x
image
ზოგადი განათლება
თემურ ელიავას პოეზია - ახალგაზრდა პოეტის პოპულარული ლექსები

თემურ ელიავას პოეზია - ახალგაზრდა პოეტის პოპულარული ლექსები


image

ვერლიბრი


როცა აივანთან ჩაივლის პროცესია,
მე კი, აივნიდან ხოშიანად გადმოვაფურთხებ,
სიმღერას შეწყვეტენ ისინი,
ვინც ღმერთი დამაკარგვინა
და უღმერთოს მიწოდებენ.

მართლმადიდებლურად დაიბოღმებიან,
გზას ლოცვა-ლოცვით გაუყვებიან
ტაძრისაკენ.
აუცილებლად დამიმახსოვრებს ერთ-ერთი მათგანი,
რათა მოგვიანებით,
როგორც კი მარხვა დასრულდება,
ყოვლადბრძენი მამაოს კურთხევით
საქმე გამირჩიოს.
მაგრამ ჯერ ადრეა,
ჯერ სამოთხე უნდა გაინაღდონ.

რამდენი რამ არ იცით ჩემზე, უბრალოდ, ეჭვი გაქვთ,
რომ ღამ-ღამობით კატებს ვკლავ სასაფლაოზე და
რქები ამომდის.
აქ ჩემი ცოლი არაფერ შუაშია,
მე იმ ხეპრე პოლიციელისგან განსხვავებით,
სულ სხვა მიზეზით ამომდის რქები -
აიდი ბარათი მაქვს აღებული იუსტიციის სახლში.
არიქა, საქმეს ნუ დაიჭერთ ჩემთან,
ჩემი საქმე წასულია!
თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიაში კი არა,
სარჩევნო სიებშიც არ ვარ.
ასე რომ, არაფერში მიმიძღვის ბრალი,
თუ არ ჩავთვლით მამაჩემის უეცარ სიკვდილს,
რომელიც, ჩემგან განსხვავებით,
არის საარჩევნო სიაში.


მე კი ვერლიბრებს ვეჩვევი და სმას თავს ვანებებ.
ხომ ვთქვი, ჩემი საქმე წასულია-მეთქი...
ღვაწლმოსილ მწერალს
არასდროს უჩუქნია ჩემთვის კალამი,
აღარც დუელიანტი ვარ, გასული საუკუნის,
აღარც კავალერი ვარ, რომელიმე ორდენის,
ბერეტი და შარფიც კი არ მაქვს.
სამაგიეროდ, სისხლი მაქვს აზნაურის
და რაიონული სასამართლოს დადგენილება
სამართალდამღრვევ თემურ ელიავას შესახებ,
რომელიც მთვრალი, შუაღამით, ქუჩაში ყეფდა.

2

ზამთარია, რა ხანია, მკვდარი ვარ
და ახლა, როგორც არასდროს
რაღაცას წარმოვადგენ!
წესი იმ ახალგაზრდა ყმაწვილმა ამიგო,
ჩემს დასახიჩრებას რომ ლამობდა
მარხვის დასრულებისთანავე.
სასაცილოა,
იმ სასაფლაოზე დამკრძალეს, სადაც
ყოველ ორშაბათს კატებს ვკლავდი და
ვინ იცის, კიდევ რას ჩავდიოდი.
მართალია, ორდენის კავალერი ვერ გამხადეს,
მაგრამ შარფი და ბერეტი სულაც არ ყოფილა პრობლემა -
უხვად ჩამატანეს პოეზიის ლაწირაკებმა.
წინ ღვაწლმოსილი მწერალი მიუძღოდათ,
პირადი კალმით გულის ჯიბეში -
ხომ ვთქვი,
როგორც არასდროს, რაღაცას წარმოვადგენ-მეთქი.

რაც მთავარია,
ამომშალეს ნისიების დავთრიდან
და ავტომატურად ავღმოვჩნდი საარჩევნო სიაში,
მამაჩემის სახელის გვერდით.


