩაირიცხა. ის უფროსი ასაკის სპორტსმენებში მოხვდა და ერთწლიანი სწავლება გაიარა. წელს კი აკადემიაში ქალაქ დედოფლისწყაროდან 13 წლის გიორგი შეითნიშვილი მოხვდა, რომელიც ორწლიან სწავლებას გაივლის. ისინი აკადემიის საცხოვრებელში ცხოვრობენ და სახელმწიფო, ცხოვრების გარდა, კვებასა და სხვა ხარჯებსაც უფინანსებს. ორივე სპორტსმენი ზურაბ ჩალაბაშვილის აღზრდილია, ამიტომ დედოფლისწყაროელი მწვრთნელი სიამაყით გვიყვება, რომ მათი აკადემიაში მოხვდრა დიდი სპორტული კარიერისთვის ყველაზე კარგი სტარტია. ის ორივე მათგანში ხედავს იმ მონაცემებს, რომლთა სწორად განვითარების შემთხვევაში მათ საუკეთესო მომავალი ელით. ლაგოდეხში მოქმედი აკადემიის აღმზრდელი და მწვრთნელი დედოფლისწყაროელ სპორტსმენებს დადებითად ახასიათებენ. ორივე მათგანის მწვრთნელი გიორგი ნუსხელიძეა, ის მათი პოტენციალით კმაყოფილია და ამ ბიჭების მომავალს იმედიანად უყურებს. აკადემიაში ამბობენ, რომ საბოლოო პროგნოზის გაკეთება ჯერ რთულია, თუმცა, თუ მოზარდებმა ასე გააგრძელეს, წინ ბევრი წარმატება ელით. „შირაქმა“ ორივე მათგანთან გასაუბრება შეძლო, კმაყოფილება ორივე დედოფლისწყაროელ სპორტსმენს ეტყობა. საბოლოოდ, ორივე დიდ წარმატებებს უმიზნებს. ლუკა ნატროშვილი (ფეხბურთელი): „ფეხბურთი ბავშვობიდან მომწონდა, აღარც მახსოვს, როდიდან, მაგრამ დიდი ხანია მოხიბლული ვარ. უფრო პაპას დამსახურებაა, რომ ფეხბურთი ავირჩიე. მან უდიდესი ბიძგი მომცა. მეც ავყევი და მას მერე იგივე სურვილები მამოძრავებდა. მახსოვს, რონალდო მომწონდა, „რეალს“ ვგულშემატკივრობდი. ძნელია, ავხსნა, რატომ მაინცდამაინც ფეხბურთი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფეხბურთი ყველა სხვა სპორტზე მეტია. როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, მომწონდა, რომ ბურთის თამაშის დროს სხვას ვატყუებდი და ეს სიამოვნებას მანიჭებდა, ამით მიმიზიდა. ფეხბურთში თვისებები უნდა მოგწონდეს, რონალდოს თვისებები ძალიან მომწონს. ის ძალიან შრომისმოყვარეა, შრომის და მონდომების გარეშე არაფერი გამოვა. აკადემიამ საფეხბურთო სწავლების კუთხით ძალიან დიდი განათლება მომცა. ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რომ იქ მოვხვდი. არ მიფიქრია იმაზე, რომ ამხელა რაიონიდან აკადემიაში პირველი მე მოვხვდებოდი, მაგრამ კონცენტრირებული ვიყავი მიზანზე, ვცდილობდი, ბოლომდე მეშრომა და ჩემი მთავარი ოცნება ამეხდინა. მე ვთამაშობდი დედოფლისწყაროში, შემდეგ ტიბაანის გუნდში, ბოლოს კახეთის ნაკრებშიც ვიყავი და ამის მერე აღმოვჩნდი ლაგოდეხის აკადემიაში. მოგეხსენებათ, დედოფლისწყაროს გუნდი ბოლო წლებში დაიშალა, ამიტომ ტიბაანის გუნდში გადასვლა და იქ სიარული