Hoochie Coochie Man


ბოთლების პირამიდა, ოთახი არეული,
ფარდის გადაწევა მაშინებს :
სარკეში ვიხედები - ჩემი ორეული
ზურგით ტრიალდება მაშინვე.
შუადღემოშიებულ განცდების გადამკიდე,
იდეა მომაწოდეს ხურდებმა -
თასმებით ფეხსაცმელი კარებზე გადავკიდე,
ყულაბად ვიყენებ და ხუნდება.
სარკაზმით მოსაუბრე, გაყიდულ ქალაქიდან,
მარყუჟში ყელივით გავდივარ.
პურიდან აფხეკილი ობივით კარაქი და
Hoochie Coochie, გარინჩა და განდი ვარ.
ამდენი გენიოსი საიდან მოათრიეთ?!
ამდენი შაგანე და პირანტე?
აბები შემეცნების არ მინდა, მაპატიეთ,
ვადაგასული ვარ პირამდე!
ფილტვებს ვყიდი,
გულიანად, სამას ფრანკში -
შეიძინეთ, სანამ ხორცი უმია..
თორემ, დროა, ამ ბოთლების სარკოფაგში
ფარაონი გადაიქცეს მუმიად.



დიალოგი ღმერთთან




შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად

იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას

მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან

და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა

- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის ვხედავ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ

მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.

თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი

- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!

მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?

იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.

მაგრამ არ ვიცი უფალო რადგან
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.

მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…

თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან?
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.

ცოდვებით არის სამყარო სავსე
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!

ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას პასუხი გამცა:

- გტკივა, და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.

ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით,
მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?

არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
არ გაღონდება ცოცხალი სევდით
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული
ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით

ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი
ამდენი შვილის გადასარჩენად

გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლისებრ …ბერებს
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე

თავი დავხარე, დავმალე სახე
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი

თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას,
არ დააბრალო მერე მშენებელს
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს

უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო

ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს
მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ
უკვდავებში ვეძებდი ბრალულს

დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!



მდგმური




ახლა პერანგი ყოველდღე რომ რუხი გაცვია,
იცი, ამასაც განმარტება უნდა დაერთოს.
რადგან თაღებით ამოავსე, ზურგი აქციე,
მოიღუნე და არაფერი შეგრჩა საერთო
შუშის ქალაქთან, ყოველთვის რომ მიიჩქაროდა
მრავალი ბრენდის ბილბორდებით მაგისტრალებზე.
ჩამოგიყარა ფოტოები ქარმა თაროდან,
თანაც დააღო დარაბები, მაგრამ დარაზე
რომ აღარ გაცვდე. ვადაგასულ წამლებს ყლაპავ და
ჭამ ნაწვიმარზე შემოპარულ სუროს პითონებს.
თეთრი ხელების ნაოჭებზე სულს რომ ღაფავდა
ის აპათიაც ვერ გაათბე და მიატოვე.
და მიალაგე თაროები, შემდეგ არიე,
აკაწრულ კედლებს მიაშველე ჩრდილის პროფილი.
ზიხარ და უსმენ მდუმარების მაღალ არიებს.
შენი ოთახი დილეგია და საპყრობილე.
რადგანაც გიწევს გაცვეთილი სივრცის ატანა,
ჩაუსაფრდები გამოფიტულ ღამეს ვერაგი,
რომ დასაკარგი არაფერი არ გაქვს, რადგანაც
არც არაფერი გაგაჩნია, გარდა პერანგის....
იმეორებ და აუთოვებ მაღალ საყელოს,
მუცელს გიფატრავს გულწასული გარსის მახვილი.
ეწევი ხშირად, ოთახმა რომ ამოგახველოს,
ამოგაყოლოს გულისრევას და გაახილო
სავსე თვალები. შემდეგ სადმე ქუჩის გადაღმა,
საბურავებით სველ ასფალტზე ძილში ნათრევი,
რომ არ აღმოჩნდე, აუჩქარებ ნაბიჯს, გადახვალ
მეორე მხარეს, სადაც ღამით მაიც ანთებენ
ჩამსხვრეულ თაღებს და სხდებიან წრეში კაცები
და ვინაიდან საუბრობენ შეაწყვეტინებ,
შუბლზე ნაოჭებს დაუთვლი და სანამ გაცდები,
ყალბი ქოშინით მიაბიჯებ და ახროტინებ,
თითქოს აქამდე მოაღწიე, თითქოს არასდროს
ასე დაღლილი არ ყოფილხარ და რომ არაფრის
სურვილი არ გაქვს, არც იმედი შემოგთავაზონ
სული მოითქვა, დაისვენო, მაგრამ ჩანაფიქრს
ყველა მიგიხვდა, აგარიდეს მძიმე თვალები
და შენ მიიწევ სადაც გკლავენ, სადაც მარხია
უფლის ცხედარი, სადაც ცივა, სადაც მთვრალები
ხელებს ითბობენ ამოსუნთქვით, სადაც საღია
ყველა ჩამქრალი ლამპიონი და შენ მიგიღეს,
მიგიღეს, რადგან საკუთარი ფეხით მიხვედი,
იქ საიდანაც ვერ გააღწევ და ახლა ნიღბებს
მრავალჯერ იცვლი, წამდაუწუმ იმის მიხედვით
თუ ვინ შეგხვდება და ამჯერად სამუსაიფოდ,
დამშვიდებული, თვინიერი სახე მოირგე,
ანუ მიმართე ნაძირლების საერთო მეთოდს,
გამოიგონე, რომ არ ჰგავდეს პირად ქრონიკებს,
სხვისი ცხოვრება, სიკვდილით რომ გიწევს გადახდა,
მისი ყოველი წუთისთვის და რადგან გმინავენ
მოზიარენი შემთხვევების რაც თავს გადაგხდა
კმაყოფილდები საბოლოოდ. შემდეგ იმავე
ჩაბნელებული ტროტუარით სადღაც ბრუნდები,
თანაც, მსგავსება კორპუსების ისევ გირთულებს
ბნელ სადარბაზოს მიაგნო და დიდხანს უნდები
რაღაც ნომრების გახსენებას. მაღალ სართულებს
აჰყურებ, ეძებ აივანზე ნაცნობ ტანსაცმელს;
გაგიფენია ფრანკო ფერეს მონათესავე.
ნელა ადიხარ კიბეებზე რომ არ გადაგცდეს
გული, ლიფტისთვის განკუთვნილი მონეტასავით.
შედიხარ, იხდი ბინძურ პერანგს, მაღალ საყელოს
ცივი წყლით რეცხავ ნიჟარასთან პირქვე დახრილი.
ხმაურობ, ბოდავ, ოთახმა რომ ამოგახველოს,
ამოგაყოლოს გულისრევას და გაახილო
ლოთის თვალები. შემდეგ სადმე ობოლ ჩაველას
გადაეყრები ნავსადგურთან სანაპიროზე.
სულს მთელი მისი წერილებით ბოთლში ჩაბერავ,
ზღვაში მოისვრი, დაივიწყებ და პაპიროსის
გამასპინძლებით დასრულდება ის, რაც არასდროს
დაგავიწყდება, გაიხსენებ, თუმცა ვინ იცის?!
და ცდილობ გემებს გააყოლო მზერა, დაათრო
მლაშე სილურჯით ტროპიკების, რადგან თბილისი
უკვე ყელში გაქვს ამოსული, უკვე დაგღალა.
მაინც ბრუნდები სადაც გკლავენ, სადაც არ სძინავს
ცათამბჯენებით განათებულ თაღების ქალაქს,
შესვლისთანავე კილოზე რომ გიწყებს დაცინვას



კოლხის ლექსი




ენგურის მინდვრებს ზეცას რომ დავუკოცნი,
რეჯეგეს მთის ქედებზე ნამად მოვედები,
იქაც ვითამადებ მედეას ქორწილს,
და თუ ასე კვდებიან პოეტები
სული გამექცევა ღამის ჩრდილიდან,
ქალი აშარი და ბორია გალეშილი,
ოსერ დამასიზმრე ჩემი არჩილიდა
მერე თვალთაკაბა, მისი ქალიშვილი.
მტერი მათრახისქვეშ ატარა ლაჩარივით
ციხესიმაგრენი რომელმან დააჩოქა,
ქართლელს რომ ჩამოახიეს ჩოხა
ქართულს რომ ჩამოახიეს ჩოხა
კოლხმა მოიკაზმა ლექსი აბჯარივით
ჩანა სიმწრითა და ფანდურ ჩამომღერი
ლერწამტანიან და ქალწულნამიანო
წამო თავშლიანო სვანეთს წამომყევი
იქა სათამადო ვაჟნი არიანო.
სანამ ზეცის მინდვრებს ლოყებს დავუკოცნი
მზე რომ დაადნება ზედა გმირთა მაჯებს
მედეას კიარადა ჩვენს ქორწილს,
მთათა ბერიკაცი სუფრას გვითამადებს,
სიმღერა გაისმის ცრემლითა მლაშე,
დაიმსხვრა მცხეთა და გორის კარი,
მიაცილებდნენ ბრძოლაში ვაჟებს,
თავშლებს ატანდნენ ბრძოლაში ვაჟებს,
თან აბარებდნენ ქალწულნი ვაჟებს,
ამ ხმლით სისხლისგან სხეული გაშრეს,
ან თავი თავშალში მოიკალი.
აი შენც ნახე ეს ჩემი ქოხი,
უჭერო ქოხი, დამბების ნგრევა,
სანამ ოცნება არ ილევა,
სანამ ტკივილი არ ილევა,
სანამ ენგური არ ილევა,
ძარღვებში რომ ჩქეფს კოლხისაა გაშლილი
მიჯნურის ხვედრად, აკა სერ ხოლო ქუგმოთანე,
მივალ გერგერტის შესახვედრად,
ქალავ თავშალი გამატანე
და ზეცის მინდვრებს ლოყებს დავუკოცნი.
რეჯეგეს მთაზე ნამად მოვედები,
იქაც ვითამადებ მედეას ქორწილს,
ჩვენთან ასე კვდებიან პოეტები.