მომიწია. თბილისში გადასვლა მინდა, სამომავლოდ ვგეგმავ კარგ კლუბში ვითამაშო და ჩემი ოცნება ავიხდინო. არასდროს დავკმაყოფილდები ჩემი მიღწევებით, ჩემთვის მაქსიმალური მწვერვალი არ არსებობს, ჩემთვის უმთავრესი მხოლოდ განვითარებაა, რისთვისაც ძალებს არ დავზოგავ“. გიორგი შეითნიშვილი (ფეხბურთელი): „საუკეთესო პირობები გვაქვს, ყველაფერი მოწესრიგებულია საიმისოდ, რომ კარგად ვისწავლოთ. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია და აქ ყოფნა მართლა ბევრს ნიშნავს. მეამაყება, რომ რაიონს ვასახელებ და ამისათვის თავს და შესაძლებლობებს არ დავზოგავ. ძალიან მადლიერი ვარ ზურაბ ჩალაბაშვილის, ბევრი იშრომა, რომ შედეგი მიეღო და დღემდე მოვსულიყავი. გამიმართლა, ასეთი ტრენერი რომ მყავს. რაც შეეხება დღის რეჟიმს. დილით 8 სათზე გვაღვიძებენ, ცხრის ნახევარზე საუზმე გვაქვს, 9 სათისთვის ავტობუსი მოდის და სკოლაში მივყავართ. ქალაქ ლაგოდეხის #1 საჯარო სკოლაში ვსწავლობთ. დახლოებით 3 საათზე ავტობუსს უკან მოვყავართ. ვსადილობთ და შემდეგ გვაქვს ვარჯიში. ვარჯიში გრძელდება საათსა და 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ აბაზანას ვიღებთ. შემდეგ თავისუფალი დრო გვაქვს, ამ დროში გაკვეთილების მომზადება უნდა მოვასწროთ ვახშმამდე. ვახშამი გვაქვს 20:00 საათზე. ვახშამის შემდეგ უკვე მობილურებს გვიბრუნებენ და თერთმეტის ნახევრამდე შეგვიძლია ტელეფონებით ვისარგებლოთ. შემდეგ ტელეფონებს ისევ ვაბარებთ და ღამის ლოცვას ვკითხულობთ. ასევე დილით საუზმემდე აუცილებლად იკითხება დილის ლოცვა და მამაო ჩვენო“. გასულ კვირას, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დედოფლისწყაროში ვიზიტისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ასეთი აკადემია ქვეყნის მასშტაბით ჯერ სულ რამდენიმე რეგიონს აქვს და მათ შორის კახეთი ერთერთი პირველი იყო. ამდენად, კახელი მოზარდები მაღალი დონის ინფრასტრუქტურით და კარგი პირობებით განებივრებულნი არიან. ფედერაცია ცდილობს, ფეხბურთით დაინტერესებულ მოზარდებს სტიმული მისცეს და პროფესიული უნარების განვითარებისთვის ყველა პირობა შეუქმნას. კობიაშვილი გაზეთ „შირაქთან“ საუბრისას ექსკლუზიურად ამბობს, რომ მისი სურვილია, ახალ თაობას ყველა რეგიონში ჰქონდეს შესაძლებლობა ფეხბურთს საკუთარ მხარეში დაეუფლოს და ამისათვის დედაქალაქში წასვლის აუცილებლობა არ არსებობდეს. ამ მიზნის მისაღწევად ფედერაცია მომავალ წლებშიც აქტიურად იზრუნებს, რათა არსებული აკადემიები კიდევ უფრო განვითარდეს, იმ რეგიონებში, კი სადაც ის ჯერ არ ამოქმედებულა, თანამედროვე სტანდარტებით და საცხოვრებელით აღჭურვილი აკადემიები კიდევ გაიხსნას. 44 შეფასება არ არის
|