ავტოპორტრეტი (ერთი დღის პერსონაჟი)




ის სულაც არ ჰგავს ყოველგვარი საყვედრის მიმტევს,
პარკინსონიანი უძილობა სიხარულს ანიჭებს,
ოთახში დადის ნერვიულად და თითებს იმტვრევს,
მათემატიკური ისტერიით ითვლის ნაბიჯებს.

კითხულობს პრესას, კაფეებში აღარ სვამს ჩაის,
ამით ხაზს უსვამს პრინციპების სულელურ ალბომს,
ის ავტორია გულმიჭრილი მინაზე ბზარის,
ისეთი ძუნწი, ძილისთვის რომ სიზმრებსაც არ თმობს.

მუნჯი ჟესტებით გამოხატავს სიმდაბლეს აზრის,
მესამე პირში მონოლოგობს საკუთარ თავზე.
იგი მეტროში ქალბატონებს არ უთმობს ადგილს,
მას აღარასდროს არ გადაჰყავს მოხუცნი გზაზე.

ის ზედმეტს ფიქრობს, ზედმეტს ცხოვრობს და ზედმეტს ნატრობს, –
გადაუღებელ წვიმებს ნატრობს, ოცნების წვიმებს.
მადლობით იცმევს მეგობრისგან ნათხოვარ პალტოს
და თვითმკვლელობის იტოვებს იმედს.



ამოხეული გვერდი





ნისლის სურნელი მოშორდა დილას,
ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი,
ვხედავდი, როგორ დაჰქონდა ნიავს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.

მას მეოცნებე მკითხველის ნაცვლად
ესალმებოდა დახრილი კედრი,
ფრთხილად დაეცა ნაწვიმარ ასფალტს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.

აყვითლებული, პაწია, ციცქნა,
გვერდი, რომელიც არავის ერგო,
მკვდარი ჩიტივით დაეცა მიწას,
მკვდარი ჩიტივით ასფალტზე ეგდო.

მას კითხულობდა შრიალით ვერხვი,
სხვა მეოცნებე მკითხველის ნაცვლად,
შენც დააბიჯე, ძვირფასო, ფეხი,
ვერ შეამჩნიე ტალახში ალბათ.

ღამენათევი პოეტის თვალებს
დაღალულ ფიქრთა მოადგა ცრემლი:
სიკვდილი ტკბილი, სიკვდილი მწარე,
აუხდენელი ოცნებით მწველი.

სიცარიელეს ვატარებ მკერდით,
ახლა ვიგრძენი არყოფნა სრული,
ამოხეული წიგნიდან გვერდი
იყო მწუხარე პოეტის გული.

ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი
და ჩემი გული ასფალტზე ეგდო, –
ამოხეული წიგნიდან გვერდი,
გვერდი, რომელიც არავის ერგო.




აპათია




მოვწყდით ატმოსფეროს ბურჯი პლანეტებით, ქალაქს იშვიათი მწუხრი მოედება. რაღაც სულიერზე მეტის გამეტებით, ღამეს უძილოთა შევრჩით პოეტებად. ალაგთ თაყვანი და ჯაბანთ განაჩენი, ყველას ჩვეულებრივ უწევს შეჯერება. მორჩა ყველაფერი გარდა დანარჩენის და ის დანარჩენიც დიდად მეჩვენება. დილაც უშნოა და უშნოდ იღრინება, თითქოს საიდუმლოს მოწმედ ვეგულები, მე კი უხილავი უკვე ვიხილე და რაღაც მარადიულ განცდას ვეგუები. უნდო აბრაგივით ვუცდი შებინდებას, თითქოს, ავი მქონდეს მისთვის განზრახული. ღმერთო გულწრფელობა ამგვარი შემინდე და შეხედე, რომ ვერ გხედავ, ნისლია გაზაფხულის! ნამია ფილტვებში და თვალებში სიმარტოვე. სიმაღლე თავხედობის ერთხელაც მაპატიონ. დადგება დუელი და ერთგულიც მიგვატოვებს, დავრჩებით სეკუნდანტთან მე და თქვენ გალაკტიონ! უმტვრიონ დარაბები, სასახლეს გუმბათიანს! ყველაფერ გენიალურს მოჰყვება აპათია.



აშართა შაირი




ვერაგთა ამაგი დალაგდა ცათაშინ,
ბადაგში გალეშილ ბრძენთაგან ერთ-ერთმა
ნადიმი არია ავგეას თავლაში,
ჭიდილი მომინდაო ღმერთებთან.

მელერსეს შესცქერის ღამისად მთვარიანს,
ნამეხარ მთებიდან ქორფები მოსდევსო,
მისანი ალაგნი ალალნი არიან.
დაისად დარაზულ დილეგში გოდებსო.

თოხუმის საგულეს ჩასცქერის თეკლათი,
ეპოქა თოქმაჩის ოდაში იქმნება,
იაბოს თოქალთო ექცევა თექათი,
მისი მორჯულებაც არ იქნება.

აისნი ყნოსავენ თოშიან ოხშივართ,
ენგურსაც ნაბინდი ხორგივით მოედო,
თუმცაღა დიადნი, სიტყვისთვის ვშობილვართ,
დუმილიც რა რიგად შეგშვენის პოეტო!

შავგონმა ცად მისვლის რაღამი იდიდა,
არადა არა მწამს ბარძიმში აბები!
ავარად შობილი უცათი მითიდან
ვუმტვრიე გუმბათიანს დარაბები.

ჩემს ეულ ყიამეთს რა გინდა, გამშორდი!
მდაბალო შერცხვები ოსტატის ხელებთან,
მაგ რიგად მასკდება მკლავებძე ნაშოლტი,
ჭიდილიც რომ გამიმართავს ღმერთებთან.

გათენდა, აისმან მიაგნო საგულეს.
აბუჩსაც გონმა ჰკრა რა ბედიც ავნებდა
საკენკად კაპიკი მიუგდო მსახურებს,
მდუმარეს, მდუმარედ გამნებდა.



ბრმა ბედის წიხლთა საუნჯედ ვიქეც ..




ბრმა ბედის წიხლთა საუნჯედ ვიქეც,
ვერ მომერიენ რისხვანნი ზეცის!
სიკვდილი შენი თვალებით მიცქერს
და გაბზარული ზარების კვნესით ვტკბები.

ჯვარცმულთა გვირგვინი მიმაქვს,
მოღალატეთა ათივე მცნების.
ვინ ნახოს ერთი?! სიკვდილის პირას,
გათეთრებული პოეტის თმები.

განა მღელვარე ქარიშხლებს მივდევ?!
განა ამ ქარში გენია მიმაქვს?!
უბრალოდ ერთ გვერდს მოგიძღვნი კიდევ
და მერე შუბლში დავიხლი ტყვიას.

შემომეცალა ღელვა და ალღო.
შენ კი სიფრთხილით ფეხდაფეხ მომდევ,
თუ თვითმკვლელობას არ მაცლი კარგო,
ბედი მწერია ლოთობით მოვკვდე.

რადგან მიჯნურთა გვირგვინი მიმაქვს,
მოღალატეთა ათივე მცნების.
ვინ ნახოს ერთი?! სიკვდილის პირას.
გათეთრებული პოეტის თმები.



აჰა, ძმაო, გვეშველა ..




აჰა, ძმაო, გვეშველა, როგორც იქნა - დავმარცხდით
და არ შეგვრჩა სხეულზე აღარცერთი ნაკაწრი.
ზეიმია. მე კიდევ - ლამის ყელში გადამცდე,
ლამის შენში ჩავსახლდე, უსახლკარო ძმაკაცო.

რაა ფუთი მარილი, როცა დაღამდება და
ისეთ რამეს დავკარგავთ, სხვას რომ არ აბადია.
რისი გნოლი გაფრინდა?! რისი ყორღანებიდან?!
არ შევეცი სუყველას, ძუ არი თუ ხვადია...

როგორც მინდვრის ყვავილებს, ლამის პირზე მიდებით,
სიკვდილს გემო ავუღეთ. დავმარცხდით და გვეშველა!
ვნახეთ სრუტე ბოსფორის, ვნახეთ პირამიდები
და არასდროს გვინახავს ათონი და ეშერა!



გაუგზავნელი წერილი




ისევ თქვენ გწერთ, გევედრებით ნება დამრთეთ
კიდევ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მოგიგონოთ,
არც კი იცით რა უსაზღვრო პატივს დამდებთ
ამ წერილს თუ წაიკითხავთ, ქალბატონო.
გაწყენინეთ? თქვენს წინაშე ქედს მოვიხრი,
თუკი ჩემგან წყენა დაგრჩათ სამახსოვროდ
მაპატიეთ, მეკადრება, ბოდიშს გიხდით,
მომიტევეთ, მომიტევეთ ქალბატონო.
მომიტევეთ თუკი მახსოვს თქვენი თმები,
მომიტევეთ თუკი ისევ დამესიზმრეთ,
დამიჯერეთ, ყველა წმინდანს გეფიცებით,
დაგივიწყებთ, მეც ოდესმე დაგივიწყებთ.
რაც კი დარჩა უთქმელი და სამახსოვრო,
ეხლა მინდა გაგიმხილოთ მშვიდი დარდით,
ბროწეული რომ გაყავით სანახევროდ,
აი, სწორედ, სწორედ მაშინ შემიყვარდით.
ისევ თქვენ გწერთ ქალბატონო, მომაგონდით,
უცნაური მწუხარებით, მკრთალად, მღვრიედ,
გახსოვთ ის დრო, ყველაფერს რომ მპატიობდით,
ეხლა კიდევ, ეს წერილიც მაპატიეთ.
ვწუხვარ...
უკანასნელ სალამს განდობთ,
ეხლა უნდა სამუდამოდ მიგატოვოთ,
მაპატიეთ, მომიტევეთ, დიდად გმადლობთ,
დიდად გმადლობთ, რომ მიყვარდით ქალბატონო...



ფიფქების ვალსი




ლექსს ვკითხულობდი, ნერვიულად, კისრამდე აჭრილს.
სადაფისფერი ნაჭრით დამახურეს სიზმრებმა ძილი.
მეწვია განცდა, ღამენათევ ფიქრებით აცრილს.
ფორტეპიანოზე თითის აკვრა–ძალიან ფრთხილი.
ვსუნთქავდი აპრილს, ნისლოვანი საღამო მსურდა.
დუმილით შეწყდა ზამთრის სუნთქვა, ფიფქების ვალსი.
თებერვლის თოვლი, სატრფოს ხელში გამდნარი გუნდა
შემორჩა აპრილს...
შენს სიზმარეთში ნაოცნებარს მოვგავდი აჩრდილს,
თვითმკვლელი მზერით, უთქმელი სიტყვით, ნაბიჯით თუნდაც,
ლექსს ვკითხულობდი ნერვიულად, კისრამდე აჭრილს...
ვსუნთქავდი აპრილს, შენ თუ გრძნობდი ამ სულელ სუნთქვას
და მხოლოდ ფიქრი, მხოლოდ ფიქრი–მოკვდავი აზრი,
დაკარგვა სიტყვის, იმედების, ღიმილის თუნდაც.
შეუნდეთ აპრილს კიდევ ერთი ფიფქების ვალსი,
თებერვლის თოვლი, სატრფოს ხელში გამდნარი გუნდა.ა.


მე დღესაც ასე იოლად მომკლეს


არ მინდა თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს,
მაგრამ ტკივილი მერევა ნაცვლად.
მე დღესაც ასე იოლად მომკლეს
და კიდევ ასჯერ მომკლავენ ალბათ.
რომ ფსკერზე ღამე დაეშვა ცივად,
რომ მთვარე კრთება ბილიკის ბოლოს,
რომ გახელილი თვალებით მძინავს,
ეს თქვენი ბრალი არ არის მხოლოდ!
თუ დავემსგავსე ამღვრეულ წყაროს,
ასეთი იყო განგების ნება,
რაც უფრო ადრე ყვავილი ხარობს,
მით უფრო ადრე ყვავილი ხმება.
არ მინდა, თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს,
არ მინდა, ზურგით ნაღველი ვზიდო.
მაგრამ მე დღესაც იოლად მომკლეს
და ამას მკვლელიც ვერ მიხვდა თვითონ.



დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ტკივილს ..




დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ტკივილს,
რომ მარტის ფანქრით შემისწორო ფერი იების...
რტოებს მოვატეხ ბაღის კართან ნაღვლიან ტირიფს
და ციდან ავხვეტ ნაფეხურებს სერაფიმების.

დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ფიქრებს,
რომ სხეულებში სხვაზე მეტად იყოს სულობა.
ზამთრის ნებართვით მოვიძიებ ერთნაირ ფიფქებს,
იმდენს, რომ ქალაქს დაეტყობა გაზაფხულობა.

დილით მოგიტან გადაკეცილ ბინდისფერ თვალებს,
დილით მოგიტან კონტურების წითელ ნაპირებს,
ოღონდ ამჯერად ნუ მომიკლავ ამ უშნო მთვარეს,
ამჯერად ღამე წერტილამდე დამიზეპირებს.





ქალაქის მტვერში ვარდები დავკრძალე ..




ქალაქის მტვერში ვარდები დავკრძალე,
გიშრის ოცნებები წვიმაში დამისველდა,
მტკნარი სიმარტოვე ლექსებად დავცალე,
მზეს რომ მეეზოვე აღვიძებდა.

ეული ფიქრები ბაქანთან დავტოვე,
ცა რომ იდიოტებს გაედავა,
ფერადი მაისი დეკემბრად დავთოვე,
გვირილებით რომ არ გვეგუნდავა.

ეს მერამდენედ ცისკარი გაიღო,
დილა ღრუბლების დაესწრო ქორწილს.
ბაღებში მტრედებთან ქრისტეს ხორცს გავიოფ
არაძვირფასი ქალწულის კოცნით.

ბოდვაში გავივლი ნამიან ხვიარებს,
გამოგიტყდები მთვარესთან ღალატში,
პაემანივით რომ დამაგვიანეს
ამ ჩამტვრეული ფარნების ქალაქში

და კეთროვანი მუზების ნახშირით
გუბე-ფილტვები ივსება თანდათან,
გამოქცეული სახლიდან ბავშვივით
ავადმყოფურად დავწვები ბაქანთან.

ცარიელ ოთახში მეძიონ კედლებმა,
რომ მიეჩვიენ ღვინოს და თამბაქოს...
აყროლებული ქუჩების კეთრება
ყველა პოეტურ მიგნებას გააქრობს

სარეცელიდან გმინავენ მოძღვრები,
უშნო მარშების მიწება სუფევს.
რკინის ბილიკით ბაქანსაც მოვწყდები
და დენთის ბოლი აავსებს კუპეს.



წითელი ლექსი




ცის ლაჟვარდებში მზე რად მიაქვს
მაღლა ანგელოზს?!
მე სულ სხვა ნათელს, სულ სხვა სითბოს
ტრფობით შევცქერი.
სულელი წვიმა არის ჩემი
მიქელანჯელო,
ფანჯრის მინაზე ქალწულივით
დნება შედევრი.
სივრცე მომწყურდა და მომაკვდავ
სხეულს ვიშორებ.
დროის ჯალათებს რად აუტყდათ
რეკვა ზარების?!
მე სულ სხვა სევდით ოცნებების
მომკლავს სიშორე,
თვალდახუჭული ცის კამარას
მივეკარები...
თორმეტი ტომის დამწვარ გვერდებს
ვფანტავ ქარდაქარ,
დაიფანტება მტვრის გენია
მოკლულ სივრცეში.
ო, მერი, მერი, მერი, მერი,
მერი, მერი...მიყვარხარ!
და გალაკტიონს მოსაკლავად
ვიწვევ დუელში.




0
392
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0